Facebook Twitter

3გ-ად-139-კ-02 10 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. სხირტლაძე,

მ. ვაჩაძე

დავის საგანი: კონკურსის შედეგების, ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ბათილად ცნობა, ობიექტის პირდაპირი წესით შესყიდვის უფლების აღდგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

სახელმწიფო ქონების მართვის სამირისტრომ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს “ო-ის”, ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიმართ და აღნიშნა, რომ 12.12.96წ. ქ. თბილისის სქმ დეპარტამენტის მიერ ჩატარდა კონკურსი, რომელზედაც საპრივატიზაციოდ გატანილ იქნა ქ. თბილისში, ..... მდებარე ოპტიკის ¹7 მაღაზია. კონკურსში გამარჯვებულად იქნა ცნობილი შპს “ო-ი”, რომელთანაც გაფორმდა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება და გაიცა ¹23/432 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. მოსარჩელემ მოითხოვა 12.12.96წ. ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ ქონების აფასების კომისიის მუშაობაში ობიექტის თანამშრომლებს მონაწილეობა არ მიუღით, რითაც დაირღვა სქმ კომიტეტის 24.08.92წ. “სახელმწიფო საწარმოს საპრივატიზაციო კომისიის შესახებ” დროებითი დებულების 1.3 პუნქტი. კომისიის მუშაობაში მონაწილეობა არ მიუღიათ აგრეთვე საფინანსო და ადგილობრივი მმართველობის ორგანოთა წარომადგენლებს. სქმ სამმართველომ ოპტიკის ¹7 მაღაზიის კონკურსის წესით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილება, “საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ” კანონის მე-14 მუხლის დარღვევით, მიიღო აღნიშნული ობიექტის მუშაკებთან შეთანხმების გარეშე. მინისტრთა კაბინეტის 30.06.95წ. ¹392 დადგენილებით გათვალისწინებული პრივატიზებული ობიექტის 10 წლის განმავლობაში პროფილის შენარჩუნების მოთხოვნის მიუხედავად, საკონკურსო პირობები ითვალისწინებდნენ პროფილის 1 წლის განმავლობაში შენარჩუნებას.

საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 18.09.97წ. გადაწყვეტილებით სქმ სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 08.10.98წ. განჩინებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის ზედამხედველობის წესით პროტესტის საფუძველზე, გაუქმდა საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 18.09.97წ. გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად გადაეცა თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს, რომლის 27.11.98წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 12.12.96წ ჩატარებული კონკურსი, ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. აღნიშნული გადაწყვეტილება გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 25.12.98წ. განჩინებით, საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე რაიონის სასამართლოს სხვა შემადგენლობას.

26.10.99წ. ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მიმართეს საქმეში მე-3 პირებად ჩაბმული “ს-ის” ოპტიკის ¹7 მაღაზიის შრომითი კოლექტივის წევრებმა – დ. მ-ემ, ა. ჭ-ემ, ს. ა-მა, რომლებმაც მოითხოვეს კონკურსის შედეგების გაუქმება, მინისტრთა კაბინეტის 30.06.95წ. ¹392 დადგენილებით გათვალისწინებული უპირატესი ანუ პირდაპირი წესით შესყიდვის უფლების აღდგენა. სასარჩელო განცხადების ავტორები აღნიშნავდნენ, რომ “ს-ის” ოპტიკის ¹7 მაღაზია 1984წ. სექტემბრიდან შედიოდა ჯანდაცვის სამინისტროს რესპუბლიკურ საწარმოო-სავაჭრო გაერთიანება “ს-ის” ოპტიკის ¹2 მაღაზიის ფილიალში. გაეთიანება “ს-ის” 30.08.93წ. ბრძანებით ობიექტი გამოეყო ¹2 მაღაზიას დამოუკიდებელ ერთეულად და გარდაიქმნა რსსგ “ს-ის” სახელმწიფო ქვესაწარმო ¹7 მაღაზიად. ამავე ბრძანებით მაღაზიის გამგედ დაინიშნა აწ გარდაცვლილი ნ. დ-ე. მაღაზია რეგისტრაციაში გატარდა კრწანისის რაიონის გამგეობაში 24.02.94წ. ¹1-61 განკარგულებით. მინისტრთა კაბინეტის 30.06.95წ. ¹392 დადგენილებით დამტკიცდა ჯანდაცვის ობიექტის პრივატიზების პირველი ეტაპის ნუსხა, რომელშიც შეტანილი იქნა ოპტიკის ¹7 მაღაზიაც. ობიექტის პრივატიზების შესახებ შრომითმა კოლექტივმა შეიტყო მაღაზიის გამგის ნ. დ-ისაგან, მოწვეულ იქნა კოლექტივის საერთო კრება, რომელზედაც ობიექტის შესყიდვის სურვილი გამოთქვა ყველა თანამშრომელმა. საერთო კრების ოქმის საფუძველზე 11.08.95წ. ¹15 ბრძანებით შეიქმნა საპრივატიზებო კომისია. კომისიის მუშაობის შედეგად შემუშავებული დოკუმენტაცია სქმ სამინისტროსათვის გადასაცემად ჩაბარდა კომისიის თავმჯდომარეს – ნ. დ-ეს. სასარჩელო განცხადების ავტორები აღნიშნავდნენ, რომ მათთვის უცნობი იყო 30.06.95წ. ¹392 დადგენილებით განსაზღვრული ობიექტის უპირატესი შესყიდვის უფლების რეალიზაციის მკაცრად დადგენილი ვადები. “ს-ის” 08.01.96წ. ¹1/5 ბრძანებით მაღაზიის გამგე – ნ. დ-ე, პენსიაზე გასვლასთან დაკავშირებით, პირადი განცხადების საფუძველზე განთავიუსფლდა დაკავებული თანამდებობიდან, იმავე ბრძანებით მაღაზიის გამგედ დაინიშნა ნ. დ-ის ვაჟი – დ. დ-ე. ნ. დ-ემ მაღაზიაში მუშაობა განაგრძო გამგის მოადგილედ. მოგვიანებით მათთვის ცნობილი გახდა, რომ ნ. დ-ეს 15.11.95წ. დაუფუძნებია შპს “ო-ი” რომლის მეშვეობითაც მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა ქ. თბილისის ს.ქ.მ. დეპარტამენტის მიერ 12.12.96წ გამართულ კონკურსში. მოსარჩელეები მიუთითებდნენ, რომ “ს-ის” ოპტიკის ¹7 მაღაზია არასწორად იქნა შეტანილი ქ. თბილისის მუნიცეპალიტეტის კაბინეტის 09.02.95წ. დადგენილებით დამტკიცებულ ობიექტთა საპრივატიზებო ნუსხაში სავაჭრო ობოექტის სახით.

ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 02.02.01წ. გადაწყვეტილებით ს.ქ.მ. სამინისტროს და ჯანდაცვის სამინისტროს “ს-ის” ოპტიკის ¹7 მაღაზიის შრომით კოლექტივს უარი ეთქვათ სარჩელების დაკმაყოფილებაზე. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო სამქეთა სააპელაციო პალატის 11.02.02წ. გადაწყვეტილებით ს.ქ.მ. სამინისტროსა და “ს-ის” ოპტიკის ¹7 მაღაზიის შრომითი კოლექტივის ლ. მ-ის, ს. ა-ის, დ. ჭ-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 02.02.01წ. გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. დაკმაყოფილდა ს.ქ.მ. სამინისტროს სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის ს.ქ.მ. სამმართველოსა და შპს “ო-ს” შორის 12.12.96წ. დადებული ყიდვა – გაყიდვის ხელშეკრულება და ¹23/432-კ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. დაკმაყოფილდა აგრეთვე “ს-ის” ოპტიკის ¹7 მაღაზიის შრომითი კოლექტივის სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისში, ..... მდებარე ოპტიკის ¹7 მაღაზიის კონკურსის შედეგები, 12.12.96წ. ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, აღდგენილი იქნა მინისტრთა კაბინეტის 30.06.95წ. ¹392 დადგენილებით შრომითი კოლექტივისათვის გათვალისწინებული საპრივატიზებო ობიექტის პირდაპირი მიყიდვის უფლება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 23.12.94წ. ¹400 ბრძანებულების მე-8 პუნქტის შესაბამისად ყველა სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებას და აფთიაქს, განთავსებულს სხვადასხვა უწყების თუ მუნიციპალურ შენობაში ან მის ნაწილში, უსასყიდლოდ გადაეცა ბალანსიდან ბალანსზე დაკავებული შენობა ან მისი ნაწილი. აღნიშნული ბრძანებულება ნორმატიულ აქტს წარმოადგენს და სავალდებულო იყო შესასრულებლად, მიუხედავად იმისა მიმართავდნენ თუ არა მერიას ამის თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სქმ დეპარტამენტის მიერ პრივატიზებულია არა მუნიციპალიტეტის კუთვნილი 100 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი, არამედ ჯანდაცვის სამინისტროს ობიექტის კუთვნილი ძირითადი საშუალებები. სააპელაციო პალატა მინისტრთა კაბინეტის 30.06.95წ. ¹392 დადგენილების დარღვევად მიიჩნია საკონკურსო პირობებში პროფილის შენარჩუნების 10 წლის ნაცვლად 1 წლის გამოყენება. სახელმწიფო ქონების მართვის სახელმწიფო კომიტეტის მიერ 24.08.92წ. დამტკიცებული დროებითი დებულების “სახელმწიფო საწარმოს საპრივატიზაციო კომისიის შესახებ” 1.3 პუნქტის მოთხოვნის დარღვევით სქმ დეპარტამენტის 05.11.96წ. ¹1-3/759 ბრძანებით შექმნილ აფასების კომისიაში მონაწილეობა არ მიუღია შრომითი კოლექტივის წევრს. მინისტრთა კაბინეტის 21.01.94წ. ¹42 დადგენილებით დამტკიცებული “სახელმწიფო საკუთრების ობიექტის კონკურსის წესით გაყიდვის შესახებ” დებულების დარღვევით საკონკურსო კომისიის მუშაობაში მონაწილეობა არ მიუღიათ აგრეთვე ფინანსური და ადგილობრივი მმართველობის ორგანოთა წარომადგენლებს. ქ. თბილისის სქმ დეპარტამენტმა ოპტიკის ¹7 მაღაზიის კონკურსის წესით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო სადავო ობიექტის მუშაკებთან შეთანხმების გარეშე, რითაც დაირღვა “საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საწარმოთა პრიტვატიზაციის შესახებ” კანონის მე-14 მუხლი. 12.12.96წ დადებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებაში არ არის გათვალისწინებული მხარეთა პასუხისმგებლობის საკითხები ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში.

სააპელაციო პალატის 11.02.02წ. გადაწყვეტილებაში აღინიშნა აგრეთვე, რომ 30.06.95წ. ¹392 დადგენილების შესაბამისად “ს-ის” ოპტიკის ¹7 მაღაზიის ყველა მუშაკმა გამოთქვა ობიექტის პირდაპირი წესით შესყიდვის სურვილი, რაც დასტურდება იმით, რომ ობიექტის შრომითი კოლექტივის საერთო კრების ოქმის თანახმად ¹7 მაღაზიის გამგის 11.08.95წ. ¹15 ბრძანებით შეიქმნა საპრივატიზაციო კომისია. მიუხედავად ამისა სქმ სამინისტრში და ქ. თბილისის სქმ დეპარტამენტში საპრივატიზაციო დოკუმენტაცია წარდგენილი არ ყოფილა. ვინაიდან მასალებს პრივატიზაციისათვის ამზადებს ობიექტის ხელმძღვანელი, მასვე ეკისრება პასუხისმგებლობა სქმ ორგანოებში წარსადგენი დოკუმენტების სწორად და დადგენილ ვადებში შედგენისათვის, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 30.06.95წ. ¹392 დადგენილებით მინიჭებული პირდაპირი მიყიდვის უფლება ვერ განხორციელდა შრომითი კოლექტივისაგან დამოუკიდებელი მიზეზების შედეგად, რის გამო შრომით კოლექტივს უნდა აღუდგეს მინისტრთა კაბინეტის 30.06.95წ. ¹392 დადგენილებით მინიჭებული საპრივატიზაციო ობიექტის პირდაპირი მიყიდვის უფლება.

სააპელაციო სასამართლოს 11.02.02წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს “ო-ის” დამფუძნებლების დ. დ-ის, თ. მ-ის, გ. კ-ის მიერ, აგრეთვე ქ. თბილისის ს.ქ.მ. სამმართველოს მიერ. კასატორები ითხოვენ საოლქო სასამართლოს 11.02.02წ. გადაწყვეტილების გაუქმებას, სარჩელების დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 02.02.01წ. გადაწყვეტილების ძალაში დატოვებას. შპს “ო-ის” საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ ოპტიკის მაღაზიის თანამშრომლების საჩივარი მაღაზიის გაყიდვის კანონიერებასთან დაკავშირებით შეისწავლა სქმ სამინისტროს კომისიამ, საქართველოს პარლამენტის მცირე ბიზნესის და პრივატიზაციის ქვეკომიტეტმა, რომლის დასკვნით კონკურსის პირობები არ დარღვეულა. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სრულიად არის იგნორირებული მოპასუხეთა – შპს “ო-ის” და სქმ სამმართველოს მოსაზრებები, სასამართლომ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის მოტივები, სადავო ობიექტი არ წარმოადგენდა სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებას, შესაბამისად არ დარღვეულა მინისტრთა კაბინეტის 21.01.94წ. ¹42 დადგენილების და სახელმწიფო მეთაურის 23.12.94წ. ¹400 ბრძანებულების მოთხოვნები. აფასების მასალებით დასტურდება სქმ კომიტეტის 24.08.92წ. დებულების 1 და მე-3 პუნქტების დარღვევის შესახებ მოსაზრებათა უსაფუძვლობა. მინიციპალიტეტის კაბინეტის 24.04.96წ. ¹07.02.387 დადგენილების თანახმად სქმ სამმართველოში 1 წლის ვადით შეიქმნა საკონკურსო კომისია 9 კაცის შემადგენლობით, კომისიის შემადგენლობაში მონაწილეობას ღებულობდნენ როგორც მმართველობის, ასევე საფინანსო ორგანოები, შესაბამისად უსაფუძვლოა სასამართლო კოლეგიის მოსაზრება იმის შესახებ, რომ კომისიის მუშაობაში მინისტრთა კაბინეტის 21.01.94წ. ¹42 დადგენილების დარღვევით მონაწილეობა არ მიუღია ფინანსურ და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს. კასატორმა აღნიშნა აგრეთვე, რომ პრივატიზების შესახებ კანონმდებლობა არ ავალდებულს გამყიდველს პრივატიზების ფორმის შეთანხმებას შრომით კოლექტივთან, რომლის წევრებისათვის ცნობილი იყო ვადის გაშვების გამო მაღაზიის პირდაპირი წესით შესყიდვის უფლების დაკარგვის შესახებ. პრივატიზაციის მომენტისათვის მაღაზიას გააჩნია 3 წლის საიჯარო ქირის, აგრეთვე შუქისა და წყლის გადასახადის დავალიანება, რომლის დაფარვა ობიექტთა შესყიდვის დროს შპს “ო-მა” მოახდინა. კასატორი თვლის, რომ საოლქო სასამართლო კოლეგიამ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი, რითაც დაირღვა სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტები, რის გამოც კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო.

თბილისის საოლქო სასამართლოს 11.02.02წ. გადაწყვეტილება გასაჩივრდა აგრეთვე თბილისის ს.ქ.მ. სამმართველოს მიერ. ს.ქ.მ. სამმართველომ აღნიშნა, რომ მინისტრთა კაბინეტის 30.06.95წ. ¹392 დადგენილების ¹2 დანართის თანახმად სადავო ობიექტი შესულია ჯანდაცვის არასამედიცინო ობიექტთა ჯგუფში, ამდენად სახელმწიფო მეთაურის 23.12.94წ. ¹400 ბრძანებულება სადავო ობიექტზე არ ვრცელდება, შესაბამისად უსაფუძვლოა სასამართლო კოლეგიის მოსაზრება სახელმწიფო მეთაურის მითითებული ბრძანების დარღვევის შესახებ. კასატორი არ ეთანხმება აგრეთვე სასამართლოს მოსაზრებას მინისტრთა კაბინეტის 30.06.95წ. ¹392 დადგენილების დარღვევის შესახებ, ვინაიდან დადგენილებით დამტკიცებული პროგრამა შედგებოდა 4 ეტაპისაგან, პროგრამის პირველი ეტაპი გრძელდებოდა 1995წ. 14 ივნისიდან 1995წ. 1 სქტემბრამდე, ამ პერიოდში ობიექტის რეალიზაცია არ მომხდარა, ს.ქ.მ. სამმართველოს მიერ ობიექტი აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ _ 12.12.96წ. იქნა გატანილი კონკურსზე. კასატორის აზრით, უსაფუძვლოა აგრეთვე ობიექტის საპრივატიზებო კომისიაში შრომითი კოლექტივის წარმომადგენლის მონაწილეობის მიუღებლობა, ობიექტის აფასებაში მონაწილეობას ღებულობდა შრომითი კოლექტივის დირექტორი, რომელიც აფასების დოკუმენტებში თავისი ხელმოწერით ადასტურებს პრივატიზაციის პროცესში მონაწილეობას. ობიექტის პრივატიზაციის დროს მოქმედი ქ. თბილისის მუნიცეპალიტეტის კაბინეტის 24.04.96წ. ¹07.03.387 დადგენილებით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ ადგილობრივი მმართველობის და საფინანსო ორგანოების წარმომადგენლები, ამდენად არ დარღვეულა მინისტრთა კაბინეტის 21.01.94წ. ¹42 დადგენილებით დამტკიცებული დებულება. კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნვს აგრეთვე შრომითი კოლექტივის წევრების მოთხოვნას ობიექტის პირდაპირი წესით შესყიდვის უფლების აღდგენის შესახებ, ვინაიდან თავის დროზე შრომითი კოლექტივის ნება ობიექტის შესყიდვაზე არ იყო ცნობილი, შრომით კოლექტივს ობიექტის პრივატიზების შესახებ პრესაში ინფორმაციის გამოქვეყნებიდან ერთი კვირის ვადაში უნდა შეექმნა საპრივატიზებო კომისია და ერთი თვის ვადაში სათანადო დოკუმენტაცია უნდა წარედგინა ს.ქ.მ. სამინისტროში ან მის ტერიტორიულ ორგანოში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეებს მიეცათ საქმის მორიგებით დამთავრების წინადადება. პროცესში მონაწილე პირებს მიეცათ მორიგების მიღწევისათვის საჭირო ვადა. პროცესის მონაწილეების მიერ წარმოდგენილ იქნა 03.02.03წ. მორიგების აქტი. საკასაციო პალატის სხდომაზე მხარეებმა დაადასტურეს საქმის მორიგებით დამთავრების სურვილი. საკასაციო პალატას წარედგინა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს უფლებამონაცვლის – ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 13.06.03წ. ¹14/1-6 მინდობილობა, რომლითაც სამინისტროს იურდიული დეპარტამენტის კერძო სამართლებრივ ურთიერთობათა სამმართველოს მთავარი სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებელს თ. გ-ას მიენიჭა სამინისტროს სახელით “ს-ის” ყოფილი ¹7 ოპტიკის მაღაზიის პრივატიზებასთან დაკავშირებულ დავასთან 03.02.03წ. მორიგების აქტში წარმოდგენილ პირობებზე თანხმობის განცხადება. 19.06.03წ. სხდომაზე სამინისტროს უფლებამოსილმა წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ მორიგების აქტს, ხელი მოაწერა მას და ითხოვა მისი დამტკიცება. სხდომაზე წარმოდგენილ იქნა აგრეთვე ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს უფლებამონაცვლის – ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს უფროსის ხელმოწერილი 18.06.03წ. ¹2-22/42 მინდობილობა, რომლის თანახმადაც სამმართველოს იურდიული განყოფილების უფროს სპეციალისტს – თ. ი-ს მიენიჭა სამმართველოს სახელით საქართველოს უზენაეს სასამართლოში “ს-ის”ყოფილი ოპტიკის ¹7 მაღაზიის პრივატიზებასთან დაკავშირებულ დავასთან 03.02.03წ. “ს-ის” ყოფილი ¹7 მაღაზიის შრომითი კოლექტივის წევრებსა და შპს “ო-ს” შორის დადებული მორიგების აქტში წარმოდგენილ პირობებზე თანხმობის განცხადება. საკასაციო სასამართლოს 19.06.03წ. სხდომაზე სამმართველოს წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ მორიგების აქტს, ხელი მოაწერა მას და ითხოვა მისი დამტკიცება.

შპს “ო-ის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გ. კ-ემ წარმოადგინა 26.10.02წ. ¹1004/1 სანოტარო აქტი წილის მინდობის შესახებ, რომლითაც შპს “ო-ის” ერთ-ერთი დამფუძნებელი თ. მ-ი შპს საწესდებო კაპიტალში მის საკუთრებაში არსებული წილი მართვისა და გაყიდვის უფლებით გადასცა გ. კ-ეს. 26.10.02წ. ¹1004/1 სანოტარო აქტის თანახმად მინდობილი მესაკუთრე უფლებამოსილია წარმოადგინოს საკუთრების მიმნდობი ყველა ინსტანციის სასამართლოში, დაასრულოს საქმე მორიგებით. გ. კ-ემ თავისი და მარწმუნებლის სახელით თანხმობა განაცხადა საქმის მორიგებით დამთავრებაზე.

პროცესის მონაწილეებმა “ს-ის” ყოფილი ¹7 ოპტიკის მაღაზიის შრომითი კოლექტივის წევრებმა – ლ. მ-ემ, ა. ჭ-ემ, შპს “ო-ის” დამფუძნებელმა გ. კ-ემ დაადასტურეს მორიგების აქტის ტექსტზე თავიანთი ხელმოწერები და ითხოვეს მორიგების აქტის დამტკიცება. 10.07.03 სასამართლო სხდომაზე საქმის მირიგებით დამთავრების სურვილი და აქტის ტექსტზე ხელმოწერა დაადასტურა “ს-ის” ყოფილ ¹7 ოპტიკის მაღაზიის შრომითი კოლექტივის წევრმა ს. ა-მა და შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა კ. ო-ამ. პროცესის მონაწილეებს განემარტად საქმის მორიგებით დამთავრების, საქმეზე წარმოების შეწყვეტის სამართლებრივი შედეგები. საკასაციო პალატისათვის წარმოდგენილი მორიგების აქტის მიხედვით მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე: ერთის მხრივ “ს-ის” ყოფილი ¹7 ოპტიკის მაღაზიის შრომითი კოლექტივის წევრებმა და შპს “ო-ის” დამფუძნებლებმა შეადგინეს მორიგების აქტი სადავო 100 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართის გაყოფის შესახებ. “ს-ის” ყოფილი ¹7 ოპტიკის მაღაზიის შრომითი კოლექტივის წევრები თანახმა არიან დაუკანონდეთ ქ. თბილისში, ..... მდებარე არასაცხოვრებელი სადავო 100 კვ. მ. ფართობიდან 30 კვ.მ., რომლის გამოყოფა რეალურად შესაძლებელია. “ს-ის” ყოფილი ¹7 ოპტიკის მაღაზიის შრომითი კოლექტივის წევრები მითითებული 30 კვ.მ. ფართობის მათ სახელზე დაკანონების შემდეგ თანხმობას უცხადებენ შპს “ო-ის” დამფუძნებლებს შესაბამისი ანაზღაურებით გაყიდონ ან შეისყიდონ აღნიშნული ფართი. შპს “ო-ის” დამფუძნებლები თანხმობას აცხადებენ დაუკანონდეთ ერთნაირი უფლებებით მათ მიერ შესყიდული 100 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართიდან აღმოსავლეთის მხარეს მდებარე ერთ შესასვლელ კართან 70 კვ.მ. ფართი. შპს “ო-ის” დამფუძნებლები ვალდებულებას კისრულობენ სადავო 100 კვ.მ. ფართის რეალიზაციის შემთხვევაში ყოფილი @¹7 ოპტიკის მაღაზიის შრომითი კოლექტივის წევრებს აუნაზღაურონ ურთიერთშეთენხმებით გათვალისწინებული თანხა მათ სახელზე დაკანონებული 30 კვ.მ. ფართის სხვა პირზე მფლობელობაში გადაცემისთანავე.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ წარმოდგენილი მორიგების ტექსტში სადავო ფართის დაკანონებაში უნდა იგულისხმებოდეს ამ ფართის საკუთრებაში გადაცემა. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემული საქმის მორიგებით დამთავრება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, რის გამო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით შესაძლებელია მორიგების აქტის დამტკიცება. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ს დებულებანი. ამასთანავე, სსკ-ს 272-ე მუხლის თანახმად, მხარეთა მორიგება ან მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმა არის საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მეორე ნაწილით, მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 272-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს “ო-ის” და ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 11.02.02წ. გადაწყვეტილება.

3. დამტკიცდეს მხარეებსა და მესამე პირებს შორის 03.02.03წ. შედგენილი შემდეგი შინაარსის მორიგების აქტი:

“ს-ის” ყოფილი ¹7 ოპტიკის მაღაზიის შრომითი კოლექტივის წევრები ლ. მ-ე, ს. ა-ი და ა.ჭ-ე თანახმანი არიან დაუკანონდეთ ქ. თბილისში ..... მდებარე არასაცხოვრებელი სადავო 100 კვ.მ ფართობიდან 30 კვ.მ, რომლის რეალურად გამოყოფა შესაძლებელია;

“ს-ის” ყოფილი ¹7 ოპტიკის მაღაზიის შრომითი კოლექტივის წევრები ლ. მ-ე, ს. ა-ი და ა. ჭ-ე თანხმობას უცხადებენ შპს “ო-ის” დამფუძნებლებს დ. დ-ეს, გ. კ-ეს და თ. მ-ს მითითებული 30 კვ.მ. ფართობის მათ სახელზე დაკანონების შემდეგ შპს “ო-ის” დამფუძნებლებმა შესაბამისი ანაზღაურებით გაყიდონ ან შეისყიდონ აღნიშნული ფართი;

შპს “ო-ის” დამფუძნებლები: დ. დ-ე, გ. კ-ე და თ. მ-ი თანახმა არიან დაუკანონდეთ თანაბარი უფლებებით მათ მიერ შესყიდული სადავო 100 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართიდან, მდებარე ....., აღმოსავლეთის მხარეს მდებარე ერთ შესასვლელ კართან ერთად ფართი 70 კვ.მ;

შპს “ო-ის” დამფუძნებლები: დ. დ-ე, გ. კ-ე, თ. მ-ი ვალდებულებას იღებენ აღნიშნული 100 კვ.მ ფართის რეალიზაციის შემთხვევაში ყოფილი ¹7 ოპტიკის მაღაზიის შრომითი კოლექტივის წევრებს აუნაზღაურონ ურთიერთშეთანხმებით გათვალისწინებული თანხა მათ სახელზე დაკანონებული 30 კვ.მ ფართის სხვა პირზე მფლობელობაში გადაცემისთანავე.

4. ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს, აგრეთვე საქმეში მესამე პირად ჩაბმული “ს-ის” ოპტიკის ¹7 მაღაზიის შრომითი კოლექტივის წევრების ლ. მ-ის, ა. ჭ-ის, ს. ა-ის სარჩელების გამო საქმის წარმოება შეწყდეს მორიგების შედეგად მოსარჩელეთა მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება სბოლოოა და არ საჩივრდება.