3გ-ად-154-კ-02 17 იანვარი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე,
ნ. კლარჯეიშვილი
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შ. მ.-ისა და გ. ნ.-ის წარმომადგენლების თ. ხ.-ისა და ნ. ჯ.-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002წ. 13 ნოემბრის განჩინებაში დაშვებულ უსწორობათა და აშკარა არითმეტიკული შეცდომების გასწორების თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 13 ნოემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ განიხილა შ. მ.-ისა და გ. ნ.-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 27 მარტის გადაწყვეტილებაზე.
მოსარჩელეები სარჩელით ითხოვდნენ: მათ მიერ მოპასუხის _ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სახელზე შეტანილი 5168 საპრივატიზებო ბარათის (ვაუჩერის) ნომინალურ ჯამურ ღირებულებას _ 155040 აშშ დოლარს _ დამატებოდა მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ოდენობა, რაც შეადგენდა სულ 741040 აშშ დოლარს და აღნიშნული თანხის დაკისრებას სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთვის.
სასამართლო კოლეგიის 2002წ. 27 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხეს მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისრა 37268,49 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
გ. ნ.-ის და შ. მ.-ის საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სასამართლო კოლეგიის 2002წ. 27 მარტის გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებიათ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში. გასაჩივრდა მხოლოდ ძირითადი თანხის _ 155070 აშშ დოლარისა და პროცენტის მოპასუხისათვის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში.
შემდგომ, კასატორებმა საკასაციო სასამართლოს სხდომაზე დააზუსტეს მოთხოვნა და ითხოვეს სულ 155070 აშშ დოლარის დაკისრება მოპასუხისათვის.
საკასაციო სასამართლოს 2002წ. 13 ნოემბრის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საკასაციო საჩივარი. გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა რაიონულ სასამართლოს.
აღნიშნულ განჩინებაზე გ. ნ.-ისა და შ. მ.-ის წარმომადგენლებმა თ. ხ.-მ და ნ. ჯ.-მ საკასაციო სასამართლოში შეიტანეს განცხადება განჩინებაში დაშვებულ უსწორობათა და არითმეტიკულ შეცდომათა გასწორების თაობაზე.
განმცხადებელთა განმარტებით, განჩინებაში მითითებულია, რომ საკასაციო სასამართლო სხდომაზე კასატორებს თანხის ოდენობა არ შეუმცირებიათ და მათი მოთხოვნა იგივე იყო, რაც საკასაციო საჩივარში, კერძოდ, ითხოვდნენ 155040 აშშ დოლარისა და წლიურ სამპროცენტიან გადასახადს 23260 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს, ხოლო საოლქო სასამართლოს მიერ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთვის დაკისრებულ 37368,49 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს მიიჩნევდნენ მიუღებელი შემოსავლის თანხად, რაც საკასაციო სასამართლომ არ გაიზიარა.
განმცხადებელთა აზრით, საკასაციო სასამართლოს განჩინებაში დაშვებულია უსწორობა, რადგანაც 23260 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის მოთხოვნის ნაწილში ეს ციფრი გამოტოვებულია.
განმცხადებლებმა ითხოვეს სსკ-ს 260-ე მუხლის თანახმად, აღნიშნულ განჩინებაში დაშვებული უსწორობისა და არითმეტიკული შეცდომის გასწორება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ ზეპირი განხილვის გარეშე შეამოწმა განცხადების საფუძვლიანობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ საოლქო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა შემდეგი ფაქტობრივი გარემოება: 22-ე საბარათო აუქციონზე სულ გასაყიდად გატანილი იყო სს “...-ის” 336000 აქცია, ანუ საწარმოს 44,41%. აღნიშნული აქციების შესაძენად სულ შეტანილ იქნა 46601 ცალი საპრივატიზებო ბარათი (ვაუჩერი), საიდანაც მოსარჩელეების იყო 5169 ვაუჩერი. აუქციონის შედეგების დამტკიცების შემთხვევაში ერთ ვაუჩერზე გაიცემოდა 7,21 (336000:46601) აქცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებს უნდა მიეღოთ 37268,49 (5169X7,21) აქცია. თითოეული აქციის ღირებულება განისაზღვრა 1 აშშ დოლარით, ამიტომ მოსარჩელეთა ზარალმა შეადგინა 37268,49 აშშ დოლარი, რაც დაეკისრა კიდეც მოპასუხეს საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებით.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორთა მიერ მითითებული ციფრი _ 155070 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი _ დაანგარიშებულია 5169 ვაუჩერის გადამრავლებით 1 ვაუჩერის ნომინალურ ღირებულებაზე _ 30 აშშ დოლარზე, რაც დადგენილი იყო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995წ. 24 თებერვლის ¹108 დადგენილებით.
ამდენად, რადგანაც საკასაციო სასამართლომ საოლქო სასამართლოს მიერ მოპასუხისთვის დაკისრებული 37268,49 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი არ ჩათვალა მიუღებელ შემოსავლად, აღნიშნული თანხა მიჩნეულ იქნა კასატორის მიერ მითითებული ძირითადი თანხის, 155070 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის შემადგენელ ნაწილად.
კასატორებმა საკასაციო სასამართლო სხდომაზე საბოლოოდ ითხოვეს მოპასუხისთვის 155070 აშშ დოლარის დაკისრება, რაც საკასაციო სასამართლოს სხდომის ოქმშია დაფიქსირებული.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ განცხადება საკასაციო სასამართლოს განჩინებაში დაშვებულ უსწორობათა და არითმეტიკული შეცდომების გასწორების თაობაზე, უსაფუძვლოა.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეები შეზღუდული არ არიან რაიონულ სასამართლოში კვლავ გაზარდონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. არ დაკმაყოფილდეს გ. ნ.-ისა და შ. მ.-ის წარმომადგენლების: თ. ხ.-ისა და ნ. ჯ.-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002წ. 13 ნოემბრის განჩინებაში დაშვებულ უსწორობათა და არითმეტიკული შეცდომების გასწორების თაობაზე.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.