3გ-ად-201-კ-02 23 იანვარი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: საპენსიო შეღავათის დანიშვნა.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 17 დეკემბერს მ. ს.-მ სარჩელი აღძრა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში, საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ოზურგეთის განყოფილების მიმართ, ორმაგი პენსიისა და მისი დანამატის დანიშვნის მოთხოვნით და აღნიშნა, რომ დაიბადა 1919წ. 26 მაისს, 1940 წელს გაწვეული იქნა სამხედრო სამსახურში, შემდგომში დიდ სამამულო ომში. ოჯახში 1946 წელს დაბრუნდა დაჭრილი და ომში დაკარგული ჰქონდა მარჯვენა თვალი. 1998წ. იანვრიდან დაენიშნა პენსია 45 ლარი. მოსარჩელე მიუთითებს, რომ 1980 წლიდან არის ომის II ჯგუფის ინვალიდი, ხოლო 1997 წლიდან I ჯგუფის ინვალიდი. აღნიშნულიდან გამომდინარე «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» კანონის მე-60 მუხლის თანახმად, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ეკუთვნის მეორე პენსიის დანიშვნა თავისი დანამატით. კერძოდ, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეს დაეკისროს 1860 ლარი, ხოლო 2001წ. 1 ოქტომბრიდან ყოველთვიურად დაენიშნოს პენსია სულ 87 ლარი.
მოპასუხე – სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ოზურგეთის განყოფილებამ სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობის მოტივით.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 9 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მ.ს.-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის საოლქო სასამართლოში.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 22 აპრილის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ. ს.-ის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 9 იანვრის გადაწყვეტილება და მ.ს.-ეს 2001წ. 17 დეკემბრიდან დაენიშნა მეორე სახის პენსია, თავისი დანამატით. სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო შემდეგ გარემოებებს:
«სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» 1996წ. 16 ოქტომბრის კანონის მე-60 მუხლიდან გამომდინარე მ.ს.-ის სარჩელი საფუძვლიანად იქნა მიჩნეული და დაკმაყოფილდა. ამასთან, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოსარჩელეს მიენიჭა მეორე პენსიის მიღების უფლება 2001წ. 17 დეკემბრიდან, როცა სარჩელი შეიტანა სასამართლოში, ხოლო წინა პერიოდიდან მას პენსია არ მიეცა, რადგან პენსიის გაცემა ხდება მიმართვის დღიდან.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი ფონდის ოზურგეთის განყოფილებამ შემდეგი მოტივით:
კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს სოც.უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის 2001წ. 25 სექტემბრის ¹05/10-1334 წერილის თანახმად, ,,სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლით მეორე პენსიის მიღების უფლება აქვთ მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც პენსია დანიშნული აქვთ ძალოვან სტრუქტურებში ოფიცრად, ზევადიან სამსახურში ხელშეკრულებით საჭირო წელთა ნამსახურობის გავლის შემდეგ.
კასატორი ასევე მიუთითებს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1997წ. 4 ნოემბრის ¹1/5/32 გადაწყვეტილებით ვადიანი სამხედრო მოსამსახურეების, ომის ინვალიდების, მონაწილეების და მათთან გათანაბრებული პირების სარჩელი ანალოგიურ საქმესთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა და მათ უარი ეთქვათ მეორე სახეობის პენსიის დანიშვნაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორმა მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 22 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 9 იანვრის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.
მოწინააღმდეგე მხარე – მ.ს.-ე, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ ცნობს საკასაციო საჩივარს, ითხოვს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას და ქუთაისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება – დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ოზურგეთის განყოფილების საკასაციო საჩივარი, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 22 აპრილის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
1. სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო პალატისათვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოება, რომ მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) მ. ს.-ე არის 1941-45 წლების დიდი სამამულო ომის მონაწილე, 75 წელს გადაცილებული (დაბადებულია 1919წ. 26 მაისს), ომის ინვალიდი, დიდ სამამულო ომში დაკარგა მარჯვენა თვალი, 1980 წელს უვადოდ დაუდგინდა ომის ინვალიდობის მე-2 ჯგუფი, ხოლო 1997 წლიდან ასევე უვადოდ მიეკუთვნა ომის ინვალიდობის პირველი ჯგუფი. მ.ს.-ეს 1998 წლიდან დანიშნული აქვს პენსია 45 ლარის ოდენობით, რასაც არც კასატორი უარყოფს.
2. მ.ს.-ე «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლის თანახმად, ითხოვს მასზე საპენსიო შეღავათის გავრცელებას და ომის ინვალიდობის პენსიასთან ერთად მეორე სახეობის პენსიის დანიშვნას. აღნიშნული ნორმის მიხედვით: «ფაშიზმის წინააღმდეგ 1941-45 წლების ომში მოპოვებული ისტორიული გამარჯვების მონაწილეებს და მათთან გათანაბრებულ პირებს, რომლებსაც უკვე შეუსრულდათ 75 წელი და/ან არიან I და II ჯგუფის ინვალიდები, ეძლევათ ორი სახეობის პენსიის – ომის ინვალიდობის მიხედვით და მოხუცებულობის გამო (შრომის წელთა ნამსახურობისათვის) ერთდროულად მიღების უფლება, ამასთან მათ მოხუცებულობის პენსიაზე დაენიშნებათ დანამატი მოხუცებულობისათვის დაწესებული ორი მინიმალური პენსიის ოდენობით”.
3. საკასაციო პალატა უსაფუძვლობის მოტივით ვერ გაიზიარებს სოცუზრუნველყოფის ოზურგეთის განყოფილების საკასაციო საჩივარს მ.ს.-ის სარჩელის იმ საფუძვლით დაუკმაყოფილებლობის შესახებ, რომ იგი არ არის ოფიცერი და არა აქვს საჭირო წელთა ნამსახურობა. საკასაციო პალატა იზიარებს საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ მოსარჩელე მ.ს.-ე არის ,,სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის I მუხლის «ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპენსიო უზრუნველყოფის სუბიექტი, რადგან აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონით დადგენილი პირობებითა და წესით საპენსიო უზრუნველყოფას ექვემდებარებიან: «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილი, საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე, სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდებული სამხედრო მოსამსახურეები” და მოსარჩელე მ.ს.-ეც სწორედ დიდ სამამულო ომში დაინვალიდებული პირია, კერძოდ მან ომში დაკარგა მარჯვენა თვალი და ამდენად, იგი კანონის მე-19 მუხლის «ა» პუნქტით გათვალისწინებული ომის ინვალიდია.
4. საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1997წ. 4 ნოემბრის ¹1/5/32 გადაწყვეტილებაზე, რომ კანონის მე-60 მუხლის შეღავათი ვრცელდება მხოლოდ პირველი მუხლის «ა» ქვეპუნქტში ჩამოთვლილ პირებზე, კერძოდ ოფიცრებზე. საკასაციო პალატა თვლის, რომ ზემოაღნიშნული «ა» ქვეპუნქტისაგან განსხვავებით «ბ» ქვეპუნქტი იმ სამხედრო მოსამსახურეებს ეხებათ, რომლებიც ოფიცრები არ არიან და უშუალოდ სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდდნენ, საკონსტიტუციო სასამართლოს კი მითითებულ გადაწყვეტილებაში არ უმსჯელია «ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტებზე, მეორე მსოფლიო ომის ინვალიდებზე, რადგან ასეთი პირის სარჩელი მას არ განუხილავს.
ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელე მ.ს.-ე აკმაყოფილებს ,,სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული საპენსიო შეღავათის გავრცელებისათვის საჭირო პირობებს: იგი არის 1941-45 წლების დიდი სამამულო ომის მონაწილე, 75 წელს გადაცილებული I ჯგუფის ომის ინვალიდი (დიდ სამამულო ომში მარჯვენა თვალის დაკარგვის გამო) ანუ კანონის პირველი მუხლის «ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპენსიო უზრუნველყოფის მქონე პირია და სააპელაციო პალატამ მე-60 მუხლით გათვალისწინებული საპენსიო შეღავათი მასზე სწორად გაავრცელა. ომის ინვალიდობის დანიშნული პენსიასთან (45 ლარი) ერთად მოსარჩელეს უნდა დაენიშნოს მეორე სახეობის პენსია – მოხუცებულობის გამო (შრომის წელთა ნამსახურობისათვის), მოხუცებულობის პენსიაზე დაწესებული ორი მინიმალური პენსიის (42 ლარი) დანამატით. ამიტომ საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ოზურგეთის განყოფილების საკასაციო საჩივარი, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ უნდა დაკმაყოფილდეს, სსკ-ს 410-ე მუხლის შესაბამისად და უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 22 აპრილის გადაწყვეტილება, რადგან საკასაციო საჩივარში მითითებულ კანონდარღვევებს ადგილი არ ჰქონია და სააპელაციო პალატამ კანონის მართებული გამოყენება-განმარტებათა და საქმის ფაქტობრივ გარემოებათა სწორი შეფასებით გამოიტანა კანონიერი გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 410-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ოზურგეთის განყოფილების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 22 აპრილის გადაწყვეტილება;
3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.