3გ-ად-265-კ-02 20 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: სასამართლოს გაუქმებული გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი:
შპს “ლ.-მ” 27.01.99წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა სამგორის რაიონის სასამართლოს მოპასუხეების სს “ა.-ისა” და თავდაცვის სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოითხოვა 1992წ. აგვისტოდან 1993წ. ოქტომბრამდე პერიოდში თავდაცვის სამინისტროსათვის განკუთვნილი 2.370552 კგ ტვირთის მომსახურებისათვის (1ტ ტვირთზე 30 აშშ დოლარის ღირებულების გაანგარიშებით), მინისტრთა კაბინეტის 16.11.94წ ¹803 დადგენილების საფუძველზე, თავდაცვის სამინისტროსა და სს “ა.-ის” დავალიანების თანხის – 71.116,56 აშშ დოლარის შპს “ლ.-ს” მიმართ სოლიდარულად ჩათვლა სახელმწიფო ბიუჯეტში.
თბილისის სამგორის რაიონულმა სასამართლომ 10.03.99წ. გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს “ლ.-ს” სარჩელი. შპს “ლ.-ს” სარჩელს სს “ა.-ისათვის” დავალიანების სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად ჩათვლის ნაწილში ეთქვა უარი დავალიანების არარსებობის გამო, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად ჩაეთვალა თავდაცვის სამინისტროს დავალიანების ანგარიშში 71.116,56 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში – 158234 ლარი და 34 თეთრი. გადაწყვეტილების აღსრულება დაევალა ქ.თბილისის სამგორის რაიონის საგადასახადო ინსპექციას.
თბილისის საოლქო სასამრთლოს 13.01.2000წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი, გააუქმა თბილისის სამგორის რაიონული სასამართლოს 10.03.99წ. გადაწყვეტილება, მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო. უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 20.04.2000წ. განჩინებით შპს “ლ.-ს” უარი ეთქვა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე, ძალაში დარჩა სააპელაციო სასამართლოს 13.01.2000წ. გადაწყვეტილება. საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ თავდაცვის სამინისტროს და შპს “ლ.-ს” შორის არ დადებულა რაიმე ხელშეკრულება ტვირთის შენახვაზე, დატვირთვა-გადმოტვირთვაზე, სახეზე არც ფაქტობრივ სახელშეკრულებო ურთიერთობებს ჰქონდა ადგილი. მინისტრთა კაბინეტის 23.03.94წ ¹168 დადგენილებით დამტკიცებული საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტის დებულების და თანდართული ნუსხის საფუძველზე, საკასაციო პალატამ არ გაიზიარა კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ შპს “ლ.-ე” წარმოადგენდა საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტისადმი დაქვემდებარებულ ავიასაწარმოს. გარდა ამისა, პალატამ მიუთითა, რომ შპს “ლ.-ს” გაცდენილი აქვს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა.
თავდაცვის სამინისტრომ 22.05.2000წ. განცხადებით მიმართა ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს, რომელშიც აღნიშნა, რომ სამგორის რაიონული სასამართლოს 10.03.99წ. გადაწყვეტილების საფუძველზე შპს “ლ.-ს” სასარგებლოდ თავდაცვის სამინისტროს გადაახდევინეს 158234 ლარი ანუ 71116 აშშ დოლარი. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს 13.01.2000წ. გადაწყვეტილებით გაუქმდა სამგორის რაიონის 10.03.99წ. გადაწყვეტილება, საოლქო სასამართლოს 13.01.2000წ. გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა უზენაესი სასამართლოს 20.04.2000წ. განჩინებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ითხოვა შპს “ლ.-ზე” თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 71116 აშშ დოლარის ანუ 158234 ლარის გადახდის დაკისრება. ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 14.07.2000წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს, _ შპს “ლ.-ს” დაეკისრა ქ.თბილისის სამგორის რაიონის სასამართლოს 10.03.99წ. გადაწყვეტილების საფუძველზე უკანონოდ მიღებული თანხის – 71116,56 აშშ დოლარის შესაბამისი 158234,34 ლარის გადახდა თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ. გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივი აღსრულებისათვის.
გადაწყვეტილების აღსასრულებლად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად გამოირკვა, რომ შპს “ლ.-ს” ანგარიშზე თანხა არ გააჩნია, რის გამო თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა მოითხოვა მოპასუხის ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხით სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება. ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 08.08.2000წ. განჩინებით თავდაცვის სამინისტროს განცხადება 14.07.2000წ. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით შპს “ლ.-ს” ქონებაზე აუქციონის დანიშვნის შესახებ არ დაკმაყოფილდა გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე. ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 13.11.2000წ. განჩინებით დაკმაყოფილდა თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა გადაწყვეტილების აღსრულების ფორმისა და წესის შეცვლის შესახებ, დაინიშნა აუქციონი, რომლის ჩატარება დაევალა სასამართლოს აღმასრულებელს. ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 15.12.2000წ. განჩინებით დაკმაყოფილდა შპს “ლ.-ს” განცხადება, შეჩერდა 14.07.2000წ. გადაწყვეტილების და 13.11.2000წ. განჩინების აღსრულება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. მოგვიანებით თბილისის საოლქო სასამართლოს 14.06.01წ. განჩინებით დაკმაყოფილდა შპს “ლ.-ს” კერძო საჩივარი, გაუქმდა ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 13.11.2000წ. განჩინება აღსრულების ფორმის და წესის შეცვლის შესახებ და ამავე სასამართლოს 15.12.2000წ. განჩინება, რომლითაც შპს “ლ.-ს” კერძო საჩივარი ცნობილი იქნა დაუშვებლად.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 29.05.02წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა შპს “ლ.-ს” გენერალური დირექტორის ჯ.ლ.-იშვილის სააპელაციო საჩივარი, ძალაში დარჩა ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 14.07.2000წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 10.03.99წ. გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა შპს “ლ.-ს” სარჩელი და მის სასარგებლოდ თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა 71116 აშშ დოლარის გადახდა, დაექვემდებარა დაუყოვნებლივ აღსრულებას, რის შედეგად თანხა ჩამოეჭრა თავდაცვის სამინისტროს და შპს “ლ.-ს” ჩაეთვალა სახელმწიფოს წინაშე არსებული საბიუჯეტო (საგადასახადო) დავალიანებაში. საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებით შპს “ლ.-ს” სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა უზენაესი სასამართლოს მიერ, ამასთანავე, ყურადღება არ მიექცა იმ ფაქტს, რომ გადაწყვეტილება რაიონულ სასამართლოში დაექვემდებარა დაუყოვნებლივ აღსრულებას. პალატამ უდავოდ მიიჩნია ის გარემოება, რომ შპს “ლ.-ს” მოთხოვნა თავდაცვის სამინისტროსათვის 71116 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში იყო უსაფუძვლო და ასევე უსაფუძვლოდ მოხდა მითითებული თანხის შპს “ლ.-ს” სასარგებლოდ თავდაცვის სამინისტროსათვის ჩამოჭრა. სსკ-ს 976-ე მუხლის I ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელსაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა შეუძლია მოითხოვოს ვითომ კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობილა ან შეწყდა შემდგომში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა 71116 აშშ დოლარის ეკვივალენტის თანხის უკან დაბრუნების ნაწილში მიიჩნია საფუძვლიანად.
სააპელაციო სასამართლოს 29.05.02წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს “ლ.-ს” გენერალური დირექტორის ჯ.ლ.-იშვილის მიერ. კასატორი აღნიშნავს, რომ მოსამართლე ნ.ქ.-ე სასკ-ს მე-7 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით ორჯერ მიიღო მონაწილეობა ერთ და იმავე მხარეებს შორის არსებულ საქმის განხილვაში. ამასთანავე, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, საქმის განხილვაში არ იქნა ჩაბმული სამგორის რაიონის საგადასახადო ინსპექცია, რომელსაც დაევალა სამგორის რაიონის სასამართლოს გადაწყვტილების აღსრულება. კასატორი აღნიშნავს, რომ დავალიანების ბიუჯეტის სასარგებლოდ ჩათვლისას მის ანგარიშზე თანხა არ მოხვედრილა. დამატებით საკასაციო საჩივარში კასატორი აღნიშნავს, რომ მოწინააღმდეგე მხარეს თავის დროზე კანონის დარღვევით აღუდგა სამგორის რაიონის სასამართლოს 10.03.99წ. გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა. კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება აღასრულა საგადასამხდელო ინსპექციამ, შპს “ლ.-” ამ ურთიერთობის მონაწილე არ ყოფილა. კასატორმა მოითხოვა სამგორის რაიონის სასამართლოს 10.03.99წ. გადაწყვეტილების შემდეგ არსებული გადაწყვეტილების გაუქმება. საქმის საკასაციო სასამართლოს სხდომაზე შპს “ლ.-ს” წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს, მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, საქმის ხელახალი განხილვისათვის სააპელაციო პალატაში დაბრუნება.
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა საკასაციო საჩივრის მოტივები მიიჩნია უსაფუძვლოდ და აღნიშნა, რომ კასატორი ეხება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით გადაჭრილ საკითხებს, რომელთა მიერ დადგენილია, რომ მხარეებს შორის არ დადებულა რაიმე გარიგება, შპს “.-ე” არ წარმოადგენს საჰაერო დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულს, რის გამო უსაფუძვლოა მინისტრთა კაბინეტის 16.11.94წ. ¹803 დადგენილებით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობა. შპს “ლ.-ე” ვალდებულია შეასრულოს და დაემორჩილოს სასამართლო გადაწყვეტილებებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, თავდაცვის სამნისტროს წარმომადგენელმა ითხოვა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების საფუძველზე თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შპს “ლ.-ს” საკასაციო საჩივარში მოყვანილი მოსაზრებები სასკ-ს მე-7 მუხლის დარღვევის, საქმის არასათანადო შემადგენლობის მიერ განხილვის შესახებ არ ითვალისწინებს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში 25.10.2000წ. კანონით შეტანილ ცვლილებებს, რომლის შედეგად საქმის განხილვის დროისათვის მოქმედი მე-7 მუხლის განახლებული რედაქცია არ ითვალისწინებდა საქმის განხილვაში იმ მოსამართლის მონაწილეობის აკრძალვას, რომელსაც ადრე მონაწილეობა ჰქონდა მიღებული ადმინისტრაციულ სასამართლოწარმოებაში. შპს “ლ.-ს” მიერ ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 13.11.2000წ. განჩინებაზე შეტანილი კერძო საჩივრის განხილვაში მონაწილეობის მიღება, რომელიც სააპელაციო პალატის 14.06.01წ. განჩინებით დაკმაყოფილდა, არ წარმოადგენდა შპს “ლ.-ს” სააპელაციო საჩივრის განხილვაში მოსამართლის მონაწილეობის გამომრიცხავ გარემოებას.
საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის თანახმად სასამართლო აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. სსკ-ს 266-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავოდ გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი. სსკ-ს მე-10 მუხლის თანახმად კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები, (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა ვერ იქონიებს მსჯელობას კასატორის წარმომადგენლის მიერ დასმულ ისეთ საკითხებზე, რომლებიც გადაწყვეტილ იქნა კანონიერ ძალაში შესული თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 13.01.2000წ. გადაწყვეტილებით და უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატის 20.04.2000წ. განჩინებით (სამგორის რაიონის სასამართლოს 10.03.99წ. გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის აღდგენის კანონიერება, გადაწყვეტილების გამოტანა არასრული საქმის მასალების გამოთხოვის პირობებში, ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების დაფარვის მართლზომიერება და სხვ.). სსკ-ს 106-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებიც დადგენილია საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა საქმის განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ შპს “ლ.-ს” მოთხოვნა სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად ჩათვლილიყო მის მიმართ თავდაცვის სამინისტროს არსებული დავალიანება იყო უსაფუძვლო, საკასაციო პალატა ზემოაღნიშნული, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს “ლ.-ე” არ წარმოადგენს საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტისადმი დაქვემდებარებულ ავიასაწარმოს, შესაბამისად მინისტრთა კაბინეტის 16.11.94წ. ¹803 დადგენილება, რომელიც ითვალისწინებდა საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტისადმი დაქვემდებარებული ავიასაწარმოების მიმართ დავალიანების დაფარვას, არ ვრცელდება შპს “ლ.-ეს” მიმართ. ამასთანავე, დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის მოსაზრება იმის შესახებ, რომ უსაფუძვლოდ მოხდა შპს “ლ.-ს” სასარგებლოდ თავდაცვის სამინისტროსათვის 71116 აშშ დოლარის ჩამოჭრა. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული დასკვნა არ ემყარება საქმის მასალებს, სააპელაციო სასამართლომ ისე გადაწყვიტა დავა, რომ არ გაურკვევია სამგორის რაიონის 10.03.99წ. გადაწყვეტილების აღსრულების წესი. აღნიშნულს ადასტურებს ის გარემოება, რომ საქმეში არ იქნა ჩაბმული ქ.თბილისის სამგორის რაიონის საგადასახადო ინსპექცია, რომელსაც 10.03.99წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით დაევალა გადაწყვეტილების აღსრულება. აღნიშნული სსკ-ს 394-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად წარმოადგენს საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს. სამგორის რაიონის 10.03.99წ. გადაწყვეტილებით შპს “ლ.-ს” სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად ჩაეთვალა თავდაცვის სამინისტროს დავალიანების ანგარიშში 71116,56 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში – 158.234 ლარი და 34 თეთრი. აღნიშნული არ იძლევა იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ მითითებული თანხა შპს “ლ.-ს” სასარგებლოდ თავდაცვის სამინისტროს ანგარიშიდან ჩამოიჭრა. სააპელაციო პალატამ უარი თქვა რა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე, გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს 14.07.2000წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის დებულება იმის შესახებ, რომ შპს “ლ.-მ” უნდა დააბრუნოს თავდაცვის სამინისტროსაგან უკანონოდ მიღებული თანხა. ამასთანავე, საქმეზე არ არის დადგენილი შპს “.-ეს” მიერ არათუ ასეთი თანხის მიღების, არამედ საერთოდ სამგორის რაიონის საგადასახადო ინსპექციის მიერ სამგორის რაიონის სასამართლოს 14.07.2000წ. გადაწყვეტილების აღსრულების ფაქტი. 14.07.2000წ. გადაწყვეტილების აღსრულებისათვის, უნაღდო ანგარიშსწორებით ურთიერთდავალიანებათა დაფარვის მიზნით, უნდა გატარებულიყო რიგი საბანკო და საბუღალტრო ოპერაციები, რომელთა შედეგად დაიფარებოდა შპს “ლ.-ს” დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე. ამდენად, სავარაუდოა, რომ უშუალოდ შპს “ლ.-ს” არ მიუღია თანხა თავდაცვის სამინისროსაგან, უკანასკნელის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში უნდა აღსდგეს 10.03.99წ. გადაწყვეტილების აღსრულებამდე არსებული პირვანდელი მდგომარეობა, კერძოდ შპს “ლ.-ს” უნდა აღუდგეს ბიუჯეტის წინაშე მანამდე არსებული დავალიანება, რის განხორციელება შეუძლებელია 14.07.2000წ. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით უნაღდო ანგარიშსწორებით შესრულებული საბუღალტრო ოპერაციების დადგენის გარეშე.
საქმის მასალებს არ ემყარება აგრეთვე გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოყვანილი მოსაზრება იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილება რაიონული სასამართლოს მიერ მოექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, რასაც არ მიექცა ყურადღება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების შესახებ მითითებას არ შეიცავს სამგორის რაიონის სასამართლოს 10.03.99წ. გადაწყვეტილება, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების საკითხი არც ცალკე სასამართლო სხდომაზე განხილულა (სსკ-ს 269-ე მუხლი), საქმის ზემდგომ სასამართლო ინსტანციებში განხილვის დროს საერთოდ უცნობი იყო 10.03.99წ. გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ. შესაბამისად, 10.03.99წ. გადაწყვეტილების გაუქმებით სასამართლოს არ შეეძლო 268.2 მუხლის საფუძველზე მოეთხოვა გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების უზრუნველყოფა. 10.03.99წ. გადაწყვეტილების აღსრულება განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის გარეშე განიხილა შპს “ლ.-ს” სარჩელი, მოპასუხე არ გაფრთხილებულა კანონით დადგენილი წესით პროცესის ჩატარების შესახებ, მისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი 10.03.99წ. გადაწყვეტილების არსებობის შესახებ.
ზემოაღნშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა შეუძლებლად თვლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას 10.04.99წ. გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხთა დამატებითი გამოკვლევის, აღსრულებასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების დადგენის გარეშე. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს შეადგენს. ადმინიტსრაციული დავის განმხილველი სასამართლო, სსკ-ს მე-4.2 მუხლის, სასკ-ს მე-4, მე-19 მუხლების თანახმად, ვალდებული იყო საკუთარი ინიციატივით გაერკვია საქმის ზემოაღნიშნული გარემოებანი, საქმეში ჩაება 10.03.99წ. გადაწყვეტილების აღმასრულებელი ორგანო – სამგორის რაიონის საგადასახადო ინსპექცია. სამგორის რაიონის სასამართლოს 10.03.99წ გადაწყვეტილების აღსრულების საკითხის სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად შესაძლებელი იქნება მხარეთა სათანადოობის გარკვევა, მხარეთა ვალდებულებების ზუსტი განსაზღვრა, საქმეზე კანონშესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ შპს “ლ.-ს” საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს “ლ.-ს” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 29.05.02წ განჩინება.
2. საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. მხარეთათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე არსებითი გადაწყვეტილების მიღებისას.
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.