3გ-ად-194-კ-02 3 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი,
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: უნებართვო მშენებლობის აკრძალვა და არქიტექტურულ გეგმარებითი დავალების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
რ. კ.-მა და მ. კ.-მ სარჩელით მიმართეს ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების ქ. თბილისის არქიტექტურის დეპარტამენტის, ქ. თბილისის არქმშენინსპექციის და ე. ძ.-ის მიმართ და მოითხოვეს ე. ძ.-ს აკრძალვოდა ... მდებარე სახლზე დაწყებული მშენებლობის გაგრძელება და დავალებოდა პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა.
მოსარჩელეები აღნიშნავდნენ ქ. თბილისის არქიტექტურის დეპარტამენტისა და არქმშენინსპექციის წერილებიდან მათთვის ცნობილი გახდა, რომ ე. ძ.-ე მშენებლობას აწარმოებდა უნებართვოდ. კერძოდ მშენებლობის პროექტი არ ჰქონდა შეთანხმებული და დამტკიცებული. მოპასუხის მიერ დაცული არ იყო სავალდებულო მინიმალური დაშორება მომიჯნავე კედელთან. მშენებლობით უარესდებოდა ინსოლაცია და ბნელდებოდა მათი საცხოვრებელი ბინა.
საქმის მომზადების სტადიაზე მოსარჩელემ დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა 2001წ. 11 ნოემბრის არქიტექტურულ გეგმარებითი დავალების ბათილად ცნობა და აკრძალვოდა ქ. თბილისის არქიტექტურის დეპარტამენტის მშენობლობაზე ნებართვის გაცემა მოსარჩელეების სახლის კედლიდან 8 მეტრიანი ხანძარსაწინააღმდეგო ნორმის დაცვის გარეშე და მოპასუხე ძ.-ს დავალებოდა მშენებლობის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა.
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 12 ივლისის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახური და არქმშენინსპექცია ცნობილი იქნენ არასათანადო მოპასუხეებად და სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-24 მუხლებით განსაზღვრული იყო რა შემთხვევაში შეიძლებოდა ყოფილიყო მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო და მიუთითა, რომ საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახდო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 29 მარტის განჩინებით არქიტექტურის სამსახურს და არქმშენინსპრქციას ისედაც აკრძალული ჰქონდა პროექტის შეთანხმება და ნებართვის გაცემა აღნიშნული დავის გადაწყვეტამდე.
სასამართლომ იმავე დღეს განჩინებით დააკმაყოფილა მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობა სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. სასამართლომ მიუთითა, რომ სასამართლოს 2002წ. 12 ივლისის გადაწყვეტილებით არქმშენინსპექცია და არქიტექტურის სამსახური ცნობილი იქნა არასათანადო მოპასუხეებად. საქმეში არსებული მასალებით კი ირკვეოდა მოსარჩელეებს აღძრული ჰქონდათ სარჩელი ე. ძ.-ის მიმართ კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში იმავე საფუძვლით, რაც სარჩელის განსახილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.
რ. კ.-მ და მ. კ.-მ სასამართლოს 2002წ. 12 ივლისის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს, ხოლო გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 7 თებერვლის განჩინებით რ. კ.-ისა და მ. კ.-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: გაუქმდა რაიონული სასამართლოს 2002წ. 12 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა კერძო საჩივარი. გააუქმა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 12 ივლისის განჩინება და მიიღო ახალი განჩინება, რომლითაც დაკმაყოფილდა შუამდგომლობა ე. ძ.-ის მიმართ სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე, ხოლო სარჩელი არქიტექტურის სამსახურისა და არქმშენინსპექციის მიმართ განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების არგუმენტაციის გათვალისწინებით თუკი არ იყო დასაბუთებული, თუ რის საფუძველზე წარმოადგენდნენ არქიტექტურის სამსახური და არქმშენინსპექცია სათანადო მოპასუხეებს, არ წარმოადგენდა მათი არასათანადო მოპასუხეებად მიჩნევის საფუძველს, მით უფრო, როდესაც სასამართლოს მათ მიმართ, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მიღებული ჰქონდა განჩინება და აკრძალული ჰქონდა გარკვეული ქმედების განხორციელება, რაც არ წარმოადგენდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანას. რაიონულ სასამართლოს ან უნდა დაეზუსტებინა სასარჩელო მოთხოვნა ან მოთხოვნის არ არსებობის შემთხვევაში მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ არასწორად გამოიყენა სსკ-ს 85-ე მუხლი, რამაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა გამოიწვია.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. ძ.-მ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დარღვეულია სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 პუნქტი და 394-ე მუხლი. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. განჩინება არ არის იურიდიულად დასაბუთებული.
კასატორის აზრით სააპელაციო პალატის მითითება სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შესახებ არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან, ვინაიდან დადგენილი იყო რომ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურს და არქმშენინსპექციას არავითარი ნებართვა მშენებლობის წარმოებაზე გაცემული არ ჰქონდათ. უფრო მეტიც რაიონული სასამართლოს 2001წ. 13 ნოემბრის განჩინებით აღნიშნულ სამსახურებს აკრძალული ჰქონდათ სადავო მიშენების წარმოებაზე ნებართვის გაცემა და დაკანონება.
კასატორს მიაჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ სწორად გამოიყენა სსკ-ს 85-ე მუხლი.
საკასაციო სასამართლოს 2003წ. 3 ივლისის სხდომაზე არც ერთი მხარე არ გამოცხადდა. სასამართლომ საქმის გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით დაადგინა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ძ.-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით სასამართლოს განჩინებით თბილისის არქიტექტურის სამსახურს და არქმშენინსპექციას აკრძალული ჰქონდა უკვე დაწყებულ მიშენებაზე ნებართვის გაცემა და დაკანონება, ხოლო 2001წ. 19 ნოემბრის “აღძრული სარჩელით მოსარჩელეები მოითხოვდნენ დაწყებული მშენებლობის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანას, ამიტომ თბილისის არქიტექტურის სამსახური და არქმშენინსპექცია არასათანადო მოპასუხეებს წარმოადგენდნენ და სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ გააუქმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო სასამართლომ კანონიერად გააუქმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, ვინაიდან მოსარჩელეები თავდაპირველი სასარჩელო განცხადებით ითხოვდნენ ... მდებარე სახლზე დაშენების აკრძალვას და დაწყებული მშენებლობის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანას, მაგრამ საქმის მომზადების სტადიაზე მოსარჩელეების მიერ წარმოდგენილი იქნა დაზუსტებული სასარჩელო განცხადება რომლითაც თავდაპირველ მოთხოვნასთან ერთად ითხოვდნენ 2001წ. 11 ნოემბრის არქიტექტურული გეგმარებითი დავალების ბათილად ცნობას და ქ. თბილისის არქიტექტურის დეპარტამენტს აკრძალვოდა მშენებლობაზე ნებართვის გაცემა მოსარჩელეების სახლის კედლიდან 8 მეტრიანი ხანძარსაწინააღმდეგო ნორმის დაცვის გარეშე.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია ზემოაღნიშნულ მოთხოვნების შესახებ და არ გაურკვევია ამ ნაწილში ქ. თბილისის არქიტექტურის დეპარტამენტი და არქმშენინსპექცია წარმოადგენდნენ თუ არა სათანადო მოპასუხეებს. ხოლო, ის გარემოება, რომ სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზნით სსკ-ს 191-197-ე მუხლების საფუძველზე მიღებული ჰქონდა განჩინება მოპასუხეების მიმართ გარკვეული ქმედების განხორციელების აკრძალვის შესახებ, არ წარმოადგენდა აღნიშნულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას, ვინაიდან სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება წარმოადგენს დროებით ღონისძიებას, რომელიც ძალაშია მხარეთა შორის არსებული დავის საბოლოო გადაწყვეტამდე და წარმოადგენს საქმეზე მიღებული გადაწყვეტუილების აღსრულების უზრუნველყოფის საშუალებას, რათა არ გაძნელდეს ან შეუძლებელი არ გახდეს საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება. ამიტომ აღნიშნული მოტივით ქ. თბილისის არქიტექტურის დეპარტამენტის და არქმშენინსპექციის არასათანადო მოპასუხეებად მიჩნევა არ გამომდინარეობს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებიდან.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას სასამართლოს მიერ სსკ-ს 393-ე და 394-ე მუხლების დარღვევის შესახებ და განმარტავს, რომ სააპელაციო პალატამ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა იგი.
სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის განხილვისას მოქმედებს სსკ-ს 410-412-ე მუხლებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში და მისი მოთხოვნა, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, არ შეესაბამება ზემოაღნიშნული მუხლების მოთხოვნებს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით და სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე. ძ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 7 თებერვლის განჩინება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება