Facebook Twitter

3გ-ად-167-კ-02 19 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ი. ლეგაშვილი,

ნ. კლარჯეიშვილი

დავის საგანი: მატერიალური ზარალის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

მ. გ.-მ სარჩელით მიმართა ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა მატერიალური ზარალის 39431 აშშ დოლარის ანაზღაურება.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ იყო 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ცნობილი საომარი მოქმედების დროს დაზარალებული პირი. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992წ. 12 ოქტომბრის ¹985 დადგენილების “ქ. თბილისში დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებათა რეალიზაციის შესახებ” მიღებული დეკლარაციის საფუძველზე უნდა ანაზღაურებოდა 1318950 მანეთის მატერიალური ზარალი. დეკლარაციას ხელს აწერენ დაზარალებულთა კომიტეტის თავმჯდომარე ფ. შ.-ი და ქ. თბილისის მერი ნ. ლ.-ი.

საქართველოს პრეზიდენტის 1996წ. 26 ივლისის ¹180 განკარგულების თანახმად მასზე მიყენებულმა ზარალმა შეადგინა 43965 აშშ დოლარი 1992წ. იანვრის კურსით. აღნიშნული განკარგულების მე-5 პუნქტით ფინანსთა სამინისტროს დაევალა, რათა დაზარალებულებისათვის დამატებით გამოეყო დაფინანსება. სახელმწიფომ ზარალი ნაწილობრივ აუნაზღაურა და ასანაზღაურებელი დარჩა 39432 აშშ დოლარი.

მოსარჩელე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე ითხოვდა ზარალის ანაზღაურებას.

მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე რაიონული სასამართლოს 2001წ. 25 იანვრის განჩინებით თანამოპასუხედ ჩართული იქნა ქ. თბილისის მერია.

ფინანსთა სამინისტრომ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ დასახელებულ აქტებში კონკრეტულად იყო მითითებული თუ რა ვალდებულებები ეკისრებოდა ფინანსთა სამინისტროს, რაც სამინისტრომ შეასრულა და გამონახა ზარალის ანაზღაურების დაფინანსების წყარო. თანხების ანაზღაურების ვალდებულება ეკისრებოდა მერიას და ზარალის ანაზღაურებაც მას უნდა დაკისრებოდა.

სარჩელი არ ცნო ქ.თბილისის მერიამ და განმარტა, რომ მერიამ თავისი ვალდებულება დაზარალებული მოსახლეობის მიმართ შეასრულა. აუშენა ბინები და ნაწილობრივ აანაზღაურა მატერიალური ზარალი, ამიტომ იგი არასათანადო მოპასუხე იყო.

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 4 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ქ.თბილისის მერიას და ფინანსთა სამინისტროს სოლიდარულად დაეკისრათ 39431 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, გადახდის დროისათვის არსებული კურსის შესაბამისი ლარის ოდენობით.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, რომლებმაც რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს. ქ. თბილისის მერია ითხოვდა ზარალის ანაზღაურება დაკისრებოდა ფინანსთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტრო აღნიშნავდა, რომ პრეზიდენტის განკარგულებების შესაბამისად მას ევალებოდა დაფინანსების სახსრების მოძიება, რაც მან განახორციელა კიდეც, ხოლო მატერიალური ზიანის ანაზღაურება ქ.თბილისის მერიას ევალებოდა და ამიტომ თანხაც მას უნდა დაკისრებოდა.

ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 12 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ფინანსთა სამინისტროს და ქ.თბილისის მერიის სააპელაციო საჩივრები, უცვლელად დარჩა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 4 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აღიარა ქ. თბილისში 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის მიყენებული მატერიალური ზარალი 8 მლნ აშშ დოლარის ოდენობით და ივალდებულა მისი ანაზღაურება.

საქართველოს პრეზიდენტის 1996წ. 28 თებერვლის ¹197 ბრძანებულების მეორე პუნქტის თანახმად ფინანსთა სამინისტროს დაევალა სამთავრობო კომისიის მიერ შემუშავებული პროგრამის შესაბამისად 1996 წელს დამატებითი, მათ შორის არასაბიუჯეტო სახსრების გამოყოფა დაზარალებული მოსახლეობისათვის საცხოვრებელი ბინების მშენებლობის გასაგრძელებლად და მატერიალური ზარალის ასანაზღაურებლად.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ დაზარელებული მოსახლეობისათვის მატერიალური ზარალის ანაზღაურება ქ. თბილისის მერიას საქართველოს პრეზიდენტის ¹704 ბრძანებულებით დაეკისრა მხოლოდ 1997 წლიდან და ისიც ნაწილობრივ. კერძოდ, მშენებარე სახლებში განთავსებული არასაცხოვრებელი ფართის აუქციონის წესით პრივატიზაციის შედეგად მიღებული თანხები გამოყენებულიყო მოსახლეობისათვის მიყენებული მატერიალური ზარალის ნაწილობრივი კომპენსაციისათვის, რისთვისაც ქ. თბილისის ბიუჯეტში შეიქმნა მიზნობრივი ფონდი.

აღნიშნული ბრძანებულებების საფუძველზე სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ მატერიალური ზარალის ანაზღაურება ევალებოდა როგორც ფინანსთა სამინისტროს, ასევე ქ. თბილისის მერიას.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიამ და ფინანსთა სამინისტრომ.

ფინანსთა სამინისიტრო საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და მიუთითებს, რომ გადაწყვეტილება მიღებულია კანონდარღვევით, ამასთან იურიდიულად დაუსაბუთებელია.

კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1996წ. 26 ივლისის განკარგულებით ფინანსთა სამინისტროს ეკისრებოდა დაზარალებული მოსახლეობის ზარალის ასანაზღაურებლად 5 მილიონი ლარის გათვალისწინების ვალდებულება 1996-97 წლების ბიუჯეტებში და აღნიშნავს, რომ აღნიშნული განკარგულებით ფინანსთა სამინისტროს დაევალა ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტში თანხების ანაზღაურების საკითხის შეტანა და არა 5 მილიონი ლარის დამტკიცება.

კასატორი მიუთითებს, რომ სახელმწიფომ აღიარა მატერიალური ზარალის ანაზღაურების ვალდებულება, შეიმუშავა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, რომლებითაც სხვადასხვა დროს სხვადასხვა უწყებებს ევალებოდათ მატერიალური ზარალის ანაზღაურების მიზნით დაფინანსების წყაროების გამოძებნა და თანხების გამოყოფა. მიაჩნია, რომ სახელმწიფო შესაძლებლობის ფარგლებში მუდმივად ახდენდა და დღესაც ახდენს მოსახლეობისათვის თანხების გამოყოფას.

კასატორის აზრით, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებები და დასკვნები უსაფუძვლო იყო და მოითხოვდა სამართლებრივად შემოწმებას და შესაბამისად გაუქმებას. ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის არ დაკმაყოფილებას.

ქ.თბილისის მერია საკასაციო საჩივრით ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას თანხის სოლიდარულად დაკისრების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით ზარალის ანაზღაურების დაკისრებას ფინანსთა სამინისტროსათვის.

კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქართველოს პრეზიდენტის ¹180-ე განკარგულებას. კასატორის აზრით ქ.თბილისის მერიას ევალებოდა დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა. მერიის ვალდებულება მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად მხოლოდ გარკვეული ასპექტით და ოდენობით შემოიფარგლებოდა. კერძოდ, დაზარალებული მოსახლეობისათვის აშენებული და მშენებარე საცხოვრებელ სახლებში განთავსებული არასაცხოვრებელი ფართის აუქციონის წესით პრივატიზებიდან შემოსავლით თანხებით, რაც მის მიერ მთლიანად შესრულებულია.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის და საკასაციო საჩივრების მოტივების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ფინანსთა სამინისტროს და ქ.თბილისის მერიის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 12 მარტის განჩინება.

მინისტრთა კაბინეტის 31.05.94წ. ¹336 დადგენილების, საქართველოს პრეზიდენტის 28.02.96წ. ¹197, 26.07.96წ. ¹180, 01.12.97წ. ¹704 ბრძანებულებით საქართველოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ აღიარა 1991-92 წლების დეკემებერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის მატერიალური ზარალის კომპენსაციის ვალდებულება, შემუშავდა ზარალის ანაზღაურების პროგრამა, შეიქმნა სამთავრობო კომისია, რომელთა შემადგენლობაში შევიდნენ მოპასუხეების წარმომადგენლები. საქართველოს პრეზიდენტის 26.07.96წ. ¹180 განკარგულების მე-4 პუნქტის თანახმად ცნობად იქნა მიღებული ეკონომიკისა და იუსტიციის სამინისტროების დასკვნები და 1991-92წწ. დეკემებერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის მიყენებული ზარალი 8 მლნ აშშ დოლარის ეკვივალენტური თანხით განისაზღვრა. საქმეში დაცული 1992 წ. იანვარში გაცემული დეკლარაციების საფუძველზე დასტურდება, რომ მ. გ.-ის კუთვნილი განადგურებული ქონების ღირებულებამ (საცხოვრებელი ბინის გარდა) შეადგინა 1318950 მანეთი, მოსარჩელე შეყვანილია თბილისის მთავრობის 24.01.01წ. ¹01.15.12 დადგენილებით დამტკიცებული 1991-92წწ. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ქონებრივი ზარალის კომპენსაციის ამსახველ სიაში. ანაზღაურებული თანხის გათვალისწინებით მოპასუხეებს მ. გ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 43.965 აშშ დოლარის ანაზღაურება. საქართველოს პრეზიდენტის 28.02.96წ. ¹197 ბრძანებულებით და 26.07.96წ. განკარგულებით ფინანსთა სამინისტროს სამთავრობო კომისიის მიერ შემუშავებული პროგრამების შესაბამისად მშენებლობის გასაგრძელებლად და მატერიალური ზარალის ასანაზღაურებლად დაევალა 1996 წელს დამატებით, მათ შორის არასაბიუჯეტო სახსრების გამოყოფა, 1997წ. ბიუჯეტის პროექტში დარჩენილი თანხების ანაზღაურების გათვალისწინება. მიუხედავად ამისა, დაზარალებული მოსახლეობისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში დაზარალებულთა ზარალის ანაზღაურებისათვის არ იქნა გათვალისწინებული კომპენსაციის თანხები.

საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად სოლიდარულად ზარალის ანაზღაურებას ქ. თბილისის მერიისათვის შემდეგ გარემოებათა გამო:

მინისტრთა კაბინეტის 31.05.94წ. ¹336 დადგენილების მე-9 პუნქტის მიხედვით ქალაქის მერიას, ვაჭრობისა და მომარაგების სამინისტროსთან ერთად დაევალა დაზარალებული მოქალაქეებისათვის განადგურებული საოჯახო ქონების შესაძენად საჭირო სახსრების გამოყოფის შესაძლებლობის შესახებ წინადადებების შემუშავება და წარდგენა. საქართველოს პრეზიდენტის 28.02.96წ. ¹197 ბრძანებულებით თბილისის მერიას ზარალის ანაზრაურების მიზნით დაევალა 1996წ. 1 ოქტომბრამდე 5 მლნ ლარის გამოყოფა. საქართველოს პრეზიდენტის 26.07.96წ. ¹180 განკარგულების მიხედვით მერიას უნდა უზრუნველეყო დაზარალებული მოსახლეობისათვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის დაფინანსება თბილისის 1996წ. ბიუჯეტით გათვალისწინებული 5 მლნ ლარის ფარგლებში. აღნიშნული განკარგულებით მერიას მხოლოდ საცხოვრებელი ბინის მშენებლობის დაფინანსება ევალებოდა. ამასთანავე, საქართველოს პრეზიდენტის 01.12.97წ. ¹¹704 ბრძანებულებებით არასაცხოვრებელი ფართობის პრივატიზებიდან შემოსული თანხები გამოყენებული უნდა ყოფილიყო 1991-92წწ. მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის მიყენებული მატერიალური ზარალის ნაწილობრივი კომპენსაციისათვის, რისთვისაც ქ. თბილისის ბიუჯეტში შეიქმნა მიზნობრივი ფონდი. აღნიშნული ბრძანებულების შემდეგ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტმა 10.09.98წ. მიიღო ¹17.05.377 დადგენილება, რომლითაც მოსახლეობისათვის მატერიალური ზარალის ასანაზღაურებლად გაცემის წესის შემუშავების მიზნით შეიქმნა კომისია. ქ. თბილისის ბიუჯეტში შექმნილი მიზნობრივი ფონდიდან დაზარალებული მოსახლეობისათვის მატერიალური ზარალის კომპენსაციის მიზნით განისაზღვრა სახსრების გადარიცხვის განხორციელების წესი, დაზარალებული მოსახლეობისათვის თანხების გაცემა კომისისიის მიერ დამტკიცებული სიების მიხედვით და გასაცემი თანხების ინდექსაცია. ქ. თბილისის მთავრობის 24.01.01წ. 01.15.12 დადგენილებით დამტკიცდა დაზარალებული მოსახლეობისათვის, მათ შორის მოსარჩელისათვის _ მატერიალური ზარალის კომპენსაციის ამსახველი ცხრილი. გარდა ამისა, “საბიუჯეტო სისტემის და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ" კანონის მე-18 მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა უზრუნველსაყოფად “სახელმწიფო გადასახადებიდან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტში ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივების შესახებ" კანონის თანახმად, დაზარალებულთა ზიანის ასანაზღაურებლად ქ. თბილისის ბიუჯეტში განისაზღვრა ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივები სხვადასხვა გადასახადების ანარიცხებიდან. კასატორების: ფინანსთა სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიას შორის 05.08.2000წ. დადებული შეთანხმება, რომელიც არ ითვალისწინებს 1991-92წწ. იანვარ-დეკემბრის მოვლენების დროს დაზარალებულ მოქალაქეთა მატერიალური ზიანის ანაზღაურების თანხებს, არ წარმოადგენს ზარალის სოლიდარული ანაზღაურებისაგან მერიის გათავისუფლების საფუძველს.

ამდენად, მითითებული ნორმების საფუძველზე ცხადია, რომ რიგი ღონისძიების გატარება დაევალა როგორც თბილისის მერიას, ასევე ფინანსთა სამინისტროს და თითოეულს უნდა მიეღო მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში _ მოსახლეობის მატერიალური ზარალის ანაზღაურებაში. საკასაციო პალატა თვლის, რომ დაზარალებულთათვის ზარალის ანაზღაურების ვალდებულება სკ-ს 463-ე, 992-ე მუხლების საფუძველზე სოლიდარულად უნდა დაეკისროთ ფინანსთა სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიას. მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქის მერიამ ნაწილობრივ შეასრულა ზემოაღნიშნული აქტებით დაკისრებული ვალდებულება საცხოვრებელი სახლების მშენებლობის ნაწილში, სკ-ს 465-ე მუხლის მიხედვით ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე სოლიდარული მოვალეების ვადლებულება ძალაში რჩება, რის გამო საკასაციო პალატა იზიარებს საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის მოსაზრებას დაზარალებულთა სასარგებლოდ მერიისა და ფინანსთა სამინისტროსათვის ზარალის ასანაზღაურებელად სოლიდარულად თანხების დაკისრების თაობაზე.

“სახელმწიფო ბაჟის შესახებ" კანონის მე-5 მუხლის “უ" ქვეპუნქტის საფუძველზე საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორებს არ უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 411-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ფინანსთა სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 12 მარტის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.