გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3გ-ად-139-კ-02 29 მაისი, 2003 წ. ქ. .თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
i. ლეგაშვილი,
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ქ. ფ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ზესტაფონის რაიონის სოფ. ...ის გამგებლის მიმართ და მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა ზესტაფონის რაიონის სოფ. ...ის გამგეობის ...ად.
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ 1973 წლიდან მუშაობდა სოფ. ...ის გამგეობის ...ად. 2002წ. 2 ივნისს ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის არჩევნების შედეგად სოფლის გამგებლად არჩეული იქნა მოპასუხე ვ. თ-ე. მოპასუხემ სამსახურებრივი მოვალეობის დაწყებისთანავე თანამშრომლებს შესთავაზა, რომ დაეწერათ განცხადებები სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ. მოსარჩელე განცხადების დაწერაზე არ დაეთანხმა, რის გამოც გამგებელმა დაიწყო მისი სამსახურებრივი დევნა. რაც იმაში გამოიხატა, რომ 2002წ. 24 ივნისს გამოსცა ბრძანება ¹2, რომლითაც სამსახურის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით გამგეობისა და საკრებულოს აპარატის მუშაკები გაანთავისუფლა სამსახურიდან. აღნიშნული ბრძანება გამგებელმა რამდენიმე დღეში თვითონვე გააუქმა და ნება დართო თანამშრომლებს გაეგრძელებინათ მუშაობა. გამგებელმა რაიონის საფინანსო განყოფილებიდან და საგადასახადო ინსპექციიდან მოიწვია რევიზია, რომლებმაც შეამოწმეს მისი საქმიანობა. შემოწმების აქტების საფუძველზე 2002წ. 19 აგვისტოს გამგებელმა გაანთავისუფლა სამსახურიდან.
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ შემოწმებას იგი არ დასწრებია და ახსნა-განმარტება არ მიუცია, მიაჩნია, რომ შემოწმების შედეგად არ გამოვლენილა ისეთი დარღვევა, რომელიც გამგებელს მისი განთავისუფლების საფუძველს მისცემდა. ამიტომ უკანონოდ მიაჩნდა სამუშაოდან განთავისუფლება, რადგან მის მიმართ წარსულში რაიმე სახის დისციპლინური სახდელი გამოყენებული არ ყოფილა. იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და ადმინისტრაციამ მისი განთავისუფლების ბრძანებაში უკანონოდ მიუთითა “შრომის კანონთა” კოდექსის მუხლებზე. თუ ადმინისტრაცია თვლიდა, რომ შკკ-ს საფუძველზე უნდა გაენთავისუფლებინა, მაშინ საჭირო იყო პროფკომიტეტის თანხმობა, ასეთი თანხმობა კი პროფკომიტეტს არ მიუცია.
სოფ. ...ის გამგებელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საბუღალტრო საქმიანობის შემოწმების შედეგად ბუღალტრის მიერ საქმიანობაში დაშვებული დარღვევები საფუძველს აძლევდა, რომ ქ.ფ-ი სამუშაოდან გაენთავისუფლებინა.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2002წ. 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ქ. ფ-ი აღდგენილი იქნა ზესტაფონის რაიონის სოფ. ...ის გამგეობის ...ის თანამდებობაზე და დადგინდა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება.
რაიონული სასამრათლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სოფ. ...ის გამგებელმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა, რომლითაც ქ.ფ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდებოდა.
აპელანტი მიუთითებდა, რომ გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და უკანონო იყო, ვინაიდან ქ.ფ-ი განთავისუფლებული იქნა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 99-ე მუხლის მესამე პუნქტის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციას უფლება ჰქონდა მოხელე გაენთავისუფლებინა დისციპლინარული პასუხისმგებლობის გარეშეც, რადგან იგი უხეშად არღვევდა სამსახურებრივ მოვალეობას. ის გარემოება, რომ ...ის მიერ ადგილი ჰქონდა სამსახურებრივი მოვალეობის უხეშ დარღვევებს, დადასტურებული იყო საქმეზე წარდგენილი შემოწმების აქტებით. გამგებელი არ ეთანხმებოდა რაიონული სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, თითქოს მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა მოსარჩელის შევიწროებას, რადგან სასამართლო ვერ ასაბუთებდა, რაში გამოიხატებოდა მისი მხრიდან შევიწროება და აღნიშნულის თაობაზე არც მტკიცებულებები არ მოიპოვებოდა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით ზესტაფონის რაიონის ...ის გამგებლის ვ.თ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ქ.ფ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ქ.ფ-ის მიერ ადგილი ჰქონდა დარღვევებს, რის გამოც “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 99-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე გამგებელს უფლება ჰქონდა გაენთავისუფლებინა თანამდებობიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების გარეშეც და მას პროფკავშირის თანხმობა არ სჭირდებოდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ.ფ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.
კასატორი მიუთითებს, რომ გამგებელმა 2002წ. 24 ივნისს გამოსცა ბრძანება ¹2, რომლითაც რამდენიმე თანამშრომელი, (მათ შორის ისიც) გაანთავისუფლა სამსახურიდან. აღნიშნული ბრძანება ჩააბარა მას, მაგრამ რამდენიმე დღეში ბრძანება გაუქმებულად გამოაცხადა სიტყვიერად და თანამშრომლებს ნება დართოთ მუშაობა გაეგრძელებინათ. ბრძანების გაუქმების შესახებ ბრძანება თანამშრომლებისათვის არ ჩაუბარებია. მიაჩნია, რომ გამგებელმა დაარღვია ზოგადი ადმინიტსრაციული კოდექსის 60-ე და 61-ე მუხლების მოთხოვნები. სააპელაციო სასამართლომ ადმინიტსრაციულ აქტზე გაკეთებული რეზოლუცია, რომლითაც იგი აუქმებდა ბრძანებას, მიიჩნია კანონიერად, რაც მისი აზრით არასწორია, რადგან წერილობითი ბრძანების გაუქმების შესახებ უნდა გამოეცა ადმინიტსრაციული აქტი და მასზე გაკეთუბული რეზოლუციით ბრძანების გაუქმება არ შეიძლებოდა. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ იგი სამუშაოდან განთავისუფლებული იყო ¹2 და ¹7 ბრძანებებით. სასამართლომ შემოწმების აქტში დაფიქსირებული დარღვევები დადასტურებულად მიიჩნია ად მხედველოაში არ მიიღო ის გარემოება, რომ შემოწმებას არ ესწრებოდა და ახსნა-განმარტება არ მიუცია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ფ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 25 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სსკ-ს 407-ე მუხლის თანახმად, საოლქო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, რადგან კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.
ზესტაფონის რაიონის სოფ. ...ის გამგეობის ბუღალტერიის საქმიანობის შემოწმებისას გამოვლენილი იქნა რიგი დარღვევები. კერძოდ, ბუღალტერიაში არ ხდებოდა შემოწმებული და აღსარიცხად მიღებული საბუღალტრო საბუთების სისტემატიზაცია ოპერაციების მოხდენის ქრონოლოგიური წესით. სალაროს წიგნი ნაწარმოები იყო დარღვევებით, არ იყო ზონარგაყრილი და დალუქული. სრულყოფილად არ ხდებოდა ბანკის საფულე ჩეკის ამოწერა. საფულე ჩეკის მეორე ნახევარზე არ ხდებოდა გამოტანილი თანხების მიზნობრივი გამიჯვნა. ბანკიდან გამოტანილი თანხები შემოსავალში არ იყო აღებული სალაროს შემოსავლის ორდერით და შესაბამისად, ბანკის საფულე ჩეკის მეორე ნახევარზე არ მიეთითებოდა სალაროს შემოსავლის ნომრები.
აღნიშნული შემოწმების შემდეგ, სოფ. ...ის საკრებულომ ზესტაფონის რაიონის საფინანსო განყოფილების მიმართვის საფუძველზე 2002წ. 17 აგვისტოს, განიხილა საკრებულოსა და გამგეობის ბუღალტერიის თანამშრომლების თანამდებობაზე დატოვების მიზანშეწონილობის საკითხი და საკრებულოს თავმჯდომარეს (გამგებელს) რეკომენდაცია მისცა დაკავებული თანამდებობიდან გაენთავისუფლებინა მთავარი ... ქ. ფ-ი და ... ი. ლ-ი.
საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, ქ. ფ-ის სამსახურიდან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განთავიუსფლების შესახებ და აღნიშნეს: “საჯარო სამსახურის” შესახებ კანონის 78-ე მუხლის თანახმად, დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს მოხელის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, აგრეთვე, დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნა. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებებით დადასტურებულია, რომ კასატორი არაჯეროვნად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რაც წარმოადგენდა დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის წარმოშობის საშიშროებას. ამდენად, დადასტურებულია ქ. ფ-ის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დისციპლინური გადაცდომის ჩადენა. ზემოხსენებული კანონის 79-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად თანამდებობის პირს ან დაწესებულების ხელმძღვანელს, რომელსაც აქვს მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის უფლება, შეუძლია მოხელის მიერ დისციპლინური გადაცდომისათვის მის მიმართ, დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით გამოიყენოს სამსახურიდან განთავისუფლება. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 99-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მოხელე სამსახურიდან შეიძლება განთავისუფლდეს დისციპლინური მოქმედების გარეშეც, თუ იგი უხეშად დაარღვევს სამსახურებრივ მოვალეობას.
კანონის აღნიშნული მოთხოვნებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მის მიმართ წარსულში დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები გამოყენებული არ ყოფილა და გამგებელს მისი განთავისუფლების უფლება არ ჰქონდა.
“საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 79-ე მუხლის თანახმად, მოხელის სამსახურიდან განთავისუფლება _ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომას წარმოადგენს, რომლის გამოყენების უფლებაც ადმინისტრაციას შეუძლია მოხელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის უხეშად დარღვევის შემთხვევაში.
საკასაციო პალატა ასევე არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მისი განთავისუფლება მოხდა სოფ. ...ის გამგებლის ¹2 ბრძანების საფუძველზე, ვინაიდან საქმის მასალებით დადგენილია 2002წ. 24 ივნისის ¹2 ბრძანება, ზესტაფონის რაიონის სოფ. ...ის გამგეობისა და საკრებულოს აპარატის მუშაკთა განთავისუფლების შესახებ, თვით გამგებელმა გააუქმა და კასატორს, ამ პერიოდის ხელფასი მიღებული აქვს. მისი განთავისუფლება მოხდა 2002წ. 19 აგვისტოს ¹7 ბრძანებით, რომელიც ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით კანონიერია და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით და სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. ფ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 25 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.