3გ-ად-187-კ-02 3 ივლისი, 2003წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. ქადაგიძე
სარჩელის მოთხოვნა: აქტის ბათილად ცნობა; ადმინისტრაციული ორგანოსათვის ქმედების განხორციელების დავალება.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 30 სექტემბერს ფონდმა “მ-მ” სარჩელი აღძრა თბილისის საოლქო სასამართლოში მოპასუხეების: ფინანსთა სამინისტროსა და ამავე სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიმართ.
სარჩელში აღნიშნულია, რომ არასამეწარმეო იურიდიული პირი ფონდი “მ-ის” ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში მომუშავე მატერიალურად გაჭირვებული პროფესორ-მასწავლებლების, აგრეთვე, ლტოლვილებისა და სოციალურად დაუცველი ფენის მატერიალური და ფინანსური დახმარება.
მოსარჩელის განმარტებით, 2002წ. 6 აგვისტოს მას და თურქულ საქველმოქმედო ორგანიზაცია ..... ფირმა შპს “ბ-ს” შორის დაიდო ¹1-03 გრანტის ხელშეკრულება. საქართველოს პრეზიდენტის 2001წ. 13 აგვისტოს ¹326 ბრძანებულების შესაბამისად, 2002წ. 7 აგვისტოს ¹1-04 წერილით ფონდმა მიმართა ფინანსთა სამინისტროს გრანტით შემოსატან ტვირთზე საბაჟო გაფორმების ნებართვის გაცემის თაობაზე.
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის 2001წ. 13 აგვისტოს ¹326 ბრძანებულების მე-5 მუხლის შესაბამისად, ფონდმა ფინანსთა სამინისტროს წარუდგინა ყველა ის დოკუმენტი, რაც სავალდებულო იყო საიმპორტო საქონლისათვის გრანტის სტატუსის მისანიჭებლად.
სარჩელში აღნიშნულია, რომ 2002წ. 12 აგვისტოს ¹16-08/914/4777 წერილით ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს პრეზიდენტის 2001წ. 13 აგვისტოს ¹326 ბრძანებულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევით დაუსაბუთებელი უარი განაცხადა გრანტით შემოსატან ტვირთზე საბაჟო გაფორმების ნებართვის გაცემაზე.
მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის 2001წ. 13 აგვისტოს ¹326 ბრძანებულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ფინანსთა სამინისტრო ვალდებული იყო, უარი დაესაბუთებინა, რაც არ გაუკეთებია, ხოლო წარდგენილი დოკუმენტაცია განიხილა ზერელედ.
მოსარჩელემ სარჩელით ითხოვა:
1. ფინანსთა სამინისტროს 2001წ. 12 აგვისტოს ¹16-08/914/4777 წერილის ბათილად ცნობა;
2. საიმპორტო ტვირთისთვის გრანტის სტატუსის მინიჭება და ფინანსთა სამინისტროსათვის დავალება, რათა გაეცა ფონდი “მ-ის” სახელზე 2002წ. 6 აგვისტოს ხელშეკრულების საფუძველზე საქველმოქმედო ორგანიზაცია შპს “ბ-ს” მიერ გამოსაგზავნ ტვირთზე გრანტით შემოტანის ნებართვა;
3. საბაჟო დეპარტამენტისთვის დავალება, რათა მოეხდინა გრანტით შემოტანილი ტვირთის საბაჟო გაფორმება.
2002წ. 7 ოქტომბერს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ მიიღო დროებითი განჩინება, რომლითაც მოსარჩელის, ფონდი “მ-ის” შუამდგომლობა დაკმაყოფილდა: ფონდ “მ-სა” და თურქულ საქველმოქმედო ორგანიზაცია ...ფირმა შპს “ბ-ს” შორის 2002წ. 6 აგვისტოს დადებული ¹1-03 გრანტის ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოში შემოსატან ტვირთზე (საკვები პროდუქტი) გაიცა საქართველოში გრანტით შემოსატანი საბაჟო გაფორმების ნებართვა.
მოპასუხე ფინანსთა სამინისტრომ სარჩელი არ ცნო შემდეგ საფუძვლებზე დაყრდნობით:
მოსარჩელის მიერ ფინანსთა სამინისტროში წარდგენილმა დოკუმენტებმა ვერ დაადასტურეს გრანტის სახით შემოსატანი საქონლის მიზნობრიობა. გრანტის ხელშეკრულების შესაბამისად, გათვალისწინებულია 4000000 აშშ დოლარის ღირებულების საქონლის გრანტის სახით შემოტანა, რომლის 95% უსასყიდლოდ უნდა გადაეცეს ლტოლვილებს, სოციალურად დაუცველ ფენას და ყველა იმ პირს, ვინც კანონმდებლობით შეიძლება იყოს გრანტის მიმღები. მოპასუხის განმარტებით, აღნიშნული ჩანაწერი ზოგადია და არ იძლევა განმარტებას, თუ რა რაოდენობის ლტოლვილებსა და პროფესორ-მასწავლებლებს უნდა მიეცეს დახმარება.
ფინანსთა სამინისტრო მიუთითებს, აგრეთვე, იმ საფუძველზეც, რომ “გრანტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, გრანტის გამცემის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა არ შეიძლება იყოს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, თურქეთის საქველმოქმედო ორგანიზაცია “ბ-ა” კი არის შპს, რომელსაც საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელების უფლება აქვს.
ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, სამინისტროში წარდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებდა კანონის მოთხოვნებს, კერძოდ, დოკუმენტების ნაწილი შესრულებული იყო უცხო (თურქული) ენაზე, არ იყო თარგმნილი და სანოტარო წესით დამოწმებული, აგრეთვე, არ იყო წარდგენილი ინვოისები.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ფონდმა “მ-მა”.
კასატორმა საკასაციო საჩივრით ითხოვა სასამართლო კოლეგიის 2002წ. 19 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანით სარჩელის დაკმაყოფილება.
საკასაციო საჩივარი დამყარებულია შემდეგ გარემოებებზე:
ფირმა “ბ-ს” მინიჭებული აქვს საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი. ამდენად, არასწორია სასამართლო კოლეგიის განმარტება, რომ ფირმა “ბ-ა” არ წარმოადგენს საქველმოქმედო ორგანიზაციას.
კასატორის განმარტებით, აღნიშნული გრანტის ხელშეკრულება სრულად შეესაბამება “გრანტების შესახებ” კანონის მე-5 მუხლის მოთხოვნებს.
საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ ფინანსთა სამინისტროში წარდგენილი იყო ყველა დოკუმენტი, რომელიც სავალდებულო იყო ტვირთისთვის გრანტის სტატუსის მისანიჭებლად. კასატორის განმარტებით, მოპასუხეს სადავოდ არასდროს გაუხდია ფინანსთა სამინისტროში წარდგენილი დოკუმენტაციის სისრულე.
საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, მოსარჩელემ სხდომაზე დააყენა შუამდგომლობა, რომლითაც უარი თქვა სარჩელზე და ითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა.
მოპასუხეები შუამდგომლობას დაეთანხმნენ.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა დაყენებული შუამდგომლობის სამართლებრივი საფუძველი, გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა კასატორისა და მოწინააღმდეგე მხარის განმარტება, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ შუამდგომლობა, სარჩელზე უარის თქმისა და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
კონკრეტულ შემთხვევაში, მოცემული საქმის განხილვისას სარჩელზე უარი თქვა არა ადმინისტრაციულმა ორგანომ, არამედ კერძო სამართლის სუბიექტმა, ფონდმა “მ-მ”. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ფონდი “მ-ის” მიერ სარჩელზე უარის თქმის კანონიერება არ უნდა შემოწმდეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ფონდი “მ-ის” მიერ სარჩელზე უარის თქმის შესაფასებლად გამოყენებული უნდა იქნეს სსკ-ს 272-ე მუხლის “გ” პუნქტი, რომლის თანახმად სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.
ამასთან, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ განუმარტა მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტით არ დაირღვევა მხარეთა უფლებები და კანონით დაცული ინტერესები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არსებობს ზემოთ აღნიშნული შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 399-ე, 372-ე მუხლებით, 272-ე მუხლის “გ” პუნქტით, 273-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაკმაყოფილდეს ფონდი “მ-ის” შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის გამო, საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 19 ნოემბრისა და 7 ოქტომბრის განჩინებები;
3. ფონდი “მ-ის” მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო შეწყდეს მოცემული საქმის წარმოება;
4. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.