3გ-ად-244-კ-02 8 მაისი, 2003 წ. ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: განპიროვნებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების ცნობა, მიღება-ჩაბარების აქტების გაუქმება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბაღდათის რაიიონულ სასამართლოს 25.05.2000წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა მ. ბ-ემ, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეებზე _ ფ. ყ-ზე და მ. ყ-ზე გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტების გაუქმება და თავისი 27.01.95წ. გარდაცვლილი ძმის _ უ. ბ-ის მემკვიდრედ ცნობა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ უ. ბ-ის გარდაცვალების შემდეგ გარდაცვლილს არ დარჩა პირველი რიგის მემკვიდრე, მოსარჩელე და მისი ძმა _ ჯ. ბ-ე არიან მეორე რიგის მემკვიდრეები, ჯ. ბ-ეს უარი აქვს ნათქვამი სამკვიდრო ქონების მიღებაზე მოსარჩელის _ მ. ბ-ის სასარგებლოდ. უ. ბ-ე 1992-93 წლებში, როგორც სოფლის მეურნეობაში დასაქმებული პირი, წარმოადგენდა პირველი კატეგორიის კომლს, რის გამოც კასატორს მიეზომა მიწის ნაკვეთის ზღვრული ნორმა _ 0,60 ჰა, ამის თაობაზე არსებობს მიწის მიზომვის აბრისები და შესაბამის პირთა ახსნა-განმარტებები. აღნიშნულ მიწის ნაკვეთს უ. ბ-ე ფლობდა და ამუშავებდა გარდაცვალებამდე, გარდაცვალების შემდეგ მოსარჩელემ მოითხოვა თავისი ძმის _ უ. ბ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის მისთვის გადაცემა, რაზედაც სოფელ ........-ის საკრებულომ უარი განუცხადა იმ მოტივით, რომ უ. ბ-ეზე არ ყოფილა გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი. უფრო მეტიც, უ. ბ-ის კუთვნილი ნაკვეთიდან 0,20 ჰა ნაკვეთი გადაეცა ფ. ყ-ს და მ. ყ-ს. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მიწის მართვის ადგილობრივი სამსახურებისათვის სახელმძღვანელოდ დაგზავნილი საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის 24.05.99წ. განმარტებითი წერილის თანახმად, თუ 1992წ. 1 იანვრის შემდეგ კომლს გამოეყო მიწის ნაკვეთი, კომლის უკანასკნელი წევრის გარდაცვალების შემთხვევაში მემკვიდრეს უნდა გამოეყოს ნაკვეთი, მიუხედავად ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის გაცემისა. ძმის გარდაცვალების შემდეგ მის დანაშთ ქონებას ფლობს მოსარჩელე, ამუშავებს მის კუთვნილ მიწის ნაკვეთს, გარდა სადავო 0,20 ჰა ნაკვეთისა, რომელზედაც მიმდინარეობს დავა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ფ. ყ-სა და მ. ყ-ზე გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტების გაუქმება, სამკვიდროს მიღების ვადის აღდგენა, უ. ბ-ის მემკვიდრედ და მისი დანაშთი ქონების _ 0,60 ჰა მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ ცნობა.
ვანის რაიონული სასამართლოს 17.10.2000წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მ. ბ-ეს უარი ეთქვა ფ. ყ-სა და მ. ყ-ზე გაცემული მიწის ნაკვეთების მიღება-ჩაბარების გაუქმებაზე, მოსარჩელეს აღუდგა სამკვიდროს მიღების გაშვებული ვადა და იგი ცნობილ იქნა მისი ძმის დანაშთი ქონების, კერძოდ, მის საკუთრებაში მყოფ 0,40 ჰა მიწის ნაკვეთზე, რომელიც 0,20 ჰა-ით უნდა შეივსოს მამისეული ნაკვეთიდან, ამასთანავე, სამკვიდრო ქონებიდან ამოირიცხა 0,20 ჰა მიწის ნაკვეთი, რომელსაც ფლობენ ფ. ყ-ი და მ. ყ-ი. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მ. ბ-ის მიერ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოპასუხე ფ. ყ-სა და მ. ყ-ზე მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტების ბათილად გამოცხადებაზე უარის თქმის ნაწილში და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა აგრეთვე ფ. ყ-ისა და მ. ყ-ის მიერ, რომლებმაც მოითხოვეს გადაწყვეტილების გაუქმება მოსარჩელეზე მემკვიდრეობის აღდგენის ნაწილში.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 14.03.02წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ვანის რაიონული სასამართლოს 17.10.2000წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ აწ გარდაცვლილი უ. ბ-ის კომლი განეკუთვნებოდა პირველი კატეგორიის კომლს, ვინაიდან იგი იყო სოფლად მუდმივად მცხოვრები და სოფლის მეურნეობაში დასაქმებული პირი. სოფ. ......-ის საკრებულოს საკოლმეურნეო მიწების ზონარგაყრილი წიგნისა და კოლმეურნეობის ¹....., ¹...... ბრიგადის 20.03.92წ. საიჯარო საინვენტარიზაციო ჟურნალის დათვალიერების შედეგად დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ აწ გარდაცვლილ უ. ბ-ეს საკარმიდამო მიწის ნაკვეთის სახით მიწის რეფორმამდე ეწერა 0.28 ჰა, რომელიც სარეფორმო კომისიის მიერ აზომვისას 0,38 ჰა აღმოჩნდა. საინვეტარიზაციო ჟურნალი არ შეიცავს მონაცემებს იმის შესახებ, რომ უ. ბ-ეს, როგორც პირველი კატეგორიის კომლს, შეევსო მიწის ნაკვეთი 0,60 ჰა-მდე, მაშინ, როდესაც აღნიშნული ჟურნალის ჩანაწერების საფუძველზე სარეფორმო კომისია შემდეგში გასცემდა მიწის მიღება-ჩაბარების აქტებს. უ. ბ-ის სახელზე არ გაფორმებულა რაიმე აქტი მიწის ნაკვეთის გაცემაზე. პალატამ მიუთითა, რომ გაპიროვნება, როგორც ასეთი, არ იძლევა რაიმე უპირატესობას და არ წარმოადგენს სადავო მიწის ნაკვეთის მიზომვის აუცილებელ პირობას და იგი, საქმის სხვა გარემოებებთან ერთად, წარმოადგენს მიწის ნაკვეთის სამართლიანი განაწილებისათვის გასათვალისწინებელ ფაქტორს. პალატამ კანონიერად მიიჩნია ფ. ყ-სა და მ. ყ-ზე მიღება-ჩაბარების აქტების გაცემა, ვინაიდან მინისტრთა კაბინეტის ¹39 დადგენილებით და საქართველოს პრეზიდენტის 22.02.95წ. ¹45 ბრძანებულებით ქალაქად მცხოვრები მოქალაქეები სარგებლობენ მიწის ნაკვეთის იმ სოფლებში მიღების უფლებით, საიდანაც ისინი არიან წარმოშობილი.
სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია ფ. ყ-ის და მ. ყ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი და აღნიშნა, რომ მოსარჩელის ძმამ _ ჯ. ბ-ემ უარი განაცხადა უ. ბ-ის დანაშთ ქონებაზე მ. ბ-ის სასარგებლოდ. უ. ბ-ის გარდაცვალებამდე მის კომლში ჩაწერილი იყო მ. ბ-ის შვილი _ ა. ბ-ე, მართალია, ჩაწერა გაუქმდა, მაგრამ დანაშთ ქონებას ფლობდა და განაგებდა მ. ბ-ე. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მინისტრთა კაბინეტის 22.09.92წ. ¹949 დადგენილებისა და სახელმწიფო საბჭოს 21.10.92წ. ¹29 დეკრეტის საფუძველზე 1993 წლიდან კოლმეურნეობის გაუქმებასთან დაკავშირებით შეიცვალა საკოლმეურნეო კომლის იურიდიული სტატუსი და იგი ჩამოყალიბდა საკომლო მეურნეობად, რომელიც საკოლმეურნეო კომლისაგან განსხვავებით წარმოადგენს ფერმერულ მეურნეობას. ამდენად, კომლზე რიცხული მიწის ნაკვეთისა და სხვა ქონების გადასვლა მემკვიდრეობის წესით ხორციელდება სკ-ს მოთხოვნათა შესაბამისად. სსკ-ს 1421-ე მუხლის თანახმად მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილას სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ უარი თქვა შეგებებული სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა მ. ბ-ის მიერ. კასატორი აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი ძირითადად ეყრდნობა ......-ის საკრებულოს მიწათმომწყობის მ. ყ-ის ჩვენებებს, გადაწყვეტილებით აბსოლუტურად იგნორირებულია მიწის რეფორმის სასოფლო კომისიის ყოფილი წევრების ახსნა-განმარტებანი და საკრებულოს იმჟამინდელი ხელმძღვანელობის ჩვენებები. კასატორი უსაფუძვლოდ თვლის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მიწის ნაკვეთი უ. ბ-ეს მამის საკარმიდამოდან უნდა შევსებულიყო, ვინაიდან არ არსებობს აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი. განცხადება მიწის ნაკვეთის გადაცემაზე არ იყო საჭირო, ვინადაინ უ. ბ-ეს კომლი განეკუთვნებოდა პირველი კატეგორიის კომლს, რომელსაც ეკუთვნოდა ამ კატეგორიის კომლისათვის დაწესებული ზღვრული ნორმის შევსება. მიწის პრივატიზაციის სამუშაოებს სოფელში ადგილობრივ სარეფორმო კომისიასთან ერთად ასრულებდა “ს-ის" სპეციალისტთა ჯგუფი, რომელმაც პრაქტიკული საქმიანობა 02.03.94წ. შემდეგ დაიწყო. უ. ბ-ის საცხოვრებელ უბანში მიწების აზომვა 1995 წ. დასაწყისში მოხდა. ჯგუფმა, რომელშიც მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად ადგილობრივი კომისიის წევრებიც მონაწილეობდნენ, ისარგებლა ჯერ კიდევ 22.04.92წ. სოფლის ყრილობის მიერ არჩეული სარეფორმო კომისიის მუშაობის შედეგებით, უ. ბ-ეს საკარმიუდამო ნორმა შეუვსო მასზე მანამდე გაპიროვნებული საკარმიდამოსათვის გამოყოფილი ნაკვეთთან ერთ საზღვარში მყოფი ნაკვეთიდან და არა გარდაცვლილის მშობლის ნ. ბ-ის საკარმიდამო ნაკვეთიდან. კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სოფ. .......-ის საკრებულოს 1520 კომლიდან მიწის მიღება-ჩაბარების აქტი გაცემული იყო მხოლოდ 200-მდე კომლზე, რაც სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ დანარჩენ კომლებს მიწის ნაკვეთი დაეკარგებოდათ კომლის უკანასკნელი წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, ვინადაინ არსებობდა კომისიის მასალები (“აბრისები"), რომელთა საფუძველზე კომისია აგრძელებდა აქტების გაცემას და თუ უ. ბ-ის გარდაცვალებამდე აქტი არ იყო გაცემული, ამაზე თვით საკრებულომ უნდა აგოს პასუხი. უ. ბ-ე საკარმიდამო ნაკვეთის გვერდით (ერთი საზღვარში) ამუშავებდა და უვლიდა მასზე განპიროვნებულ საკოლმეურნეო ვენახს, ხოლო მიწის რეფორმის პირველივე დღიდანვე ნაკვეთი მას მიეზომა, რომელსაც ფლობდა და პატრონობდა. უ. ბუაძის სიცოცხლეში აღნიშნული ნაკვეთის თაობაზე არც ერთი განცხადება არ შესულა საკრებულოში ან სარეფორმო კომისიაში, ვინაიდან მთელმა სოფელმა იცოდა, რომ ნაკვეთი უ. ბ-ეს ეკუთვნოდა. უ. ბ-ისათვის სადავო ნაკვეთის მიზომვა, ამის თაობაზე შუალედური აქტის მიღება დასტურდება საკრებულოს იმჟამინდელი მდივნის და კომისიის წევრების ახსნა-განმარტებიდან.
კასატორი აღნიშნავს აგრეთვე, რომ ფ. ყ-ს მიწის ნაკვეთი უკანონოდ გამოეყო უ. ბ-ის დანაშთი საკარმიდამოდან უ. ბ-ის გარდაცვალებიდან 6 თვეზე ნაკლებ ვადაში. სოფლის მოსახლეობის 02.03.94წ. ყრილობის გადაწყვეტილებით სოფლისა და რაიონის ფარგლებს გარეთ მცხოვრებთათვის დაწესდა ნაკვეთების გადაცემა სოფლის ფარგლებს გარეთ, ფართობ “.........-ში". ფ. ყ-ი ნაკვეთის გამოყოფიდან ერთი წლის შემდეგ ჩაეწერა სოფ. .......-ში. ის, რომ სადავო ნაკვეთი კასატორს ეკუთვნის დასტურდება ვანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებიდან, რომლის სარეზოლუციო ნაწილით სამკვიდროს ქონებიდან ამოირიცხა 0,20 ჰა მიწის ნაკვეთი, რაც ადასტურებს ფ. ყ-ზე და მ. ყ-ზე გაცემული მიღება-ჩაბარების აქტების გაუქმების მოთხოვნის საფუძვლიანობას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის საოლქო სასამართლოსათვის გადაცემა.
საკასაციო პალატის სხდომაზე საკასაციო საჩივრის მოთხოვნის დაზუსტების შედეგად კასატორმა მოითხოვა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი სასარჩელო მოთხოვნა, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლებმა საკასაციო საჩივრის საფუძვლები არ ცნეს და ითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ საკასაციო საჩივრის ფარგლებში საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემომწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა საკრებულოს საკოლმეურნეო მიწების ზონარგაყრილი წიგნებისა და ამავე კოლმეურნეობის ¹....., ¹...... ბრიგადის 20.03.92წ. საიჯარო საინვენტარიზაციო ჟურნალის დათვალიერების შედეგად დადგენილად მიიჩნევს, რომ აწ გარდაცვლილ უ. ბ-ეს საკარმიდამო მიწის ნაკვეთის სახით მიწის რეფორმამდე ეწერა 0,28 ჰა, რომელიც სარეფორმო კომისიის მიერ აზომვისას აღმოჩნდა 0,38 ჰა, საქმეში არ მოიპოვება უ. ბ-ისათვის, სადავო მიწის ნაკვეთის ხარჯზე 0,60 ჰა-მდე შევსების რაიმე მონაცემები. სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნავს, რომ მიწის ნაკვეთის გაპიროვნება, როგორც ასეთი, არ იძლევა რაიმე უპირატესობას და არ წარმოადგენს სადავო მიწის ნაკვეთის მიზომვის აუცილებელ პირობას, ნაკვეთის ზღვრულ ნორმამდე შევსება მამა-პაპისეული საკარმიდამოდან უნდა მომხდარიყო. სააპელაციო პალატის არგუმენტაცია მოყვანილი იყო იმ მოსაზრების გასამყარებლად, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე აწ გარდაცვლილ უ. ბ-ეს არ გააჩნდა რაიმე უფლება, შესაბამისად სადავო ნაკვეთი არ შეადგენდა გარდაცვლილის სამკვიდრო ქონებას. მიუხედავად ამისა, სააპელაციო პალატამ უცვლელად დატოვა ვანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით სადავო ტერიტორიაზე განლაგებული ფ. ყ-ისა და მ. ყ-ის მფლობელობაში მყოფი მიწის ნაკვეთები ამორიცხულ იქნა სამკვიდრო ქონებიდან. ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობრივია, სასამართლო მსჯელობა არ შეესაბამება სასამართლოს მიერ გაკეთებულ დასკვნებს.
სასამართლომ მინისტრთა კაბინეტის 16.01.93წ. ¹39 დადგენილებაზე და საქართველოს პრეზიდენტის 22.02.95წ. ¹45 ბრძანებულებაზე მითითებით, მართებულად მიიჩნია ფ. ყ-სა და მ. ყ-ზე მიწის ნაკვეთების მიღება-ჩაბარების აქტების გაცემა. ამასთანავე, სასამართლომ არ იქონია მსჯელობა იმაზე, თუ როდის გაიცა სადავო ფართზე მიღება-ჩაბარების აქტები, მიღება-ჩაბარების აქტების გაცემისას ირიცხებოდა თუ არა ა. ბ-ე კომლის წევრად, რომელი აქტით მოხდა უ. ბ-ის კომლისაგან 0,20 ჰა ფართობის ჩამოჭრა, რომელიც შემდგომში გაუქმდა ......-ის სოფლის საკრებულოს გამგეობის 31.08.97წ. ¹68 დადგენილებით.
გაურკვეველია, აგრეთვე საქმის მონაწილეთა პროცესუალური სტატუსი. მ. ბ-ე თავის სასარჩელო განცხადებაში მოპასუხედ ასახელებს სოფ. ......-ის საკრებულოს, ხოლო ფ. ყ-სა და მ. ყ-ს მესამე პირებად. ვანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაში ფ. ყ-ი და მ. ყ-ი მესამე პირებად არიან ნახსენები. სააპელაციო ინსტანციის სასამართლო უკანასკნელთ ასახელებს მოპასუხეებად, თუმცა საქმეში არ მოიპოვება მათი სტატუსის შეცვლის თაობაზე რაიმე პროცესუალური აქტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, კერძოდ, ფ. ყ-ზე გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტების გაუქმების, მიწის ნაკვეთის მამისეული ნაკვეთიდან შევსების, სადავო ნაკვეთის სამკვიდრო ქონებიდან ამორიცხვის ნაწილში, ამ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს 14.03.02წ. განჩინება მ. ბ-ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში. ამ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.'
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.