3გ-ად-231-კ-02 13 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მ.-ი (თავმჯდომარე),
ნ. სხირტლაძე,
მ. ვაჩაძე
დავის საგანი: «ბავშვთა კვებისა და სპეციალური დანიშნულების პროდუქტთა ლაბორატორიის შესახებ" საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის 15.12.97წ. ¹23 ბრძანების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
მოსარჩელე დ. ლ.-მ 12.07.2000წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნირებათა აკადემიის წინააღმდეგ და მოითხოვა ამ უკანასკნელის მიერ «ბავშვთა კვებისა და სპეციალური დანიშნულების პროდუქტთა ლაბორატორიის შესახებ" 15.12.97წ. ¹23 ბრძანების ბათილად ცნობა და ზიანის ანაზღაურება. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელემ მოხსნა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა. მოსარჩელე მოთხოვნას 15.12.97წ. ¹23 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე აფუძნებდა შემდეგ გარემოებებს: სქმ სამინისტროს 26.11.97წ. ¹1-3/706 ბრძანების საფუძველზე სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ბავშვთა კვების ლაბორატორია გადავიდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა (სსმმ) აკადემიის დაქვემდებარებაში. სსმმ აკადემიამ 15.12.97წ. ¹23 ბრძანებით ლაბორატორია გააუქმა და როგორც დამოუკიდებელი ბალანსის არმქონე სტრუქტურული ერთეული დაუქვემდებარა ... ინსტიტუტს. მოსარჩელემ მოითხოვა აღნიშნული ბრძანების ბათილად ცნობა, ვინაიდან რეგისტრირებული იურიდიული პირის გაუქმება ბრძანების საფუძველზე დაუშვებელია.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 08.09.2000წ. გადაწყვეტილებით დ. ლ.-ის სარჩელს უარი ეთქვა მოთხოვნის ხანდაზმულობისა და დაუსაბუთებულობის მოტივით.
დ. ლ.-ის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააპელაციო წესით. აპელანტმა მოითხოვა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 08.09.2000წ. გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 26.04.02წ. გადაწყვეტილებით დ. ლ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 08.09.2000წ. გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, დ. ლ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსმმ აკადემიის 15.12.97წ. ¹23 ბრძანება «ბავშვთა კვებისა და სპეციალური დანიშნულების პროდუქტთა ლაბორატორიის შესახებ". საქმის განხილვის შედეგად სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა ცნობილი, რომ კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის 23.10.92წ. ¹337 ბრძანების მე-2 პუნქტის თანახმად, ... ინსტიტუტის სპეციალური დანიშნულების პროდუქტთა განყოფილების ბაზაზე სამეურნეო ანგარიშზე შეიქმნა ბავშვთა კვებისა და სპეციალური დანიშნულების კვების პროდუქტების კვლევის ლაბორატორია. უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 09.12.92წ. დადგენილებით არ დაკმაყოფილდა ... ინსტიტუტის მოთხოვნა კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის სამინისტროს 23.10.92წ. ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე. ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგეობის მიერ 04.11.92წ. განკარგულებით რეგისტრაციაში გატარდა ბავშვთა კვებისა და სპეციალური დანიშნულების პროდუქტების წარმოების ლაბორატორიის წესდება, რომლის მიხედვით კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის სამინისტრის 23.10.92წ. ¹337 ბრძანებით შექმნილი «ლაბორატორიის" ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმად განისაზღვრა სახელმწიფო საწარმო. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ «სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლების შესახებ” კანონის მე-19 მუხლის თანახმად სახელმწიფო ქონება საწარმოს გადაეცემოდა სრულ სამეურნეო გამგეობაში, საწარმოს შექმნისა და რეგისტარციაში გატარების ფაქტი უდავოდ ხდის საწარმოსთვის ქონების გადაცემის ფაქტს. აღინიშნა, რომ განსახილველი საქმის დავის საგანს წარმოადგენს არა სსმმ აკადემიის მიერ თავისი წესდების საფუძველზე ორგანიზაციული დანაყოფების შექმნის, არსებულის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის უფლებამოსილება, არამედ მისი უფლებამოსილება დამოუკიდებელი იურიდიული პირის სტატუსის მქონე საწარმო დამოუკიდებელი ბალანსის არმქონე სტრურქტურული ერთეულის სახით გადასცეს ... ინსტიტუტის დაქვემდებარებაში, რაც თავისი სამართლებრივი ბუნებით უთანაბრდება საწარმოს ლიკვიდაციას. «სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლების შესახებ" კანონის მე-40 მუხლის თანახმად, საწარმოს ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია შეიძლება მოხდეს მესაკუთრის ან მისი უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებით, საწარმოს ლიკვიდაციის და რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება მიიღონ აგრეთვე სასამართლომ და საარბიტრაჟო სასამართლომ საწარმოს გაკოტრების შემთხვევაში. საწარმო ლიკვიდირებულად ან რეორგანიზებულად ითვლება სახელმწიფო რეგისტრაციიდან მისი ამოღების მომენტიდან. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სსმმ აკადემიის სადავო ბრძანების გამოცემის მომენტში ძალაში მყოფი «მეწარმეთა შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის კანონის თაობაზე" პარლამენტის დადგენილების მე-2 მუხლის თანახმად, კანონის ამოქმედებამდე კერძო სამართლებრივი წესით შექმნილი საწარმოები ექვემდებარებოდნენ ხელახალ რეგისტრაციას 1996წ. 1 სექტემბრამდე. ამავე დადგენილების მე-4 მუხლისა და «მეწარმეთა შესახებ" კანონის 5.8 მუხლის შესაბამისად, თუ რეგისტრირებული საწარმო არ აკმაყოფილებს რეგისტრაციის პირობებს ან ეს პირობები მოგვიანებით ისპობა, რეგისტრაცია უქმდება, რეგისტრაციის გაუქმებამდე შეცდომით რეგისტრირებული საწარმო განიხილება უშეცდომოთ რეგისტრირებულად. სააპელაციო პალატის მიერ აღინიშნა, რომ მოწინააღმდეგე მხარემ ვერ წარმოადგინა ლაბორატორიის რეგისტრაციის გაუქმების რაიმე დოკუმენტი. სასკ-ს მე-17 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული აქტის ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. პალატამ აღნიშნა აგრეთვე, რომ სქმ სამინისტროს 20.11.97წ. ბრძანების შესრულების მიზნით სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მიერ 17.12.97წ. გამოიცა ბრძანება, რომლითაც შეიქმნა ლაბორატირიის სსმმ აკადემიის დაქვემდებარებაში გადაცემის კომისია. ამასთანავე, სსმმ აკადემიის სადავო ბრძანება, რომლითაც ლაბორატორიას დაექვემდებარა ... ინსტიტუტს, 15.12.97წ. არის მიღებული. ამდენად, სსმმ აკადემია, მისთვის ლაბორატორიის გადმოცემადე, უფლებამოსლი არ იყო განესაზღვრა ლაბორატორიის შემდგომი სტატუსი.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ვინაიდან სადავოდ არ ყოფილა ქცეული სქმ სამინისტროს 20.11.97წ. ბრძანება, ვერ იქცევა სადავოდ სსმმ აკადემიის 15.12.97წ. ¹23 ბრძანება. პალატამ მიუთითა, რომ სქმ სამინისტროს ბრძანება ითვალისწინებს ლაბორატორიის სსმმ აკადემიის დაქვემდებარებაში გადასვლას, მასში არაფერია ნათქვამი ლაბორატორიის ლიკვიდაციაზე. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აგრეთვე პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გაცდენის შესახებ. პალატამ აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ 30.12.97წ. დადგენილებაში მხარეებს წინადადება მიეცათ დავის გადასაწყვეტად მიემართათ სასამართლო ორგანოებისათვის. დადგენილება გასაჩივრდა გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში, რომლის მიერაც 27.07.2000წ. მიღებული განჩინება გასაჩივრდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში. კანონის ანალოგიის გამოყენებით სასამართლომ მიიჩნია, რომ სსკ-ს 138-ე მუხლის მიხედვით ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოებისათვის ან სასამრთლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსმმ აკადემიის მიერ, რომელიც ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით დ. ლ.-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. კასატორი აღნიშნავს, რომ 1997წ. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ თხოვნით მიმართა სსმმ აკადემიას და სქმ სამინისტროს, რათა მის დაქვემდებარებაში არსებული ბავშვთა კვებისა და სპეცპროდუქტების ლაბორატორია გადაეყვანათ აკადემიის დაქვემდებარებაში, რადგან დაფინანსების უქონლობის გამო დაარსების დღიდან ლაბორატორია არ ფუნქციონირებდა. სქმ მინისტრმა 20.11.97წ. გამოსცა ბრძანება აკადემიის დაქვემდებარებაში ლაბორატორიის გადაცემის შესახებ. აღნიშნული ბრძანების გამოცემამდე დ. ლ.-ემ თხოვნით მიმართა სამინისტროს იურიიდული პირის სტატუსის სტატუსის აღდგენის შემდეგ აკადემიის დაქვემდებარებაში ლაბორატორიის გადაცემის შესახებ. სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აკადემიას შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდება, რომ ლაბორატორიას არანაირი ქონება არ გააჩნდა. საქმეში არ მოიპოვება ლაბორატორიისათვის რაიმე ქონების გადაცემის შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისად, ლაბორატორია არ წარმოადგენდა იურიდიულ პირს, სსმმ აკადემიას სადავო ბრძანებით არ მოუხდენია იურიდიული პირის ლიკვიდაცია, მიუხედავად იმისა, რომ აკადემიის სისტემაში შემავალი ორგანიზაციები ფუნქციონირებენ იურიდიული პირის სახით და აკადემიის წესდების მიხედვით აკადემიას აქვს მათი რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის უფლება. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა სააპელაციო პალატის 26.04.02წ. გადაწყვეტილების გაუქმებით ახალი გადაწყვეტილების მიღება, დ. ლ.-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საკასაციო პალატის სხდომაზე საქმის განხილვისას დ. ლ.-მ სსმმ აკადემიის საკასაციო საჩივარი მიიჩნია უსაფუძვლოდ და ითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება. კასატორის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის მოტივების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენით და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მასალებზე დაყრდნობით დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოება: საქართველოს რესპუბლიკის ... ინსტიტუტის სპეციალური დანიშნულების პროდუქტთა განყოფილების ბაზაზე ბავშვთა კვებისა და სპეციალური დანიშნულების კვების პროდუქტთა ლაბორატორიის სამეურნეო ანგარიშზე შექმნა და ინსტიტუტიდან გამოყოფა მოხდა საქართველოს რესპუბლიკის კვებისა და გადამამუშავებული მრეწველობის მინისტრის მოვალეობის შემსრულების 23.10.92წ. ¹337 ბრძანების საფუძველზე. სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ბავშვთა კვებისა და სპეციალური დანიშნულების პროდუქტთა ლაბორატორიის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის დაქვემდებარებაში გადაცემა განხორციელდა სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს 02.10.97წ. ¹3-1-3/854 წერილისა და სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 20.11.97წ. ბრძანების საფუძველზე. სსმმ აკადემიის პრეზიდენტის 15.12.97წ. ¹23 სადავო ბრანებით ლაბორატორია დაექვემდებარა სსმმ აკადემიის ... ინსტიტუტს, როგორც დამოუკიდებელი ბალანსის არმქონე სტრურქტურული ერთეული. ამდენად, ... ინსტიტუტი და სოფლის მეურენობისა და სურსათის სამინისტრო წარმოადგენენ სადავო სამართალურთიერთობის მონაწილეებს, რომლის თაობაზეც მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასკ-ს მე-16 მუხლის საფუძველზე ... ინსტიტუტი და სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო სასამართლოს ინიციატივით საქმეში მესამე პირებად უნდა ჩაბმულიყვნენ.
საკასაციო პალატა საჭიროდ თვლის საქმეზე დავის საგნის დაზუსტებას. პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 20.11.97წ. ¹1-3/706 ბრძანება, რომლითაც სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ბავშვთა კვებისა და სპეციალური დანიშნულების პროდუქტთა ლაბორატორია სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის დაქვმედებარებაში იქნა გადაცემული. ლაბორატორიის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის დაქვემდებარებაში გადაცემის მიზნით, ამავე ბრძანებით განისაზღვრა კომისიის შექმნა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ «ბავშვთა კვებისა და სპეციალური დანიშნულების პროდუქტთა ლაბორატორიის შესახებ" საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის 15.12.97წ. ¹23 ბრძანება არ ამოიწურება ლაბორატორიის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ... ინსტიტუტისადმი დაქვემდებარებით, სადავო ბრძანება შეიცავს აგრეთვე მითითებას სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 20.11.97წ. ¹1-3/706 ბრძანების სახელმძღვანელოდ და შესასრულებლად მიღების შესახებ, ლაბორატორიის დადგენილი წესით მიღება-ჩაბარებისათვის კომისიის შექმნის, კომისიის პერსონალური შემადგენლობის, ბრძანების შესრულებაზე კონტროლის განხორციელების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეს არ გაუხდია სადავოდ «სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ბავშვთა კვებისა და სპეციალური დანიშნულების პროდუქტთა ლაბორატორიის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის დაქვემდებარებაში გადაცემის შესახებ" საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 20.11.97წ. ¹1-3/706 ბრძანება, აღნიშნული ბრძანების მითითების საფუძველზე მიღება-ჩაბარების კომისიის შექმნა, მოსარჩელე ითხოვდა სსმმ აკადემიის პრეზიდენტის 15.12.97წ. ¹23 ბრძანების მთლიანად ბათილად ცნობას. სასარჩელო მოთხოვნის წინააღმდეგობრივი ხასიათის მიუხედავად, სააპელაციო სასამართლომ არ დააზუსტა სსმმ აკადემიის პრეზიდენტის ბრძანების რომელი პუნქტის ბათილად ცნობას ითხოვდა დ. ლ.-ე და 26.04.02წ. გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა რა დ. ლ.-ის სარჩელი მთლიანად, სსმმ აკადემიის პრეზიდენტის 15.12.97წ. ¹23 ბრძანება «ბავშვთა კვებისა და სპეციალური დანიშნულების პროდუქტთა ლაბორატორიის შესახებ" ცნო ბათილად, რაც განაპირობებს მიღებული გადაწყვეტილების წინააღმდეგობრივ ხასიათს. ერთის მხრივ, სააპელაციო პალატა, 26.04.02წ. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მოყვანილი მსჯელობის მიხედვით, შესაძლებლად თვლის სსმმ აკადემიის პრეზიდენტის სადავო ბრძანების ბათილობის საკითხის დაყენებას სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 20.11.97წ ¹1-3/706 ბრძანების გაუქმების მოთხოვნის გარეშე, ხოლო, მეორეს მხრივ, სადავო ბრძანების მთლიანად ბათილად ცნობის შედეგად, უარყოფილ იქნა სადავო ბრძანების ის ნაწილი, რომელიც უთითებს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 20.11.97წ. ¹1-3/706 ბრძანების შესრულების, ლაბორატორიის მიღება-ჩაბარებისათვის კომისიის შექმნის, მისი პერსონალური შემადგენლობის განსაზღვრის საჭიროებას. გადაწვეტილების სამოტივაციო ნაწილში სააპელაციო სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ დავის საგანი წარმოადგენს სსმმ აკადემიის უფლება დამოუკიდებელი იურიდიული პირის სტატუსის მქონე საწარმო დაქვემდებარებაში გადასცეს დამოუკიდებელი ბალანსის არმქონე სტრუქტურული ერთეულის სახით ... ინსტიტუტს. ამასთანავე, სადავო ბრძანების მთლიანად ბათილად ცნობით სასამართლო გასცდა დავის საგანს. მიიჩნევს რა ლაბორატორიას დამოუკიდებელი იურიდიული პირის სტატუსის მქონე საწარმოდ, სასამართლომ არ იქონია მსჯელობა იმის შესახებ თუ რა დანიშნულება და სამართლებრივი შედეგი აქვს დამოუკიდებელი იურიდიული პირის სტატუსის მქონე საწარმოს სსმმ აკადემიის დაქვემდებარებაში გადაცემას. სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მოყვანილი მსჯელობიდან გაურკვეველი რჩება თუ ვის მიიჩნევს სასამართლო სადავო ბრძანების მიღების პერიოდისათვის ლაბორატორიის დამფუძნებლად, მის ლიკვიდაციის უფლებამოსილ პირად.
საკასაციო პალატა დაუსაბუთებლად თვლის და არ იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის სადავო ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტასთან დაკავშირებით. სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ 30.12.97წ. დადგენილება, აგრეთვე გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 27.07.2000წ. განჩინება და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 06.09.2000წ. განჩინება, რომელსაც უთითებს სააპელაციო სასამართლო, არ იძლევა სკ-ს 138-ე მუხლის ანალოგიის საფუძველზე ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტილად მიჩნევის საფუძველს, ვინაიდან 30.12.97წ. დადგენილება ეხება სისხლის სამართლის საქმის არაღძვრასთან დაკავშირებით წინათ გამოტანილი დადგენილებების კანონიერების გადამოწმების საკითხს. 30.12.97წ. დადგენილებით გასარკვევ საკითხთა ჩამონათვალში არ ფიგურირებს სადავო ბრძანების მართლზომიერების საკითხი, იგი სადავო ბრძანების მიღებამდე განვითარებული მოვლენების (კერძოდ, მინისტრის 23.10.92წ. ¹337 ბრძანების შეუსრულებლობის, გაყოფის უწყისის შეუდგენლობის, ლაბორატორიაში შესასვლელი კარის გადაკეტვის მიზეზების და სხვა საკითხებს) გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესაძლებლობას ეხება. 30.12.97წ. დადგენილებით უარი ითქვა სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე. დ. ლ.-ის მიერ სასამართლოში გასაჩივრდა 03.07.98წ. ნ. ბ.-ს მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ გლდანის რაიონის პროკურატურის 15.11.99წ. დადგენილება. გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 28.07.2000წ, დადგენილებით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 06.09.2000წ. განჩინებით დ. ლ.-ეს უარი ეთქვა ინსტიტუტის დირექტორის _ ნ. ბ.-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ გლდანის რაიონის პროკურატურის 15.11.99წ. დადგენილების გაუქმებაზე, რაც შეეხება სადავო ბრძანებას, იგი მიღებულია სსმმ აკადემიის პრეზიდენტის ვ. მ.-ის და არა ინსტიტუტის დირექტორის _ ნ. ბ.-ს მიერ, სადავო ბრძანება არ წარმოადგენდა პროკურატურის და სასამართლო ორგანოების განხილვის საგანს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საფუძველს მოკლებულია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება სკ-ს 138-ე მუხლის ანალოგიით გამოყენების ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის თაობაზე. ხანდაზმულობის ვადის გაცდენის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ უნდა იქონიოს მსჯელობა განსახილველ სამართალურთიერთობათა მიმართ «მეწარმეთა შესახებ" კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული ვადის გამოყენების შესაძლებლობაზე. სსმმ აკადემიის სადავო ბრძანებას სააპელაციო პალატა მიიჩნევს ადმინისტრაციულ აქტად და აღნიშნავს, რომ სასკ-ს მე-17 მუხლის თანახმად ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციული აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. საკასაციო პალატა თვლის, რომ ხანდაზმულობის ვადის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ უნდა იქონიოს მსჯელობა სსმმ აკადემიის სადავო ბრძანების ბუნებაზე, მხედველობაში არის მისაღები ის, რომ თავისი არსით დამოუკიდებელი იურიდიული პირის სტატუსის მქონე საწარმოს ლიკვიდაცია წარმოადგენს გარიგებას. პალატის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სადავო ბრძანების მიღებისას არ იყო გაუქმებული რეგისტრაცია, არ ადასტურებს სსმმ აკადემიის პრეზიდენტის ბრძანების უსაფუძვლობას, ვინაიდან სადავო ბრძანების დამფუძნებლის გადაწყვეტილებად მიჩნევის შემთხვევაში, ბრძანება იქცეოდა რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 26.04.02წ. გადაწყვეტილება.
2. საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაკისრების საკითხი გადაწყდეს დავაზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისას.
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.