გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-242-კ-03 11 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი,
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: ბინის ორდერის და პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმება და ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურმა სამმართველომ სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხე დ. შ-ის და ქობულეთის გამგეობის მიმართ და მოითხოვა დ. შ-ის სახელზე 1997წ. 10 ოქტომბერს გაცემული ¹013906 ორდერის გაუქმება, მოპასუხის ბინიდან გამოსახლება და ბინის თავისუფალ მდგომარეობაში აჭარის რეგიონალური სამმართველოსათვის ჩაბარება. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993წ. 6 აგვისტოს ¹603 დადგენილების თანახმად, რუსეთის ფედერაციის ჯარების ჯგუფი თავიანთ საუწყებო საბინაო ფონდში სამხედრო მოსამსახურეებს ბინებს აძლევდა დროებით სარგებლობისათვის, მათი სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდის ვადით. რადგან დ. შ-ე საზღვრის დაცვის დეპარტამენტში არ მსახურობდა, ამიტომ მის სახელზე გაცემული ორდერი უნდა გაუქმებულიყო და ბინა თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარებოდა.
ქ. ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურმა სამმართველომ, რომელმაც რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით დ. შ-ის ოჯახის წევრებთან ერთად ბინიდან გამოსახლება, ბინის თავისუფალ მდგომარეობაში აჭარის რეგიონალურ სამმართველოსათვის ჩაბარება და პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვა. აგრეთვე მოითხოვა საქმეში მესამე პირად ქობულეთის ნოტარიუსის მ. კ-ის ჩართვა.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 22 აპრილის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი და გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. გაუქმდა დ. შ-ეზე და მისი ოჯახის წევრებზე 1997წ. 10 ოქტომბერს გაცემული ორდერი, გაუქმდა ფოთის რეგიონალურ ბაზა ¹3-ის წარმომადგენლის რ. რ-ას და დ. შ-ეს შორის 2001წ. 23 აგვისტოს დადებული ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება, ბინიდან გამოსახლდა დ. შ-ე მასთან მცხოვრებ მეუღლესა და შვილებთან ერთად, ბინა თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდა საზღვრის დაცვის დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურ სამმართველოს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქობულეთის გამგეობამ დ. და ვ. შ-ეებმა. ქობულეთის გამგეობამ, რომლებიც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას მოითხოვენ. კასატორები მიუთითებენ, რომ ტექბიუროს მონაცემებით ბინა მოსარჩელეს ბალანსზე არ ირიცხება და სადავო იყო საკითხი იმის შესახებ საერთოდ იყო თუ არა იგი უფლებამოსილი მოეთხოვა დ. შ-ის ოჯახის ბინიდან გამოსახლება. გარდა ამისა, კასატორი აღნიშნავს, რომ 1993 წლიდან 2002 წლამდე სამხედრო ნაწილებს არ მოუთხოვიათ მათი გამოსახლება და ამჟამად გასული იყო როგორც ძველი, ასევე ახალი სკ-ით დადგენილი 3 წლიანი და 6 წლიანი ხანდაზმულობის ვადა. ბინა პრივატიზებულია, წარმოადგენს კერძო საკუთრებას და სასამართლოს ეს გარემოებაც უნდა გაეთალისწინებინა.
კასატორთა აზრით, სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის 107-ე დადგენილება და მისი 3 პუნქტი, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ: 1992წ. 1 თებერვლისა და 1994წ. 5 აგვისტოს საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ¹107 და ¹520 დადგენილების თანახმად, შ. შ-ის ოჯახს ეკუთვნოდა ბინის პრივატიზება. სკ-ს 159-ე და 162-ე მუხლების საფუძველზე დ. შ-ე და მისი ოჯახი ნამდვილად არიან მართლზომიერი კეთილსინდისიერ მფლობელები, ხოლო მოსარჩელე კი მესაკუთრე არ არის.
მიაჩნიათ, რომ აჭარის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატამ 2003წ. 22 აპრილის გადაწყვეტილების გამოტარისას არაბიექტურად და მიკერძოებულად შეაფასა საქმის გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები. გამოიყენა ისეთი კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ასევე არასწორად განმარტა კანონი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებისა და საკასაციო საჩივრების მოტივების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. შ-ის და ქობულეთის საკრებულოს საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინიტსრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 22 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
1. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორთა მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სარჩელი არაუფლებამოსილი პირის მიერ არის აღძრული და განმარტავს, რომ საქმეში არსებული ქობულეთის გამგეობის და ტექაღრიცხვის სამსახური გაცემული ცნობების საფუძველზე დადგენილია, რომ ... მდებარე 9 სართულიანი, 54 ბინიანი საცხოვრებელი სახლი ირიცხებოდა ამიერკავკასიის სასაზღვრო ჯარების ქობულეთის ნაწილი ¹2464-ის ბალანსზე, რომელიც შემდეგ გადავიდა სამხედრო ნაწილი ¹2016-ის ბალანსზე, რომელიც სამართალმემკვიდრეობის სახით გადაეცა სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურ სამმართველოს 1999წ. ოქტომბერში.
ასევე არ უნდა იქნეს გაზიარებული კასატორთა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ დ. შ-ის სახელზე გაცემული ორდერის გაუქმების მოთხოვნა ქობულეთის გამგეობის 1997წ. 26 ივლისის ¹19 დადგენილების გარეშე შეუძლებელი იყო, რადგან ორდერის გაცემის საფუძველს წარმოადგენდა გამგეობის გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო კასატორთა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველო სადავოდ არ ხდის. 1992წ. 10 ივნისის ¹35 საოქმო გადაწყვეტილებით დ. შ-ისათვის ბინის გამოყოფის კანონიერებას, რომელიც შემდგომ გამგეობის გადაწყვეტილებით დამტკიცდა და გაიცა ორდერი. არამედ იგი სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ ორდერში არ აღინიშნა, რომ იგი გაიცა სამსახურებრივ ბინაზე.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ქობულეთში ... მდებარე ¹31 ბინა წარმოადგენდა სამსახურებრივ ბინას შემდეგ გარემოებათა გამო: რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ნაწილის ¹2464 1992წ. 10 ივნისის ¹35 ოქმით დაკმაყოფილდა რუსეთის ფედერაციის ჯარების სამხედრო მოსამსახურის დ. შ-ის თხოვნა და გამოეყო ქობულეთში ... მდებარე ¹31 საუწყებო ბინა.
სამხედრო ნაწილი ¹2016-ის 1997წ. 15 მაისის წერილის საფუძველზე აღნიშნული ოქმი (¹35) დამტკიცდა ქობულეთის გამგეობის 1997წ. 26 ივნისის დადგენილებით და 10 ოქტომბერს გაიცა ბინის ორდერი.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურე დ. შ-ეზე ბინის გაცემა მოხდა საბინაო კოდექსის 112-ე მუხლის საფუძველზე. ვინაიდან დ. შ-ე სამხედრო ნაწილი ¹2464-თან იმყოფებოდა შრომით ურთიერთობაში რის გამოც მას სამსახურებრივი ბინის სარგებლობის უფლება ჰქონდა. ამდენად, საცხოვრებელი სადგომის მიცემის საფუძველს წარმოადგენდა გამქირავებელსა და დამქირავებელს შორის შრომითი ურთიერთობის არსებობა.
ამიერკავკასიაში რუსეთის ფედერაციის ჯარების ჯგუფის სარდლის 1996წ. 11 იანვრის ¹5 ბრძანების პირველი პუნქტით საქართველოში რუსეთის ფედერაციის ჯარების ჯგუფის კუთვნილი მთლიანი საბინაო ფონდი ჩაითვალა სამსახურებრივ თანრიგში. აღნიშნული ბრძანების თანდართული დებულების მე-4 პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი სადგომები, რომლებიც შედიან საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ რუსეთის ფედერაციის ჯარების ჯგუფის კუთვნილ საბინაო ფონდში, წარმოადგენენ სამსახურებრივ საცხოვრებელ სადგომებს. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას უდავოდ დადგენილად მიაჩნია, რომ სადავო ბინა წარმოადგენდა სამსახურებრივ სადგომს. რასაც ის გარემოებაც ადასტურებს, რომ ბინაზე ორდერი გაიცა იმ დროს მოქმედი საბინაო კოდექსის 115-ე მუხლის შესაბამისად, რომლის თანახმად, სამსახურებრივი საცხოვრებელი სადგომის მიცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაცია, რომლის გამგებლობაშიც არის სამსახურებრივი საცხოვრებელი სადგომები. მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე გამგეობა მოქალაქეს აძლევს ბინის ორდერს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ქობულეთის საკრებულოს გამგეობის მიერ სამხედრო მოსამსახურე დ. შ-ეზე რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ნაწილის ბალანსზე რიცხული ბინის მიცემა შეესაბამება საბინაო კოდექსის 115-ე მუხლით დადგენილ სამსახურებრივი საცხოვრებელი სადგომის მიცემის წესს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურებრივი ბინის გადაცემა დ. შ-ისათვის, თავისთავად გულისხმობდა ბინის გარკვეული დროით სარგებლობისათვის გადაცემას, რაც გამომდინარეობდა საბინაო კოდექსის 116-ე მუხლის მოთხოვნიდანაც, რომლის თანახმად, მუშები და მოსამსახურეები, რომელთაც შეწყვიტეს შრომითი ურთიერთობა საწარმოსთან, დაწესებულებასთან, ორგანიზაციასთან გამოსახლებული უნდა იქნენ სამსახურებრივი საცხოვრებელი სადგომებიდან მათთან ერთად მცხოვრები ყველა პირითურთ სხვა საცხოვრებელი სადგომის მიუცემლად. აღნიშნული ნორმისაგან განსხვავებულ წესს არც საქართევლოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993წ. 6 აგვისტოს ¹603 დადგენილება ადგენდა, რომლის მე-14 პუნქტის თანახმად საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დროებით დისლოცირებული რუსეთის ფედერაციის ჯარების ჯგუფი და ყოფილი სსრ კავშირის სამხედრო უწყებები თავიანთ საუწყებო ფონდში სამხედრო მოსამსახურეებს ბინებს აძლევენ დროებითი სარგებლობისათვის, საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მათი სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდის ვადით. ამასთან, ზემოაღნიშნული დადგენილებით დამტკიცებული დროებითი დებულების I-ლი თავის მე-2 პუნქტის მიხედვით: საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო უწყებათა სარგებლობაში გადაცემული საცხოვრებელი ფართობიდან ბინით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან გენერლები, ადმირალები, ოფიცრები და ზემდეგები თავიანთი ოჯახებით. ამასთან გენერლებსა და ადმირალებს ბინები უვადო სარგებლობის უფლებით ეძლევათ, ხოლო დანარჩენ ოფიცერთა შემადგენლობას სამსახურებრივი დანიშნულებით. აღნიშნულიდან გამომდინარე უსაფუძვლოა კასატორთა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ დ. შ-ეს ბინა მუდმივი სარგებლობისათვის გადაეცა, რადგან ზემდეგების მხოლოდ სამსახურებრივი დანიშნულებით გადაეცემოდათ ბინა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორი მსჯელობა იქონია 2001წ. 23 აგვისტოს შესრულებულ ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების მიმართ და დამატებით აღნიშნავს, რომ სადავო ბინის სამსახურებრივ დანიშნულებაზე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება გაფორმდა არა ადგილობრივი მმართველობის ორგანოსთან, არამედ ფოთის რეგიონალური ბაზა ¹3-თან, რომელიც მართალია წარმოადგენს სამხედრო უწყებას, მაგრამ სადავო ბინა მის ბალანსზე არასოდეს ირიცხებოდა და არც სამართალმემკვიდრეობის წესით მიუღია.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლოს აზრით, სააპელაციო სასამართლომ სწორი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, მაგრამ საქმე განიხილა ისე, რომ მოსარჩელეს არ შესთავაზა დ. შ-ის ოჯახის წევრების, მოპასუხეებად ჩართვა, რადგან (მეუღლე და შვილები) ისინი გათვალისწინებული არიან ბინის ორდერში და ორდერის ბათილობა და ბინიდან გამოსახლება მათ უფლებებსაც შეეხება, რომელთა თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი, რის გამოც უნდა გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 22 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაბურუნდეს იმავე სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ. შ-ის და ქობულეთის საკრებულოს საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს:
2. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 22 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებით;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.