Facebook Twitter

3გ-ად-227-კ-02 16 იანვარი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მ.-ი (თავმჯდომარე),

ნ. სხირტლაძე,

მ. ვაჩაძე

დავის საგანი: ორი სახეობის პენსიის მიღება, დანამატის დანიშვნა, საპენსიო თანხის გაზრდა.

აღწერილობითი ნაწილი:

ვ. კ.-მ 14.02.01წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ დაბადებულია 10.08.18წ., არის მეორე მსოფლიო ომის I ჯგუფის ინვალიდი, დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, დანიშნული აქვს ომის ინვალიდობის პენსია 45 ლარის ოდენობით. «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წეევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" 16.10.96წ. კანონის მე-60 მუხლის საფუძველზე მოსარჩელემ მოითხოვა მეორე სახეობის _ მოხუცებულობის პენსიის დანიშვნა, კანონის 41-ე მუხლის საფუძველზე ორდენით დაჯილდოებისათვის პენსიის 25 პროცენტით გაზრდა, 4 წლის მიუღებელი პენსიის _ 2000 ლარისა და მორალური ზიანის _ 1000 ლარის ანაზღაურება. ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ 19.04.01წ. გადაწყვეტილებით ვ. კ.-ის სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ, მოპასუხეს _ საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდს დაევალა მოსარჩელისათვის მოხუცებულობის პენსიისა და ორი მინიმალური პენსიის ოდენობით დანამატის დანიშვნა ომის ინვალიდობის მიხედვით დანიშნულ პენსიასთან ერთდროული მიღების უფლებით 2000წ. 1 თებერვლიდან. მოპასუხეს დაევალა ვ. კ.-ის, როგორც ღირსების ორდენით დაჯილდოებული პირის, პენსიის გადაანაგარიშება-გადიდება 25%-ით, სასარჩელო მოთხოვნას _ 4 წლის გაუცემელი პენსიისა და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ ეთქვა უარი.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი იქნა შეტანილი მოპასუხის მიერ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 19.07.01წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული გასაჩივრების ვადის გაცდენის გამო.

საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა განცხადებით მიმართა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება, 19.04.01წ. გადაწყვეტლების გაუქმება, სააღსრულებო წარმოების შეჩერება. განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ 19.04.01წ. გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობლობას და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 04.11.97წ. გადაწყვეტილებას, რომელიც არ იყო ცნობილი მოპასუხესა და სასამართლოსათვის. ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 21.12.01წ. განჩინებით ფონდის ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო 19.04.01წ. გადაწყვეტილების გაუქმების, საქმის წარმოების განახლებისა და სააღსრულებო წარმოების შეჩერების თაობაზე განცხადების დაკმაყოფილებას ეთქვა უარი. განჩინება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ფონდის წარმომადგენლის მიერ. აპელანტმა აღნიშნა, რომ 19.04.01წ. გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული გასაჩივრების უფლების წარმოშობის ვადა და იმ ორგანოს ადგილმდებარეობა, სადაც შეიძლება საჩივრის შეტანა. სასკ-ს მე-12 მუხლის საფუძველზე აპელანტმა მოითხოვა სააპელაციო საჩივრის მიღება, ვაკე-საბურთალოს რაიოინული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.

თბილისის საოლქო სასამართლოს 17.05.02წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფლდა ნაწილობრივ, ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 19.04.01წ. გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ვ. კ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდს დაევალა მოხუცებულობის პენსიასთან ერთად ვ. კ.-ს დაუნიშნოს დანამატი მოხუცებულობისათვის დაწესებული ორი მინიმალური ოდენობით _ 28 ლარი და გასცეს მასზე ყოველთვიურად მოხუცებულობის პენსია _ სულ 42 ლარი ომის ინვალიდობის პენსიასთან ერთად 2001წ. 1 თებერვლიდან, მოპასუხეს ვ. კ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა აგრეთვე 2001წ. 1 თებერვლამდე 12 თვის მიუღებელი საპენსიო თანხის 524 ლარის (42X12) გადახდა. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. კ.-ი არის 84 წლის, ომის I ჯგუფის ინვალიდი. «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" კანონის 1-ლი მუხლის «ბ" ქვეპუნქტების საფუძველზე პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ კანონის მე-60 მუხლი ვრცელდება მხოლოდ კანონის პირველი მუხლის «ა" ქვეპუნქტში ჩამოთვლილ პირებზე, კერძოდ, ოფიცრებზე. პალატამ აღნიშნა, აგრეთვე, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ 31.03.98წ. კანონში შეტანილ იქნა ცვლილებები, კანონის პირველი მუხლიდან ამოღებულ იქნა სიტყვა «საქართველო", რითაც გაფართოვდა ამ კანონით საპენსიო უზრუნველყოფის მქონე პირთა წრე. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ვ. კ.-ი აღნიშნული კანონით საპენსიო უზრუნველყოფის მქონე პირად ჩაითვლება მხოლოდ 31.03.98წ. კანონის ძალაში შესვლის შემდეგ. კანონის მე-17 მუხლი განსაზღვრავს პირველი მუხლის «ა" ქვეპუნქტში ჩამოთვლილ პირთათვის ინვალიდობის პენსიის დანიშვნის პირობებს, რაც დასტურდება კანონის მე-16, მე-18, მე-19 და სხვა მუხლებით, აღნიშნული ნორმებისა და კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ნორმათა საფუძველზე, პალატამ დაასკვნა, რომ ინვალიდობის პენსიის მიღების უფლება აქვთ არა მხოლოდ კანონის 1-ლი მუხლის «ა" ქვეპუნქტში, არამედ, აგრეთვე «ბ" ქვეპუნქტში მითითებულ პირებსაც. პალატამ კანონის 48-ე მუხლის საფუძველზე მიიჩნია, რომ პენსია უნდა გაიცეს მიმართვიდან არა უმეტეს გასული 12 თვის განმავლობაში, ვ. კ.-ის მოთხოვნას პენსიის 1997წ. პირველი იანვრიდან გაცემის შესახებ უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო. პალატის აზრით, კანონის 41-ე მუხლის «ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულია მხოლოდ ამ კანონით დანიშნული პენსიების გადიდება ორდენით დაჯილდოებული პირისათვის, ხოლო ვ. კ.-ს ომის ინვალიდობის პენსია ამ კანონით არ აქვს დანიშნული.

სააპელაციო პალატის 17.05.02წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის წარმომადგენლის მიერ. კასატორი აღნიშნავს, რომ «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" კანონის პირველი მუხლის «ბ” ქვეპუნქტით საპენსიო უზრუნველყოფას ექვემდებარება სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდებული ვადიანი სამხედრო სამსახურის მოსამსახურე, ხოლო ვ. კ.-ი მეორე მსოფლიო ომის დროს გაწვეულ იქნა საერთო მობილიზაციის საფუძვეზე, რაც სამხედრო სამსახურის გავლის წესებით არ უტოლდება ვადიან სამსახურში მოღვაწეობას და წარმოადგენს სამსახურის აბსოლუტურად განსხვავებულ სახეს. გარდა ამისა, პირველი მუხლი და საერთოდ მთელი კანონი საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს იმაზე, რომ პირებს, რომლებზეც ეს კანონი ვრცელდება, აუცილებლად უნდა გააჩნდეთ სამხედრო ორგანოებში მუშაობის სათანადო წელთნამსახურება. აღნიშნულს ადასტურებს კანონის თუნდაც მე-10 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს პენსიის გაანგარიშების წესს სამსახურიდან დათხოვნის დღისათვის არსებული სხვადასხვა ფულადი ანაზღაურების საფუძველზე. ამდენად, პირს, რომელიც ექვემდებარება ამ კანონის საფუძველზე უზრუნველყოფას უნდა გააჩნდეს სამხედრო ორგანოებში მუშაობის სათანადო წელთა ნამსახურობა შესაბამისი ანაზღაურებით. გასაჩივრებული გადაწყვეტილება, კასატორის აზრით, წინააღმდეგობაში იმყოფება კანონის 1-ელ მუხლთან, ვინაიდან ვ. კ.-ის საპენსიო უზრუნველყოფა ხორციელდება ვეტერანების შესახებ და სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონების საფუძველზე. გადაწყვეტილება წინააღმდეგობრივია, ვინაიდან გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც ვ. კ.-ს უარი ეთქვა ღირსების ორდენთანისათვის კანონით გათვალისწინებული დანამატის დანიშვნაზე სასამართლომ საფუძვლად დაუდო ის, რომ კანონის 41-ე მუხლის «ბ" ქვეპუნქტით პენსიები გაუდიდდათ მხოლოდ მითითებული კანონით დანიშნული პენსიების მქონე პირთათვის. კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო პალატამ უგულებელყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 04.11.97წ. გადაწყვეტილება, რომლის სამოტივაციო ნაწილში განმარტებულია, რომ კანონის მე-60 მუხლი ვრცელდება იმ ვეტერანებზე, რომლებმაც ომის შემდეგ გააგრძელეს სამხედრო სამსახური, აქვთ ოფიცრის წოდება და სათანადო წელთა ნამსახურება. კასატორი თვლის, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" კანონი მაშინ, როდესაც ვ. კ.-ის საპენსიო უზრუნველყოფა ხდება ვეტერანების შესახებ და სახელმწიფო ბიუჯეტის შესაებ კანონების საფუძველზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს 17.05.02წ. გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწვეტილების მიღებით სარჩელზე უარის თქმას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის ფარგლებში გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

«სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" კანონის მე-60 მუხლის მიხედვით ფაშიზმის წინააღმდეგ 1941-45 წლების ომში მოპოვებული ისტორიული გამარჯვების მონაწილეებს და მათთან გათანაბრებულ პირებს, რომლებსაც უკვე შეუსრულდა 75 წელი და/ან არიან 1 და 2 ჯგუფის ინვალიდები, ეძლევათ ორი სახეობის პენსიის _ ომის ინვალიდობის მიხედვით და მოხუცებულობის გამო (შრომის წელთა ნამსახურობისათვის) ერთდროულად მიღების უფლება, ამასთან, მათ მოხუცებულობისათვის პენსიაზე დაენიშნებათ დანამატი მოხუცებულობისათვის დაწესებული ორი მინიმალური პენსიის ოდენობით. საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ ვ. კ.-ი დაბადებულია 10.08.18წ., იგი არის ომის I ჯგუფის ინვალიდი, დანიშნული აქვს ომის ინვალიდობის პენსია 45 ლარის ოდენობით. ამდენად, ვ. კ.-ი განეკუთვნება იმ პირთა კატეგორიას, რომელთათვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ორი სახეობის პენსიის ერთდროულად მიღებისა და მოხუცებულობის პენსიაზე კანონით განსაზღვრული დანამატის მიღების უფლება. პალატა თვლის, რომ ვ. კ.-ი არის «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" კანონის პირველი მუხლის «ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული სუბიექტი, რადგან აღნიშნული ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებით და წესებით საპენსიო უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე, სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდებული ვადიანი სამხედრო სამსახურის მოსამსახურეები, თადარიგიდან სამხედრო ან სპეციალურ შეკრებებზე გაწვეული პირები (გარდა ოფიცრებისა) და მათი ოჯახის წევრები მარჩენალის დაკარგვის შემთხვევაში. ამასთანავე, კანონის მე-9 მუხლის თანახმად სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდებულ ვადიან სამხედრო მოსამსახურეებს, სასწავლო ან სპეციალურ შეკრებებზე გაწვეულ პირებს (გარდა ოფიცრებისა) და მათი ოჯახის წევრებს მარჩენალის დაკარგვის გამო პენსიით უზრუნველყოფს სახელმწიფო, საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს შესაბამისი ორგანოების მეშვეობით. ვინაიდან ვ. კ.-ი წარმოადგენს მითითებული კანონის 1-ლი მუხლის «ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ვადიან სამხედრო მოსამსახურეს (არაოფიცერს), მასზე უნდა გავრცელდეს ამავე კანონის მე-60 მუხლით დადგენილი შეღავათები, კერძოდ, უკვე დანიშნული ომის ინვალიდობის პენსიასთან (45 ლარი) ერთად მას უნდა მიეცეს მოხუცებულობის პენსიის (14 ლარი) ორი მინიმალური პენსიის დანამატი (28 ლარი), სულ 87 ლარის მიღების უფლება.

პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" კანონი ვრცელდება იმ პირებზე, რომლებსაც გააჩნიათ სამხედრო ორგანოებში მუშაობის სათანადო წელთანამსახურობა. მითითებული კანონის მე-2 მუხლის მიხედვით წელთა ნამსახურობისათვის პენსია არის კანონით გათვალისწინებული საპენსიო უზრუნველყოფის ერთ-ერთი სახეობა. აღნიშნული მუხლის თანახმად «სამხედრო მოსამსახურეებს, თუ მათ აქვთ სამხედრო სამსახურში ამ კანონით დადგენილი წელთა ნამსახურობა, უფლება აქვთ მიიღონ პენსია წელთა ნამსახურობისათვის. სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც დაინვალიდდნენ ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უფლება აქვთ მიიღონ პენსია ინვალიდობის გამო. სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის ან გარდაცვალების შემთხვევაში მისი ოჯახის წევრებს უფლება აქვთ მიიღონ პენსია მარჩენალის დაკარგვის გამო. მეორე მსოფლიო ომისა და სხვა შეიარაღებული კონფლიქტების პერიოდში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უგზოუკვლოდ დაკარგულად ცნობილ პირთა ოჯახს უფლება აქვს მიიღოს პენსია მარჩენალის დაკარგვის გამო". ამავე კანონის მე-3 მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს ინვალიდობის პენსია დაენიშნებათ სამსახურის ხანგრძლივობის მიუხედავად. კანონის მე-10 მუხლით პენსიის გაანგარიშებისას სამხედრო ორგანოებში მუშაობის სათანადო წელთა ნამსახურობის მხედველობაში მიღება გათვალისწინებულია არა აღნიშნული კანონით გათვალისწინებული პენსიის ყველა სახეობისათვის, არამედ საპენსიო უზრუნველყოფის ისეთი სახეობისათვის, როგორიცაა წელთა ნამსახურობის პენსია, ანდა ამ კანონის პირველი მუხლის «ა" ქვეპუნქტში ჩამოთვლილ პირთათვის ინვალიდობის პენსიისა და მასზე დანამატის ოდენობის დადგენისათვის (მე-20, 21-ე, 22-ე მუხ.), მარჩენალის დაკარგვის გამო პენსიის ოდენობის დადგენისათვის (34-ე მუხ.). ამდენად, ვ. კ.-ისათვის «სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონით ომის ინვალიდობის პენსიის ოდენობის განსაზღვრა («2002წ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ომის ინვალიდებისათვის პენსია 45 ლარით განისაზღვრა), ცხადია, არ გამორიცხავს «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული შეღავათებით სარგებლობას. პალატა თვლის, რომ ვ. კ.-ს მითითებული კანონით გათვალისწინებული შემთხვევით, კერძოდ, მეორე მსოფლიო ომში სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდდა, რის გამო მას ჰქონდა ინვალიდობის პენსიის მიღების უფლება, რაც ამ კანონის მე-3, მე-9 და მე-16 მუხლების, მე-19 მუხლის «ა" ქვეპუნქტისა და სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის შესაბამისად განახორციელა კიდეც. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ 27.12.02წ. განჩინებით* განმარტა, რომ აღნიშნული კანონის მე-60 მუხლით დადგენილი საპენსიო შეღავათის მოპოვებისათვის კანონის პირველი მუხლის «ა" და «ბ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამხედრო მოსამსახურე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: იგი უნდა იყოს ფაშიზმის წინაარმდეგ 1941-45 წლების ომში მოპოვებული ისტორიული განმარჯვების მონაწილე, უნდა შეუსრულდეს 75 წელი, უნდა ჰქონდეს ოფიცრის წოდება და/ან იყოს სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდებული ომის I ან II ჯგუფის ინვალიდი. ვ. კ.-ი აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს, რის გამოც საკასაციო პალატა თვლის, რომ საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 17.05.02წ. გადაწყვეტილება ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნებს და უცვლელად უნდა დარჩეს.

კანონმდებლობის ნორმებს არ ემყარება «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" კანონის 1-ლი მუხლის «ბ" ქვეპუნქტის მოსარჩელეზე გავრცელების უარსაყოფად საკასაციო საჩივარში მოყვანილი მოსაზრებები იმის შესახებ, რომ არ დასტურდება ვ. კ.-ის თადარიგში დათხოვნის ფაქტი და რომ საერთო მობილიზაციის საფუძველზე გაწვეული პირები არ უტოლდებიან ვადიან მოსამსახურეებს. «სამხედრო ვალდებულებისა და სმხედრო სამსახურის შესახებ" კანონის 38.2 მუხლის თანახმად პირები, რომლებიც სამხედრო ვალდებულებას იხდიან, ითვლებიან ვადიან სამხედრო მოსამსახურეებად. აღნიშნული კანონის საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტის 26.10.98წ. ¹609 ბრძანებულებით დამტკიცებული «სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ” დებულების II თავის, აგრეთვე «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" კანონის 3.1 მუხლის მიხედვით სავალდებულო ვადიანი სამხედრო სამსახურის დაწყების დღედ ითვლება სამხედრო ნაწილში ბრძანებით ჩარიცხვის დღე, ხოლო სამხედრო სამსახურის დამთავრების დღედ _ კანონით დადგენილი სამხედრო სამსახურის ვადის გასვლისას პირადი შემადგენლობის სიიდან ამორიცხვის დღე. საკასაციო პალატა ვერ იქონიებს მსჯელობას ღირსების ორდენისათვის დანამატის დანიშვნასთან, აგრეთვე გასული პერიოდისათვის დანიშნული საპენსიო თანხის ოდენობასთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების მართლზომიერებაზე, ვინაიდან გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა ვ. კ.-ის მიერ.

უმართებულოა აგრეთვე კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სააპელაციო პალატის 17.05.02წ. გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში იმყოფება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 04.11.97წ. გადაწყვეტილებასთან. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებულ გადაწყვეტილებაში არ უმსჯელია ამ კანონის პირველი მუხლის «ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტებზე _ მეორე მსოფლიო ომში დაინვალიდებულ პირებზე, ვინაიდან საკონსტიტუციო სარჩელის ავტორი იყო არაინვალიდი, მეორე მსოფლიო ომში სერჟანტის წოდებით მონაწილე პირი.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, სსკ-ს 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 17.05.02წ. გადაწყვეტილება.

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

* ix. susg 2003, #