გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
¹ 3გ-ად-147-კ-02 10 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი,
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: საკრებულოს დადგენილების ბათილად ცნობა, მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
რ. ს-მა სარჩელი აღძრა ახალციხის რაიონულ სასამართლოში ახალციხის რაიონის საკრებულოს, ახალციხის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარის გ. ი-ის, ახალციხის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარის თანშემწის ს. მ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ახალციხის რაიონის საკრებულოს 02.02.01წ. და 12.02.01წ. რიგგარეშე სხდომის შედეგების, მიღებული გადაწყვეტილებებისა და დადგენილებების ბათილად ცნობა. მოსარჩელემ მიუთითა, რომ ახალციხის რაიონის საკრებულოს 02.02.02წ. სხდომა ჩატარდა დადგენილი წესების უხეში დარღვევით, კერძოდ, რაიონის 2001წ. სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ინდიკატური გეგმის განხილვის დროს სხდომის თავმჯდომარის მიერ კენჭი არ ეყარა გამოთქმულ შენიშვნებსა და წინადადებებს, დაირღვა აქტის გაფორმების, საჯაროობის, გამოქვეყნების წესი და ვადები. დარღვევით ჩატარდა აგრეთვე სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის არჩევნები, არ იყო მოსმენილი წინა თავმჯდომარის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, არ დამტკიცებულა ხმის დამთვლელი კომისიის ოქმი. მოსარჩელე აღნიშნავდა აგრეთვე, რომ მოქმედი კანონმდელობის დარღვევით იქნა მოწვეული და წარმართული ახალციხის რაიონის საკრებულოს 12.02.01წ. რიგგარეშე სხდომა, უხეშად დაირღვა რიგგარეშე სხდომის მოწვევის ვადები და საკრებულოს წევრობისათვის დაინტერესებულ პირთათვის ამ სხდომაზე დასწრების შეტყობინებასთან დაკავშირებული პროცედურები. საკრებულოს წევრებისათვის არ ყოფილა დარიგებული განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მომზადებული პროექტი მისი წინასწარი გაცნობის მიზნით. დადგენილ ვადებში არ გაფორმდა ოქმი, შენიშვნებისა და წინადადებების შეტანის მიზნით საკრებულოს წევრებს და დაინტერესებულ პირებს არ მიეცა მის ხელმოწერამდე გაცნობის საშუალება. სხდომის ოქმი ხელმოწერილი არ ყოფილა დადგენილ ვადებში და მიღებულ გადაწყვეტილებასთან ერთად არ გამოქვეყნებულა დადგენილი წესით. საკრებულოს წევრებს და დაინტერესებულ პირებს ხელოვნურად შეეზღუდათ საშუალება გაცნობოდნენ სხდომის მიმდინარეობას და შედეგებს, როლის შესახებაც ადგილობრივ პრესაში გამოქვეყნდა ხელმოუწერელი საინფორმაციო განცხადება.
რაიონულ სასამართლოში საქმის მომზადების სტადიაზე 25.04.01წ. რ. ს-მა წარადგინა განცხადება და დამატებით მოითხოვა: ახალციხის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარის ნ. ი-ისათვის ახალციხის რაიონული სასამართლოს 30.03.01წ. განჩინების აღსრულების დავალდებულება, ახალციხის რაიონის გამგებლის ი. გ-ის თანამდებობიდან გამოწვევის თაობაზე შუამდგომლობის აღძვრა საქართველოს პრეზიდენტისა და ახალციხის რაიონის საკრებულოს წინაშე, ახალციხის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარის ნ. ი-ისა და რაიონის გამგებლის ი. გ-ის სამსახურებრივი ქმედებების იურიდიული შეფასება, საკრებულოს თავმჯდომარის ნ. ი-ისათვის და ახალციხის რაიონის გამგებლის ი. გ-ისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების გადახდევინების დაკისრება 50000 ლარის ოდენობით, საკრებულოსათვის იძულებითი განაცდურის 115,5 ლარის, იძულებით მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯების _ 231,62 ლარის, მოსარჩელისაგან, როგორც ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილისაგან, უკანონოდ დაკავებული საშემოსავლო გადასახადის 95,28 ლარის, სულ 442,4 ლარის გადახდევინების დაკისრება. მოსარჩელე ითხოვდა აგრეთვე ახალციხის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწის ს. მ-ის პასუხისმგებლობის საკითხის დასმას ახალციხის რაიონის საკრებულოს, ახალციხის საქალაქო საკრებულოს, ცეკავშირის სს «ე-ს" აქციონერთა საერთო კრების წინაშე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს _ საკრებულოს წევრის მორალურ-ეთიკური კოდექსის შემუშავების თაობაზე საკითხის დასმას საქართველოს პარლამენტის ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის რეგიონალური პოლიტიკის კომიტეტის წინაშე.
ასპინძის რაიონული სასამართლოს 29.08.01წ. გადაწყვეტილებით რ. ს-ის სარჩელი უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა რ. ს-ის მიერ. სააპელაციო სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას რ. ს-მა შეამცირა, ამასთან დააზუსტა, დააკონკრეტა დავის საგანი და საბოლოოდ მოითხოვა: ახალციხის რაიონის საკრებულოს 12.02.01წ. ¹18 დადგენილების ბათილად ცნობა, იძულებითი მკურნალობის _ 115,5 ლარის, მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯების 231,62 ლარის, დაკავებული საშემოსავლო გადასახადის 95,28 ლარის, სულ 442,4 ლარის, ახალციხის რაიონის საკრებულოსათვის მორალური ზიანის 25000 ლარის ანაზღაურების გადახდის დაკისრება. სააპელაციო პალატის 27.02.02წ. გადაწყვეტილებით რ. ს-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ასპინძის რაიონული სასამართლოს 29.08.01წ. გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ახალციხის რაიონის საკრებულოს 12.02.01წ. ¹18 დადგენილება, საკრებულოს, რ. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა 442,4 ლარის გადახდა, რ. ს-ის სასარჩელო მოთხოვნა მორალური ზიანის საკრებულოსათვის გადახდევინების დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, რ. ს-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 2750 ლარის ოდენობით. პალატამ მიუთითა, რომ ახალციხის რაიონის საკრებულოს წევრებმა განცხადებით მიმართეს საკრებულოს თავმჯდომარეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ. ანალოგიური მოთხოვნით საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართა რაიონის გამგებელმა. რიგგარეშე სხდომის მოწვევას საფუძვლად ედო საკრებულოს მდივნისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის რ. ს-ის ორივე თანამდებობიდან უნდობლობის მოტივით გადაყენება. 12.02.01წ. მოწვეულ იქნა რიგგარეშე სხდომა, რაიონის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მიღებულ იქნა დადგენილება, რომლითაც ახალციხის რაიონის საკრებულოს მდივანი, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე რ. ს-ი უნდობლობის მოტივით ფარული კენჭისყრითY გადაყენებულ იქნა საკრებულოს მდივნისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის ...ის თანამდებობიდან. პალატამ აღნიშნა, რომ საკრებულოს 12.02.01წ. რიგგარეშე სხდომის ჩატარება და ¹18 დადგენილების მიღება მოხდა მოქმედი კანონმდებლობის ნორმების დარღვევით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 34-ე მუხლის თანახმად კოლეგიური საჯარო დაწესებულება ვალდებული იყო ერთი კვირით ადრე საჯაროდ გამოეცხადებინა მომავალი სხდომის, მისი ჩატარების ადგილის, დროის, დღის წესრიგის თაობაზე. რაიონის საკრებულოს დებულების 21-ე მუხლის დარღვევით საკრებულოს წევრებს სხდომის დაწყებამდე 24 საათით ადრე არ ეცნობა საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩატარების ადგილი, დაწყებისა და დამთავრების თარიღი, დრო და დღის წესრიგი. პალატამ მიუთითა აგრეთვე, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 06.09.01წ. გადაწყვეტილებით დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი იმის შესახებ, რომ რ. ს-ი 1993 წელს მონაწილეობდა მოხალისედ აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში, იგი ჩაითვალა საომარ მოქმედებებში მონაწილედ. საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მეორე ნაწილის «ბ" ქვეპუნქტის თანახმად საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება მეორე მსოფლიო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების მონაწილე. პალატამ დადგენილად ცნო აგრეთვე, რომ აპელანტი 2001წ. 13 თებერვლიდან 15 თებერვლამდე ამბულატორიულად მკურნალობდა, მკურნალობის ღირებულებამ 160 ლარი შეადგინა. პალატამ დაგდენილად ცნო აგრეთვე, რომ ახალციხის რაიონის საკრებულოს მდივან რ. ს-ზე 2001წ. 12 თებერვლიდან 31 ივლისამდე არ იყო დარიცხული და გაცემული ხელფასი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ საფუძვლიანად მიიჩნია აპელანტის მოთხოვნა განაცდურის, მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯების, დაკავებული საშემოსავლო გადასახადის, სულ 442,4 ლარის ახალციხის საკრებულოსათვის დაკისრების მოთხოვნა. პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, ვინაიდან აპელანტმა ვერ მიუთითა კონკრეტულად, თუ რაში გამოიხატა მორალური ზიანის მიყენება, აპელანტის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულებანი.
სააპელაციო პალატას აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი იქნა შეტანილი ახალციხის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარის ნ. ი-ის მიერ. კასატორი აღნიშნავს, რომ 12.02.01წ. საკრებულოს სხდომა მოწვეულ იქნა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, სზაკ-ს 34-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კოლეგიური საჯარო დაწესებულება გადაუდებელი აუცილებლობისას უფლებამოსილია ჩაატაროს რიგგარეშე სხდომა 34-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნების დაუცველად. კასატორი თვლის, რომ ადგილი ჰქონდა სწორედ გადაუდებელ აუცილებლობას, რაც არ იქნა გათვალისწინებული სასამართლოს მიერ. კასატორი აღნშნავს, რომ ს-მა არა მხოლოდ იცოდა სხდომის მოწვევის შესახებ, არამედ გამოცხადდა კიდეც და თავისი მოსაზრებაც გამოთქვა, რის გამოც ადგილი არ ჰქონდა აქტის ბათილად გამოცხადებისათვის სავალდებულო აქტის მომზადებისა და გამოცემის წესის არსებით დარღვევას. კასატორი თვლის, რომ სასამართლო განხილვის დროს სასარჩელო მოთხოვნა გაიზარდა მოწინააღმდეგე მხარის თანხმობის გარეშე, კერძოდ, ასპინძის რაიონული სასამართლოს მიერ დავაზე გადაწყვეტილება 29.08.01წ. იქნა მიღებული, ხოლო საომარ მოქმედებებში რ. ს-ის მონაწილეობის მიღების იურიდიული ფაქტი 06.09.01წ. იქნა დადგენილი, რის გამო პირველი ინსტანციის სასამართლო ვერ იქონიებდა მსჯელობას შეღავათების გავრცელებაზე. კასატორი არ ეთანხმება აგრეთვე მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას, ჯანმრთელობის მოშლასა და საკრებულოს მიერ აქტის გამოცემას შორის მიზეზობრივი კავშირის დაუდგენლობის გამო. კასატორი უსაფუძვლოდ თვლის აგრეთვე განაცდური თანხის ანაზღაურებას, ვინაიდან სხდომა ჩატარდა კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა სააპელაციო პალატის 27.02.02წ. გადაწყვეტილების გაუქმება, გადაწყვეტილების იმ ნაწილის გარდა, რომლითაც არ დაკმაყოფილდა რ. ს-ის მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა აგრეთვე ახალციხის რაიონის საკრებულოს მდივნის რ. ს-ის მიერ. კასატორმა მოითხოვა გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ნ. ი-ის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეჩერება, არასათანადო მოსარჩელედ ცნობა. მორალური ზიანის ანაზღაურება, სახელმწიფო ბაჟის მოპასუხისათვის დაკისრება. კასატორი თვლის, რომ სახელმწიფო ბაჟის დაკისრებისას სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული სასკ-ს 9.4 მუხლის მოთხოვნები. სასამართლომ არ განიხილა სასამართლოს სხდომაზე წარდგენილი განცხადება ნ. ი-ის მიერ «ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების _ საკრებულოს არჩევნების შესახებ" 3.1. მუხლის დარღვევის შესახებ, რომლის თანახმად არჩევნების უფლება აქვს 18 წლის ასაკს მიღწეულ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც საკრებულოს არჩევნებამდე არა უგვიანეს სამი თვისა, კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულია შესაბამისი საკრებულოს ტერიტორიაზე. ნ. ი-ეს გაყალბებული აქვს საარჩევნო დოკუმენტაცია, რის გამო უნდა დამდგარიყო საკითხი მისთვის საკრებულოს წევრობის შეწყვეტის და არასათანადო მოსარჩელედ ცნობის შესახებ. კასატორის აზრით, სასამართლომ უკანონოდ, საფუძვლიანი განხილვის გარეშე უარი თქვა მორალური ზიანის ანაზღაურებაზე და სასამართლოს ხარჯების მისთვის დაკისრებაზე. ნ. ი-ემ კასატორისათვის მორალური ზიანის მიყენების, საქმიანი რეპუტაციის შელახვის მიზნით, სამცხე-ჯავახეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატში, რაიონის პროკურატურაში, საკრებულოთა ასოციაციაში, გაზეთ «ა-ის" რედაქციაში და სხვა ინსტანციებში დააგზავნა კანონიერ ძალაში არშესული ასპინძის რაიონის სასამართლოს 29.08.01წ. გადაწყვეტილება. ნ. ი-ემ სააპელაციო საჩივარზე წარდგენილ შესაგებელს დაურთო 27.11.01წ. ხელმოწერილი მიმართვა გაზეთ «ლ. მ-ის", «ა-ის" რედაქტორების, რაიონის პროკურორის მიმართ, რომელიც უცენზურო, არალოგიკური გამონათქვამებით არის აღსავსე. სზაკ-ს 60.1 მუხლის «დ" ქვეპუნქტის, მე-3-მე-7 მუხლების მოთხოვნათა თანახმად ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი საკრებულოს დებულება _ რეგლამენტი, რომელიც არ ყოფილა კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული და გამოქვეყნებული.
რ. ს-მა 09.10.02წ. დამატებითი საკასაციო საჩივრით მიმართა სასამართლოს, რომელშიც მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლად მიუთითა უფლებამოსილების განხორციელების ხელის შეშლა; გამგეობის და გამგებლის მიერ კრიტიკის დება; რაიონულ გაზეთში სახელისა და ავტორიტეტის გამტეხი, საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის გამოქვეყნება; ყალბი ბრალდებების გავრცელება; საბიუჯეტო სახსრების უკანონო ხარჯვის თაობაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომისიაში არსებული მასალების განუხილველობა, მასალების პროკურატურაში გადაცემისათვის დევნა; ახალციხის რაიონული სასამართლოს 30.03.2000წ. განჩინების შეუსრულებლობა; საჯარო ინფორმაციის მიღებაში ხელის შეშლა, განცხადებების წლების განმავლობაში განუხილველად დატოვება; ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხელის შეშლის მიზნით 13.04.02წ. დადგენილების გამოცემა; მისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის ფორსირებული განხილვა, ამ მიზნით საკრებულოს წევრებზე ზემოქმედება; საკრებულოს ყოფილი თანაშემწის ს. მ-ის მიერ მოგონილი ბრალდებებით სს «ე-ს" კოლექტიური სამხილებელი წერილის შეტანა პროკურატურაში; ნ. ი-ის ინიციატივით კომისიის 04.04.02წ. სხდომის ოქმის გაყალბების ბრალდებით პროკურატურაში საჩივრის შეტანა; უსაფუძვლო საჩივრების გამო პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმის აღძვრა; დისკრედიტაციის მიზნით წინასაარჩევნო კომპანიის პერიოდში საქმის აღძვრის თაობაზე ინფორმაციის გავრცელება; რაიონულ გაზეთებში გამოსაქვეყნებლად მომზადებული და საოლქო სასამართლოში მტკიცებულებების სახით წარდგენილი ტექსტის გავრცელება. კასატორი თვლის, რომ ადმინისტრაციული სასამართლო წარმოება, სამოქალაქო საქმის წარმოებისაგან განსხვავებით, აძლევდა სასამართლოს საშუალებას გასცდენოდა სარჩელის ფარგლებს, სასამართლომ არ გამოიყენა სასკ-ს მე-19 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება და არ ჩაწვდა დაშვებული დარღვევების არსს და მიზეზებს. 12.02.01წ. საკრებულოს ¹18 დადგენილების ბათილად ცნობისას საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მოყვანილი ნორმების გარდა უნდა გამოყენებულიყო სზაკ-ს 52-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «ა" ქვეპუნქტი და მე-2 ნაწ., 53-ე მუხლის 3-8 ნაწ.., 54-ე, 58-ე, 60-ე მუხლები, 75-ე მუხლის «გ" და «ე" ქვეპუნქტები, 78-ე მუხლის 1-ლი ნაწ. «ე" ქვეპუნქტი და მე-2 ნაწ., მე-80 მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწ., 92-ე მუხლი 1-ლი ნაწ. «ა" და «ბ" ქვეპუნქტები, მე-2 ნაწ. «ა", «დ" ქვეპუნქტები, 95-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწ., მე-5 ნაწ., 96-ე, 97-ე, 98-ე, 99-ე, მე-100 მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწ., 105-ე მუხლის მე-2 ნაწ., 110-ე მუხლის 1-3 და მე-5 ნაწ. და სხვ. მუხლები.
კასატორი თვლის, რომ საოლქო სასამართლომ მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ საკითხის გადაწყვეტისას არ განიხილა გაზეთ «ა-ში" 2001 წ. ¹3-4 გამოქვეყნებული მოთხოვნა საზოგადოების წარმომადგენლებისაგან კომისიის შექმნის წინადადება; იქვე ახალციხის რაიონის მმართველობის პრესსამსახურის სახელით გამოქვეყნებული ხელმოუწერელი და უთარიღო ცნობა იმის შესახებ, რომ საკრებულოს 12.02.01წ. რიგგარეშე სხდომის მიერ კასატორი გადაყენებული იყო საკრებულოს მდივნისა და კომისიის ...ის თანამდებობიდან; პრესსამსახურის უფროსის ცნობა, რომ გაზეთისათვის ცნობა არ მომზადებულა პრესსამსახურის მიერ; რაიონის საკრებულოს წევრთა 1/3 დაუსაბუთებელი განცხადება; საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ერთპიროვნულად რიგგარეშე სხდომის მოწვევა; უნდობლობის საკითხის დაყენება საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მიერ, რომელსაც რ. ს-ი ხელმძღვანელობდა, გამგეობის საქმიანობაში დარღვევების აღმოჩენა; საკრებულოს სხდომაზე საკითხის ფორსირებული განხილვა, განხილვაზე გამგებლის მიერ მისთვის სასურველი პირების მოწვევა, ამის შედეგად კრიტიკის ჩახშობა. კასატორი აღნიშნავს, აგრეთვე, რომ საკრებულოს წევრებს არ გაეგზავნათ შეტყობინება საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დასასწრებად, საკრებულოს სხდომაში მონაწილეობას ღებულობდნენ მხოლოდ განცხადებაზე ხელმომწერი და იმ დროს საკრებულოში შემთხვევით მყოფი პირები. კასატორის აზრით, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ საქმიანი რეპუტაციის, ღირსებისა და ავტორიტეტის შემლახავი ინფორმაცია ვრცელდებოდა პერმანენტულად _ თავდაპირველად 12.02.02წ. ¹18 დადგენილების სახით, შემდგომ რაიონულ პრესაში ხელმოუწერელი, გაყალბებული ცნობის გამოქვეყნებით, კანონიერ ძალაში არშესული ასპინძის რაიონული სასამართლოს 29.08.01წ. გადაწყვეტილების სხვადასხვა ორგანიზაციებისათვის დაგზავნით. კასატორის აზრით, საოლქო სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული კასატორის სოციალური მდგომარეობა, სზაკ-ს 207-ე, 208-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილები, 209-ე მუხლები, აგრეთვე სსკ-ს მე-18, 413-ე მუხლები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილის ბათილად ცნობა, რომლითაც მას უარი ეთქვა მორალური ზიანის ანაზღაურებაზე და დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 2750 ლარის ოდენობით, კასატორმა მოითხოვა საკრებულოსათვის მიყენებული მორალური ზიანის საკომპენსაციოდ 2500 ლარის გადახდის დაკისრება, სახელმწიფო ბაჟის საკრებულოსათვის დაკისრება.
საკასაციო პალატის სხდომაზე საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს ნ. ი-ეს განემარტა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევენების შემდეგ მას არ გააჩნდა საკრებულოს ინტერესების წარმოდგენის უფლება. ახალციხის საკრებულოს კანონით დადგენილი წესით არაერთგზის გაეგზავნა შეტყობინება სხდომის ჩატარების შესახებ, საკასაციო პალატის სხდომის არაერთი დანიშვნის მიუხედავად სხდომაზე არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარის _ საკრებულოს წარმომადგენელი, რის გამო პალატის მიერ მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული საქმის განხილვა მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე. 21.10.02წ. ¹3, 13.01.03წ. ¹2 მომართვებით ახალციხის რაიონის საკრებულოს სპიკერმა ჯ. მ-ემ აცნობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატას, რომ რ. ს-ის საკასაციო საჩივარი არის საფუძვლიანი და იგი უნდა დაკმაყოფილდეს, ამასთანავე პალატას წარედგინა მოთხოვნა ახალციხის რაიონის საკრებულოს საკასაციო საჩივრის განუხლველად დატოვების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად, საკასაციო პალატა თვლის, რომ რ. ს-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო ახალციხის საკრებულოს საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
უსაფუძვლოა საკასაციო საჩივარში მოყვანილი მოსაზრებები იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ არ განიხილა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო სასამართლოს სხდომაზე გაგზავნილი განცხადება ნ. ი-ის მიერ «ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს _ საკრებულოს არჩევნების შესახებ" ორგანული კანონის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის დარღვევასთან, მისი საკრებულოს წევრის სტატუსის შეწყვეტასთან და არასათანადო მოსარჩელედ ცნობასთან დაკავშირებით. პალატა კასატორის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ აღნიშნული მოთხოვნა არ წარმოადგენდა პირველი ინსტანციის სასამართლოს განხილვის საგანს, სააპელაციო სასამართლო ინსტანციაში დავის საგნის გაზრდის განცხადების წარდგენის შემდეგ რ. ს-მა უარი განაცხადა მოთხოვნის გაზრდაზე, მან შეამცირა და დააკონკრეტა დავის საგანი, რის შედეგად საბოლოოდ მოითხოვა ახალციხის რაიონის საკრებულოს 12.02.01წ. ¹18 დადგენილების ბათილად ცნობა, ახალციხის რაიონის საკრებულოსათვის იძულებითი განაცდურის _ 115,5 ლარის, მკურნალობასთან დაკავშაირებული ხარჯების _ 231,62 ლარის, დაკავებული საშემოსავლო გადასახადის _ 95,28 ლარის, სულ _ 442,4 ლარის, აგრეთვე საკრებულოსათვის 25000 ლარის მორალური ზიანის ანაზღაურების გადახდის დაკისრება.
ვინაიდან საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საკასაციო სასამართლო ინსანტციაში დავის საგნის გაზრდის და შეცვლის შესაძლებლობას, საკასაციო სასამართლო ვერ იქონიებს მსჯელობას საკასაციო საჩივარში მოყვანილ მოსაზრებებზე ნ. ი-ისათვის ახალციხის რაიონის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეჩერებასთან და მისი არასათანადო მოსარჩელედ ცნობასთან დაკავშირებით, მით უფრო, რომ ნ. ი-ეს განსახილველ საქმეში მოსარჩელის სტატუსი არ ჰქონია მინიჭებული. დავის საგანს სააპელაციო სასამართლოში არ წარმოადგენდა აგრეთვე რაიონის საკრებულოს დებულება, რის გამო საფუძველს მოკლებულია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლოს ბათილად უნდა ეცნო საკრებულოს დებულება.
სააპელაციო სასამართლოში დავის საგნის შემცირებისა და დაზუსტების შედეგად რ. ს-ის მოთხოვნათა ერთადერთ მოპასუხედ განისაზღვრა ახალციხის რაიონის საკრებულო, შესაბამისად, საკასაციო პალატა ვერ იქონიებს მსჯელობას რაიონის გამგეობის და რაიონის ყოფილი გამგებლის ი. გ-ის მიმართ საკასაციო საჩივარში მოყვანილი პრეტენზიების შესახებ. პალატა არ ეთანხმება კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლოს ადმინისტრაციული წარმოების წესების, კერძოდ, სასკ-ს მე-19 მუხლის გამოყენებით უნდა გასცდენოდა სარჩელის ფარგლებს და გარკვეულიყო ადგილობრივ მმართველობაში დაშვებულ ყველა დარღვევაში და მათ გამომწვევ მიზეზებში. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ინკვიზიციური ხასიათი არ იძლევა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლების გაცდენის შესაძლებლობას, სასკ-ს მე-4 და მე-19 მუხლების მოთხოვნები სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საკუთარი ინიციატივით შეგროვების შესახებ არ ცვლიან თავად სარჩელის დისპოზიციურ ხასიათს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ახალციხის რაიონის საკრებულოს სპიკერის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო, საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმის წარმოება ახალციხის რაიონის საკრებულოს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით უნდა შეწყდეს.
სსკ-ს 406-ე მუხლის მიხედვით საკასაციო ინსტანციის სასამართლოში არ დაიშვება დავის საგნის შეცვლა და გადიდება, შესაბამისად პალატა ვერ იქონიებს მსჯელობას რ. ს-ის საკასაციო საჩივარში მითითებული მორალური ზიანის ანაზღაურების ისეთ საფუძვლებზე, რომლებიც არ ყოფილა სააპელაციო პალატის მსჯელობის საგანი (რაიონის გამგებლის მიერ ბიუჯეტის სახსრების უკანონოდ ხარჯვის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომისიაში არსებული მასალების საკრებულოს სხდომაზე განუხილველობა, გამგეობის 27-28.07.2000წ. სხდომებზე რაიონის გამგეობის საქმიანობის ობიექტური შეფასებისათვის კასატორის დევნის, მის წინააღმდეგ რაიონის პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მცდელობა, განცხადებების განუხილველად დატოვება, 02.06.02წ. ადგილობრივი თვითმმართველოს არჩევნებში ხელის შეშლა, საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი თანაშემწის ს. მ-ის მიერ საოლქო პროკურორის სახელზე კოლექტიური წერილების შედგენა სს «ე-ში" დარვევების არსებობის თაობაზე, საკრებულოს ზოგიერთი წევრის მიერ 04.04.02წ. კომისიის სხდომის ოქმის გაყალბების ბრალდებით პროკურატურაში საჩივრების შეტანა, საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, მისი თანაშემწისა და სხვათა საჩივრების საფუძველზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, ამის შესახებ წინასაარჩევნო კომპანიის პერიოდში გავრცელება).
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ახალციხის რაიონის საკრებულოს 12.02.01წ. რიგგარეშე სხდომა მოწვეულ იქნა სხდომის მოწვევის დროს მოქმედი კანონდებლობის მოთხოვნათა დარღვევით. რ. ს-ის ახალციხის რაიონის საკრებულოს მდივნის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის ...ის თანამდებობიდან გადარჩევის საკითხი ახლციხის რაიონის გამგებლის ი. გ-ის მიერ დაისვა 12.02.01წ. ¹48/16 მიმართვაში ახალციხის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარის ნ. ი-ისადმი. ახალციხის რაიონის საკრებულოს წევრთა 1/3 მოთხოვნა 12.02.01წ. 14.00 საათზე საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის და რ. ს-ის ამავე საკრებულოს მდივნისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის ...ის თანამდებობიდან უნდობლობის მოტივით გადაყენების შესახებ დათარიღებულია 09.02.01წ., მიმართვა საკრებულოს კანცელარიაში 12.02.01წ. არის რეგისტრირებული. 01.01.2000წ. ძალაში შესული ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 34-ე მუხლის თანახმად, კოლეგიური საჯარო დაწესებულება ვალდებულია ერთი კვირით ადრე საჯაროდ გამოაცხადოს მომავალი სხდომის, მისი ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული წესების დაუცველობა არ იყო განპირობებული გადაუდებელი აუცილებლობლით, რომლის ცნება (სზაკ-ს 27-ე მუხლის «კ" ქვეპუნქტი) არ მოიცავს განსახილველ შემთხვევას. კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის ჩატარების კანონით დადგენილი წესის დარღვევა სზაკ-ს მე-60 მუხის მე-2 ნაწილის თანახმად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების არსებით დარღვევად. საკასაციო პალატა თვლის, რომ კანონმდებლობით დადგენილი წესის დაუცველობა არ იყო განპირობებული გადაუდებელი აუცილებლობით, არსებითად დაირღვა სადავო ადმინისტრაციული აქტის მომზადების წესი, რის გამო მართებულია 12.02.01წ. ¹18 დადგენილების ბათილად ცნობა, მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურება. თანამდებობიდან გადაყენებით გამოწვეული ნეგატიური განცდების ინტესიურობის და ხასიათის, კომპენსაციის სამართლიანობისა და თანაზომიერების გათვალისწინებით პალატა თვლის, რომ თავისთავად ახალციხის რაიონის საკრებულოს 12.02.01წ. ¹18 დადგენილების ბათილად ცნობა, კანონით განსაზღვრული წესის დარღვევით თანამდებობიდან გადაყენების კონსტატაცია, მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება, წარმოადგენს სამართლიან დაკმაყოფილებას, განცდილი უარყოფითი ემოციების ანაზღაურების საკმარის საშუალებას. ამასთანავე, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით გადარჩევის შემთხვევაში მორალური ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას. პალატა კასატორის ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სკ-ს 413-ე მუხლი ითვალისწინებს არაქონებრივი ზიანის ფულად ანაზღაურებას მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სკ-ს მე-18 მუხლი ითვალისწინებს პირის უფლებას სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს იმ ცნობების უარყოფა, რომლებიც ლახავენ პირის პატივს, ღირსებას, საქმიან რეპუტაციას, თუ ამ ცნობების გამავრცელებელი არ დაამტკიცებს, რომ ისინი სინამდვილეს შეესაბამება. იგივე წესი გამოიყენება ფაქტობრივი მონაცემების არასრულად გამოქვეყნებისათვის, თუკი ამით ილახება პირის პატივი, ღირსება ან საქმიანი რეპუტაცია. მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველს არ წარმოადგენს გაზეთ «ა-ში" 2001წ. 3-4 ნომერში ახალციხის რაიონის მმართველობის პრესსამსახურის სახელით გამოქვეყნებული ცნობა 12.02.01წ. საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩატარებისა და რ. ს-ის ორივე თანამდებობიდან გადაყენების შესახებ. ცნობას ინფორმაციული ხასიათი ჰქონდა, მიწოდებული ინფორმაცია შეიცავდა ფაქტობრივად სწორ მონაცემებს რ. ს-ის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, შესაბამისად პრესაში გამოქვეყნებული (თუნდაც ხელმოუწერელი) ცნობა არ არის შეურაცხმყოფელი ან ცილისმწამებლური, იგი ინფორმაციულ ხასიათს ატარებდა და არ ლახავდა კასატორის პატივს და ღირსებას, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 42-ე მუხლის «ე" და «ვ" ქვეპუნქტების მიხედვით კოლეგიურ საჯარო დაწესებულებაში გადაწყვეტილების მისაღებად გამართული ღია კენჭისყრის შედეგები, არჩევით თანამდებობაზე პირის არჩევასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია საყოველთაოდ ხელმისაწვდომია.
კანონმდებლობა არ ითვალისწინებს აგრეთვე რაიონული სასამართლოს თუნდაც ძალაში არ შესული გადაწყვეტილების შესახებ ინფრომაციის გავრცელების აკრძალვას, აღნიშნული არ წარმოადგენს მორალური ზიანის ანაზღაურებისათვის თანხის დაკისრების საფუძველს. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 42-ე მუხლის «ზ" ქვეპუნქტის თანახმად ყველას აქვს უფლება იცოდეს სასამართლოს მასალები იმ საქმეებზე, რომლებშიც საჯარო დაწესებულება მხარეს წარმოადგენს. გარდა ამისა, მოსარჩელეს მოპასუხის სახით საქმეზე არ ჰყავს დასახელებული შესაბამისი მასობრივი ინფორმაციის საშუალებების რედაქციები.'
პალატა აღნიშნავს, რომ ნ. ი-ის მიმართვა გაზეთების: «ლ. მ-ის", «ა-ის", ახალციხის რაიონის პროკურორისადმი, თავის მხრივ, წარმოადგენს «ლ. მ-ში" 09.01.წ. ¹9(33) რ. ს-ის ღია წერილის პასუხს ნ. ი-ისადმი, მიმართვები ორმხრივად შეიცავს არაკორექტულ გამონათქვამებს, ამასთანავე, ნ. ი-ის მიმართვაში ასახულია მისი პირადი დამოკიდებულება რ. ს-ისადმი, რის გამოც იგი ასევე ვერ იქნება მიჩნეული მოწინააღმდეგე მხარისათვის _ ახალციხის რაიონის საკრებულოსათვის მორალურის ზიანის ასანაზღაურებლად თანხის დაკისრების საფუძვლად.
მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველს არ იძლევა აგრეთვე საკასაციო საჩივარში მოყვანილი მოსაზრება სადავო აქტის _ ახალციხის საკრებულოს 12.02.01წ. ¹18 დადგენილების შეჩერების შესახებ ახალციხის რაიონული სასამართლოს 30.03.01წ. განჩინების შეუსრულებლობა. 30.03.01წ. განჩინების შესრულება საკრებულოს მიერ დასტურდება ახალციხის რაიონული სასამართლოს 10.05.02წ. გადაწყვეტილებით, რომლითაც დაკმაყოფილდა რ. ს-ის სარჩელი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით რ. ს-ს შეუჩერდა ახალციხის რაიონის საკრებულოს მდივნის უფლებამოსილება. გარდა ამისა, საქმეში დაცულია კასატორის მიმართვები საკრებულოს თავმჯდომარისადმი, რომლითაც იგი სამეწარმეო საქმიანობის დაწყებასთან დაკავშირებით უარს ამბობდა საკრებულოს მდივნის მოვალეობის შესრულებაზე და ითხოვდა სახელფასო განაცდურის ანაზღაურებას. 30.03.01წ. განჩინების შესრულება დასტურდება აგრეთვე ახალციხის რაიონული სასამართლოს 07.08.02წ. გადაწყვეტილებით, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის 27.04.01წ. ¹13 დადგენილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს რ. ს-ის მოთხოვნას მორალური ზიანის ანაზღაურების სახით მოპასუხისათვის 25000 ლარის გადახდის დაკისრებას. მოპასუხეს _ ახალციხის რაიონის საკრებულოს სპიკერის მიერ რ. ს-ის მოთხოვნის აღიარება, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ წარმოადგენს რ. ს-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილის დებულება იმის შესახებ, რომ ფიზიკური პირის მიერ ბაჟის გადაუხდელობა ვერ დააბრკოლებს საქმის განხილვასა და გადაწყვეტას, არ ნიშნავს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან პირის საბოლოო გათავისუფლებას, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაკისრების შეუძლებლობას, უკეთუ დავა არ გადაწყდა პირის სასარგებლოდ. აღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა კასატორის მოსაზერება იმის შესახებ, რომ მისთვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრებისას არ იქნა გათვალისწინებული კოდექსის 9.4 მუხლის მოთხოვნები. ამასთანავე, იმის გათვალისწინებით, რომ რ. ს-მა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს შეამცირა და დააკონკრეტა მოთხოვნები, უსაფუძვლოა სააპელაციო პალატის მიერ ადრინდელი მოთხოვნებიდან გამომდინარე რ. ს-ისათვის სახელმწფიო ბიუჯეტის სასარგებლოდ 2750 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაკისრება. ამასთანავე, ვინაიდან რ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, ბათილად იქნა ცნობილი ახალციხის რაიონის საკრებულოს 12.02.01წ ¹18 დადგენილება, ახალციხის რაიონის საკრებულოს რ. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა 442,4 ლარის გადახდა, სსკ-ს 53-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადახდა უნდა დაკისრებოდა აგრეთვე მოპასუხეს _ ახალციხის რაიონის საკრებულოს, სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად. გარდა ამისა, იმის გათვალისწინებით, რომ სადავო ურთიერთობები საჯარო შრომით-სამართლებრივი ურთიერთობებიდან გამომდინარეობენ, საკასაციო პალატა «სახელმწიფო ბაჟის შესახებ" კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის «ა" ქვეპუნქტის საფუძველზე შესაძლებლად თვლის მხარეთა გათავისუფლებას სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მესამე, სსკ-ს 409-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. რ. ს-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმედეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 27.02.02წ გადაწყვეტილება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ რ. ს-ისათვის სახელმწიფო ბაჟის 2750 ლარის დაკისრების ნაწილში. ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
2. მხარეები გათავისუფლდნენ სახელმწიფი ბაჟის გადახდისაგან.
3. რ. ს-ის საკასაციო საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 27.02.02წ. გადაწყვეტილება დანარჩენ ნარწილში დარჩეს უცვლელად.
4. დაკმაყოფილდეს ახალციხის რაიონის საკრებულოს სპიკერის ჯ. მ-ის განცხადება და საქმის წარმოება ახალციხის რაიონის საკრებულოს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით შეწყდეს.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.