Facebook Twitter

3გ-ად-207-კ-02 8 მაისი, 2003წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტერეველი (თავმჯდომარე),

ნ. სხირტლაძე,

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი თანხის გადახდევინება.

აღწერილობითი ნაწილი:

27.07.99წ. სს “ს-მა” სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს. სარჩელის საფუძვლად მოსარჩელემ შემდეგ გარემოებებზე მიუთითა: 30.09.99წ. სს “ს-ის” ქუთაისის ფილიალმა სს “ბ-ზე” გასცა სესხი 150000 ლარის ოდენობით, 6 თვის ვადით, წლიურად სარგებლის 60%-ის გადახდევინებით. სესხის უზრუნველსაყოფად ქ. ქუთაისის მერიის მიერ 24.09.96წ. გაიცა საგარანტიო წერილი, რომელსაც საფუძვლად დაედო ქ. ქუთაისის მერის 03.09.96წ. ¹603-ე განკარგულება. საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, სესხის დაფარვის ვადად 30.03.97წ. განისაზღვრა. აღნიშნული ვადა მხარეთა შეთანხმებით 01.10.97წ. გაგრძელდა. ვალდებულების შეუსრულებლობის გამო სს “ს-ის” ქუთაისის ფილიალმა ქუთაისის მერიის ანგარიშიდან თანხების ჩამოწერის გზით დაფარა სს “ბ-ის” დავალიანება 228000 ლარის ოდენობით. ამ თანხიდან 133000 ლარი ქუთაისის მერიის ანგარიშზე საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის მიერ ტრანსფერის სახით ჩარიცხულ თანხას წარმოადგენდა, რომელიც ქ. ქუთაისის სასამართლოს 16.12.97წ. გადაწყვეტილებით უკან დაუბრუნდა ქ. ქუთაისის მერიას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 26.03.98წ. განჩინებით ბანკის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილა და უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება. სს “ს-ის” მიერ ქუთაისის მერიისათვის 133000 ლარის უკან დაბრუნება, მოსარჩელის აზრით, აღუდგინა სს “ბ-ას” ამ თანხის დავალიანება, საიდანაც 126000 ლარი შეადგენდა ძირითად თანხას, ხოლო 7000 ლარი საპროცენტო სარგებელს. საბოლოოდ, მოსარჩელემ სს “ს-ის” სასარგებლოდ სს “ბ-ისაგან” 66000 ლარის გადახდა მოითხოვა, ხოლო მერიისაგან, იმის გათვალისწინებით, რომ ნაკისრი 66000 ლარიდან მერიას 29000 ლარი გადახდილი ჰქონდა, 37000 ლარი.

მოპასუხეებმა: ქ. ქუთაისის მერიამ და სს “ბ-ამ” სარჩელი არ ცნეს. ქ. ქუთაისის მერიის წარმომადგენლის განმარტებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 16.12.97წ. გადაწყვეტილებით მოწესრიგდა მხარეთა შორის წამოჭრილი სადავო საკითხები და დადგინდა, რომ საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული 150000 ლარის ნაცვლად სს “ბ-ა” ვალდებული იყო გარანტის _ ქ. ქუთაისის მერიისათვის დაებრუნებინა 161105 ლარი. ამ გადაწყვეტილების აღსრულების სტადიაზე ქ. ქუთაისის მერიამ იკისრა ვალდებულება გრაფიკის საფუძველზე დაეფარა 66000 ლარი, რაც დღეის მდგომარეობით შესრულებულია და სარჩელი ამ ნაწილში უსაფუძვლოა. სს “ბ-ის” წარმომადგენლის განმარტებით, ფაბრიკა საჯარო ვაჭრობის წესით გადაცემულია ქ. ქუთაისის მერიას და მას დავალიანება არ ერიცხება.

ქუთაისის საქალქო სასამართლოს 08.12.2000წ. გადაწყვეტილებით სს “ს-ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. სს “ს-მა” რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით. აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 16.12.97წ. გადაწყვეტილება, რადგან გადაწყვეტილებაში მოყვანილი ციფრი 161105 ლარი არ უნდა იქნეს გაიგივებული “ბ-ის” საკრედიტო ვალდებულების ოდენობასთან ბანკის მიმართ, ვინაიდან იგი 228000 ლარს შეადგენდა და სწორად აღნიშნული თანხა ჩამოეწერა თავდაპირველად ქუთაისის მერიას. ვინაიდან ფაბრიკა საჯარო ვაჭრობის წესით ქუთაისის მერიას გადაეცა, სს “ს-მა” სააპელაციო საჩივრით დარჩენილი დავალიანების 66000 ლარის გადახდა სოლიდარულად მოითხოვა სს “ბ-ასა” და ქ. ქუთაისის მერიისაგან. ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 28.05.01წ. განჩინებით სს “ს-ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ გაშვებულ იქნა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს “ს-მა”. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 02.11.01წ. განჩინებით სს “ს-ის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 28.05.01წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განსაზღვრა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. საკასაციო სასამართლომ გაიზიარა კასატორის მოსაზრება და მიიჩნია, რომ სს “ს-ს” წარმოეშვა მოთხოვნის უფლება სს “ბ-ისა” და ქ. ქუთაისის მერიისადმი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, რომლის საფუძველზე იგი იძულებული გახდა ქ. ქუთაისის მერიისათვის დაებრუნებინა ტრანსფერის თანხა 133000 ლარის ოდენობით. მანამდე სს “ს-მა” განახორციელა თავისი უფლებამოსილება და “საბანკო დაწესებულებების მიერ სესხებთან დაკავშირებული გარანტიების გაცემისა და რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს ეროვნული ბანკის დროებითი დებულების შესაბამისად, კრედიტის დაფარვის ვადის დადგომისას, გარანტის ანგარიშიდან 228000 ლარი ჩამოჭრა. აღნიშნული თანხიდან 133000 ლარი რომ არ ყოფილიყო ტრანსფერის თანხა, შესაბამისად არ იქნებოდა მიღებული ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, სს “ს-ს” არც მოთხოვნა წარმოეშობოდა მოპასუხეების მიმართ. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოთხოვნის წარმოშობის დღიდან, 26.03.98წ. მოქმედებდა საქართველოს ახალი სამოქალაქო კოდექსი, რომლის 129-ე მუხლის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 3 წელს, ხოლო ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, მოთხოვნის წარმოშობის მომენტად კი ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 04.11.02წ. გადაწყვეტილებით სს “ს-ის” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 08.12.2000წ. გადაწყვეტილება, სს “ს-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა, ქუთაისის მერიას და სს ,,ბ-ას” სოლიდარულად დაეკისრათ 66000 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 30.09.99წ. სს “ს-ის” ქუთაისის ფილიალმა სს “ბ-ას” გასცა სესხი 150000 ლარის ოდენობით, 6 თვის ვადით, წლიურად სარგებლის 60%-ის გადახდევინებით. სესხის უზრუნველსაყოფად ქ. ქუთაისის მერიის მიერ 24.09.96წ. გაიცა საგარანტიო წერილი ¹1356, რომელსაც საფუძვლად დაედო ქ. ქუთაისის მერის 03.09.96წ. ¹603-ე განკარგულება. საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, სესხის დაფარვის ვადად განისაზღვრა 30.03.97წ., აღნიშნული ვადა მხარეთა შეთანხმებით 01.10.97წ. გაგრძელდა. ვინაიდან იმ დროისათვის მოქმედი 1964წ. სკ-ს 205-ე მუხლის საფუძველზე ქ. ქუთაისის მერია წარმოადგენდა გარანტს, ვალდებულების შეუსრულებლობის გამო სს “ს-ის” ქუთაისის ფილიალმა ქუთაისის მერიის ანგარიშიდან თანხების ჩამოწერის გზით დაფარა სს “ბ-ის” დავალიანება. ამ თანხიდან 133000 ლარი ქუთაისის მერიის ანგარიშზე საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის მიერ ტრანსფერის სახით ჩარიცხულ თანხას წარმოადგენდა, რომელიც ქ. ქუთაისის სასამართლოს 16.12.97წ. გადაწყვეტილებით უკან დაუბრუნდა ქ. ქუთაისის მერიას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 26.03.98წ. განჩინებით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს სწორედ 26.03.98წ. წარმოეშვა მოთხოვნის უფლება, ამ პერიოდში უკვე მოქმედებდა ახალი სამოქალაქო კოდექსი, რომლის 130-ე მუხლების თანახმად სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა მოსარჩელის მიერ არ იქნა გაშვებული. ამრიგად, სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოპასუხეების დავალიანებამ ბანკის მიმართ შეადგინა 133000 ლარი, ქ. Qქუთაისის მერიის მიერ დაფარული იქნა აღნიშნული თანხის ნახევარი 66000 ლარი. დარჩენილმა დავალიანებამ 66000 ლარი შეადგინა, რომლის გადახდაც სააპელაციო სასამართლომ მოპასუხეებს სოლიდარულად დააკისრა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. ქუთაისის მერიის მიერ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას, საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოწინააღმდეგე მხარისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას უსაფუძვლობის გამო. კასატორი აღნიშნავს, რომ ქ. ქუთაისის მერიის მიერ სს “ს-ის" წინაშე ნაკისრი ვალდებულებები მთლიანად არის შესრულებული, რის შედეგადაც კასატორს არანაირი სახელშეკრულებო ვალდებულება სს “ს-ის" წინაშე არ გააჩნია. ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ყველა საკითხის თაობაზე დავა მხარეთა შორის სასამართლოს ყველა ინსტანციაში დასრულებულია, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით, რის გამო სსკ-ს 106-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად დაუშვებელი იყო მოცემულ საკითხებზე ხელახალი მსჯელობა.

საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება. სს “ბ-ის" წარმომადგენელი სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა. მოწინააღმდეგე მხარე, სს “ს-ის" წარმომადგენელმა საჩივრის საფუძვლები არ ცნო და ითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა წარმომადგენლების ახნა-განმარტებებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 407-ე მუხლის თანახმად საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ქ. ქუთაისის მერიისა და სს “ბ-ას" შორის 23.09.96წ. დადებული საგარანტიო ხელშეკრულებით, მერიის 23.09.96წ., ¹603 განკარგულებით, ქ. ქუთაისის მერიამ იკისრა საზოგადოებისათვის 150000 ლარის ერთწლიანი კრედიტის გამოყოფის საგარანტიო უზრუნველყოფა. იმჟამად მოქმედი 1964 წ. სკ-ს 205-ე მუხლის თანახმად, გარანტიად მიიჩნეოდა კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, რომლის ძალით მოვალე ორგანიზაციის ზემოდგომი ორგანო პასუხს აგებს მისი კრედიტორი ორგანიზაციების წინაშე მთელი ვალდებულების ან მისი ნაწილის შეუსრულებლობისათვის ან ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის. 30.09.96წ. დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება სკბ “ს-ის" ქუთაისის ფილიალსა და სს “ბ-ას" შორის. ქ. ქუთაისის მერიასა და სს “ს-ს" შორის 1997წ. მაისში დადებული ხელშეკრულებით გარანტმა იკისრა 1997წ. 1 ოქტომბრამდე 24.09.96წ. საგარანტიო წერილის საფუძველზე ძირითადი სესხის _ 150 ათასი ლარის დარიცხული საპროცენტო სარგებლის ჩათვლით დაფარვა. 05.06.97წ. დამატებითი საკრედიტო ხელშეკრულებით სესხის გადახდა 01.10.97წ. გადავადდა, ბანკს მიეცა ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ქ. ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტის ანგარიშიდან თანხების უაქცეფტო წესით ჩამოწერის უფლება.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ქ. ქუთაისის მერიის 03.09.96წ. ¹603 განკარგულების საფუძველზე ქ. ქუთაისის მერის მიერ 24.09.96წ. გაცემული საგარანტიო წერილის საფუძველზე სს “ს-ის" წინაშე ნაკისრი ვალდებულებები მთლიანად არის შესრულებული და საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა საკითხის თაობაზე დავა მხარეთა შორის სასამართლოს ყველა ინსტანციაში უკვე დასრულებულია. ქ. ქუთაისის სასამართლოს 16.12.97წ. გადაწყვეტილებით ცენტრალური ბიუჯეტიდან ქ. ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტისათვის მიწოდებული წყალსადენის მშენებლობისათვის სპეცტრანსფერტით მიწოდებული თანხებიდან სს “ს-ის" მიერ სესხის დასაფავარავად 133 ათასი ლარის ჩამოწერა “საქართველოს 1997წ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონის დარღვევით შესრულებულ საბანკო ოპერაციად იქნა მიჩნეული, რის გამო სასამართლომ დაადგინა, რომ აღნიშნული თანხა ქ. ქუთაისის ადგილობრივ ბიუჯეტს უნდა დაუბრუნდეს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 02.11.01წ. განჩინებით დადგენილია, რომ სს “ს-ს" მას შემდეგ წარმოეშვა მოთხოვნის უფლება სს “ბ-ისა" და ქ. ქუთაისის მერიისადმი, რაც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ (26.03.98წ.) იგი იძულებული გახდა ქ. ქუთაისის მერიისათვის დაებრუნებინა ტრანსფერის თანხა 133000 ლარის ოდენობით. მანამდე სს “ს-მა" კრედიტის დაფარვის ვადის დადგომისას გარანტის – ქ. ქუთაისის მერიის ნებართვის გარეშე მოახდინა მისი ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრა. ქ. ქუთაისის მერიისათვის 133 ათასი ლარის დაბრუნება განპიროვნებული იყო სადავო თანხის სატრანსფერო თანხებისადმი კუთვნილებით, მისი დაბრუნების შედეგად სს “ს-ს" აღუდგა 133000 ლარის მოთხოვნის უფლება.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 16.12.97წ. გადაწყვეტილების აღსრულების პერიოდში ქ. ქუთაისის მერიამ სკბ “ს-ის" ქუთაისის ფილიალთან 30.10.98წ. დადო შეთანხმება საგარანტიო წერილით ნაკისრი ვალდებულების შესრულების შესახებ, რითაც 24.09.96წ. საგარანტიო წერილის საფუძველზე იკისრა ვალდებულება გრაფიკის მიხედვით დაეფარა 66000 ლარი, რაც სადღეისოდ შესრულებულია. სკ-ს 361-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. საკასაციო პალატა არ ეთანხება მერიის წარმომადგენლის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სწორედ ამ თანხით შემოიფარგლება დარჩენილი ვალი. ქ. ქუთაისის სასამართლოს 17.12.97წ. ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილად არის ცნობილი, რომ გარანტის, ქ. ქუთაისის მერიის ანგარიშიდან, საკრედიტო ხელშეკრულების პირობების უზრუნველსაყოფად და კრედიტის დაბრუნებისათვის, 14.11.97წ. ჩამოიწერა 133000 ლარი. ვინაიდან სს “ბ-ა" საჯარო ვაჭრობის აქტით დავალიანების ანგარიშში საკუთრებაში გადაეცა ქ. ქუთაისის მერიას, მართებულია სს “ს-ის" მოთხოვნა დარჩენილი დავალიანების _ 66 ათასი ლარის მოპასუხეებზე _ ქ. ქუთაისის მერიაზე და სს “ბ-ზე" სოლიდარულად დაკისრების შესახებ, ვინაიდან საგარანტიო წერილი, საკრედიტო და დამატებითი საკრედიტო ხელშეკრულებასთან ერთად არც ერთი სასამართლო ინსტანციის გადაწყვეტილებით არ გაუქმებულა, ამდენად, სს “ბ-ას", როგორც სს “ს-ის" პირადი მოვალე და მოგარანტე _ ქ. ქუთაისის მერია სოლიდარულად არიან ვალდებულნი სს “ს-ის" წინაშე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასაციის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები მთლიანად არის შესრულებული და აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ყველა საკითხი უკვე განხილულ იქნა ყველა სასამართლო ინსტანციაში, შესაბამისად ადგილი არა აქვს სსკ-ს 106-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, სსკ-ს 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქუთაისის მერიის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 11.04.02წ. გადაწყვეტილება.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.