Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-191-კ-02 5 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ავიაგადაზიდვების ღირებულების ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

“ა-მ” სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის სამგორის რაიონის სასამართლოს, მოპასუხეების _ თავდაცვის სამინისტროს და სს “აე-ის” მიმართ, რომლითაც მოითხოვა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის აღდგენა, თავდაცვის სამინისტროს მიერ აფხაზეთის ბიუჯეტში 402403 ლარის გადარიცხვა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედების პერიოდში სოხუმის გაერთიანებული ავიარაზმის კუთვნილი თვითმფრინავებით მიმდინარეობდა სამხედრო ფორმირებების და თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ტვირთების გადატანა. სოხუმის გაერთიანებული ავიარაზმის სამოქალაქო ეკიპაჟების მიერ შესრულებული რეისები სამხედრო ხასიათის იყო და სრულდებოდა სოხუმი-თბილისი-სოხუმის მიმართიულებით. საომარი მოქმედებების დროს სამხედროების, საბრძოლო იარაღის და სხვა ტვირთის გადაზიდვის დამკვეთი იყო თავდაცვის სამინიდტრო, რაც დასტურდება შესრულებული რეისების შესახებ საბუთების ნაწილით. შესრულებული რეისები არ ფინანსდებოდა, რის გამო ნაწილობრივ გადაუხდელი დარჩა ხელფასები და სახელმწიფო გადასახადები. კომპანიაში არსებული დოკუმენტების მიხედვით 1992 წლის ოქტომბრიდან 1993 წლის აპრილამდე შესრულებული იქნა 80 რეისი, ერთი რეისის ღირებულება საშუალოდ 5030 ლარს შეადგენდა, 80 რეისის ღირებულება – 402403 ლარს. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა მინისტრთა კაბინეტის 16.11.94წ. ¹803 დადგენილება, რომლითაც გათვალისწინებული იყო საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტის საწარმოების სახელმწიფო სტრუქტურების დავალიანების ჩათვლა, დადგენილების შესრულების პერიოდში ავიაკომპანია “ა-ს”, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო არ მიეცა ვალების დაბრუნების შესაძლებლობა.

ქ. თბილისის სამგორის რაიონის სასამართლოს 22.04.99წ. სხდომაზე კომპანიის წაერმომადგენელმა მოითხოვა დავალიანების არა აფხაზეთის ა/რ ბიუჯეტში, არამედ ავიაკომპანიის ანგარიშზე ჩარიცხვა. მოპასუხე, სს “თ. ა-ის” წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ სს “თ. ა-ს” არ აქვს რაიმე დავალიანება მოსარჩელის მიმართ, მოსარჩელეს არ გაუწევია მისთვის რაიმე მომსახურება, მოსარჩელემ პრეტენზია უნდა წარუდგინოს თავდაცვის სამინიტროს და არა სს “თ. ა-ს”, ვინაიდან მოსარჩელე ახორციელებდა თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ტვირთის მომსახურეობას, აეროპორტთან კავშირი მხოლოდ იმაში მდგომარეობდა, რომ ტვირთის დატვირთვა თ. ა-ის ბაქანზე ხდებოდა. სს “თ. ა-ის” წარმომადგენელმა მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა სს “თ. ა-ის” მოთხოვნის ნაწილში. სასამართლო სხდომას არ ესწრებოდა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი. სამგორის რაიონის 22.04.99წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ავიაკომპანია “ა-ს” აღუდგა სასამართოსათვის მიმართვის ხანდაზმულობის ვადა, ავიაკომპანია “ა-ს” სარჩელს სს “თ. ა-ისათვის” პრეტენზიის წარდგენის ნაწილში ეთქვა უარი მათ შორის დავალიანების არ არსებობის გამო, დაკმაყოფილდა ავიაკომპანიის სარჩელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსადმი წარდგენილი პრეტენზიის ნაწილში და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა 402403 ლარის გადახდა ავიაკომპანია “ა-ს” სასარგებლოდ.

03.09.99წ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მთავარი სახაზინო სამმართველოს უფროსმა განცხადებით მიმართა ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარეს და სსკ-ს 65-ე მუხლზე მითითებით მოითხოვა ქ. თბილისის სამგორის რაიონის 22.04.99წ. გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის აღდგენა. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ სასამართლოს არ მოუწვევია სამინისტრო საქმის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად, საქმე განხილულ იქნა სსკ-ს 70-78-ე მუხლების უხეში დარღვევით, გადაწყვეტილების შესახებ ბანკისათვის ცნობილი გახდა სააღსრულებო ფურცლის გამოწერის შემდეგ. ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 07.09.99წ. განჩინებით სსკ-ს 65-ე მუხლის საფუძველზე განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, თავდაცვის სამინისტროს საპატიოდ ჩაეთვალა საპროცესო მოქმედების ვადის გაშვება, სამინისტროს მიეცა 22.04.99წ. გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლება.

თავდაცვის სამინისტრომ 13.09.99წ. სააპელაციო საჩივარი შეიტანა სამგორის რაიონის 22.04.99წ. გადაწყვეტილებაზე და მოითხოვა მისი გაუქმება. საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 03.11.99წ. განჩინებით თავდაპირველი მოპასუხე _ თავდაცვის სამინისტრო შეცვლილი იქნა სათანადო მოპასუხით _ ფინანსთა სამინისტროთი, თავდაპირველი მოპასუხე _ თავდაცვის სამინიტრო და სს “აე.” ჩაბმული იქნენ საქმეში მესამე პირებად. ამავე პალატის 10.11.99წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თავდაცვის სამინისტროს სააპელეციო საჩივარი, გაუქმდა სამგორის რაიონის სასამართლოს 22.04.99წ. გადაწყვეტიოლება, მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, თავდაცვის სამინისტროს დავალიანება 402403 ლარი ჩაითვალა შიდა სახელმწიფო ვალად, ფინანსთა სამინისტროს დაევალა აღნიშნული თანხის ჩათვლის უზრუნველყოფა ავიაკომპანია “ა-ს” სასარგებლოდ მისი ბიუჯეტიდან ანგარიშსწორების დროს. საოლქო სასამარათლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 15.12.99წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა ფინანსთა სამინისტროს წარმომედგენლის საჩივარი, უცვლელად დარჩა ამავე პალატის 10.11.99წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

ფინანსთა სამინისტრომ საკასაციო წესით გაასაჩივრა 10.11.99წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადემინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 24.03.2000წ. განჩინებით გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 10.11.99წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე პალატის 15.12.99წ. განჩინება, საქმის განხილვა განახლდა, საქმე განხილვისათვის დაუბრუნდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადაო საქმეთა პალატას.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 07.09.2000წ. განჩინებით, სსკ-ს 85-ე მუხლის საფუძველზე, მოსარჩელის თანხმობით, სს “აე.” მიჩნეული იქნა არასათანადო მოპასუხედ და იგი შეცვლილ იქნა სათანადო მოპასუხით _ ფინანსთა სამინისტროთი, სათანადო მოპასუხედ იქნა მიჩნეული აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინიტრო. პალატის 13.02.01წ. განჩინებით თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო. პალატის 04.07.01წ. კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა პალატის 13.02.01წ. განჩინება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 19.10.01წ. განჩინებით კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა სააპელაციო პალატის 13.02.01წ. და 04.07.01წ. განჩინებები, საქმე არსებითი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 27.12.01წ. განჩინებით დაკმაყოფილდა თავდაცვის სამინისტროს წარმომედგენლის შუამდგომლობა და შეჩერდა სამგორის რაიონის სასამართლოს 22.04.99წ. გადაწყვეტილების აღსრულება დავის საბოლოო გადაწყვეტილებამდე. სააპელაციო პალატის 12.04.02წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი, ქ. თბილისის სამგორის რაიონის სასამართლოს 22.04.99წ. გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, ავიაკომპანია “ა-ს” სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ რაიონულმა სასამართლომ დავა განიხილა 1964წ. სსკ-ს 318.2,320.2 მუხლის დარღვევით, გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული, მასში არ არის გამოყენებული არცერთი ნორმატიული აქტი, სასამართლომ არ იქონია დასაბუთებული მსჯელობა ხანდაზმულობის საკითხზე. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 16.11.94წ. ¹803 დადგენილების საფუძველზე, სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის 03-I-II 21.04.95წ. აქტის მიხედვით შემოწმებით დარიცხული თანხები ბიუჯეტში გადახდილად ჩაეთვალათ ავიაკომპანია “ო-ს”, “აე-ს” და “ს-ს”. ვინაიდან აღნიშნულ საწარმოთა რიცხვში მოხსენიებული არ არის მოსარჩელე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მასზე ვერ გავრცელდება მინისტრთა კაბინეტის ¹803 დადგენილებით მინიჭებული შეღავათები. სააპელაციო პალატამ აღნიშნა აგრეთვე, რომ მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა სამხედრო კონფლიქტის პერიოდში თავდაცვის სამინისტროს შეკვეთის შესრულების რაიმე დამადასტურებელი საბუთი. პალატის მიერ სარჩელი მიჩნეული იქნა ხანდაზმულად, ვინაიდან მინისტრთა კაბინეტის 16.11.94წ. ¹803 დადგენილების საფუძველზე წარმოშობილი მოთხოვნის უფლების შესასრულებლად სარჩელი შეტანილ იქნა 04.04.99წ., 1994წ. სსკ-ს 378-ე მუხლის შესაბემისად სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა ტვირთის და ბარგის გადაზიდვისათვის და მგზავრების გადაყვანასთან დაკავშირებული სარჩელებისათვის 6 თვით იყო განსაზღვრული.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 12.04.02წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივერდა ავიაკომპანია “ა-ს” მიერ, რომელიც ითხოვს გადაწყვეტუილების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებას. კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ უხეშად დაარღვია სასკ-ს მე-7 მუხლი, რომლითაც ცალსახად არის დადგენილი, რომ მოსამართლე ვერ მიიღებდა მონაწილეობას საქმის განხილვაში, თუ იგი საქმესთან დაკავშირებით ადრე მონაწილეობდა ადმინისტრაციულ წარმოებაში. მიუხედავად ამისა, ერთი და იგივე სასამართლო შემადგენლობა მონაწილეობას ღებულობდა 13.02.01წ. განჩინებისა და 12.04.02წ. გადაწყვეტილების მიღებაში. კასატორი ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე სააპელაციო საჩივრის სსკ-ს 369-ე მუხლით დადგენილი ვადის დარღვევით წარმოებაში მიღებაზე, სააპელაციო საჩივრის მიღების ვადის გაგრძელება არ დაიშვებოდა სსკ-ს 65-ე მუხლის საფუძველზე, პირველი ინსტანციის სასამართლო არ იყო უფლებამოსილი სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის გაგრძელება-აღდგენაზე.

საკასაციო სასამართლოს სხდომაზე კასატორის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება. მოწინააღმდეგე მხარეს, მოპასუხეების _ თავდაცვის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა საკასაციო საჩივრის მოტივები არ ცნეს და მოითხოვეს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნადა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა არ იზიარებს საკასაციო საჩივარში მოყვანილ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოიტანა სასკ-ს მე-7 მუხლის მოთხოვნის უხეში დარღვევით. ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში 25.10.2000წ. კანონით შეტანილი ცვლილებების შედეგად, აღნიშნული მუხლის განახლებული რედაქცია არ ითვალისწინებს საქმის განხილვაში იმ მოსამართლეთა მონაწილეობის აკრძალვას, რომლებსაც ადრე მონაწილეობა ჰქონდათ მიღებული ადმინისტრაციულ სასამართლო წარმოებაში. საქმის განხილვის დროისათვის მოქმედი სასკ-ს მე-7 მუხლის რედაქციით იკრძალებოდა საქმის განხილვაში იმ მოსამართლის მონაწილეობის მიღება, რომელიც საქმესთან დაკავშირებით მონაწილეობდა ადმინისტრაციულ წარმოებაში და არა ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში. ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატის 19.10.01წ. განჩინებით საქმის არსებითად განსახილველად სააპელაციო პალატისათვის დაბრუნების შემდეგ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღება მოსამართლეთა იმ შემადგენლობის მონაწილეობით, რომლებიც მონაწილეობას ღებულობდნენ 13.02.01წ. განჩინების მიღებაში არ წარმოადგენს სასკ-ს მე-7 მუხლის მოთხოვნის დარღვევას, არ ადასტურებს გადაწყვეტილების არაკანონიერი შემდგენლობის მიერ მიღებას (სსკ-ს 394-ე მუხლი “ა” ქვეპუნქტი).

საკასაციო საჩივრის საფუძვლებს სცილდება საკასაციო საჩივარში მოყვანილი მოსაზრებები პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის აღდგენა-გაგრძელების შესახებ. სსკ-ს 391-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად საკასაციო სასამართლოში შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს და საოლქო სასამართლოს კოლეგიების გადაწყვეტილებები, რის გამო საკასაციო პალატა ვერ იქონიებს მსჯელობას ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული განჩინებების კანონიერებაზე. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მიერ თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის მიღების კანონიერებას, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსკ-ს 369-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, რომლის თანახმად სააპელაციო საჩივრის შეტანის აღმკვეთი ხასიათის ვადის მოქმედება იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის სსკ-ს 70-78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო. საქმის მასალებით დგინდება, რომ საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით მოპასუხეს _ თავდაცვის სამინისტროს არ გაგზავნია ავიაკომპანია “ა-ს” სასარჩელო განცხადება და თანდართული მასალები, მისთვის არ უცნობებიათ სასამართლო სხდომის თარიღი, სამინისტროს არ ჩაბარებია გადაწყვეტილების ასლი. ამდენად, თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის მიერ 04.10.99წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრის მიღება განხორციელდა სსკ-ს 369-ე მუხლით გათვალისწინებული ვადის ფარგლებში, ვინაიდან, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დინება არ დაწყებულა. საფუძველს მოკლებულია აგრეთვე კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ თავდაცვის სამინისტრო უფლებემოსილი იყო შეეტანა არა სააპელაციო საჩივარი არამედ განცხადება 22.04.99წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებებზე, რომ ავიაკომპანია “ა-ს” სასარჩელო განცხადებაში მოპასუხედ დასახელებული იყო თავდაცვის სამინისტრო, გადაწყვეტილების ძალაში შესვლის სავალდებულო პირობას წარმოადგენს მოპასუხისათვის გადაწყვეტილების ასლი გადაცემა, რის შემდეგაც იწყება საკასაციო გასაჩივრების ვადის ათვლა. ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ იყო კანონიერ ძალაში შესული, გადაწყვეტილებაზე მართებულად შეტანილ იქნა სააპელაციო საჩივარი, რომლის განხილვის სავალდებულობაზე სააპელაციო პალატას მიეთითა საკასაციო სასამართლოს 24.03.2000წ. და 19.10.01წ. განჩინებებით.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებებზე, რომ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად ავიაკომპანია “ა.” უთითებდა “საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის, თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტისადმი დაქვემდებარებული ავიასაწარმოების მიმართ დავალიანების დაფარვის შესახებ” მინისტრთა კაბინეტის 16.11.94წ. ¹803 დადგენილებას, რომელიც ითვალისწინებდა მინისტრთა კაბინეტის, თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროსა და უშიშროების სამსახურის, ტრანსპორტის დეპარტამენტის დავალიანების ანგარიშში საქართველოს რესპუბლიკის კონტროლის პალატისა და საგადასახადო ინსპექციის შემოწმების შედეგად საჰაერო დეპარტამენტის და ავიასაწარმოების რესპუბლიკის ბიუჯეტში თანხების ბიუჯეტში გადახდილად ჩათვლას, მათი ჯარიმებისაგან განთავისუფლებას, უკვე გადახდილი ჯარიმების ბიუჯეტში მომავალ გადასახდელებში ჩათვლას. მინისტრთა კაბინეტის, თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს და სახელმწიფო უშიშროების სამსახურის დარჩენილი დავალიანება საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტისა და ავიასაწარმოების მიმართ ჩაითვალა შიდა სახელმწიფო დავალიანებად. მინისტრთა კაბინეტის 16.11.94წ. ¹803 დადგენილების შესაბემისად ავიაკომპანია “ა-ს” წარმომადგენლების მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი 1994 წლის 1 ივნისის მდგომარეობით სახელმწიფო ბიუჯეტში ჩასარიცხი ვალდებულების დამადასტურებელი დოკუმენტი, კერძოდ, კონტროლის პალატის და საგადასახადო ინსპექციის შემოწმების აქტი, რათა მინისტრთა კაბინეტის 16.11.94წ. ¹803 დადგენილების შესაბამისად, მომხდარიყო ბიუჯეტში ჩასარიცხი თანხების გაქვითვა. “შემოწმების შედეგად დარიცხული თანხების ურთიერთჩათვლის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის 21.04.95წ. ¹03-I-II წერილის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 16.11.94წ. ¹803 დადგენილების საფუძველზე ბიუჯეტში გადახდილად ჩაეთვალათ შემოწმებით დარიცხული თანხები ავიაკომპანია “ა-ს”, სახელმწიფო საწარმო “აე-ს” და “ს-ს”.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მინისტრთა კაბინეტის 16.11.94წ. დადგენილება ითვალისწინებდა სახელმწიფო ბიუჯეტში ჩასარიცხი თანხების გაქვითვას სახელმწიფო სტრუქტურების დავალიანების ანგარიშში და არა დავალიანების თანხის დაბრუნებას, რომელსაც ითხოვს მოსარჩელე 402403 ლარის ოდენობით მოპასუხეებისაგან. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მინისტრთა კაბინეტის 23.03.94წ. ¹168 დადგენილებით დამტკიცებული საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტის დებულების და თანდართული ნუსხის თანახმად საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტის დაქვემდებარებაში მყოფ ავიასაწარმოებს შორის იმყოფებოდა აეროპორტი “...”. სახელმწიფო ავიაკომპანია “ა.” დაფუძნებულია “სახელმწიფო ავიაკომპანია “ა-ს” შექმნის შესახებ” აფხაზეთის ა/რ მინისტრთა საბჭოს 31.05.94წ. ¹21 დადგენილებით, სოხუმის თვითმფრინავების პარკის ბაზაზე, რომლებიც დისლოცირებული იყვნენ თ. ა-ში. აფხაზეთში სამხედრო მოქმედების დროს არსებული სოხუმის გაერთიანებული ავიარაზმი, რომელსაც 1992 წლის ოქტომბრიდან 1993 წლის აპრილამდე შესრულებული აქვს რეისები სოხუმი-თბილისი-სოხუმის მიმართულებით წარმოადგენდა სახელმწიფო სტრუქტურას. საქმეში არ მოიპოვება ავიაკომპანია “ა-ს” წინაშე თავდაცვის სამინისტროს დავალიანების რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი. ვალდებულების წარმოშობის განმსაზღვრელი იურიდიული ფაქტი 1992-93წ.წ. მოქმედი 1964წ. სამოქალაქო კოდექსის მე-4, 154-ე მუხლების მიხედვით, ხელშეკრულება წარმოადგენდა. საქმის მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დასტურდება, რომ ავიაკომპანია “ა-ს” და თავდაცვის სამინისტროს შორის მომსახურების, ტვირთების გადაზიდვის შესახებ რაიმე ხელშეკრულება არ დადებულა, სახეზე არც ფაქტობრივი სახელშეკრულებო ურთიერთობებია, ვინაიდან მომსახურეობის გაწევა, ასეთის არსებობის შემთხვევაში, მიმდინარეობდა არატიპიურ, საგანგებო ვითარებაში. ამდენად, მოპასუხეებს _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს არ გააჩნიათ დავალიანება სოხუმის გაერთიანებული ავიარაზმის წინაშე, რომლის სამართალმემკვიდრეს წარმოადგენს სახელმწიფო ავიაკომპანია “ა.”,ხოლო უკანასკნელის _ სოხუმის რაიონულ და სოხუმის საქალაქო სასამართლოში 28.06.99წ. რეგისტრირებული შპს ავიაკომპანია “ა.”.

კასატორი ითხოვს 1992-1993წწ. აფხაზეთში სამხედრო მოქმედებების დროს განხორციელებული გადაზიდვების ღირებულების ანაზღაურებას. საკაასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას ავიაკომპანია “ა-ს” მიერ იმჟამად მოქმედი სკ-ს მე-6 თავით გათვალისწინებული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გაცდენის თაობაზე. 1964 წლის სკ-ს 84-ე მუხლის თანახმად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა სარჩელის აღძვრამდე წარმოადგენდა სარჩელზე უარის თქმის საკმაო საფუძველს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნებს, გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, რის გამო არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმას, რომ კასატორის მიერ სახელმწიფო ბაჟის ნაწილობრივი დაფარვის მიზნით შეტანილი იქნა 300 ლარი, სსკ-ს 39-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით უნდა გადახდეს 4700 ლარი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ავიაკომპანია “ა-ს” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამრთლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 12.04.02წ. გადაწყვეტილება.

2. კასატორს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 4700 ლარის ოდენობით.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.