Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-202-კ-03 12 სექტემბერი, 2003წ., ქ. თბილისი

საქართვეოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

გ. ქაჯაია,

ნ. ქადაგიძე

დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტის გაუქმება, ბინის თანამესაკუთრედ ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 26 აპრილს ც. მ-ამ სარჩელით მიმართა გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა დედის, რ. მ-ა-ჯ-ის სახელზე რიცხული ბინაზე, მდებარე ..., თანამესაკუთრედ აღიარება და მისი შვილების რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ აქტის გაუქმება. მოსარჩელის განმარტებით სადავო ბინა მისმა მშობლებმა სულადობის გათვალისწინებით 1973წ. 23 აპრილს გაცემული ორდერის საფუძველზე მიიღეს. იგი დღემდე ცხოვრობს ბინაში შვილებთან ერთად და როგორც პრივატიზებაში მონაწილემ, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107, 1994წ. 5 აგვისტოს ¹520 და 1996წ. 2 აპრილის ¹1 დადგენილებების საფუძველზე მიიღო ბინაზე თანასაკუთრების უფლება.

მოპასუხე რ. მ-ამ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ბინა პრივატიზებული აქვს 1993 წელს და მის საკუთრებას წარმოადგენს, შვილი – ც. მ-ა ბინაში ჩაეწერა იმ პირობით, რომ მას მოუვლიდა. მოსარჩელე 2000 წლამდე სხვაგან ცხოვრობდა, ამდენად ბინაზე მას უფლება არ აქვს.

გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001წ. 8 აგვისტოს გადაწყვეტილებით ც. მ-ას უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო, რაც მან სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საოლქო სასამართლოში.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 19 ნოემბრის განჩინებით ც. მ-ას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001წ. 8 აგვისტოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ც. მ-ას მოთხოვნებიდან ერთ-ერთი, კერძოდ რეგისტრაციიდან მოხსნის აქტის უკანონოდ ცნობა, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველი დავა იყო, ამიტომ რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვაში მონაწილეობა უნდა მიეღო იმ ადმინისტრაციული ოგანოს წარმომადგენელს, რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მქონე რაიმე ქმედება. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ უგულებელყო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა, რადგან სარჩელი შეეხებოდა რეგისტრაციის კანონიერებას და სასამართლო ვალდებული იყო ადმინისტრაციული ორგანოსათვის ეცნობებინა სასამართლო პროცესის შესახებ, ასევე პროცესში მონაწილეობის მისაღებად მოეწვია სერვისული მომსახურების ცენტრის წარმომადგენელი. სააპელაციო სასამართლოს აზრით, რაიონულმა სასამართლომ არ გამოარკვია, თუ სად ცხოვრობდა ც. მ-ა 1973 წლიდან 1996 წლამდე.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. ჯ-ი-მ-ამ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002წ. 17 აპრილის განჩინებით უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 19 ნოემბრის განჩინება.

რ. ჯ-ი-მ-ამ გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს შეგებებული სარჩლით მიმართა და მოითხოვა მის საკუთრებაში არსებული სამოთახიანი ბინიდან, მდებარე ქ. თბილისის ..., ც. მ-ას და მისი ოჯახის გამოსახლება.

გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 3 ივლისის გადაწყვეტილებით ც. მ-ას უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ხოლო რ. ჯ-ი-მ-ას შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა და ც. მ-ა თანხლებ პირებთან ერთად გამოსახლებულ იქნა სადავო ბინიდან.

აღნიშნული გადაწყვეტილება ც. მ-ამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოითხოვა სადავო ბინაზე რეგისტრაციის აღდგენა, ბინის ფართზე თანასაკუთრების უფლების აღიარება-დადასტურება და პრივატიზაციის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 სექტემბრის განჩინებით ც. მ-ას სააპელაციო საჩივარი განსჯადობით განსახილველად გადაეცა იმავე სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.

სააპელაციო სასამართლომ ც. მ-ას დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის მიხედვით, სამოქალაქო და ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მოცემული საქმის განხილვაში თანამოსარჩელეებად ჩართო თ. და ქ. დ-ები; ხოლო სარჩელზე მოპასუხეებად რ. ჯ-თან ერთად _ გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობა, კომუნალური მომსახურეების სერვისული ცენტრი ¹3 და გლდანი-ნაძალადევის რაიონის პილიციის სამმართველოს საპასპორტო სამსახურის განყოფილება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამრთლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 24 მარტის გადაწყვეტილებით ც. მ-ას საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამრთლოს 2002წ. 3 ივლისის გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ც. მ-ას, თ. და ქ. დ-ების სარჩელი არ დაკმაყოფილდა. დაკმაყოფილდა რ. მ-ას-ჯ-ი შეგებებული სარჩელი და სადავო ბინიდან, მდებარე ... თბილისში, გამოსახლდნენ ც. მ-ა და თ. და ქ. დ-ები.

სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო შემდეგ გარემოებებს:

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის ც. მ-ას მოთხოვნა სადავო ბინაზე პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე, დადგენილად მიიჩნია რა, რომ სადავო ბინის პრივატიზებისას ც. მ-ა მასში არ ცხოვრობდა, არ იყო ჩაწერილი და არც რეგისტრირებული, რასაც ადასტურებს საქმეში წარმოადგენილი ფორმა ¹1 ამასთან, აპელანტი ც. მ-ა სადავო ბინაში რეგისტრირებული იქნა მესაკუთრე რ. ჯ-ი-მ-ას თანხმობით 1996 წელს, მაშინ როდესაც რ. ჯ-ი-მ-ას ამ ბინის მესაკუთრედ იყო 1993 წლიდან, რასაც ადასტურებს მოცემულ საქმეში არსებული პრივატიზაციის ხელშეკრულების ასლი და ფორმა ¹1. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ რ. ჯ-ი-მ-ა არის ბინის ერთადერთი კანონიერი მესაკუთრე, რის გამოც სამართლებრივი საფუძველი ჰქონდა მიემართა საპასპორტო სამსახურისათვის განცხადებით და მოეთხოვა ც. მ-ას რეგისტრაციის გაუქმება. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ რ. ჯ-ი-მ-ას მოთხოვნის საფუძველზე საპასპორტო სამსახურის ქმედება კანონიერად მიიჩნია სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ვინაიდან საპასპორტო სამსახურის მიერ გაცემული ცნობების თანახმად ც. მ-ა და მისი შვილები ბინის პრივატიზაციისას სადავო ბინაში ჩაწერილნი არ ყოფილან “საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის შესახებ” მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების შესაბამისად ც. მ-ას თანხმობა რ. ჯ-ი-მ-ას ბინის პრივატიზაციისას არ ესაჭიროებოდა. სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის მოთხოვნა სადავო ბინის ნაწილის თანამესაკუთრედ აღიარებისა და პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე, რამდენადაც იგი განხორციელებული იქნა იმ დროისათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და მიუთითს, რომ არ არსებობდა სადავო პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმების სამართლებრივი წინაპირობა.

სააპელაციო სასამრთლომ კანონიერად მიიჩნია რ. მ-ა-ჯ-ის შეგებებული სასარჩელო მოთხოვნები მოპასუხეების ც. მ-ას, თ და ქ. დ-ების მისი კუთვნილი ბინიდან გამოსახლების შესახებ, რამდენადაც რ. მ-ა-ჯ-ი არის სადავო ბინის ერთადერთი სრულუფლებიანი მესაკუთრე, რომლის უფლებები ყოველგვარი ხელყოფისაგან დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით, კანონიერად ჩათვალა რაიონული სასამართლოს მიერ სკ-ს 170-ე მუხლის გამოყენება და მიიჩნია, რომ მოსარჩელეები 172-ე მუხლის საფუძველზე რომელიც ითვალისწინებს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის უფლებას მესაკუთრის მიერ. გამოსახლებულნი უნდა იქნენ სადავო ბინიდან.

ც. მ-ამ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა 2003წ. 24 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის დაბრუნება საოლქო სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგ საფუძვლებით:

სადავო ბინა, მდებარე ..., მიიღეს სულადობით და ორდერში ისიც იყო შეყვანილი. მას პასპორტი ორჯერ აქვს აღებული აღნიშნული მოსამართლიდან, ხოლო 1999წ. 5 სექტემბერს აიღო პირადობის მოწმობა, სადაც იგივე მისამართია მითითებული. იგი არსად არ გადასულა საცხოვრებლად და სხვაგან არ ყოფილა ჩაწერილი. სასამართლოს არ დაუდგენია თუ სად იყო იგი ჩაწერილი 1973 წლიდან 1996 წლამდე. მის მიმართ შეკოწიწებული იქნა ყალბი საბუთები და გაცემული იქნა ფორმა ¹1, სადაც მხოლოდ დედამისი იყო დაფიქსირებული. გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის მიერ გამოტანილი დადგენილებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ იგი ითვლება სადავო ბინაში უწყვეტად ჩაწერილად და დღემდე ცხოვრობს ამ მისამართზე. საქმეში არ მოიპოვება არცერთი საბუთი, რომლითაც დადგინდებოდა, რომ იგი ჩაწერილი არ ითვლებოდა სადავო ბინაში 1973-1996წწ. კასატორმა ასევე მიუთიტა, რომ სასამართლომ ისე სცნო რ. მ-ა სადავო ბინის ერთ-ერთ მესაკუთრედ, რომ არ შეუმოწმებია გატარებულა თუ არა პრივატიზების ხელშეკრულება საჯარო რეესტრში. კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, იგი უნდა გაუქმებულ იქნეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა ზეპირი მოსამენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ ც. მ-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის მოტივით და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 24 მარტის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ “საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზების შესახებ” საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1-ლი თებერვლის ¹107 დადგენილების თანახმად საცხოვრებელი სახლი (ბინა) უსასყიდლოდ გადაეცემოდათ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც სახლის დამქირავებელს წარმოადგენდნენ ან დამქირავებლის ოჯახის წევრები იყვნენ.

სამეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ კასატორი ც. მ-ა სადავო ბინაში ჩაეწერა 1996წ. 6 სექტემბერს რ. მ-ა-ჯ-ს თანხმობით, რომელიც იმ დროს უკვე ბინის მესაკუთრეს წარმოადგენდა. ის საკითხი, თუ რატომ არ იყო ამ მომენტამდე კასატორი ჩაწერილი სადავო ბინაში და შეყვანილი ფორმა ¹1-ში, დავის საგანს არ წარმოადგენს და შესაბამისად სასამართლო მოკლებულია აღნიშნული საკითხი განხილვის შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს და მიიჩნევს, რომ ბინის პრივატიზაციისას ც. მ-ა სადავო ბინაში არ ცხოვრობდა და არ იყო ჩაწერილი, რასაც ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი ფორმა ¹1. ბინის პრივატიზებისას კი ბინაზე წილად საკუთრებას ან თანასაკუთრებას სწორად აღნიშნული გარემოებები წარმოშობდნენ იმჟამად მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რასაც კასატორი ბინის პრივატიზებისას, ანუ 1993წ. 5 მაისის მდგომარეობით ვერ აკმაყოფილებდა. სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ იგი მუდმივად იყო ჩაწერილი სადავო ბინაში, რაზედაც მიუთითებს 1996წ. 5 სექტემბერს კასატორის მიერ აღებული პირადობის მოწმობა, სადაც მის საცხოვრებელ მისამართად მითითებულია ..., რადგან საქმეში წარმოდგენილი ფორმა ¹1-ით დასტურდება, რომ 1993წ. 5 მაისისათვის, ანუ ბინის პრივატიზების მომენტისათვის სადავო ბინაში ჩაწერილი იყო და დამქირავებელს წარმოადგენდა მხოლოდ რ. მ-ა-ჯ-ი, ხოლო პირადობის მოწმობის გაცემის კანონიერების საკითხი ასევე არ წარმოადგენს მოცემულ საქმეში დავის საგანს და იგი ვერ იქნება მიჩნეული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად.

სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ მის განცხადებასთან დაკავშირებით გლდანი-ნაძალადევის რაიონის პროკურატურის მიერ გამოტანილი დადგენილებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ იგი ჩაწერილად ითვლება სადავო ბინაში და პროკურატურის ეს დადგენილება, როგორც მტკიცებულება, უნდა გაეთვალისწინებინა სასამართლოს. საკასაციო სასამართლო ამასთან დაკავშირებით კვლავ აღნიშნავს, რომ საკითხი – თუ რატომ არ იყო ჩაწერილი კასატორი 1996 წლამდე სადავო ბინაში, კასატორს არ გაუხდია სადავოდ, ხოლო პროკურატურის დადგენილება არ წარმოადგენს პრეიუდიციული ძალის მქონე დოკუმენტს სასამართლოსათვის, მით უმეტეს, რომ იმ გარემოების დადგენა _ ცხოვრობდა თუ არა ც. მ-ა სადავო ბინაში მუდმივად 1996 წლამდე, ანუ პრივატიზების მომენტისათვის, წარმოადგენს სასამართლოს და არა პროკურატურის პრეროგატივას.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სასამართლოს მიერ არ იქნა შემოწმებული გატარებულია თუ არა პრივატიზების ხელშეკრულება საჯარო რეესტრში და ვის სახელზე, რადგან საქმეში წარმოადგენილი ხელშეკრულების ასლიდან დასტურდება, რომ სადავო ბინის პრივატიზების თაობაზე დადებული ხელაშეკრულება რეგისტრირებული იქნა 1993წ. 13 მაისს თბილისის მერიის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში, რომელიც იმ პერიოდში ფაქტობრივად საჯარო რეესტრის ფუნქციებს ასრულებდა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნევს, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ სწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სწორედ გამოიყენა კანონი და არ არსებობს ც. მ-ას საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო პალატის 2003წ. 24 მარტის გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 399-ე, 404-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ც. მ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 24 მარტის გადაწყვეტილება;

3. ც. მ-ას დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 30 (ოცდაათი) ლარის ოდენობით;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.