Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-267-კ-03 29 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ი. ლეგაშვილი,

ნ. კლარჯეიშვილი

დავის საგანი: მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო მოწმობის გაუქმება.

აღწერილობითი ნაწილი:

მოსარჩელე თერჯოლის რაიკოოპერატივის გამგეობის თავმჯდომარემ მ. ა-მ სარჩელით მიმართა თერჯოლის რაიონული სასამართლოს მოპასუხე თერჯოლის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს მიმართ და მოითხოვა გ. ც-ის სახელზე 2000წ. 1 აგვისტოს გაცემული ¹ 19441/00 სარეგისტრაციო მოწმობის გაუქმება. მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ თერჯოლის რაიკოოპერატივმა 1963 წელს სოფ. ...ში მოახდინა არსებული მაღაზიის გაფართოება, რომლის მიწის ფართობი 1961წ. სექტემბერში ¹168 სახელმწიფო აქტის საფუძველზე შეადგენდა 200 კვ.მ. ამის შემდეგ 1988 წელს მოხდა მაღაზიასთან მიშენება და ჩატარდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები. დაემატა მიწის ნაკვეთიც, რომელიც შეადგენდა 75 კვ.მ სახანძრო და სანიტარული ნორმების გარდა. დღეის მდგომარეობით სოფ. ...ის მაღაზიას რაიკოოპერატივში აწერია 300 კვ.მ მიწის ფართობი. სოფ. ...ის საკრებულოს 1992წ. 3 მარტის ¹1 ოქმის საფუძველზე ამავე სოფლის მკვიდრს გ. ც-ეს მიეზომა და შესაბამისად შედგა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი ¹323, 1997წ. 2 ივნისს, რომელიც თერჯოლის მიწის მართვის სამმართველოში გ. ც-ის სახელზე დარეგისტრირდა 2000წ. 1 აგვისტოს და გაიცა სარეგისტრაციო მოწმობა ¹19441/00. აღნიშნულ სარეგისტრაციო მოწმობაში შესულია რაიკოოპერატივის მაღაზიის მიერ დაკავებული 300 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც წარმოადგენს არასასოფლო-სამეურნეო მიწას.

თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2002წ. 3 ოქტომბრის განჩინებით სარჩელი წარმოებაში იქნა მიღებული და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩართული იქნა გ. ც-ე.

მოპასუხე თერჯოლის მიწის მართვის სამმართველომ სარჩელი ცნო და განმარტა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებული იყო რაიკოოპერატივის მაღაზია, სამმართველოს მონაცემებით ეწერა რაოკოოპერატივს და წარმოადგენდა არასაოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს და გ. ც-ის სახელზე გაცემულ სარეგისტრაციო მოწმობაში შეცდომით იყო ასახული. სარჩელი ცნო მესამე პირმა გ. ც-ემაც და განმარტა, რომ 1988 წელს სოფლის ხელმძღვანელობის თხოვნით მან ნებაყოფლობით დაუთმო აღნიშნული მიწის ნაკვეთი რაიკოოპერატივს მაღაზიის ასაშენებლად და თანახმა იყო ამორიცხულიყო სარეგისტრაციო მოწმობიდან.

თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2002წ. 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით თერჯოლის რაიკოოპერატივის სარჩელი დაკმაყოფილდა. გაუქმდა გ. ც-ის სახელზე 2000წ. 1 აგვისტოს გაცემული სარეგისტრაციო მოწმობა ¹1944/00 300 კვ.მ მიწის ფართის ნაწილში და აღნიშნული ფართი ამოირიცხა გ. ც-ის საკუთრებიდან. თერჯოლის მიწის მართვის სამმართველოს დაევალა გაეცა გ. ც-ის სახელზე სარეგისტრაციო მოწმობა შესაბამისი ცვლილებებით.

რაიონული სასამართლოს გადაყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თერჯოლის მიწის მართვის სამმართველომ, რომელმაც რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა მოითხოვა და გ. ც-ის სახელზე გაცემული სარეგისტრაციო მოწმობიდან დამატებით, 58 კვ.მ მიწის ნაკვეთის ამორიცხვა მოითხოვა.

აპელანტი მიუთითებდა, რომ სოფ. ...ის მიწის რეფორმის კომისიამ გ. ც-ეზე გასცა მიღება-ჩაბარების აქტი, საიდანაც ნათლად ჩანდა, რომ რაიკოოპერატივის მაღაზიის მიერ დაკავებული ფართი და მისი მიმდებარე ტერიტორია არ შედიოდა გ. ც-ის სახელზე გაცემულ მიღება-ჩაბარების აქტში. სასამართლომ მხოლოდ მაღაზიის მიერ დაკავებული ფართი ამორიცხა სარეგისტრაციო მოწმობიდან და არ გაითვალისწინა რომ 58 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთიც ზედმეტად იყო შესული სარეგისტრაციო მოწმობაში.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 30 აპრილის განჩინებით არ დაკმაყოფილდა თერჯოლის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს სააპელაციო საჩივარი, უცვლელი დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ რაიკოოპერატივის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა გ. ც-ის სახელზე გაცემული სარეგისტრაციო მოწმობიდან 300 კვ.მ მიწის ნაკვეთის ამორიცხვა, რომელიც თერჯოლის მიწის მართვის სამმართველომ შეცდომით დააფიქსირა გ. ც-ის საკუთრებად. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით რაიკოოპერატივის სარჩელი დაკმაყოფილდა. რაიკოოპერატივს გ. ც-ის სახელზე გაცემული სარეგისტრაციო მოწმობიდან 358 კვ.მ მიწის ნაკვეთის ამორიცხვის მოთხოვნა არ ჰქონია, რის გამოც სასამართლო სსკ-ს 248-ე მუხლის საფუძველზე, მხარეს ვერ მიაკუთვნებდა იმას, რაც მას არ მოუთხოვია.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით, იმავე საფუძვლებით გაასაჩივრა თერჯოლის მიწის მართვის სამმართველომ.

საკასაციო სასამართლოს 2003წ. 24 ივლისის სხდომაზე გამოცხადდა კასატორი, სხვა მხარეები არ გამოცხადდნენ. გამოცხადებულმა მხარემ თანხმობა გამოთქვა საქმის მხარეთა დასწრების გარეშე განხილვაზე. საკასაციო პალატამ სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დაადგინა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თერჯოლის მიწის მართვის სამმართველოს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამრათლოს ადმინიტსრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 30 აპრილის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

თერჯოლის რაიკოოპერატივი სასარჩელო განცხადებით ითხოვდა გოგუცა ც-ის სახელზე გაცემული სარეგისტრაციო მოწმობიდან ¹19441/00 300 კვ.მ მიწის ნაკვეთის ამორიცხვას და მიუთითებდა, რომ აღიშნულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო რაიკოოპერატივის მაღაზია, მიწის ნაკვეთი ეკუთვნოდა რაიკოოპერატივს და იგი წარმოადგენდა არასასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს.

თერჯოლის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა მთლიანად დაკმაყოფილდა და სადავო მიწის ნაკვეთი (300 კვ.მ) ამოირიცხა გ. ც-ის სახელზე გაცემული სარეგისტრაციო მოწმობიდან და საკადასტრო რუქიდან. მოსარჩელის მოთხოვნას დაეთანხმა თვით კასატორიც, რომელიც რაიკოოპერატივის სასარჩელო მოთხოვნაზე მოპასუხეს წარმოადგენდა და 300 კვ.მ მიწის ნაკვეთის ამორიცხვის ნაწილში გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია. იგი ითხოვს დამატებით 58 კვ.მ მიწის ნაკვეთის ამორიცხვასაც, რის თაობაზეც მოსარჩელეს მოთხოვნა არ ჰქონია.

საქართევლოს სსკ-ს 248-ე მუხლის თანახმად სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ მოუთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო ვერ იმსჯელებდა დამატებით 58 კვ.მ მიწის ნაკვეთის ამორიცხვის თაობაზე, ვინაიდან მოსარჩელე მოითხოვდა მხოლოდ 300 კვ.მ. და არა 358 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ამორიცხვას.

აღნიშნულიდან გამომდინარე თერჯოლის მიწის მართვის სამმართველოს საკასაციო საჩვარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ასკ-ს პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართევლოს სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თერჯოლის მიწის მართვის სამმართველოს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 30 აპრილის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.