Facebook Twitter

¹ 3გ-ად-274-კ-02 24 იანვარი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა: ბ. მეტერეველი (თავმჯდომარე),

ნ. სხირტლაძე,

მ. ვაჩაძე

დავის საგანი: ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება.

აღწერილობითი ნაწილი:

აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭომ 02.04.02წ. განცხადებით მიმართა აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა «აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ" კანონის და საქართველოს პრეზიდენტის 20.03.02წ. ¹116 ბრძანებულების თანახამად ბათუმი-ქობულეთის მონაკვეთზე საავტომობილო გზისა და გვირაბის მშენებლობის ზოლში მოხვედრილი კერძო საკუთრების ქონების ექსპროპრიაციის უფლება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 08.04.02წ. გადაწყვეტილებით განცხადება ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ დაკმაყოფილდა, აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს ბათუმი-ქობულეთის გზისა და გვირაბების გაყვანა-მშენებლობისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის მიენიჭა, სათანადო კომპენსაციის გადახდით, მოქელაქეების: შ. ბ.-ის, ი. ჯ.-ის, ს. მ.-ის, ფ. დ.-ის, ა. ბ.-ის საკუთრების ჩამორთმევის ერთჯერადი უფლება, მათ შორის ს. მ.-ეზე რიცხული 0,25 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, 1960 წ. აშენებული ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი, მრავალწლიანი ნარგავები: 290 ძირი მანდარინი, 7 ძირი მსხალი, 5 ძირი ვაშლი, 14 ძირი ყურძენი, 9 ძარი ნიგოზი, 120 ძირი თხილი, 6 ძირი წყავი, 5 ძირი შინდი, 5 ძირი ხურმა, 13 ძირი კურკოვანი, 2 ძირი თუთა და ა. ბ.-ის საკუთრებაში არსებული 0,1400 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი.

ს. მ.-მ და ა. ბ.-მ საკასაციო წესით გაასაჩივრეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს 08.04.02წ. გადაწყვეტილება. კასატორებმა სსკ-ს 412-ე მუხლზე მითითებით მოითხოვეს 08.04.02წ. გადაწყვეტილების გაუქმება, აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს კოლეგიისათვის სავალდებულო მოქმედებების შესრულებაზე მითითება. კასატორები აღნიშნავენ, რომ «აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ" კანონის მე-4 მუხლის მიხედვით ყველა მესაკუთრეს, რომლის ქონება ექვემდებარება ექპროპრიაციას, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების გამოქვეყნების შემდეგ ექსპროპრიაციის უფლების მოპოვებით დაინტერესებული პირი აწვდის ინფორმაციას, რომელიც ქვეყნდენა ცენტრალურ და შესაბამის ადგილობრივ პრესაში. ინფორმაცია უნდა შეიცავდეს პროექტისა და მისი განხორციელების ფარგლებს, აგრეთვე ტერიტორიისა და, სავარაუდოდ, საექსპროპრიაციო ქონების მოკლე აღწერას. მიუხედავად ამისა, კასატორებს არ მიუღიათ პროექტი, ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა პრესაში, ექპსროპრიატორის მიერ სასამართლოში წარდგენილ განცხადებას, კანონის 5.2 მუხლის «დ" ქვეპუნქტის დარღვევით, თან არ ახლდა ინფორმაციის გამოქვეყნების დამადასტურებელი საბუთი. თავდაპირველად აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭო ს. მ.-ეს ჰპირდებოდა 150000 ლარს, ხოლო ა. ბ.-ს 50000 დოლარს, მაგრამ დროთა განმავლობაში ანაზღაურების თანხების ოდენობა მცირდებოდა. სასამართლოს გადაწყვეტილებაში ს. მ.-ზე რიცხული 0,55 ჰა ნაკვეთის ნაცვლად მითითებულია 0,25 ჰა მიწის მონაკვეთი. კანონის 7.1 მუხლის და 5.3 «ა" ქვეპუნქტის დარღვევით ქონება არ შეფასებულა დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ, აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს განცხადებას თან არ ერთო იმ პროექტის დეტალური აღწერა, რომლის განსახორციელებლად მოითხოვება ექსპროპრიაციის უფლება.

მოწინააღმდეგე მხარეს _ აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს არ წარმოუდგენია შესაგებელი საკასაციო საჩივარზე, წარმომადგენელი არ გამოცხადდა საკასაციო სასამართლოს სხდომაზე, საქმე სასკ 261-ე მუხლის საფუძველზე არსებითად იქნა გახილული მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის დასწრების გარეშე.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნოს საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაყწვეტილების და საკასაციო საჩივრის საფუძვლების კანონიერება და თვლის, რომ ს. მ.-ის და ა. ბ.-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 08.04.02წ. გადაწყვეტილება ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნებს, კოლეგიამ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა იგი. «აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ" კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის «ა" ქვეპუნქტის მიხედვით, გზისა და მაგისტრალების მშენებლობა წარმოადგენს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის განხორციელების საფუძველს. ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლისა და მითითებული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, «ბათუმი-ქობულეთის საავტომობილო გზისა და გვირაბის მშენებლობის უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 20.03.02წ. ბრძანებულებით აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს მიენიჭა ბათუმი-ქობულეთის მონაკვეთზე საავტომობილო გზისა და გვირაბის მშნებელობისას გასხვისების ზოლში მოხვედრილი კერძო საკუთრების ქონების ათვისების უფლება. აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭომ, «აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ" კანონის მე-5 მუხლის თანახმად, ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართა აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოს, რომლის 08.04.02წ. გადაწყვეტილებით აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს მიენიჭა მოქალაქეების: შ. ბ.-ის, ო. ჯ.-ის, ს. მ.-ის, ფ. დ.-ის, ა. ბ.-ის საკუთრების ნაწილის ჩამორთმევის ერთჯერადი უფლება სათანადო კომპენსაციის გადახდით. სასამართლო გადაწყვეტილება შეიცავს საექპროპრიაციო ქონების დეტალურ აღწერას და შესაბამის მითითებას კომპენსაციის გადახდის აუცილებლობის თაობაზე. ამდენად, აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს ექსპროპრიაციის უფლება, კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, მიენიჭა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებისა და სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე. პალატა აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის ბათუმი-ქობულეთის მონაკვეთზე საავტომობილო გზისა და გვირაბის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია ფართოდ იქნა გაშუქებული პრესაში (იხ. მაგ. 11.09.01წ., 04.04.02წ. გაზეთი «..."). ბათუმი-ქობულეთის საავტომობილო გზისა და გვირაბის მშენებლობის უზრუნველყოფის მიზნით გამოიცა საქართველოს პრეზიდენტის 20.03.02წ. ¹116 ბრძანებულება («საქართველოს საკანონმდებლო მაცნე" ,2002წ., ¹27, მუხ. 225). პრესაში გამოქვეყნებულ ინფორმაციებში და საქართველოს პრეზიდენტის 20.03.02წ. ¹116 ბრძანებულებაში ზოგადად არის მითითებული, რომ ავტომაგისტრალის და გვირაბის მშენებლობისას გასხვისების ზოლში ხვდება სახელმწიფო და კერძო საკუთრების მიწის ნაკვეთები, საცხოვრებელი სახლები და სხვა ნაგებობები (იხ. მაგ. 04.04.02წ. გაზეთ «...-ში» გამოქვეყნებული აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს პრესამდივნოს განცხადება). ამასთანავე, ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს განცხადება შეიცავს იმ მოქალაქეების, მათ შორის კასატორების _ ს. მ.-ისა და ა. ბ.-ის ქონების დეტალურ აღწერას, რომელიც ექვემდებარებოდა ჩამორთმევას სათანადო კომპენსაციის გადახდით. აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოში აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს განცხადების განხილვისას იმ პირებმა, რომელთა ქონების ნაწილი ექვემდებარეობდა ექსპროპროციას, მხარი დაუჭირეს სათანადო ანაზღაურების მიღებით მათი ქონების ექსპროპრიაციას. სასამართლო სხდომის ოქმის მიხედვით ს. მ.-ეს არ გამოუთქვამს რაიმე პრეტენზია ექპროპრიაციის უფლების მინიჭებასთან დაკაშვირებით და არ იყო მინისტრთა საბჭოს მოთხოვის დაკმაყოფილების წინააღმდეგი. ის, რომ კასატორთათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებამდე ცნობილი იყო მათი ქონების ნაწილის საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექპროპრიაციის შესახებ დასტურდება აგრეთვე თვით საკასაციო საჩივრის ტექსტიდან, რომლის მიხედვით ანაზღაურების დაპირებული თანხა აღემატება შემოთავაზებულს. ვინაიდან აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოსათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებამდე კასატორებისათვის ცნობილი იყო მათი ქონების ნაწილის საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის შესახებ, საკასაციო საჩივარში მოყვანილი მოსაზრება იმის თაობაზე, რომ პრესაში არ გამოქვეყნებულა საექპროპრიაციო ქონების მოკლე აღწერა ვერ გახდება გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. უმართებულოა აგრეთვე კასატორების მოსაზრება იმის შესახებ, რომ კანონის მოთხოვნათა დარღვევით აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს განცხადებას არ ახლდა განსახორციელებელი პროექტის აღწერა, ინფორმაციის გამოქვეყნების დამადასტურებელი საბუთი. აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს განცხადებას თან ერთვოდა «ბათუმი-ქობულეთის საავტმობილო გზის საპრექტო მახასიათებლები", რომელიც შეიცავდა ინფორმაციას გზის პროექტირების მწარმოებელი ფირმის, საგზაო მონაკვეთის დაწყების და დასრულების ადგილების, გზის კატეგორიის, თითოეული სავალი ზოლის საგნის და სხვა პარამერტების შესახებ, აგრეთვე აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული ბათუმი-ქობულეთის საგზაო-საგვირაბო პროექტი. საქმეში დაცულია აგრეთვე პრესაში გამოქვეყნებული პუბლიკაციები განსახორცელები პროექტის შესახებ. ამასთანავე, აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს განცხადება ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე შეიცავს გასხვისების ზოლში მოხვედრილი ქონების, მათ შორის, კასატორების ქონების დეტალურ აღწერას. საკასაციო პალატა კასატორების ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს განცხადებაში მითითებულია მხოლოდ ის ქონება, რომელიც ექვემდებარებოდა საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციას. განცხადების თანახმად, ექსპროპრიაციას საჭიროებდა ს. მ.-ეზე რიცხული 0,25 ჰა და არა 0,50 ჰა, ხოლო ა. ბ.-ის საკუთრებაში არსებული საკარმიდამო ნაკვეთიდან ექსპროპრიაციას დაექვემდებარა მხოლოდ 0,1400 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი.

რაც შეეხება საკასაციო საჩივარში მოყვანილ მოსაზრებებს იმის შესახებ, რომ კანონის მე-4, 7.1 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით არ მომხდარა საკუთრების ობიექტის შეფასება საბაზრო ფასების მიხედვით, ქონება არ შეფასებულა დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ, პალატა აღნიშნავს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს 08.04.02წ. გადაწყვეტილებით ექსპროპრიატორს მიენიჭა საზოგადოებრივი საჭიროებისათვის _ გზისა და გვირაბის გაყვანა-მშენებლობისათვის საჭირო ქონების ჩამორთმევის ერთჯერადი უფლება სათანადო კომპენსაციის გადახდით. საკომპენსაციო თანხის და მისი გადახდის წესის შესახებ შეთანხმება, დამოუკიდებელი ექსპერტის დახმარებით ქონების აფასება, ქონების საბაზრო ღირებულების შესაბამისად სავარაუდო საკომპენსაციო თანხის განსაზღვრა, «აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” კანონის თანახმად, წარმოადგენს არა ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების, არამედ უფლების მინიჭების შემდეგ ექსპროპრიაციის განხორციელების აუცილებელ წინა პირობას. კერძოდ, მითითებული კანონის მე-6 მუხლის თანახმად, ქონების მესაკუთრესათან საკომპენსაციო თანხისა და გადახდის წესის შესახებ წინასწარ შეთანხმებას ახორციელებს ექსპროპრიატორი, რომელმაც მიიღო ექსპეროპრიაციის უფლება. ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხასთან დაკაშვირებით დავის შემთხვევაში, კანონის მე-8 მუხლის მიხედვით, მხარეებს უფლება აქვთ სარჩელით მიმართონ სასამართლოს, ასეთ შემთხვევაში ექსპროპრიატორის სარჩელს თან უნდა დაერთოს სასამართლოს გადაწყვეტილება ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე (მხარეთა შორის საკომპენსაციო თანხის გამო წარმოშობილი დავა განხილულ იქნა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს მიერ, 08.05.02წ. მიღებული გადაწყვეტილება ასევე საკასაციო წესით გაასაჩივრდა კასატორების მიერ). ამდენად, კომპენსაციის ოდენობა არ ყოფილა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილების განხილვის საგანი, რის გამო საკასაციო საჩივარში მოყვანილი მოსაზრებები იმის შესახებ, რომ არ მომხდარა საკუთრების ობიექტის შეფასება საბაზრო ფასების მიხედვით დამოუკიდებელი ექსპერტიზის მიერ სცილდება დავის საგანს _ აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოსათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების საკითხს და არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნებს, კოლეგიამ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა იგი, შესაბამისად, არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 410 მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს. მ.-ისა და ა. ბ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 08.04.2002წ. გადაწყვეტილება.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.