Facebook Twitter

3გ-ად-263-კ-02 23 იანვარი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: საპენსიოს შეღავათის დანიშვნა.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 9 იანვარს კასატორმა გ. ტ.-მ სარჩელი აღძრა გორის რაიონულ სასამართლოში სოციალურიUუზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გორის რაიონული განყოფილების მიმართ ორი სახეობის პენსიის დანიშვნის თაობაზე. სასარჩელო განცხადებაში ტ.-მ აღნიშნა, რომ ის არის 77 წლია, დიდი სამამულო ომის მონაწილე, I ჯგუფის ინვალიდი, რის გამოც «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლის საფუძველზე, მოითხოვა ორი სახეობის პენსიის დანიშვნა შესაბამისი დანამატით.

გორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 11 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. ტ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს დაევალა ტ.-ისათვის მოხუცებულობის გამო მეორე სახეობის პენსიის დანიშვნა, დანამატით, მოხუცებულობის ორი მინიმალური პენსიის ოდენობით.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სოციალურიUუზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გორის განყოფილებამ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი თქმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 30 მაისის გადაწყვეტილებით საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გორის რაიონული განყოფილების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით უარი ეთქვა მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე შემდეგი საფუძვლებით:

გ. ტ.-ე დიდი სამამულო ომის მონაწილეა და 75 წელს გადაცილებული. ამით, სააპელაციო სასამართლოს აზრით, ის აკმაყოფილებს «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლის პირველ და მეორე კრიტერიუმებს, მაგრამ ორი სახეობის პენსიის დანიშვნა-მიღებისათვის აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს მესამე არსებით პირობას – I და II ჯგუფის ომის ინვალიდობას. გ. ტ.-ე ომის ინვალიდი არ არის და ამით ის ვერ აკმაყოფილებს მითითებული კანონის მე-60 მუხლის მოთხოვნას, რის გამოც ამ ნორმით გათვალისწინებული შეღავათი მასზე ვერ გავრცელდება და ის ვერ მოიპოვებს ორი სახეობის პენსიის ერთდროულად მიღების უფლებას.

გ. ტ.-მ თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატაში. კასატორმა მიუთითა, რომ იგი სავსებით აკმაყოფილებს «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლში მითითებულ სამივე კრიტერიუმს. კერძოდ:

1. იგი არის 77 წლის;

2. არის ომის II ჯგუფის ინვალიდი, რასაც ადასტურებს საქართველოს ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაცემული მოწმობა;

3. იღებს პენსიას, როგორც ომის ვეტერანი 45 ლარის ოდენობით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორი თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს მიერ დარღვეულია სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 პუნქტის «გ” ქვეპუნქტი. იგი მოითხოვს საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 30 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებას და გორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 11 თებერვლის გადაწყვეტილების ძალაში დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ტ.-ის საკასაციო საჩივარი, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთაA სააპელაციო პალატის 2002წ. 30 მაისის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

1. კასატორი «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლის საფუძველზე ითხოვს საპენსიო შეღავათის მასზე გავრცელებას. კანონის მე-4 მუხლის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეებს სურვილის შესაბამისად, როგორც წესი, ენიშნებათ მხოლოდ ერთი სახეობის პენსია, მაგრამ მე-60 მუხლი გამონაკლისის სახით ითვალისწინებს ორი სახეობის პენსიის დანიშვნას. სახელდობრ, აღნიშნული ნორმის მიხედვით: «ფაშიზმის წინააღმდეგ 1941-45 წლების ომში მოპოვებული ისტორიული გამარჯვების მონაწილეებს და მათთან გათანაბრებულ პირებს, რომლებსაც უკვე შეუსრულდათ 75 წელი და/ან არიან I და II ჯგუფის ინვალიდები, ეძლევათ ორი სახეობის პენსიის – ომის ინვალიდობის მიხედვით და მოხუცებულობის გამო (შრომის წელთა ნამსახურობისათვის) ერთდროულად მიღების უფლება, ამასთან მათ მოხუცებულობის პენსიაზე დაენიშნებათ დანამატი მოხუცებულობისათვის დაწესებული ორი მინიმალური პენსიის ოდენობით”.

2. სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოება, რომ კასატორი გ. ტ.-ე არის 1941-45 წლების დიდი სამამულო ომის მონაწილე, 77 წლის, იღებს პენსიას 45 ლარის ოდენობით. საქართველოს სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამედიცინო – სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის მიხედვით, 1999წ. 29 ნოემბრიდან გ. ტ.-ს უვადოდ დაუდგინდა პირველი ჯგუფის ინვლიდობა, საერთო დაავადების გამო და ამდენად, იგი არ არის კანონის პირველი მუხლის «ბ” პუნქტითაA და მე-19 მუხლის «ა” პუნქტით გათვალისწინებული ომის ინვალიდი ანუ კასატორი არ არის სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდებული ვადიანი სამხედრო მოსამსახურე ან სამხედრო ტრამვის შედეგად დაინვალიდებული პირი. ამიტომ საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გ. ტ.-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, რადგან კასატორი, მართალია, არის დიდი სამამულო ომის მონაწილე, 77 წლის პირი, მაგრამ ვინაიდან იგი არ არის ომის ინვალიდი და ინვალიდობა საერთო დაავადების ფონზე აქვს დადგენილი, იგი ვერ აკმაყოფილებს მე-60 მუხლით გათვალისწინებულ საპენსიო შეღავათის მიღების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას და საპენსიო შეღავათი მასზე ვერ გავრცელდება.

3. როგორც აღინიშნა, სააპელაციო პალატამ საქართველოს სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის მიხედვით დადგენილად ცნო, რომ კასატორ გ. ტ.-ს 1999წ. 29 ნოემბრიდან, საერთო დაავადების გამო, უვადოდ დაუდგინდა პირველი ჯგუფის ინვალიდობა. კასატორმა საკასაციო საჩივარს დაურთო საქართველოს ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაცემული მოწმობა ¹..., რომლის მიხედვითაც გ. ტ.-ე ომის მე-2 ჯგუფის ინვალიდია. საკასაციო პალატა საქმის გადაწყვეტისას აღნიშნულ მტკიცებულებას ვერ გაითვალისწინებს, რადგან საკასაციო სასამართლო, სსკ-ს 393-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას ამოწმებს მხოლოდ კანონის სწორად გამოყენება-განმარტების თვალსაზრისით და ახალი მტკიცებულებების წარდგენა საკასაციო ინსტანციაში პროცესუალურად დაუშვებელია. ამასთან, საქართველოს ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაცემული მოწმობა გ. ტ.-ის მე-2 ჯგუფის ომის ინვალიდობის შესახებ, საკასაციო პალატას საკმარისად სარწმუნო (უტყუარ) მტკიცებულებად არ მიაჩნია, ვინაიდან «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 23-ე მუხლის მიხედვით, ომის ინვალიდობის დამდგენი ორგანოა სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის კომისია და არა ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტი.

4. ,,სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის პირველი მუხლი განსაზღვრავს ამ კანონით დადგენილი წესითა და პირობებით საპენსიო უზრუნველყოფას დაქვემდებარებულ პირებს, ესენია «ა” პუნქტი - ოფიცრები და მეორე მსოფლიო ომში (შეიარაღებულ კონფლიქტებში) დაღუპული, უგზო-უკვლოდ დაკარგული ან იქ მიღებული ჭრილობა-კონტუზიის ან სხვა დაავადების შედეგად გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები, «ბ” - პუნქტი ომის ინვალიდები (გარდა ოფიცრებისა) და მარჩენალის დაკარგვის შემთხვევაში მათი ოჯახის წევრები: «გ” და ,,დ” პუნქტები - საკონცენტრაციო ბანაკებსა და გეტოებში იძულებით პატიმრობაში მყოფი პირები და არასრულწლოვანი პატიმრები.

ვინაიდან კასატორი გ. ტ.-ე ზემოთ მითითებულ არც ერთი კატეგორიის სამხედრო მოსამსახურეს არ წარმოადგენს, იგი არ არის ოფიცერი და არც ომის ინვალიდია, ამიტომ იგი არ არის ,,სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონით საპენსიო უზრუნველყოფას დაქვემდებარებული პირი და შესაბამისად, მასზე ვერც მე-60 მუხლით დადგენილი საპენსიო შეღავათი გავრცელდება, რის გამოც საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, კასატორ გ. ტ.-ს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე, თანახმად სსკ-ს 410-ე მუხლისა და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 30 მაისის გადაწყვეტილება, რადგან საკასაციო საჩივარში მითითებულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია და სასამართლომ ფაქტობრივ გარემოებათა სწორი შეფასებითა და კანონის მართებული გამოყენება-განმარტებით გამოიტანა კანონიერი გადაწყვტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 410-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ტ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 30 მაისის გადაწყვეტილება;

3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.