Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-172-კ-02 24 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. ახალციხეში, ... მდებარე ბინა ¹17 წარმოადგენს თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის მთავარი სამმართველოს ¹4 ახალციხის რეგიონალური ბაზის საბინაო ფონდს. გარნიზონის საბინაო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე სამხრეთ საქართველოს საბინაო საექსპლოატაციო ნაწილმა 1999წ. 21 ივნისს გასცა ორდერი ¹16 სამხედრო ნაწილ ¹10245-ის სამედიცინო სამსახურის კაპიტანმა რ. კ-ის სახელზე. 1999წ. მაისიდან ქ. ახალციხეში მიდებარე სადავო ბინაში უკანონოდ შესახლებულია ახალციხის ¹3 სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, კასატორი მ. გ-ი ოჯახთან (მეუღლე – გ.ფ-ე და 2 შვილი) ერთად.

თავდაცვის სამინისტროს ¹10245 სამხედრო ნაწილის საბინაო კომისიამ 2001წ. 30 აპრილს სარჩელი აღძრა ახალციხის რაიონულ სასამართლოში ახალციხის გარნიზონის კუთვნილი ბინიდან უკანონოდ შეჭრილი მ. გ-ის გამოსახლების შესახებ.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2001წ. 2 ივლისის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმული იქნა კაპიტანი რ. კ-ი, ხოლო თანამოპასუხედ მ. გ-ის მეუღლე, ახალციხის შს რაიგანყოფილების პასუხისმგებელი მორიგეს თანაშემწე გ. ფ-ე. მესამე პირმა – ს/ნ 10245-ის სამედიცინო სამსახურის უფროსმა კაპიტანმა რ. კ-მა დამოუკიდებელი სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს და მის სახელზე 1999წ. 21 ივნისს გაცემული ¹16 ორდერის საფუძველზე, მოითხოვა მ. გ-ისა და გ. ფ-ის სადავო ბინიდან გამოსახლება. თავის მხრივ თანამოპასუხე გ. ფ-ემ შეგებებული სარჩელი აღძრა ს/ნ 10245-ის საბინაო-საექსპლოატაციო ნაწილისა და რ. კ-ის მიმართ და რ. კ-ის სახელზე სამხედრო ნაწილის საბინაო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული ¹16 საბინაო ორდერის გაუქმება და სამხედრო გარნიზონის კუთვნილ ბინაზე მისი ოჯახის სარგებლობის უფლების დაკანონება (აღიარება) მოითხოვა იმ მოტივით, რომ ახალციხის შს რაიგანყოფილებისა და სამხედრო ნაწილის საბინაო-საექსპლოატაციო ნაწილის, ასევე ახალციხის ¹22 ბრიგადის ხელმძღვანელობას შორის შეთანხმების საფუძველზე, მისი ოჯახი ორი მცირეწლოვანი შვილით სადავო ბინაში შესახლებულია მართლზომიერად და სხვა საცხოვრებელი სადგომი არ გააჩნიათ.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2001წ. 6 აგვისტოს განჩინებით, სსკ-ს 84-88 მუხლების საფუძველზე, არასათანადო მოსარჩელე – ს/ნ 10245-ის საბინაო კომისია შეიცვალა სათანადო მოსარჩელის თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის მთავარი სამმართველოს რეგიონალური ბაზა ¹4-ის სახლმმართველობით, რომელმაც მხარი დაუჭირა ს/ნ 10245-ის საბინაო კომისიის სარჩელს და “საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დისლოცირებული სამხედრო უწყებათა მოსამსახურეების ბინის მიღების, აღრიცხვაზე აყვანისა და საცხოვრებელი ფართობის უზრუნველყოფის შესახებ” მინისტრთა კაბინეტის 1993წ. ¹603 დადგენილების საფუძველზე, მოითხოვა გარნიზონის კუთვნილი ბინიდან მ. გ-ისა და გ. ფ-ის გამოსახლება.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2001წ. 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის მთავარი სამმართველოს რეგიონალური ბაზა ¹4-ის და მესამე პირის – რ.კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. სკ-ს 170-ე, 172-ე მუხლების საფუძველზე, მოპასუხე მ. გ-ი და გ. ფ-ე, მათთან მყოფ პირებთან ერთად, გამოსახლდნენ ახალციხის სამხედრო ნაწილის ბინიდან, ხოლო გ. ფ-ის შეგებებული სარჩელი საბინაო ორდერის ბათილად ცნობაზე არ დაკმაყოფილდა, როგორც არასათანადო მოსარჩელის მიერ აღძრული, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მ. გ-ის მიერ. აპელანეტმა მ. გ-მა მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, რ. კ-ის სახელზე გაცემული ბინის ორდერის გაუქმება და რ. კ-ის დაკმაყოფილება იმავე საუწყებო კორპუსში მდებარე სხვა თავისუფალი ფართით.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 31 იანვრის განჩინებით დაკმაყოფილდა მესამე პირის რ. კ-ის შუამდგომლობა და მ. გ-ის სადავო ბინიდან გამოსახლების შესახებ მისი სარჩელის გამო შეწყდა საქმის წარმოება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 6 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის მთავარი სამმართველოს ¹4 ახალციხის რეგიონალური ბაზის სარჩელი დაკმაყოფილდა, მ. გ-ი და გ. ფ-ე გამოსახლებული იქნენ ახალციხეში, ... მდებარე ბინიდან, ხოლო გ. ფ-ის სარჩელთან დაკავშირებით რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება გამოტანილია შემდეგი მოტივებით:

1. სააპელაციო პალატამ მხარეთა განმარტებებისა და საქმის მასალებზე დაყრდნობით დადგენილად ცნო, რომ ახალციხეში ... მდებარე სადავო ბინა წარმოადგენს თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის მთავარი სამმართველოს ¹4 ახალციხის რეგიონალური ბაზის საბინაო ფონდს, სადაც სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, თვითნებურად შესახლებულნი არიან მოპასუხეები, მ. გ-ი და გ. ფ-ე, რომლებიც სამხედრო მოსამსახურეები არ არიან და არ აკმაყოფილებენ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1993წ. 6 აგვისტოს ¹603 დადგენილების მოთხოვნებს. ამიტომ სააპელაციო სასამართლომ სკ-ს 159-ე მუხლით გათვალისწინებულ კეთილსინდისიერ მფლობელად ისინი არ მიიჩნია და ამავე კოდექსის 170-ე, 172-ე მუხლების საფუძველზე, კანონიერად ცნო თავდაცვის სამინისტროს ¹4 ახალციხის რეგიონალური ბაზის სარჩელი სადავო ბინიდან თვითნებურად შეჭრილი მოპასუხეების გამოსახლების შესახებ;

2. სსკ-ს 377-ე მუხლის საფუძველზე, სააპელაციო პალატამ უცვლელად დატოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გ. ფ-ის სარჩელის გამო რ. კ-ის სახელზე გაცემული ბინის ორდერის ბათილად ცნობაზე უარის თქმის შესახებ, რადგან ამ მოთხოვნით სარჩელი აღძრული იქნა გ. ფ-ის მიერ, რომელსაც სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო ამ საკითხზე მ. გ-ის სააპელაციო საჩივარში დაყენებულ მოთხოვნაზე პალატამ არ იმსჯელა, რადგან მ. გ-ს არც რაიონულ და არც სააპელაციო სასამართლოში სარჩელი არ დაუყენებია.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა მ. გ-ის მიერ, რომელიც შემდეგი საფუძვლით ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას და მათი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას:

1. კასატორის განმარტებით საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და ტენდენციურია, ისინი სადავო ბინაში თვითნებურად შეჭრილები არ არიან, არამედ მათი ოჯახის შესახლება მოხდა შს რაიგანყოფილებისა და განათლების განყოფილების შუამდგომლობით, თავად გ-ის სიტყვიერი თანხმობით, რომელიც იმჟამად საბინაო საექსპლოატაციო უბანს განაგებდა. ამასთან სადავო ბინაში შესახლებისას მათ ძველ მობინადრეს, ახალციხის სასაზღვრო ჯარში მომუშავე ფ. წიკლაურს გადაუხადეს რემონტის ხარჯი 300 აშშ დოლარი.

2. ტენდენციური და უკანონოა ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც, მართალია, მიიღო წარმოებაში მათი შეგებებული სარჩელი რ. კ-ის სახელზე გაცემული ბინის ორდერის ბათილობის შესახებ, მაგრამ გადაწყვეტილებით უარი ეთქვა მის დაკმაყოფილებაზე არასათანადო მოსარჩელეობის გამო, რითაც რაიონულმა სასამართლომ დაარღვია სსკ-ს 84-ე მუხლის მოთხოვნა არასათანადო მოსარჩელის სათანადო მოსარჩელით შეცვლის თაობაზე. ამასთან, კასატორთა აზრით, ისინი სათანადო მოსარჩელეები არიან, რადგან სადავო ორდერი გაიცა სწორედ იმ ფართზე, სადაც ისინი არიან შესახლებულნი და ამდენად ორდერმა უშუალოდ მათი უფლებები შელახა. უსწოროა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ამ ნაწილში რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება, რადგან მ. გ-ი და გ. ფ-ე ორივე მოსარჩელეა და მ. გ-მა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებით, ასევე გაასაჩივრა ორდერის ბათილად ცნობაზე გადაწყვეტილებაც.

3. კასატორის აზრით სარჩელი აღძრულია არაუფლებამოსილი პირის ა. გ-ის მიერ, რომელმაც წარმოადგინა ახალციხის ბაზის მიერ გაცემული რწმუნება მაშინ, როდესაც სადავო ბინა თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე ირიცხება.

საკასაციო პალატის მიერ კასატორი მ. გ-სა და გ. ფ-ის (შეგებებული სარჩელის მოსარჩელე) მიუხედავად დადგენილი წესით არაერთხელ გამოძახებისა, მხარეები პროცესზე არ გამოცხადდნენ, რის გამოც საკასაციო საჩივარი განხილულ იქნა მათი მოსმენის გარეშე, თანახმად სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილისა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. გ-ის საკასაციო საჩივარი, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 5 თებერვლის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

1. სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რასაც არც თავად კასატორი უარყოფს: ახალციხეში, ... მდებარე სადავო ბინა წარმოადგენს თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის მთავარი სამმართველოს ¹4 ახალციხის რეგიონალური ბაზის საბინაო ფონდს გარნიზონის საბინაო კომისიის 1999წ. 21 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე, სამხრეთ საქართველოს საბინაო საექსპლოატაციო ნაწილის მიერ იმავე დღეს სადავო ბინაზე გაიცა ორდერი ¹16 ¹10245 სამხედრო ნაწილის სამედიცინო სამსახურის კაპიტან რ. კ-ის (მესამე პირი) სახელზე. სააპელაიცო პალატის მიერ ასევე დადგენილია, რომ კასატორი მ. გ-ი ოჯახთან ერთად 1999წ. მაისიდან შესახლებულია სადავო ბინაში. კასატორი მ. გ-ი არის ახალციხის ¹3 საშუალო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ხოლო მისი მეუღლე გ. ფ-ე ახალციხის შს რაიგანყოფილების პასუხისმგებელი მორიგის თანაშემწეა ამდენად, კასატორი და მისი მეუღლე არ წარმოადგენენ სამხედრო მოსამსახურეებს. “საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დისლოცირებულ სამხედრო უწყებათა მოსამსახურეების ბინის მიღების აღრიცხვაზე აყვანისა და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ” მინისტრთა კაბინეტის 1993წ. 6 აგვისტოს ¹603 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 პუნქტის მიხედვით, სამხედრო უწყებათა საბინაო ფონდის ბინებით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან მხოლოდ სამხედრო მოსამსახურეები, ხოლო ამავე დებულების მე-13 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს ბინები ეძლევათ საბინაო კომისიის გადაწყვეტილებით. საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება, რომ არც კასატორი და არც მისი მეუღლე სამხედრო მოსამსახურეები არ არიან, შესაბამისად არც სამხედრო ნაწილის საბინაო კომისიის გადაწყვეტილება არსებობს მათთვის სადავო ბინის მიცემის შესახებ, თანამდებობის პირის ზეპირსიტყვიერი თანხმობა კი სამართლებრივად არ წარმოადგენს სასამსახურო ბინის მართლზომიერი ფლობის საფუძველს. რის გამოც საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას და თვლის, რომ სადავო სამხედრო ბინაზე კასატორი და ნისი მეუღლე არ წარმოადგენენ სკ-ს 159-ე მუხლით გათვალისწინებულ კეთილსინდისიერ მფლობელებს, რადგან სადავო ბინის მართლზომიერად ფლობა-სარგებლობის სამართლებრივი საფუძველი (სამხედრო ნაწილის საბინაო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული ბინის ორდერი) მათ არ გააჩნიათ, რის გამოც მესაკუთრე თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის მთავარი სამმართველოს ¹4 ახალციხის რეგიონალური ბაზის სასარჩელო მოთხოვნა გ-ი-ფ-ის უკანონო მფლობელობიდან სასამსახურო ბინის გამოთხოვაზე კანონიერია, შეესაბამება სკ-ს 172-ე მუხლს და სწორად იქნა დაკმაყოფილებული სააპელაციო პალატის მიერ. ამიტომ საკასაციო საჩივარს ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვერილების გაუქმების შესახებ საკასაციო პალატა, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, ვერ გაიზიარებს.

2. უსაფუძვლობის გამო, საკასაციო პალატა ასევე ვერ დაეთანხმება კასატორის პრეტენზიას სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმის დარღვევით გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სახელდობრ, სააპელაციო პალატამ სსკ-ს 377-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სარჩელის ფარგლებში იმსჯელა მხოლოდ კასატორის ოჯახის წევრებთან ერთად სადავო ბინიდან გამოსახლების კანონიერების შესახებ და უცვლელად დატოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2001წ. 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება გ. ფ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, რასაც საკასაციო პალატაც იზიარებს, რადგან კასატორ მ. გ-ის მეუღლემ გ. ფ-ემ 2001წ. 10 ივლისს სარჩელი აღძრა ს/ნ ¹10245 საბინაო საექსპლოატაციო ნაწილისა (თავდაპირველი მოსარჩელე) და მესამე პირის რ. კ-ის მიმართ რ. კ-ის სახელზე გაცემული საბინაო ორდერის გაუქმების მოთხოვნით.

კასატორ მ. გ-ს იგივე მოთხოვნით არ აღუძრავს დამოუკიდებელი სარჩელი არც რაიონულ და არც სააპელაციო სასამართლოში. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2001წ. 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება რ. კ-ის სახელზე გაცემული ბინის ორდერის გაუქმებაზე უარის თქმის ნაწილში გ. ფ-ეს არ გაუსაჩივრებია სააპელაციო წესით, გადაწყვეტილება გასაჩივრდა მხოლოდ მ. გ-ის მიერ, ამიტომ რ. კ-ის სახელზე გაცემული ბინის ორდერის გაუქმების საკითხი სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგნად ვერ გახდებოდა და საკასაციო პალატის აზრით, მითითებულ პროცესუალურ დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

ამდენად, საკასაციო პალატა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, ვერ გაიზიარებს მ. გ-ის საკასაციო საჩივარს და მიაჩნია, რომ კასაცია სსკ-ს 410-ე მუხლის თანახმად არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 5 თებერვლის გადაწყვეტილება, ვინაიდან საკასაციო საჩივარში მითითებული დარღვევებს ადგილი არ ჰქონია, პალატამ საქმის ფაქტობრივ გარემოებათა ყოველმხრივი სრული გამოკვლევა-დადგენისა და კანონის მართებული გამოყენება-განმარტებით, სკ-ს 172-ე და საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ¹603 დადგენილების საფუძველზე გამოიტანა კანონიერი გადაწყვეტილება კასატორის უკანონო მფლობელობიდან სამხედრო სასამსახურო ბინის გამოთხოვის შესახებ.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 410-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 47-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 5 თებერვლის გადაწყვეტილება;

3. კასატორი მ. გ-ი გათავისუფლდეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.