Facebook Twitter

3გ-ად-239-კ-02 24 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: ორი სახეობის პენსიის დანიშვნა.

აღწერილობითი ნაწილი:

შ. ვ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, რომელშიც აღნიშნა, რომ 14.04.99წ. შეუსრულდა 75 წელი, მას, როგორც ომის ვეტერანთან გათანაბრებულ პირს, დანიშნული აქვს პენსია 35 ლარის ოდენობით, “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგაონების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" კანონის მე-60 მუხლის თანახმად ეკუთვნის მოხუცებულობის პენსიაზე დანამატი ორი მინიმალური პენსიის ოდენობით, რომლის დანიშვნაზე უარს აცხადებს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გორის განყოფილება (ამჟამად, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გორის ფილიალი). მოსარჩელემ მოითხოვა მოხუცებულობის პენსიაზე დანამატის დანიშვნა ორი მინიმალური პენსიის ოდენობით.

გორის რაიონული სასამართლოს 08.02.02წ. გადაწყვეტილებით შ. ვ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მას დაენიშნა დანამატი მოხუცებულობის პენსიისათვის დაწესებული ორი მინიმალური პენსიის ოდენობით (28 ლარი). გორის რაიონული სასამართლოს 08.02.02წ. გადაყწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ერთიანი სახელმწიფო ფონდის გორის განყოფილების მიერ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 30.05.02წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 08.02.02წ. გადაწყვეტილება, სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა ცნობილი, რომ შ. ვ-ი არის შრომის ვეტერანი, 10.12.47წ. დაჯილდოვდა მედლით “დიდ სამამულო ომში 1941-1945წწ. თავდადებული შრომისათვის”, 16.05.84წ. დაჯილდოვდა მედლით “შრომის ვეტერანი”, შ. ვ-ი გათანაბრებულია მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან და დანიშნული აქვს 35 ლარის ოდენობის პენსია. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" კანონის 1-ლი მუხლი ითვალისწინებს საპენსიო უზრუნველყოფას სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილი პირებისათვის. ვინაიდან შ. ვ-ი არ წარმოადგენს მითითებული ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირს, მასზე არ უნდა გავრცელდეს კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული შეღავათი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა შ. ვ-ის მიერ. კასატორი აღნიშნავს, რომ არის ომის ვეტერანთან გათანაბრებული პირი, რის საფუძველზეც დანიშნული აქვს 35 ლარის ოდენობის პენსია. ვინაიდან არის ომის მონაწილეებთან გათანაბრებული პირი, “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლის თანახმად ეკუთვნის მოხუცებულობის პენსიისა და მასზე კანონით გათვალისწინებული დანამატის მიღების უფლება. კასატორი აღნიშნავს აგრეთვე, რომ გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შევიდა მისი გამოცხადების დღიდან, ანუ 08.02.02წ., ხოლო სააპელაციო საჩივარი 13.03.02წ. იქნა შეტანილი. ვინაიდან გასაჩივრების ვადა შეადგენს ერთ თვეს და არა 32 დღეს, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შესულად უნდა ჩაითვალოს.

მოწინააღმდეგე მხარეს შესაგებელი არ წარუდგენია, მხარეები საკასაციო პალატის სხდომაზე არ გამოცხადნენ. საქმე, სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის, სასკ-ს 261-ე მუხლის საფუძველზე განხილულ იქნა მხარეთა დასწრების გარეშე, საქმეში არსებული მასალების საფუძველზე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ შ. ვ-ი 10.12.47წ. დაჯილდოვდა მედლით “1941-45 წლების დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისათვის", ხოლო 16.05.84წ. მედლით “შრომის ვეტერანი". ამდენად, “ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ" კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, შ. ვ-ი, როგორც ომის წლებში მამაცური შრომისათვის დაჯილდოვებული პირი, ითვლება მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან გათანაბრებულ პირად, რის გამო სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონმდებლობით პენსია განესაზღვრა 35 ლარის ოდენობით. “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" კანონის 1-ლი მუხლი განსაზღვრავს საპენსიო უზრუნველყოფის მქონე პირებს. აღნიშნული მუხლის თანახმად ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებით და წესებით საპენსიო უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი, საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქარათველოს მოქალაქეობის მქონე პირები. შ. ვ-ი მითითებული ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი პირი არ არის. აღნიშნული კანონის 1-ლი მუხლის “ა" ქვეპუნქტი ეხება ოფიცრებს, ზევადიანი სამხედრო მოსამსახურეებს, შს ორგანოების რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირებს; ,,ბ" ქვეპუნქტი _ სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდებული სამხედრო სამსახურის მოსამსახურეებს; “გ" ქვეპუნქტი _ საკონცენტრაციო ბანაკებში იძულებით მყოფ მეომრებს და სხვა პირებს; “დ" ქვეპუნქტი _ მეორე მსოფლიო ომის დროს საკონცენტრაციო ბანაკებსა და გეტოებში მყოფ არასრულწლოვან პატიმრებს. შ. ვ-ი აღნიშნულ კატეგორიათა რიცხვს არ განეკუთვნება, შესაბამისად მასზე ვერ გავრცელდება მითითებული კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული ორი სახეობის პენსიის _ ომის ინვალიდობის მიხედვით და მოხუცებულობის გამო ერთდროულად მიღების, მოხუცებულობის პენსიაზე დანამატის _ მოხუცებულობისათვის დაწესებული ორი მინიმალური პენსიის ოდენობით დანიშვნის უფლება. “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-60 მუხლით დადგენილი საპენსიო შეღავათების მოპოვებისათვის კანონის 1-ლი მუხლით გათვალისწინებული პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: იგი უნდა იყოს 1941-45 წლების ომის მონაწილე, შესრულებული უნდა ჰქონდეს 75 წელი, უნდა ჰქონდეს ოფიცრის წოდება და/ან იყოს სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდებული ომის I ან II ჯგუფის ინვალიდი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შ. ვ-ი ზემოაღშნინული კანონით განსაზღვრულ საპენსიო უზრუნველყოფის მქონე პირთა კატეგორიას არ განეკუთვნება, რადგან იგი არის არა ომის მონაწილე, არამედ ომის მონაწილეებთან გათანაბრებული პირი, იგი ვერ ჩაითვლება სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან თადარგში დათხოვნილ პირად, რის გამო მას არა აქვს ორი სახეობის პენსიისა და პენსიასზე დანამატის მიღების უფლება. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ შ. ვ-ი არ განეკუთვნება იმ პირთა წრეს, რომლებზედაც ვრცელდება კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული შეღავათები. კასატორის საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი “ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ" 17.10.95წ. კანონით და სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონმდებლობის საფუძველზე უნდა გადაწყდეს.

საკასაციო პალატა არ იზიარებს აგრეთვე საკასაციო საჩივარში მოყვანილ მოსაზრებას მოწინააღმდეგე მხარის მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონოთ დადგენილი ვადის გაცდენის თაობაზე. გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანილ იქნა 08.02.02წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად. გადაწყვეტილების გასაჩივრება დაიშვებოდა ერთი თვის ვადაში მისი გამოცხადების დღიდან. სააპელაციო საჩივარი ფონდის განყოფილების უფროსს სასამართლოს მიერ 20.02.02წ. გაეგზავნა. მოწინაღმდეგე მხარის სააპელაციო საჩივარი 13.03.02წ. არის დათარიღებული. სსკ-ს 369-ე მუხლის თანახმად სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს ერთ თვეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამდენად, კასატორს არ დაურღვევია გასაჩივრების კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადა. სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა გადაწყვეტილების გამოცხადების მომენტიდან იწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. გორის რაიონული სასამართლოს 08.02.02წ. გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრებოდა ფონდის წარმომადგენელი, რომელსაც არ ჰქონდა რაიონული სასამართლოს გასაჩივრების უფლება. ფონდის გორის განყოფილების მიერ განყოფილების ინსპექტორზე გაცემული 01.02.02წ. ¹70 რწმუნება არ ანიჭებდა რწმუნებულს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებას, სსკ-ს 98-ე მუხლის თანახმად, უფლებამოსილება სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ უფლებას აძლევს წარმომადგენელს მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა სპეციალური უფლებამოსილების, სწორედ ამგვარ უფლებამოსილებათა რიგს განეკუთვნება სასამართლოს გადაყწვეტილების გასაჩივრების უფლება, რომლის შესახებ მითითებას არ შეიცავს 01.02.02წ. ¹70 რწმუნება. ამდენად, სასამართლოს სხდომაზე მოტივირებული გადაწყვეტილების გამოცხადების შემთხვევაშიც, გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა ვერ დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადების მომენტიდან. გარდა ამისა, გადაწყვეტილების გამოცხადებისას სასამართლოს მიერ არ იქნა დაცული სასკ-ს მე-12 მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნები, რომლის თანახმადაც პროცესის მონაწილე პირს სასამართლო აქტით უნდა განემარტოს გასაჩივრების შესაძლებლობა, ორგანო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი. 08.02.02წ. გადაწყვეტილებაში არ არის აღნიშნული იმ ორგანოს ადგილმდებარეობა, რომელშიც შეიძლება გადაწყვეტილების გასაჩივრება. სასკ-ს მე-12 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული რომელიმე მოთხოვნის დარღვევით გასაჩივრების უფლების განმარტების შემთხვევაში, გასაჩივრება დაიშვება სასამართლო აქტის გამოტანიდან ერთი წლის განმავლობაში. სააპელაციო საჩივრის დადგენილი ვადის დარღვევით შეტანას არ ადასტურებს აგრეთვე ის გარემოება, რომ 08.02.02წ. გადაწყვეტილების აღსასრულებლად გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, სააპელაციო პალატამ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა იგი, რის გამო არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

საკასაციო პალატა “სახელმწფიო ბაჟის შესახებ" კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის “რ" ქვეპუნქტის საფუძველზე ათავისუფლებს კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შ. ვ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის გადაწყვეტილება.

2. შ. ვ-ი გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.