გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-168-კ-03 25 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი,
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ.თბილისის ისნის რაიონის პროკურორმა 1996წ. დეკემბერში სასარჩელო განცხადებით მიმართა ისნის რაიონის სასამართლოს მოქალაქეების: თ. ლ-ის, ზ. ბ-ის, გ. გ-ის, ა. შ-ის, ა. კ-ის ინტერესების დასაცავად მოპასუხეების – ბ. ჭ-ის, თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის მთავარი სამმართველოს და მხატვართა კავშირის სამდივნოს მიმართ და მოითხოვა ყველა იმ გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობა, რომლითაც ბ. ჭ-ს გამოეყო სხვენ-სართული, ნ. ჭ-ის გამოსახლება სხვენ-სართულიდან და თავისუფალი ფართის მცხოვრებლებისათვის ჩაბარება.
თბილისის ისნის რაიონის სასამართლოს 1997წ. 14 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1997წ. 18 თებერვლის განჩინებით დაკმაყოფილდა ბ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი. გაუქმდა რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სასამართლოს. ისნის რაიონის სასამართლოს 1997წ. 14 ივლისის გადაწყვეტილებით ისნის რაიონის პროკურორის სარჩელი კვლავ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1997წ. 7 ოქტომბრის განჩინებით და საქმე განსახილველად დაუბრუნდა ისნის რაიონის სასამართლოს. სასამართლოს 1997წ. 10 ნოემბრის განჩინებით საქმის წარმოება შეწყდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის საზედამხედველო პროტესტის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმმა გააუქმა ისნის სასამართლოს განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და საქმე განსახილველად დაუბრუნა იმავე სასამართლოს. საქმე აცილების წესით განსახილველად დაექვემდებარა თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს. ქ.თბილისის ... მცხოვრებლებმა (ლ-ი, ბ-ი, გ-ი, უ-ი, შ-ე, ლ-ე, ც-ი, კ-ე, მ-ი, გ-ი, ჯ-ი) დამატებითი სასარჩელო განცხადებით მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს: ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1997წ. 14 აგვისტოს ¹17.59.1038 დადგენილების, ქ.თბილისის მერიის საბინაო საკითხთა გაერთიანების მიერ გაცემული ორდერისა (სერია ¹03 017282) და სხვენ-სართულის პრივატიზაციის გაუქმება;
სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მხატვართა კავშირის სამდივნოს (მდივანი გ. ა-ძე), ბ. ჭ-ის სიდედრის მ. პ-ის და ისნის რაიონის საბინაო-საექსპლოატაციო ტრესტის მმართველ ა. კ-ის მიმართ.
მოსარჩელეები სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვდნენ შემდეგი საფუძვლებით: 1997წ. 14 აგვისტოს ქ.თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის კაბინეტმა მიიღო დადგენილება ¹17-59-1038 მხატვართა კავშირის სამდივნოს 1997წ. 16 ივნისის ¹185-ე წერილის საფუძველზე, რომლითაც ქ.თბილისში, ... 38-ე კორპუსის სხვენ-სართულზე მდებარე 120 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი ჩაირიცხა საბინაო ფონდში და ბ. ჭ-ის ორსულიან ოჯახს გამოეყო სახელოსნოდ. მოსარჩელეები ვერ სარგებლობდნენ საცხოვრებელი სახლის სხვენ-სართულით, ვინაიდან ჭ-ს ხუთი წლის განმავლობაში დაკეტილი ჰქონდა ასასვლელი კარი, რის გამოც ირღვეოდა მათი კანონიერი უფლებები და ინტერესები.
თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1998წ. 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ქ.თბილისის სახელმწიფო ქონების მთავარი დეპარტამენტის კოლეგიის 1995წ. 19 მაისის ¹29 16 608 გადაწყვეტილება – მხატვართა კავშირზე ... სხვენ-სართულში არასაცხოვრებელი ფართობის მიქირავების შესახებ და უძრავი ქონების აღრიცხვა-განაწილებისა და მართვის სამმართველოს მიერ 1995წ. 7 აგვისტოს გაცემული არასაცხოვრებელი ფართის სარეგისტრაციო მოწმობა ¹4582; ბ. ჭ-ი გამოსახლებულ იქნა 38-ე კორპუსში მდებარე სხვენ- სართულიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999წ. 10 თებერვლის განჩინებით რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილება ქ.თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის მთავარი სამმართველოს კოლეგიის 1995წ. 19 მაისის ¹ 29.16 608 გადაწყვეტილების და უძრავი ქონების აღრიცხვა – განაწილებისა და მართვის სამმართველოს 1995წ. 7 აგვისტოს ¹4582 სარეგისტრაციო მოწმობის გაუქმების ნაწილში უცვლელად დარჩა, ხოლო გამოსახლების ნაწილში გაუქმდა და ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000წ. 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხუთმა მოსარჩელემ: უ-მა, გ-მა, ბ-მა, გ-მა და ლ-მა. აპელანტები მოითხოვდნენ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც დაკმაყოფილდებოდა მათი სარჩელი.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას აპელანტებმა მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივარს, ამასთან შეამცირეს დავის საგანი და მოითხოვეს მუნიციპალიტეტის კაბინეტის დადგენილების, ორდერის, პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ფართიდან გამოსახლება.
სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ხუთი აპელანტის სააპელაციო საჩივარი და რაიონული გადაწყვეტილების შეცვლით მიიღო ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც აპელანტების სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ 2002წ. 30 აპრილის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩართო ნოტარიუსი ლ-ე.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 218-ე მუხლის მეორე ნაწილით, რომლის თანახმადაც არ შეიძლება ამ კოდექსის ამოქმედებამდე გამოცემული ან დადასტურებული აღმჭურველი ადმინისტრაციული აქტის ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადება, თუ პირმა განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის რაიმე ქმედება ამ აქტის საფუძველზე, გარდა ამ კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა რაიონულ სასამართლოს და დადგენილად მიიჩნია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1997წ. 14 აგვისტოს ¹17-59-1038 დადგენილება წარმოადგენდა აღმჭურველ ადმინისტრაციულ აქტს, რომლის საფუძველზეც განხორციელდა ისეთი იურიდიული მნიშვნელობის ქმედებები, როგორიცაა ორდერის გაცემა და პრივატიზაციის ხელშეკრულების დადება და რომ სადავო დადგენილებით არ ილახებოდა მესამე პირების კანონიერი უფლებები და ინტერესები. სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის “ა”, “ბ” და “გ” ქვეპუნტებით გათვალისწინებული შემთხვევები და მიუთითა, რომ სადავო აღმჭურველი აქტის საფუძველზე ბ. ჭ-ის მიერ 1998წ. 4 იანვარს ... 38-ე კორპუსის მე-6 სართულზე მდებარე ფართის პრივატიზაცია განხორციელდა კანონმდებლობის შესაბამისად და მისი ბათილად ცნობის საფუძველიც არ არსებობდა. შესაბამისად არ დააკმაყოფილა აპელანტების სარჩელი ბ. ჭ-ის ბინიდან გამოსახლების ნაწილშიც, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენდა ბინის კანონიერ მესაკუთრეს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ლ-მა, ვ. გ-მა, ზ. ბ-მა, ო. ჩ-ემ.
კასატორები ითხოვენ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 5 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც მათი სარჩელი დაკმაყოფილდება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003წ. 3 აპრილის გადაწყვეტილებით თ. ლ-ის, ვ. გ-ის, ზ. ბ-ის და ო. ჩ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინიტსრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 5 ივლისის გადაწყვეტილება და მიცემულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა თ. ლ-ის, ვ. გ-ის, ზ. გ-ის და სხვათა სარჩელი. ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1997წ. 14 აგვისტოს ¹17.59.1038 დადგენილება და ქ. თბილისში, ... 38-ე კორპუსის, VI სართულზე ბ. ჭამელაშვილის სახელზე გაცემული ¹017282 ორდერი.
ბ. ჩ-მა განცხადებით მიმართა უზენაეს სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ და მიუთითა, რომ უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივრის განხილვის თაობაზე მისთვის და მისი წარმომადგენლისათვის ცნობილი არ ყოფილა. 3 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმით საკასაციო სასამართლომ დაადგინა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა, მაგრამ აღიშნულის თაობაზე მას არ აცნობა. განმცხადებელს მიაჩნია, რომ სასამართლომ მოახდინა მისი, როგორც მოპასუხის ინტერესების იგნორირება და უხეშად დაარღვია საპროცესო ნორმები. კერძოდ მას არ ჩაბარებია საკასაციო საჩივარი, რის გამოც იგი მოკლებული იყო შესაძლებლობას გამოეთქვა მოსაზრებები საკასაციო საჩივარში დასმულ საკითხებზე. სასამართლომ საქმის განხილვისას დაარღვია სსკ-ს მე-4 მუხლით გათვალისწინებული შეჯიბრებითობის პრინციპი და არ მიეცა საშუალება, რათა გაექარწყლებინა კასატორთა მოთხოვნები.
კასატორი სსკ-ს 422-ე მუხლის ”ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე ითხოვს გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და საქმის წარმოების განახლებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ ბ. ჭ-ის განცხადებისა და საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ არ არის დასაშვები შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინიტსრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ს დებულებანი. სსკ-ს 422-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტის თანახმად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული მხარის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ ერთ-ერთი მხარე ან თუ მას კანონიერი წარმოლმადგენელი სჭირდება, ასეთი წარმომადგენელი არ იყო მოწვეული საქმის განხილვაში.
საქმის მასალებით დადგენილია და გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადებაში ბ. ჭ-იც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ საკასაციო სასამართლომ 2003წ. 3 აპრილის სხდომაზე დაადგინა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა. რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლომ საქმე განიხილა მხარეთა მონაწილეობის გარეშე, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, რისი უფლებაც საკასაციო სასამართლოს მინიჭებული აქვს სსკ-ს 408-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე არ უნდა იქნეს გაზიარებული განმცხადებლის მითითება სსკ-ს მე-4 მუხლით მხარისათვის მინიჭებული შეჯიბრებითობის პრინციპის შეზღუდვაზე, რადგან სასამართლოს არც ერთი მხარისათვის არ მოუსმენია და საქმე განიხილა მხარეთა მონაწილეობის გარეშე, რის გამოც უსაფუძვლოა ბ. ჭ-ის მოთხოვნა სსკ-ს 422-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე, ვინაიდან აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს ისეთი გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, რომელიც მიღებულია მხარეთა ზეპირი მოსმენის საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის გამო ასევე ვერ გაიზიარებს განმცხადებლის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მისთვის ცნობილი არ ყოფილა საკასაციო საჩივრის განხილვის თაობაზე, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილია რამდენიმე განცხადება საქმის განხილვის გადადების თაობაზე სხვადასხვა მიზეზით (ადვოკატის სხვა პროცესში მონაწილეობის, ადვოკატის ქალაქში არ ყოფნის და წარმოადგენლის მ. პ-ის ავადმყოფობის გამო), ხოლო 2003 ლის 6 მარტის სხდომას ესწრებოდა ბ. ჭ-ის წარომადგენელი მ. პ-ი და მას ამ მოტივით საქმის გადადება არ მოუთხოვია. სხდომა გადაიდო ქ. თბილისის მერიის და ისანი-სამგორის გამგეობის წარომადგენელთა გამოუცხადებლობის გამო.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბ. ჭ-ის განცხადება საქმის განახლების შესახებ დასაშვები არ არის, ვინაიდან გადაწყვეტილება, რომლის ბათილობასაც განმცხადებელი ითხოვს, მიღებულია ზეპირი მოსმენის გარეშე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 429-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბ. ჭ-ის განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ მიჩნეული იქნეს დაუშვებლად და დაუსაბუთებლად დარჩეს განუხილველი.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.