გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-178-კ-02 31 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი,
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: ნაწილობრივი გადაწყვეტილების გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
სახაზინო საწარმო “თ-ის” შრომითმა კოლექტივმა 04.03.01წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა მცხეთის რაიონის სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა სახაზინო საწარმო “თ-ის” მშრომელთა კოლექტივის 18.31.99წ. გადაწყვეტილების საფუძველზე სახაზინო საწარმო “თ-ის” სააქციო საზოგადოებად დაფუძნება. მოსარჩელემ მიუთითა, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 19.04.93წ. ¹528 დადგენილების ¹1 დანართის მოთხოვნათა დაცვით, 18.01.99.წ. ჩატარდა სახაზინო საწარმო “თ-ის” მშრომელთა კოლექტივის საერთო კრება, რომელმაც განიხილა “თ-ის” სააქციო საზოგადოებად რეორგანიზაციის საკითხი, რაზედაც შრომითმა კოლექტივმა თანხმობა გამოთქვეს. 18.01.99წ. საერთო კრების ოქმი წარდგენილი იქნა ხაშურის რაიონის გამგეობაში, რის საფუძველზეც ხაშურის რაიონის გამგეობამ 29.01.99წ. განიხილა აღნიშნული საკითხი გამგეობის სხდომაზე და მიიღო დადგენილება სახაზინო საწარმო “თ-ის” მშრომელთა კოლექტივის საერთო კრების გადაწყვეტილების დაკმაყოფილების თაობაზე. სახელმწიფო ქონების მართვის ხაშურის რაიონულმა სამმართველომ განიხილა მითითებული საკითხი 16.02.99წ. და მიიღო ¹25 ბრძანება, რომლის საფუძველზე სახაზინო საწარმო “თ-ის” ბაზაზე დაფუძნდა სს “თ-ი”, სს “თ-ის” საწესდებო კაპიტალი განისაზღვრა 111093 აშშ დოლარის ეკვივალენტით ეროვნულ ვალუტაში, აქვე განისაზღვრა მშრომელთა კოლექტივზე გადასაცემი უფასო აქციების რაოდენობა 1173 დოლარის ეკვივალენტით ანუ 1.056%-ით. მოსარჩელემ მიუთითა, რომ 18.01.99წ. სახაზინო საწარმო “თ-ის” საერთო კრების მიერ გამოხატული იქნა ნება სააქციო საზოგადოებად რეორგანიზაციის შესახებ, მაგრამ სახელმწიფო ქონების მართვის ხაშურის რაიონულმა სამმართველომ გააჭიანურა შესაბამისი დოკუმენტაციის სასამართლოში წარდგენა, რითაც დაარღვია სახაზინო საწარმო “თ-ის” მშრომელთა კოლექტივის ინტერესები. რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვის დროს სახაზინო საწარმო “თ-ის” მშრომელთა კოლექტივმა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვა: ა) სახაზინო საწარმო “თ-ის” მშრომელთა კოლექტივის 18.01.99წ. საერთო კრების გადაწყვეტილებების კანონიერად ცნობა; ბ) ხაშურის რაიონის გამგეობის 29.01.99წ. დადგენილების და სახელმწიფო ქონების მართვის ხაშურის რაიონული სამმართველოს 16.02.99წ. ¹25 ბრძანების კანონიერად ცნობა; გ) სს “თ-ის” რეგისტრაციაში გატარება და “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის მე-5 მუხლის საფუძველზე უფასო აქციების საკუთრებაში გადმოცემა.
მესამე პირმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით – ხაშურის სამომხმარებლო კოოპერატივის გამგეობამ სარჩელი აღძრა ცეკავშირის შპს “ს-ის” დეპარტამენტის და სახაზინო საწარმო “თ-ის” მიმართ, რომლითაც მოითხოვა “თ-ის” საკუთრებაში არსებული დახურული ბაზრის მისთვის დაბრუნება იმ მოტივით, რომ აღნიშნული უძრავი ქონება წარმოადგენს ხაშურის რაიკოოპერატივის საკუთრებას.
საქმეში მესამე პირად ჩაბმული ცეკავშირის შპს “ს-ს” დეპარტამენტმა თავის მხრივ დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მიმართა სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა სახელმწიფო ქონების მართვის ხაშურის რაიონული სამმართველოს უკანონო მფლობელობიდან სადავო ქონების – ხაშურის დახურული ბაზრის დაბრუნება და მისთვის როგორც მესაკურისათვის გადაცემა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 23.02.99წ. გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ცეკავშირის სისტემის საკოლმეურნეო ბაზრების ვაჭრობის სამინისტროსათვის გადაცემა, გარდა გადაწყვეტილების მიღების დღეისათვის აქციონირებული და სხვადასხა ფორმით პრივატიზებული ბაზრებისა. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ხაშურის რაიონული სამმართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 23.02.99წ. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ წარმოადგენს ქონების არაუფლებამოსილ მფლობელს, ვინაიდან არ მომხდარა ყოფილი სახაზინო საწარმო “თ-ის” შპს-დ ან სააქციო საზოგადოებად გარდაქმნა და რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში. მეტიც, ხაშურის რაიონული სასამართლოს 19.08.99წ. განჩინებით უარი ეთქვა სს-ის რეგისტრაციაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს 13.07.01 წ. ნაწილობრივი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სახაზინო საწარმო “თ-ის” მოთხოვნა და იგი გატარდა სამეწარმეო რეესტრში სააქციო საზოგადოებად. სასამართლომ გამოიყენა სსკ-ს 245-ე მუხლი, რომლის თანახმად თუ სარჩელში გაერთიანებულია რამოდენიმე მოთხოვნა ანდა არის რამდენიმე მოსარჩელე და აღნიშნულ საკითხთაგან ერთერთი გარკვეულია და მომზადებულია გადაწყვეტილების გამოსატანად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით გამოიტანოს ნაწილობრივი გადაწყვეტილება. სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ საქმეზე მოსარჩელე ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებას მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც შეეხება სააქციო საზოგადოებად სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციას. მოპასუხე – სახელმწიფო ქონების მართვის ხაშურის რაიონული სამმართველო დაეთანხმა შუამდგომლობას. ამასთან, სახაზინო საწარმო “თ-ის” “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი აქვს ყველა შესაბამისი დოკუმენტაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ სახაზინო საწარმო “თ-ის” სარჩელის ეს მოთხოვნა საფუძვლიანად მიიჩნია და დააკმაყოფილა იგი.
ხაშურის რაიკოოპერატივმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო “თ-ის” და შპს “ს-ის” დეპარტამენტის სარჩელების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა აგრეთვე შპს “ს-ის” დეპარტამენტის მიერ, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის რაიონულ სასამართლოში დაბრუნება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 22.03.02წ. განჩინებით შპს “ს-ის” დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა აგრეთვე ხაშურის რაიკოოპერატივის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 13.07.01წ. ნაწილობრივი გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განსახილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ რაიონულმა სასამართლომ არასწორად გამოიყენა სკ-ს 31-ე მუხლი, რომლითაც განსაზღვრულია კავშირისა და ფონდის რეგისტრაცია მაშინ, როდესაც სასამართლომ სამეწარმეო რეესტრში გაატარა სააქციო საზოგადოება “თ-ი”. ამდენად, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა (სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტი). რაიონულმა სასამართლომ სს “თ-ის” რეგისტრაციაში გატარების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა განიხილა სსკ-ს 245-ე მუხლის შესაბამისად სასარჩელო წარმოების საერთო წესით მაშინ, როდესაც სსკ-ს 310-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად საწარმოსა და კავშირის რეგისტრაციის შესახებ საქმე სასამართლოს უნდა განეხილა უდავო წარმოების წესით განცხადების საფუძველზე. საქმითა განხილვის უდავო წესი არსებითად განსხვავდება სასარჩელო წარმოებისაგან. სააპელაციო პალატა სსკ-ს 311-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემულ შემთხვევაში სახაზინო საწარმო “თ-ის” მოთხოვნა სააქციო საზოგადოება “თ-ის” რეგისტრაციაში გატარების თაობაზე სასამართლოს უნდა დაეტოვებინა განუხილველად, ხოლო “თ-ის” შრომითი კოლექტივის სარჩელის სხვა მოთხოვნები და შპს “ს-ის” და ხაშურის რაიკოოპერატივის სარჩელები უნდა განეხილა საერთო საფუძველზე.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ქონების მართვის ხაშურის რაიონულმა სასამართლომ, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის საოლქო სასამართლოში დაბრუნება. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გორის რაიონული სასამართლოს ნაწილობრივი გადაწყუვეტილების გაუქმებით ავტომატურად აღდგა პირვანდელი მდგომარეობა, სახაზინო საწარმო “თ-ი” კვლავ სავალდებულო რეორგანიზაციას ექვემდებარება. საოლქო სასამრთლოს 11.10.99წ. განჩინებით გაუქმდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 09.08. 99წ. განჩინება და სსკ-ს 311.2 მუხლზე მითითებით საქმე საერთო სასარჩელო წესით განსახილველად დაუბრუნდა რაიონულ სასამართლოს. სახაზინო საწარმო “თ-ის” შრომითმა კოლექტივმა სარჩელით მიმართა სასამართლოს სადამფუძნებლო დოკუმენტების კანონიერად აღიარებისა და სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ საწარმოს სააქციო საზოგადოებად რეგისტრაციის მოთხოვნით. საქმის განხილვის დროისათვის არსებობდა რამოდენიმე მოთხოვნა, მათ შორის ქონებრივი, ნაწილობრივი გადაწყვეტილების მიღებით საწარმოს, მის შრომით კოლექტივს შესაძლებლობა მიეცა განეხორციელებია სამეწარმეო საქმიანობა. გასაჩივრებული გადაწყვეტილებიდან უცნობი რჩება თუ რომელი კანონი უნდა გამოეყენებინა ან რომელი კანონი არ განმარტა სწორად პირველი ინსტანციის სასამართლომ, რის გამო უსაფუძვლოა პალატის მითითება სსკ-ს 393.2 მუხლის “ა” და “გ” ქვეპუნქტებზე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლით, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა საქმის გარემოებათა გათვალისწინებით დაუშვებლად თვლის განსახილველ საქმეზე ნაწილობრივი გადაწყვეტილების გამოტანას, პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სამეწარმეო რეესტრში “თ-ის” სააქციო საზოგადოებად რეგისტრაციის მოთხოვნის გარდა სასარჩელო მოთხოვნას შეადგენდა აგრეთვე ხაშურის რაიონის გამგეობის 29.01.99წ. დადგენილების, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ხაშურის რაიონული სამმართველოს 16.02.99წ. ¹25 ბრძანების და სახაზინო საწარმო “თ-ის” მშრომელთა კოლექტივის 18.01.96წ. საერთო კრების გადაწყვეტილების კანონიერად ცნობა. აღნიშნული აქტები ეხება სს “თ-ის” რეგისტრაციის საკითხს, ისინი უშუალოდ უკავშირდება სს “თ-ის” რეგისტრაციას, სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მართლზომიერების დადგენა შეუძლებელია გამგეობის და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ხაშურის რაიონული სამმართველოს (ამჟამად ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ხაშურის სახელმწიფო ქონების აღრიცხვის და პრივატიზების სამმართველოს) აქტების მართლზომიერების დადგენის გარეშე.
ამასთან, საკასაციო პალატის აზრით, სს “თ-ის” რეგისტრაციის საკითხის გადაწყვეტით, სასამართლომ ფაქტიურად წინასწარ გადაწყვიტა შრომითი კოლექტივის დანარჩენი სასარჩელო მოთხოვნები, აგრეთვე მე-3 პირების დამოუკიდებელი სარჩელების სამართლებრივი ბედი. ნაწილობრივი გადაწყვეტილების გამოტანით სასამართლომ ფაქტობრივად გამოიტანა ძირითადი, არსებითი გადაწყვეტილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა უმართებულოდ თვლის სასამართლოს მიერ სს “თ-ის” სამეწარმეო რეგისტრაციის თაობაზე ნაწილობრივი გადაწყვეტილების მიღებას, ვინაიდან ცხადია, რომ შრომითი კოლექტივის სასარჩელო განცხადებაში დასმული სამივე მოთხოვნა და მე-3 პირების დამოუკიდებელი სარჩელები განხილული უნდა იქნეს ერთდროულად, სასარჩელო წარმოების წესით. ამდენად საკასაციო პალატა მართებულად თვლის სააპელაციო სასამართლოს მიერ 13.07.01.წ. ნაწილობრივი გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნებას, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯელობა იქონია მხოლოდ სააქციო საზოგადოების რეგისტრაციის საკითხზე. ამასთანავე, საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სს “თ-ის” რეგისტრაციის საკითხი უნდა გადაწყდეს არა სასარჩელო, არამედ უდავო წარმოების წესით, განცხადების საფუძველზე. სსკ-ს 311-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დავის შემთხვევაში საქმე უნდა გადაწყდეს სასარჩელო წარმოების წესით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სს “თ-ის” რეგისტრაციაში გატარება იწვევს დავას, რაც შეუძლებელს ქმნის უდავო წარმოების წესით საქმის განხილვას. გარდა აღნიშნულისა, პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სახაზინო საწარმო “თ-ის” დირექტორმა მოცემული დავის წარმოქმნამდე, 29.07.99წ. განცხადებით მიმართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს სს “თ-ის” რეგისტრაციის შესახებ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 11.10.99წ. განჩინებით დაკმაყოფილდა სს “თ-ის” სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ამ საქმეზე მიღებული ხაშურის რაიონული სასამართლოს 09.08.99წ. განჩინება სს “თ-ის” რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ და საქმე საერთო სასარჩელო წესით განხილვისათვის დაუბრუნდა ხაშურის რაიონულ სასამართლოს. აღნიშნული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და შევიდა კანონიერ ძალაში. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლოს 11.10.99წ. განჩინებით უკვე დადგენილი იქნა სააქციო საზოგადოების რეგისტრაციის განხილვის წესი, რის გამო საკასაციო პალატა დაუშვებლად თვლის უდავო წარმოების წესით სააქციო საზოგადოების რეგისტრაციის საკითხის განხილვას, პალატა თვლის, რომ “თ-ის” შრომითი კოდექტივის, ასევე მე-3 პირების დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნები განხილული უნდა იქნეს ერთდროულად საერთო სასარჩელო წესით რაიონული სასამართლოს მიერ.
სააპელაციო პალატა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში შეცდომით უთითებს საქმის განმხილველ პირველი ინსტანციის სასამართლოს, რის შედეგადაც საქმე შეცდომით იქნა დაბრუნებული ხელახალი განხილვისათვის იმ სასამართლოში, რომელსაც საქმე მანამდე არ განუხილავს. ზემოთ უკვე აღინიშნა, რომ ხაშურის რაიონული სასამართლოს 09.08.99წ. განჩინებით სახაზინო საწარმო “თ-ს” უარი ეთქვა სამეწარმეო რეესტრში სააქციო საზოგადოებად რეგისტრაციაზე საწესდებო კაპიტალის არ არსებობის გამო. ხაშურის რაიონული სასამართლოს 11.10.99წ. განჩინება გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს 09.08.99წ. განჩინებით, საქმე საერთო სასარჩელო წესით განხილვისათვის დაუბრუნდა ხაშურის რაიონულ სასამართლოს, საიდანაც საქმე აცილების წესით განსახილველად გადაეგზავნა მცხეთის რაიონულ სასამართლოს, რომელმაც სსკ-ს 275-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე სარჩელი განუხილველად დატოვა. მოსარჩელემ ხარვეზის გამოსწორების შემდეგ სარჩელით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს, მცხეთის რაიონული სასამართლოს 05.04.01წ. განჩინებით საქმე აცილებულ იქნა და გადაიგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოში სხვა რაიონის სასამართლოზე დაქვემდებარებისათვის. საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ საქმე განსახილველად გადაეგზავნა ქარელის რაიონულ სასამართლოს, რომელშიც საქმე განიხილა გორის სასამართლოდან მიმაგრებულმა მოსამართლემ. ამდენად, ვინაიდან განმხილველი სასამართლო იყო არა გორის, არამედ ქარელის სასამართლო, უმართებულოა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილში მითითება იმის შესახებ, რომ საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს განსახილველად გორის რაიონულ სასამართლოს. ამასთანავე, სსკ-ს 278-ე მუხლის საფუძველზე, სარჩელის განუხილველად დატოვების გარემოების აღმოფხვრის შემდგომ დაინტერესებული პირს უფლება ჰქონდა კვლავ მიემართა სასამართლოსათვის საერთო წესის დაცვით ანუ სარჩელი, თანახმად სსკ-ს მე-18, 21.2, 342-ე მუხლებისა, უნდა წარდგენილიყო ხაშურის რაიონულ სასამართლოში.
უსაფუძვლოა კასატორის მოთხოვნა საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების შესახებ. კასატორი ვერ უთითებს თუ რა გარემოებები ქმნის შეუძლებელს საქმეზე გადაწყვეტილების მიღებას, რის გამო კასატორის მოთხოვნას ამ ნაწილში უარი უნდა ეთქვას. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას ნაწილობრივი გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით, ამასთანავე, პალატა საჭიროდ თვლის სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში ცვლილებების შეტანას.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ხაშურის სახელმწიფო ქონების მართვის აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 22.03.02წ. განჩინება შესწორდეს იმგვარად, რომ განჩინებაში მითითებული გორის რაიონული სასამართლოს 13.07.01წ. ნაწილობრივი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის იმავე სასამართლოში დაბრუნების ნაცვლად გაუქმდეს ქარელის რაიონული სასამართლოს 13.07.01წ. ნაწილობრივი გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს ხაშურის სასამართლოს.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.