გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-259კ-02 7 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი, ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება, უკანონო მფლობელობიდან ნახევარსარდაფის გამოთხოვა.
აღწერილობითი ნაწილი:
კასატორმა ნ.ფ-მა 1998წ. 3 აპრილს სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში და მოპასუხე ლ. მ-ის საკუთრებაში გადაცემული სარდაფის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და მის მფლობელობაში გადაცემა მოითხოვა, ასევე ქ. ბათუმის მერიის ტექნიკური კომისიის 1998წ. 28 მაისის ¹4 ოქმისა და მ-ის საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ ¹14 აქტის ბათილად ცნობა მოითხოვა სადავო სარდაფის ნაწილში და სადავო სარდაფის თავისი შვილისათვის საკუთრებაში გადაცემა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 30 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ნ.ფ-ის მიერ გასაჩივრდა სააპელაციო წესით. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2000წ. 21 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001წ. 10 იანვრის განჩინებით.
ნ.ფ-მა 2001წ. 23 ივლისს განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 30 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა შემდეგი საფუძვლით: 2001წ. 18 ივლისს მისთვის ცნობილი გახდა, რომ 1966 წელს მომხდარი განქორწინების შემდეგ, ლ.პ-ს მიეკუთვნა გვარი მ-ე, რაც მმაჩის ორგანოს მიერ გაცემული განქორწინების მოწმობის ასლიდან დასტურდება. საქმეში არსებული 1998წ. 28 მაისის სადავო ¹14 აქტით პ-ს საკუთრებაში დაუკანონდა თვითნებურად აშენებული ფართი და ფ-ისათვის წართმეული ნახევარსარდაფი, 1966 წლიდან კი ლ. პ-ა სამოქალაქო მდგომარეობის რეგისტრაციის თვალსაზრისით აღარ არსებობს, რის გამოც მის გვარზე რაიმე საკუთრების უფლების დამადასტურებული აქტის გამოცემა, ნ.ფ-ის აზრით, უკანონოა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 13 სექტემბრის განჩინებით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 30 ივნისის გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება. ნ.ფ-მა 2001წ. 9 ოქტომბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოში აღძრული სარჩელით დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა: ქ.ბათუმის მერიის ტექკომისიის 1998წ. 28 მაისის ¹4 ოქმის გაუქმება ლ.პ-სთან დაკავშირებულ ნაწილში და მის საფუძველზე გაცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის ¹14 გაუქმება (რომლითაც მოპასუხე მ-ეს საკუთრებაში დაუმტკიცდა სადავო ნახევარსარდაფი); მ-ის მფლობელობიდან ნახევარსარდაფის გამოთხოვა; მერიის ტექინვენტარიზაციის სამსახურისა და არქიტექტურის სამმართველოს მიერ ნახევარსარდაფის მისი შვილის – გ.წ-ის საკუთრებაში გაფორმება, ვინაიდან გ.წ-ეს იმ ეზოში, სადაც ნახევარსარდაფი მდებარეობს, აქვს საცხოვრებელი ფართი, მას კი ამ მისამართზე საცხოვრებელი ფართი აღარ გააჩნდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 1 მარტის გადაწყვეტილებით ნ.ფ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, რაც ნ.ფ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 1 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად საქალაქო სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის გადაცემა.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 13 ივნისის გადაწყვეტილებით, უსაფუძვლობის გამო, არ დაკმაყოფილდა ნ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 13 სექტემბრის განჩინება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა არარსებობის გამო; ასევე გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 1 მარტის გადაწყვეტილება და ნ.ფ-ს შემდეგი საფუძვლებით ეთქვა უარი ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 13 სექტემბრის განჩინებით კანონის დარღვევით მოხდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 30 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება, რადგან სსკ-ს 423-ე მუხლით გათვალისწინებული საქმის წარმოების განახლების იურიდიული საფუძველი არ არსებობდა. სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია ნ.ფ-ის მოსაზრება, რომ ქ.ბათუმის მერიის ტექნიკური ინვენტარიზაციის 1998წ. აქტით ნახევარსარდაფი დაუკანონდა ლ.პ-ს, რომლის გვარიც მაშინ მ-ე იყო და ეს ფაქტი რომ ყოფილიყო სასამართლოსათვის ცნობილი, მისი სასარგებლო გადაწყვეტილების გამოტანას გამოიწვევდა. სასამართლოს აზრით, სახელის შეცვლა არ წარმოადგენს იმ უფლებებისა და მოვალეობების შეწყვეტის ან შეცვლის საფუძველს, რომლებიც შეძენილი იყო ადრინდელი სახელით, თანახმად სკ-ს მე-17 მუხლის მე-3 ნაწილისა, ხოლო ლ.პ-ა და ლ.მ-ე რომ ერთი და იგივე პიროვნებაა, დადგენილია საქმეში არსებული მტკიცებულებებით. 1998წ. მაისში სახლმფლობელობის პ-ას სახელზე დაკანონება იმის გამო მოხდა, რომ სახლის მფლობელად ანუ მესაკუთრედ (რომლის შემადგენელ ნაწილსაც წარმოადგენს სადავო ნახევარსარდაფი) აღრიცხული იყო ლ.პ-ა. ამდენად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 30 ივნისის გადაწყვეტილებას საფუძვლად არ ედო კანონის დარღვევა და სამართლებრივი თვალსაზრისით არც მისი გაუქმების საფუძველი არსებობდა;
2. სააპელაციო პალატამ ნ.ფ-ის სარჩელი ბათუმის მერიის აქტის ბათილად ცნობის შესახებ დაუშვებლად მიიჩნია, რადგან აღნიშნული აქტით ლ.მ-ის საკუთრებად აღირიცხა სადავო ნახევარსარდაფი, რითაც ნ.ფ-ის უფლება არ დარღვეულა, ვინაიდან მას ამ დროისათვის უკვე გასხვისებული ჰქონდა ... მდებარე სახლმფლობელობა და არც აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილის საკუთრებაში გადაცემაზე მოთხოვნის დაყენების უფლება გააჩნდა. ამდენად, პალატის აზრით, ნ.ფ-ი აღარ იყო დაინტერესებული მხარე, ამიტომ მას არ ჰქონდა აღნიშნული ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების უფლება;
3. სკ-ს 150-ე მუხლის მიხედვით, სადავო ნახევარსარდაფი არის ლ.მ-ის საცხოვრებელი ბინის არსებითი შემადგენელი ნაწილი, მისი იურიდიული ბედი მთლიანად დაკავშირებულია ძირითად ნივთთან – საცხოვრებელ ბინასთან და იგი არ შეიძლება იყოს ცალკე უფლების ობიექტი;
4. სააპელაციო პალატის აზრით, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანილია სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» პუნქტის დარღვევით, რადგან საქმე განხილულია სამოქალაქო სამართალწარმოების წესით მაშინ, როდესაც აღნიშნული საქმე ადმინისტრაციულ დავას წარმოადგენს. ამასთან, გადაწყვეტილება ასევე ვერ პასუხობს სსკ-ს 394-ე მუხლის «ე» პუნქტის მოთხოვნებს. სსკ-ს 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, რადგან საქმის წარმოების განახლების შესახებ განჩინება ცალკე არ საჩივრდება, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მისი კანონიერების შემოწმება უნდა მოხდეს არსებით გადაწყვეტილებასთან ერთად და ამიტომ საქალაქო სასამართლოს არსებით გადაწყვეტილებასთან ერთად ისიც გააუქმა.
სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 13 ივნისის გადაწყვეტილება ნ.ფ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა შემდეგი მოტივებით:
1. კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანილია სსკ-ს 394-ე მუხლის «ზ» პუნქტის მოთხოვნათა დარღვევით, რადგან იგი იმ მოსამართლეთა მიერაა მიღებული, რომლებიც ადრეც მონაწილეობდნენ ამ საქმის განხილვაში და გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია;
2. სააპელაციო სასამართლომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 და 27-ე მუხლების იგნორირებით, საქმე განიხილა მოპასუხე არქიტექტურის სამმართველოს დაუსწრებლად, რომელსაც არ განუცხადებია თანხმობა მის გარეშე საქმის განხილვის შესახებ და სასამართლოს არც საქმის არსებითი გარემოებების შესახებ უმსჯელია;
3. კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლო გასცდა სსკ-ს 377-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ სააპელაციო საჩივრის ფარგლებს და გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმების ნაცვლად, განიხილა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 13 სექტემბრის განჩინება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ. ამასთან, კასატორის აზრით, სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ს 102-ე მუხლი მტკიცებულებათა ყოველმხრივ სრულად და ობიექტურად განხილვის შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002წ. 18 დეკემბრის განჩინებით, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ დაკმაყოფილდა საკასაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა აჭარის ა/რ. უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 13 ივნისის გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლოს განჩინებაზე ნ.ფ-მა შეიტანა განცხადება და სსკ-ს 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტის საფუძველზე, მოითხოვა განჩინების ბათილად ცნობა და საკასაციო წარმოების განახლება, რაც დაკმაყოფილდა უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003წ. 6 მარტის განჩინებით, ბათილად იქნა ცნობილი საკასაციო სასამართლოს 2002წ. 18 დეკემბრის განჩინება და განახლდა საკასაციო წარმოება. ნ. ფ-ის საკასაციო საჩივარი განმეორებით განხილულ იქნა მხარეთა დასწრების გარეშე, თანახმად სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილისა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ.ფ-ის საკასაციო საჩივარი, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 13 ივნისის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
1. უსაფუძვლობის მოტივით, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სსკ-ს 394-ე მუხლის «ზ» პუნქტის დარღვევაზე კასატორის მითითებას, რომლის თანახმადაც: «გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება გამოტანილია იმ მოსამართლეების მიერ, რომლებიც ამ საქმის განხილვაში ადრე მონაწილეობდნენ». საქმის მასალების მიხედვით, აღნიშნული საქმე 2000წ. 21 აგვისტოს განიხილა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატამ თ.ქ-ის, დ.ა-ისა და თ.წ-ის შემადგენლობით და ამჟამად, 2002წ. 13 ივნისს საქმის განხილვაშიც იგივე მოსამართლენი _ თ.წ-ე და თ.ქ-ე _ მონაწილეობდნენ, რაც კასატორის აზრით, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. უსწრობის გამო, საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება სსკ-ს 394-ე მუხლის «ზ» პუნქტის ამგვარ განმარტებას, რადგან მითითებული ნორმის მიხედვით, კანონის დარღვევით მიღებულად ითვლება მხოლოდ ის გადაწყვეტილება, თუ იგი ამავე კოდექსის 29-ე მუხლის დარღვევით არის გამოტანილი, რომელიც იმპერატიულად კრძალავს იმ მოსამართლის განმეორებით მონაწილეობას სააპელაციო ან საკასაციო ინსტანციის სასამართლოს საქმის განხილვაში, რომელიც ადრეც მონაწილეობდა ამ საქმის პირველი ან სააპელაციო ინსტანციის წესით განხილვაში. მოსამართლე თ.ქ-ე და თ.წ-ე რადგან 2000წ. 21 აგვისტოს მონაწილეობდნენ ამ საქმის აჭარის ა/რ უმაღლეს (სააპელაციო) სასამართლოში საქმის განხილვაში, სსკ-ს 29-ე და 394-ე მუხლის «ზ» პუნქტის თანახმად, მათ გააჩნდათ აღნიშნული საქმის კვლავ სააპელაციო წესით განხილვაში მონაწილეობის პროცესუალური უფლება და საკასაციო სასამართლოს აზრით, საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველზე მითითება უსაფუძვლოა.
კასატორის მიერ მითითებულ პროცესუალურ დარღვევას სპეციალური ნორმის სახით, მართალია, ითვალისწინებდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლი, რომლის თანახმადაც მოსამართლე ვერ მიიღებდა მონაწილეობას საქმის განხილვაში, თუ იგი ამ საქმესთან დაკავშირებით ადრე მონაწილეობდა სასამართლო ან ადმინისტრაციულ წარმოებაში, მაგრამ 2000წ. 25 ოქტომბრიდან აღნიშნული ნორმა შეიცვალა და ამჟამად მოქმედი ნორმის მიხედვით საქმის განხილვაში მხოლოდ იმ მოსამართლის მონაწილეობა იკრძალება, თუ იგი საქმესთან დაკავშირებით ადრე მონაწილეობდა ადმინისტრაციულ წარმოებაში, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია;
2. ასევე უსაფუძვლოა სსკ-ს 394-ე მუხლის «ე» პუნქტის დარღვევაზე მითითებაც, რადგან სააპელაციო პალატის 2002წ. 13 ივნისის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი ამავე კოდექსის 249-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისია. კერძოდ, საკასაციო პალატის აზრით, გადაწყვეტილება საკმაოდ დასაბუთებულია და მასში მოყვანილია სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები, სასამართლოს დასკვნები და მოსაზრებანი, რომლითაც სააპელაციო პალატამ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა არარსებობის გამო სწორად გააუქმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 13 სექტემბრის განჩინება და 2002წ. 1 მარტის გადაწყვეტილება, ვინაიდან სახელის შეცვლა, სკ-ს მე-17 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, არ წარმოადგენდა იმ უფლება-მოვალეობების შეცვლის ან შეწყვეტის საფუძველს, რომელიც ადრინდელი სახელით იყო შეძენილი და კასატორის მიერ ახლად აღმოჩენილ გარემოებად მითითებული ფაქტი, რომ ლ.პ-ა განქორწინების შემდეგ ლ.მ-ე გახდა, სამართლებრივად არ წარმოადგენდა სსკ-ს 423-ე მუხლით გათვალისწინებულ ახლად აღმოჩენილ გარემოებას;
3. საკასაციო პალატა სსკ-ს 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 და 27-ე მუხლების დარღვევით გადაწყვეტილების გამოტანის, მოპასუხე ბათუმის არქიტექტურის სამმართველოს დაუსწრებლად საქმის განხილვის შესახებ, რადგან აღნიშნულ საპროცესო დარღვევას შედეგად არ მოჰყოლია საქმეზე უსწორო გადაწყვეტილების გამოტანა. ამასთან, აღნიშნული საფუძვლით საკასაციო საჩივრის შეტანის პროცესუალური უფლება გააჩნდა მხოლოდ ბათუმის არქიტექტურის სამმართველოს, რომლის წარმომადგენლის გარეშეც იქნა სააპელაციო საჩივარი განხილული და არა კასატორ ნ.ფ-ს, რომლის პროცესუალური უფლებებიც არ შელახულა და სააპელაციო საჩივრის განხილვა მისი წარმომადგენლის მონაწილეობით ჩატარდა;
4. საკასაციო პალატა, უსაფუძვლობის გამო, ასევე ვერ გაიზიარებს სსკ-ს 377-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევაზე, კერძოდ სააპელაციო საჩივრის ფარგლების გადაცილებაზე კასატორის მითითებას, რადგან აღნიშნული ნორმის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო ვალდებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შეამოწმოს სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ე.ი. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლო ვალდებული იყო ნ.ფ-ის სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შეემოწმებინა მხოლოდ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 1 მარტის გადაწყვეტილება, მაგრამ საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს ამავე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია: “სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც გამოტანილია საქმის პირველ ინსტანციაში განხილვასთან დაკავშირებით და რომლებიც წინ უსწრებს სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანას, იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა».
ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე განჩინების გასაჩივრებას ვინაიდან მოქმედი სსკ-ს არ ითვალისწინებს (ამ კოდექსის 429-ე მუხლის მიხედვით, შესაძლებელია მხოლოდ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრება), ამიტომ კოდექსის 377-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლო პროცესუალურად უფლებამოსილი იყო ნ.ფ-ის სააპელაციო საჩივრის განხილვასთან ერთად შეემოწმებინა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 13 სექტემბრის განჩინების კანონიერება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა არარსებობის გამო გაეუქმებინა იგი მით უფრო, რომ სსკ-ს 423-ე მუხლის უსწრო განმარტების შედეგად საქმის წარმოების განახლების შემდეგ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 1 მარტის ახალი გადაწყვეტილებით კვლავ არ დაკმაყოფილდა კასატორ ნ.ფ-ის სარჩელი და არსებითად ისევ ლ.მ-ის სასარგებლო გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი, რის გამოც ლ.მ-ე პროცესუალურად არაუფლებამოსილი იყო სააპელაციო წესით გაესაჩივრებინა მისი სასარგებლო გადაწყვეტილება და ამ გზით სადავოდ გაეხადა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 13 სექტემბრის განჩინება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ.
ამრიგად, საკასაციო პალატა, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ იზიარებს ნ.ფ-ის საკასაციო საჩივარს და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს სსკ-ს 410-ე მუხლის თანახმად და უცვლელად უნდა დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 13 ივნისის გადაწყვეტილება, რადგან საკასაციო საჩივარში მითითებულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია და სააპელაციო პალატამ სსკ-ს 377-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 423-ე მუხლის მართებული გამოყენება – განმარტებით გამოიტანა სწორი გადაწყვეტილება, რომელსაც საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 410-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ფ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 13 ივნისის გადაწყვეტილება;
3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.