Facebook Twitter

3გ-ად-145-კ-02 10 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ი. ლეგაშვილი,

ნ. კლარჯეიშვილი

დავის საგანი: აუქციონის ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა შპს “ს-ის” დირექტორმა გ. მ-მა მოპასუხეების: მ. ქ-ის, ქ. თბილისის მერიის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის კომისიის, ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა შპს “ს-ის” მფლობელობაში არსებული, ..... ქუჩის მიმდებარედ ¹...... მიწის ნაკვეთის გაყიდვის მიზნით 2001წ. 11 ივნისს ჩატარებული აუქციონის ბათილად ცნობა და შედეგების გაუქმება. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 2000 წლიდან ფლობდა ...... ქუჩის მიმდებარედ ¹..... არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, რომელზედაც მის მიერ ჩატარდა მნიშვნელოვანი სამუშაოები, რათა გამოუყენებელი ნაკვეთი გამხდარიყო ვარგისი და გამოსაყენებელი. 2001წ. 11 ივნისს ქ. თბილისის მერიის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის კომისიის მიერ, მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით ჩატარებულ აუქციონზე მიწის ნაკვეთი შეიძინა მ. ქ-მა.

მოსარჩელეს მიაჩნდა, რომ აუქციონის მოწყობისა და ჩატარების პროცესში უგულებელყოფილი იქნა “არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” საქართველოს 1998წ. 28 ოქტომბრის კანონისა და “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვის წესის შესახებ” იუსტიციის მინისტრის 2000წ. 10 მაისის ბრძანებით დამტკიცებული დებულების მოთხოვნები. გასაჩივრებული აუქციონის ჩატარებისას დარღვეული იყო აუქციონის წესი, რადგან აუქციონში მონაწილეობას ღებულობდა მხოლოდ ერთი პირი და მიწის ნაკვეთი გაიყიდა საწყის ფასად – 6000 ლარად. მიაჩნდა, რომ დაირღვა კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ სახელმწიფო მიწის ნორმატიული ფასი არ უნდა იყოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ საბაზრო ღირებულებაზე ნაკლები. ასევე “არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის წესის შესახებ” დებულების მე-5 პუნქტის მოთხოვნა, საინფორმაციო პაკეტის მომზადების შესახებ და აღნიშნავდა, რომ ასეთი პაკეტი არ მომზადებულა.

დარღვეული იყო დებულების მე-4 პუნქტის მოთხოვნაც მიწის ნაკვეთის აუქციონის წესით გაყიდვის შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გამოცხადების თაობაზე და მიუთითებდა, რომ გაზეთ “.......-ის” კომერციულ გვერდზე გამოცხადებული არასრული ინფორმაცია არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო საჯარო გამოცხადებად.

მოსარჩელის მოსაზრებით შპს “ს-ი” გარკვეული პერიოდის განმავლობაში კანონიერ საფუძველზე ფლობდა რა მიწის ნაკვეთს, სკ-ს 155-ე მუხლის საფუძველზე მოიპოვა მფლობელობა და ამავე კოდექსის 158-ე მუხლის თანახმად ივარაუდება, რომ არის მესაკუთრე.

მოსარჩელეს მიაჩნდა, რომ მფლობელობის უფლება ნიშნავს იმას, რომ სამოქალაქო ურთიერთობაში იგი არ შეიძლება ჩაითვალოს უფლებრივად უნაკლო ნივთად. სახელმწიფომ კი, როგორც გამყიდველმა მ. ქ-ს გადასცა ნივთი დაარღვია სკ-ს 489-ე მუხლის მოთხოვნა, რაც ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების მოშლის საფუძველს წარმოადგენდა.

სადავო მიწის ნაკვეთზე გაფორმებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება სკ-ს 54-ე მუხლის შესაბამისად წარმოადგენდა ბათილ გარიგებას, ვინაიდან იგი დადებული იყო კანონით გათვალისწინებული აკრძალვების დარღვევით, ეწინააღმდეგებოდა საჯარო წესრიგისა და ზნეობის ნორმების, რადგან აუქციონის ჩატარების თაობაზე ინფორმირებული არ ყოფილან ფაქტობრივი მფლობელები, რომლებმაც მნიშვნელოვანი ხარჯები გასწიეს ნაკვეთის მოწესრიგებაზე.

საქმის მომზადების სტადიაზე მოსარჩელემ სარჩელში მითითებული მიწის მართვის დეპარტამენტის ნაცვლად მოპასუხედ მიუთითა ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტი და დამატებით მოითხოვა ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის მიერ აუქციონის ორგანიზების მიზნით სარჩელში მითითებული ქმედებების და ქ. თბილისის არქიტექტურისა და საქალაქო სამსახურის მიერ განხორციელებული ქმედებების არაკანონიერად ცნობა.

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 4 აპრილის გადაწყვეტილებით შპს “ს-ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის მოტივით.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება იმავე საფუძვლებით გაასაჩივრა შპს “ს-მა”, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 6 თებერვლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა შპს “ს-ის” სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა რაიონულ სასამართლოს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის თაობაზე, მაგრამ მიუთითა სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობაზე და მიიჩნია, რომ აუქციონი ჩატარებული იყო კანონმდებლობის შესაბამისად და ბათილობის საფუძველი არ არსებობდა.

შპს “ს-ი” საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა რა მათი მოთხოვნა და ქ. თბილისის მერიიდან გამოითხოვა აუქციონის ჩატარების წესით გათვალისწინებული მტკიცებულებები, მხარემ წარმოადგინა მხოლოდ აუქციონის ჩატარების სხდომის ოქმი და არ წარმოადგინა 2000წ. 10 მაისის ¹65 ბრძანება, სასამართლოს არ განუხილია აღნიშნული ბრძანების მე-9 მუხლი და არ უმსჯელია კომისიის სხდომათა განრიგის პრესაში გამოუქვეყნებლობის შესახებ და განჩინებაში მიუთითა, რომ აღნიშნული არ წარმოადგენდა არსებით დაღვევას, რომელიც საფუძველი გახდებოდა აუქციონის შედეგების ოქმის ბათილად ცნობისათვის.

კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სასარჩელო ხანდაზმულობახე მსჯელობისას არასწორად გამოიყენა სკ-ს ნორმები, ნაცვლად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ნორმებისა.

სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა იუსტიციის მინისტრის ¹65 ბრძანების უხეშ დარღვევაზე. კერძოდ მე-3 მუხლის მოთხოვნაზე, რომ მიწის ნაკვეთის საზღვრები ადგილზე უნდა შემოწმდეს და შედგეს სათანადო აქტი, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “ს-ის” დირექტორის გ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 6 თებერვლის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

“სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად სახელმწიფო მიწის საკუთრებაში გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ადგილობრივი ორგანოები “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე. აღნიშნული კანონის შესაბამისად ქ. თბილისის მთავრობის 2000წ. 30 ნოემბრის ¹19.16.297 დადგენილებით დამტკიცდა ქ. თბილისის ტერიტორიაზე კონკურსის ან აუქციონის წესით გასაყიდი მიწის ნაკვეთების ნუსხა და პირობები. მათ შორის ....... ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სადავო მიწის ნაკვეთის კონკურსის წესით გაყიდვის პირობები და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია გამოქვეყნდა გაზეთ “......-ის” 2000წ. 10 დეკემბრის საინფორმაციო ცნობარში 55-ე ნორმად.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაციის არასრულყოფილად გამოქვეყნების შესახებ და აღნიშნავს, რომ სადავო მიწის ნაკვეთის აუქციონის წესით გაყიდვის შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაცია შეესაბამება იუსტიციის მინისტრის 2000წ. 10 მაისის ¹65 ბრძანებით დამტკიცებული “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვის წესის” მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნებს. გამოქვეყნებული ინფორმაცია შეიცავს მიწის ნაკვეთის აღწერილობას, განკარგვის ფორმას, საწყისს ფასს, მითითებას მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის შესახებ, აუქციონის ჩატარების დროს და მონაწილეების რეგისტრაციისათვის აუცილებელ მოთხოვნებს. პრესაში გამოქვეყნებული ინფორმაციის გარდა, მსურველს შეეძლო დამატებითი ინფორმაცია მიეღო არქიტექტურის სამსახურში და ადგილზეც დაეთვალიერებინა მიწის ნაკვეთი.

ამასთან გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ზემოაღნიშნული ნორმა (მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი) სარეკომენდაციო ხასიათისაა და იგი სავალდებულო მოთხოვნებს არ აწესებს, მიუხედავად ამისა, ინფორმაცია სრულყოფილად იქნა გამოქვეყნებული.

საკასაციო კოლეგია არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მას როგორც ნაკვეთის ფაქტიურ მფლობელს არ ეცნობა აუქციონის თაობაზე და მას შეეზღუდა უფლება მონაწილეობა მიეღო აუქციონში, ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს აუქციონის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას და არც ერთი პუნქტი არ ავალდებულებდა კომისიას, აუქციონის თაობაზე ვინმესთვის პირადად შეტყობინებას, მით უფრო, რომ შპს “ს-ი” ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე ფლობდა სადავო მიწის ნაკვეთს.

ასევე არ უნდა იქნეს გაზიარებული კასატორის მოსაზრება სასამართლოს მიერ ხანდაზმულობის საკითხზე მსჯელობისას სკ-ს ნორმების არასწორად გამოყენების შესახებ, ვინაიდან “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” კანონის მე-11 მუხლის, მე-5 პუნქტის თანახმად მიწის ნაკვეთის შემძენ საქართველოს მოქალაქესა და სახელმწიფოს, როგორც მესაკუთრეს შორის, ფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება სკ-ით დადგენილი წესით, და შესაბამისად გამოყენებული უნდა იქნეს სკ-ით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები.

საკასაციო პალატა განუმარტავს კასატორს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები გამოიყენება ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტების ბათილობის საკითხის გადაწყვეტისას, ხოლო ადმინისტრაციული გარიგების ბათილობისას – სკ-ით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები, ვინაიდან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლი პირველი პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად ადმინისტრაციული გარიგება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი გარიგება. ანუ თავისებურება იმაში გამოიხატება, რომ გარიგების ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანო და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის მეორე პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეთა კატეგორიას განეკუთვნება.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ კომისიის სხდომათა განრიგის პრესაში გამოუქვეყნებლობა გარიგების ბათილობის საფუძველს წარმოადგენს და განმარტავს, რომ აღნიშნული საფუძვლით გარიგების ბათილობას კანონი არ ითვალისწინებს, ამასთან კასატორი ვერ მიუთითებს, თუ კომისიის სხდომათა განრიგის გამოუქვეყნებლობით მას რა ზიანი მიადგა ან რა უფლებები შეეზღუდა, ხოლო ის გარემოება, რომ კომისიის შემადგენლობა ნამდვილად დამტკიცებული იყო და აუქციონის შედეგების დამტკიცებაში მონაწილეობას ღებულობდნენ, საქმის მასალებით დადგენილია და მხარეს სადავოდ არ გაუხდია.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს “ს-ის” დირექტორის გ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 6 თებერვლის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.