Facebook Twitter

3გ-ად-217-კ-02 10 იანვარი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლსო ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

ნ. ქადაგიძე

სარჩელის საგანი: ორი სახეობის პენსიის მიღება და თანხის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

2001 წლის 18 სექტემბერს თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა რ. ბ.-მ მოპასუხე სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გლდანი-ნაძალადევის განყოფილების მიმართ.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ მოსარჩელეს, მეორე ჯგუფის ინვალიდ რ. ბ.-ას 1993 წლიდან დანიშნული ჰქონდა პენსია 35 ლარის ოდენობით, ვინაიდან იგი იყო შრომის გმირი, გათანაბრებული _ ფაშიზმის წინააღმდეგ 1941-1945 წლების ომში მონაწილეებთან და დაჯილდოვებული _ ზურგში მამაცობისათვის.

მოსარჩელის განმარტებით, მისთვის ცნობილი გახდა, რომ ომის ვეტერანთათვის, მათთან გათანაბრებულ პირთათვის და სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახებისათვის მარჩენალის დაკარგვის გამო დანიშნული იყო ორმაგი პენსია და მიიჩნია, რომ “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლის საფუძველზე მას, როგორც მეორე ჯგუფის ინვალიდსა და 75 წლის ასაკს მიღწეულ პირს, ეკუთვნოდა ორმაგი პენსია. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რ.Oბ.-ამ განცხადებით მიმართა .-ის რაიონის სოციალური უზრუნველყოფის განყოფილებას, რაზედაც ეთქვა უარი.

სასარჩელო განცხადებაში მითითებული იყო, რომ “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 50-ე მუხლის საფუძველზე რ. ბ.-ა ითხოვდა ...-ის რაიონის სოციალური უზრუნველყოფის განყოფილებისაგან განცხადების მიმართვამდე წინამდებარე 12 თვის დანამატის სხვაობას 504 ლარის ოდენობით.

მოპასუხე სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ...-ის განყოფილებამ არ ცნო სარჩელი და აღნიშნა, რომ რ.Oბ.-ას მოთხოვნა უსაფუძვლო იყო შემდეგ გარემოებათა გამო:

სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდი პენსიების დანიშვნის დროს ხელმძღვანელობდა 1990 წლის 15 მაისის კანონით, რომლის მე-6 მუხლში მითითებულია: “პირებს, რომელთაც აქვთ ერთდროულად სხვადასხვა სახელმწიფო პენსიის უფლება, ენიშნებათ ერთი პენსია მათი არჩევით”. მოპასუხის განმარტებით, ანალოგიური შინაარსი გააჩნია საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 16 ოქტომბრის ¹430-10 კანონის მე-4 მუხლს, რომლის თანახმადაც “სამხედრო მოსამსახურეებს და მათი ოჯახის წევრებს, რომელთაც ერთდროულად რამდენიმე სახეობის სახელმწიფო პენსიის მიღების უფლება აქვთ, მათი სურვილის შესაბამისად ენიშნებათ ერთი სახეობის პენსია.” მოსარჩელემ უსაფუძვლოდ მიუთითა ზემოაღნიშნულ კანონზე, ვინაიდან იგი არასოდეს არ ყოფილა სამხედრო მოსამსახურე და არ ჰქონდა ოფიცრის წოდება.

მოპასუხემ განმარტა, რომ კანონის თანახმად ერთსა და იმავე ორგანოს ორი სახის პენსიის დანიშვნის უფლება არ გააჩნია. ორი სახეობის პენსიის დანიშვნის დროს, მხოლოდ ოფიცერთა შემადგენლობა არის გათვალისწინებული, რადგან მათ მიმართ გამოიყენება 1996 წლის 16 ოქტომბრის კანონი “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ.” რ. ბ.-ა კი არ წარმოადგენდა სამხედრო პირს, მითუმეტეს ოფიცერს.

სოციალური უზრუნველყოფის ...-ის რაიონული განყოფილების განმარტებით, რ. ბ.-ს არგუმენტი, რომ იგი ომის ვეტერანებთან გათანაბრებული პირია, უსაფუძვლო იყო. ზემოაღნიშნული კანონის მე-60 მუხლის თანახმად გათანაბრებულ პირებში მოიაზრებოდნენ სხვადასხვა ცნობების მოსაპოვებლად მტრის ზურგში შეგზავნილი პირები, საზღვრის დამცველები და სხვა მსგავსი სამუშაოებისა და დავალებების შემსრულებელი პირები, რომლებიც არ იყვნენ ოფიცრები, მაგრამ თავიანთი საქმიანობით უთანაბრდებოდნენ მათ, მოსარჩელეს კი ასეთი სამუშაოები არ ჰქონდა შესრულებული და არ წარმოადგენდა სამხედრო ოფიცრებთან გათანაბრებულ პირს.

მოპასუხემ აღნიშნა, რომ მოსარჩელეს ინვალიდობის სტატუსი დაუდგინეს 1993 წელს, რაც არ აკმაყოფილებს “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-17 მუხლის მოთხოვნებს, რომლის თანახმადაც სამხედრო მოსამსახურეებს ინვალიდობის პენსია ენიშნებათ იმ შემთხვევაში, თუ “ისინი დაინვალიდნენ სამხედრო ან ოპერატიული სამსახურის პერიოდში არა უგვიანეს სამი თვისა სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ, ან თუ დაინვალიდნენ ამ ვადაზე უფრო გვიან, მაგრამ სამსახურის დროს მიღებული ჭრილობების, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების გამო”. აგრეთვე, მოპასუხის მითითებით, რ. ბ.-ა დაიბადა 1927 წლის 12 აგვისტოს, შესაბამისად მას არ შესრულებია 75 წელი და ეწინააღმდეგება ზემოაღნიშნული კანონის მე-60 მუხლს.

2001 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა რ. ბ.-ს სასარჩელო მოთხოვნები. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელე მხარემ გაასაჩივრა თბილისის საოლქო სასამართლოში, რომელმაც, 2002 წლის 16 მაისის განჩინებით არ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი და ძალაში დატოვა გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.

საოლქო სასამართლოს განჩინება რ. ბ.-მ საკასაციო წესით გაასაჩივარა უზენაეს სასამართლოში.

საკასაციო საჩივარში აღნიშნული იყო, რომ თბილისის სააპელაციო პალატის განჩინება არის დაუსაბუთებელი, უკანონო და უსამართლო შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს 1996 წლის 16 ოქტომბრის 30 “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლი. კასატორი აღნიშნავს, რომ 1995 წლის 17 ოქტომბრის “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად იგი გათანაბრებულია მეორე მსოფლიო ომში მონაწილეებთან და ამასთანავე, წარმოადგენს მეორე ჯგუფის ინვალიდს.

კასატორის განმარტებით, საქართველოს 1996 წლის 16 ოქტომბრის ზემოაღნიშნული კანონის მეშვიდე თავი ეხება საქართველოს ომის ვეტერანთათვის, მათთან გათანაბრებულ პირთათვის და სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახებისათვის მარჩენალის დაკარგვის გამო დანიშნულ პენსიებს. კერძოდ, მე-60 მუხლი არეგულირებს “ფაშიზმის წინააღმდეგ 1941-1945 წლების ომში მოპოვებული ისტორიული გამარჯვების მონაწილეებისათვის ორი სახეობის პენსიის დანიშვნის უფლებას.” ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე ფაშიზმის წინააღმდეგ 1941-1945 წლების ომში მოპოვებული ისტორიული გამარჯვების მონაწილეებს და მათთან გათანაბრებულ პირებს, რომლებსაც შეუსრულდათ 75 წელი ან არიან პირველი და მე-2 ჯგუფის ინვალიდები, ეძლევათ ორი სახეობის პენსია: ომის ინვალიდობის მიხედვითა და მოხუცებულობის გამო (შრომის წელთა ნამსახურებისათვის); ამასთან, მათ დაენიშნებათ მოხუცებულობის პენსიაზე დანამატი მოხუცებულობისათვის დაწესებული ორი მინიმალური პენსიის ოდენობით.

სარჩელის დაუკმაყოფილებლობის გამო კასატორს მიაჩნია, რომ მას დისკრიმინაციას უწევენ მისი რუსული ეროვნების გამო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების გამოტანით სარჩელის დაკმაყოფილებას.

2002 წლის 26 აგვისტოს მოპასუხე სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწფიო ფონდის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა განყოფილებამ უზენეს სასამართლოში წარმოადგინა შეპასუხება რ. ბ.-ს საკასაციო საჩივარზე, ხოლო 7 ოქტომბერს კი – დამატებითი შეპასუხება.

მოპასუხე ითხოვს ბ.-ს სარჩელზე უარის თქმასა და თბილისის საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების ძალაში დატოვებას შემდეგი საფუძვლით:

...-ის რაიონული განყოფილების პენსიონერთა კონტიგენტში ირიცხებიან არაოფიცრები, მაგრამ სამამულო ომის მონაწილენი (I, II, III ჯგუფის ინვალიდები), უბრალოდ მონაწილენი და გათანაბრებულები. მათ პენსია ენიშნებათ შესაბამისად 45, 40 და 35 ლარის ოდენობით. სამოქალაქო განყოფილება პენსიის დანიშვნის დროს ხელმძღვანელობს საბიუჯეტო კანონის მე-13 მუხლითა და 1990 წლის 15 მაისის კანონით და მხედველობაში ღებულობს მხოლოდ პიროვნების ასაკს (მამაკაცები 65 წ., ქალები 60 წ.).

მოპასუხის განმარტებით, პენსიების დამნიშვნელი განოყოფილება, 1990 წლის 15 მაისის კანონიდან გამომდინარე, არ ითვალისწინებს ორი პენსიის დანიშვნას, კერძოდ, ამ კანონის მე-6 მუხლის თანახმად “პირებს, რომელთაც აქვთ ერთდროულად სხვადასხვა სახელმწიფო პენსიის მიღების უფლება, ენიშნებათ ერთი პენსია მათი არჩევით.”

დამატებით შეპასუხებაში მითითებულია, რომ 1996 წლის 16 ოქტომბრის კანონის საფუძველზე პენსიის დანიშვნისას, პირი აუცილებლად უნდა იყოს ოფიცერი და კომისარიატმა უნდა წარმოადგინოს შუამდგომლობა პენსიის დანიშვნის თაობაზე. ამგვარი პირი უნდა იყოს ან I და II ჯგ. ინვალიდი ან 75 წლის ასაკს მიღწეული, რომ თავდაცვის სამინისტროდან წარმოდგენილი ოფიცრობის დამადასტურებელი ცნობის საფუძველზე მოითხოვოს მე-60 მუხლით გათვალისწინებული უფლების განხორციელება. აქედან გამომდინარე, როდესაც საუბარია ორი პენსიის დანიშვნაზე, აუცილებლად ოფიცერთა შემადგენლობაა გათვალისწინებული. რაც შეეხება არაოფიცერ ომის ინვალიდებსა (I და II ჯგ.) და მონაწილეებს, ზურგში მომუშავეებს, მათი საკითხი ეხება სამოქალაქო განყოფილებებს და ეძლევათ პენსია შესაბამისად 45, 40 და 35 ლარის ოდენობით.

საბოლოოდ მოპასუხე აღნიშნავს, რომ რ. ბ.-ა არ არის სამხედრო პირი, არც არსოდეს ყოფილა ჯარში, არ განეკუთვნება ოფიცერთა კონტიგენტს, ჯარში არ დაინვალიდებულა, არ ეძლევა პენსია ძალოვანი სტრუქტურებიდან, სამხედრო კომისარიატსა და ძალოვან სტრუქტურებს არ აღუძრავთ მასზე შუამდგომლობა მეორე პენსიის დანიშვნის თაობაზე, მას ეკუთვნის სახელმწიფო პენსია ომის დროს ზურგში შრომისათვის 35 ლარის ოდენობით, რასაც ღებულობს შეუფერხებლივ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მიიჩნევს, რომ კასატორის მოთხოვნა არის უსაფუძვლო და ითხოვს პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებების ძალაში დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ რ. ბ.-ა არის ფაშიზმის წინააღმდეგ 1941-1945 წლების ომში მოპოვებული ისტორიული გამარჯვების მონაწილეებთან გათანაბრებული პირი, მაგრამ არ არის ოფიცერი, ხოლო მეორე ჯგუფის ინვალიდობა უვადოდ დაუდგინდა 1993 წლის 14 აპრილიდან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორი რ. ბ.-ა არ არის «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების წევრთა საპენსიო თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წესრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» კანონის პირველი მუხლის «ბ» პუნქტითა და მე-19 მუხლის «ა» პუნქტით გათვალისწინებული ფაშიზმის წინააღმდეგ 1941-1945 წლების ომის ინვალიდი, ანუ იგი არ არის სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდებული ვადიანი სამხედრო მოსამსახურე ან სამხედრო ტრავმის (ჭრილობა, დასახიჩრება, კონტუზია) შედეგად დაინვალიდებული პირი.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ კასატორი, მართალია, არის ფაშიზმის წინააღმდეგ 1941-1945 წლების ომის მონაწილეებთან გათანაბრებული პირი, ამჟამად _ უკვე 75 წელს გადაცილებული, მაგრამ იგი არ არის ოფიცერი და არ არის აღნიშნული ომის ინვალიდი, არამედ ინვალიდობა დაუდგინდა დიდი ხნის შემდეგ _ 1993 წელს _ საერთო დაავადების გამო.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ

რ. ბ.-ა ვერ აკმაყოფილებს «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» კანონის მე-60 მუხლით განსაზღვრული საპენსიო შეღავათის მიღების პირობებს, რის გამოც რ. ბ.-ს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ. ბ.-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა ადმინისტრაციული პალატის 2002 წლის 16 მაისის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.