3გ-ად-275-კ-02 24 იანვარი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მ.-ი (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა, პირთა გამოსახლება და სათანადო კომპენსაციის გადახდა.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 18 აპრილს აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭომ სარჩელით მიმართა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას და აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ბათუმი-ქობულეთის მონაკვეთზე სახელმწიფო გზის მშენებლობისათვის ს. და ჯ. მ.-ეებისა და ა. ბ.-ის საკუთრებაში არსებული ქონების ჩამორთმევა მოითხოვა. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ჩამორთმევას ექვემდებარებოდა მ.-ეების საკუთრებაში არსებული ქობულეთის რაიონის სოფ. ...-ში, ნარგავებით გაშენებული 0,25 ჰა მიწის ნაკვეთი, მასზე აშენებული ორსართულიანი სახლით, ხოლო ბ.-ისათვის _ იქვე არსებული, ნარგავებით გაშენებული 1.400 კვ.მ მიწის ფართობი. მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ ამავე ტერიტორიაზე, გარკვეული კომპენსაციის გადახდით, ბ.-ის მშობლების საფლავების გადატანაც უნდა განხორციელებულიყო. ასევე ექსპროპრიაციას უნდა დაქვემდებარებოდა ფელოლ დ.-ის საკუთრებაში არსებული 0,25 ჰა მიწის ნაკვეთი 2 სართულიანი სახლით.
აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭომ მოპასუხეებს «აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ» კანონის თანახმად, გარკვეული კომპენსაცია შესთავაზა, კერძოდ, ს. და ჯ. მ.-ეებს 15000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში, ა. ბ.-ს – 6000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში, ფ. დ.-ს კი – 15000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში.
მოპასუხეებმა შეთავაზებული საკომპენსაციო თანხები უარყვეს და მოითხოვეს მოსარჩელეს ა. ბ.-ისათვის 50000 აშშ დოლარი, ს. და ჯ. მ.-ეებისათვის – 200000 აშშ დოლარი, ხოლო ფ. დ.-ისათვის – 150000 აშშ დოლარი გადაეხადა, მანამდე კი ისინი საექსპროპრიაციო ტერიტორიის გამოთავისუფლებაზე უარს აცხადებდნენ.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2002წ. 20 მარტის ¹ 116 ბრძანებულების საფუძველზე (რომელიც ამ მონაკვეთზე სახელმწიფო გზისა და გვირაბის შენებას შეეხებოდა) და აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2002წ. 8 აპრილის გადაწყვეტილებით, «აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ» კანონის მოთხოვნათა დაცვით, აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს ხსენებული ტერიტორიის ექსპროპრიაციის უფლება მიენიჭა. აქვე დადგენილ იქნა, რომ მოქალაქეებისათვის შესაბამისი კომპენსაციის სანაცვლოდ ხსენებული ტერიტორიის გამოთავისუფლება უნდა მომხდარიყო. მიუხედავად აღნიშნულისა, მოპასუხეებმა უარი თქვეს შეთავაზებულ კომპენსაციის სანაცვლოდ ქონების გათავისუფლებაზე, რის გამოც აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭომ კვლავ მიმართა სასამართლოს და მათთვის საექსპროპრიაციო ქონების ჩამორთმევა და მინისტრთა საბჭოსათვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა მოითხოვა. მოსარჩელე აქვე მოითხოვდა, რომ საკომპენსაციო თანხად სასამართლოს ა. ბ.-ისათვის – 6000 აშშ დოლარი, ს. და ჯ. მ.-ეებისათვის 15000 აშშ დოლარი, ხოლო ფ. დ.-ისათვის 18000 აშშ დოლარი განესაზღვრა.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და საქმის მომზადების სტადიაზე ს. მ.-მ და ა. ბ.-მ შეგებებული სარჩელი აღძრეს. ს. მ.-მ კომენსაციის სახითა და პენსიის ასაკის მიღწევამდე სარჩოს სახით 200000 აშშ დოლარისა და ა. ბ.-ისათვის, იმავე მოტივით, 100000 აშშ დოლარის ანაზღაურება მოითხოვეს. ისინი მიუთითებდნენ, რომ საკომპენსაციო თანხის გამოანგარიშება 1 კვ.მ-ის აშენებისა და საცხოვრებლად ვარგის მდგომარეობაში მოყვანის ფასის გათვალისწინებით უნდა მომხდარიყო.
იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის ექსპერტიზის 2002წ. 2 მაისის დასკვნის საფუძველზე ს. მ.-ის საცხოვრებელი სახლის ღირებულება საბაზრო ფასებში 7350 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარად განისაზღვრა. იმავე თარიღის დასკვნით ა. ბ.-ის საცხოვრებელი სახლის ღირებულება 4690 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარად, ხოლო ახალი სასაფლაოს მოწყობის ფასი – 200 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარად იქნა შეფასებული.
ბათუმის ბოტანიკური ბაღის 2002წ. 3 მაისის დასკვნით ა. ბ.-ის საკუთრებაში არსებული 1400 კვ.მ მიწის ფართობისა და მასზე არსებული ნარგავების საბაზრო ღირებულება 13029 ლარად, ხოლო ს. მ.-ის საკუთრებაში არსებული 2500 კვ.მ მიწის ფართი და მასზე არსებული ნარგავები _ 22 844 ლარად განისაზღვრა.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 8 მაისის გადაწყვეტილებით აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს სარჩელი და ა. ბ.-ისა და ს. მ.-ის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ჯ. და ს. მ.-ებს საკომპენსაციო თანხის სახით გადაეცათ 22844 ლარი, ა. ბ.-ს – 13500 ლარი, ხოლო მშობლების საფლავების ღირებულება 200 აშშ დოლარი და 1000 ლარი საფლავის გადატანასთან დაკავშირებული ხარჯებისათვის. ამავე გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა, რომ მოქალაქეებს საექსპროპრიაციო ქონება დაუყოვნებლივ უნდა გაეთავისუფლებინათ.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 8 მაისის გადაწყვეტილება ა. ბ.-მ და ჯ. და ს. მ.-ეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს.
კასატორები შემდეგზე მიუთითებენ: მათთვის კომპენსაციის თანხის გაანგარიშება არარეალური ფასების გათვალისწინებით მოხდა, მაშინ, როცა მათ მიერ სასამართლოში წარდგენილი იქნა შპს «მ.-ის» დასკვნა, რომლითაც დადგენილი იქნა რომ 1 კვ.მ ფართის აშენება საშუალოდ 350 აშშ დოლარი ჯდებოდა და მათი კომპენსაციის გაანგარიშებაც მითითებული თანხის შესაბამისად უნდა მომხდარიყო. ისინი აღნიშნავენ, რომ სასამართლო კოლეგიის მიერ არასწორად იქნა მიჩნეული, რომ მოცემულ შემთხვევაში პენსიის ასაკამდე სარჩოს მიცემას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა. კასატორები იშველიებენ ევროპის საერთაშორისო სასამართლოში არსებულ პრეცედენტებს, კერძოდ პ. მ.-ის საქმე საბერძნეთის წინააღმდეგ და სპორონგი ლონნრაიტის საქმე შვეციის წინააღმდეგ, რომლითაც ექსპეროპოაციას დაქვემდებარებულ პირთა გამოსახლების შემთხვევაში გარდა კომპენსაციისა, სასამართლო მათთვის პენსიის ასაკის მიღწევამდე სარჩოს გადახდასაც ითვალისწინებდა.
კასატორები აქვე დაამატებენ, რომ სასამართლო არამართებულად დაეყრდნო ექსპერტიზის დასკვნებს, რადგან ისინი არა რეალურ ფასებს, არამედ საბჭოთა პერიოდში არსებულ საბაზრო ფასებს ეყრდნობოდა.
კასატორები აქვე განმარტავენ, რომ სკ-ს 411-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მათ მიერ მისაღებ კომპენსაციაში მიუღებელი შემოსავლის თანხაც უნდა გაეთვალისწინებინა.
კასატორთა თქმით, სასამართლოს არ ჰქონდა უფლება განეხილა აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს სარჩელი, რადგან იგი მისი ქვემდებარე არ იყო. კასატორებმა, საბოლოოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მათი მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ა. ბ.-ის და ჯ. და ს. მ.-ეების საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 8 მაისის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის მხრიდან კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია. კოლეგიამ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა იგი.
«აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ა) პუნქტის თანახმად, ექსპროპრიაცია ხორციელდება გზის მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის. ამავე კანონის მე-3 მუხლის I ნაწილის შესაბამისად, ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით ხდება, რომლითაც დგინდება სახელმწიფო ორგანო ან იურიდიული პირი, რომელსაც ექსპროპრიაციის უფლება მიენიჭება. ხსენებული კანონის მე-5 მუხლის I ნაწილი იმავდროულად განსაზღვრავს, რომ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების საკითხს საოლქო სასამართლო განიხილავს.
ექსპროპრიატორი, რომელმაც მიიღო სასამართლოსაგან ექსპროპრაციის უფლება, წინასწარ უთანხმდება ქონების მესაკუთრეს ჩამოსართმევი ქონების კომპენსაციის ოდენობის თაობაზე და იგი, თავისი ხარჯით, ექსპერტის დამარებით, აფასებს ქონებას და განსაზღვრავს საექსპროპრიაციო ქონების კომპენსაციის სავარაუდო საბაზრო ღირებულებას (მუხლი 6).
ამავე კანონის მე-8 მუხლის I-ლი ნაწილის შესაბამისად, თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებისა და კომპენსაციის თანხაზე, თითოეულ მხარეს აქვს უფლება განსჯადობის მიხედვით სარჩელი შეიტანოს სასამართლოში.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს მიერ ექსპროპრიაციის უფლების მიღება მოხდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, კერძოდ, მოსარჩელემ ექსპროპრიაციის უფლება მიიღო საქართველოს პრეზიდენტის 2002წ. 20 მარტის ¹116 ბრძანებულებისა და აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2002წ. 8 აპრილის გადაწყვეტილების საფუძველზე, მაგრამ, მხარეთა შორის საკომპენსაციო თანხის თაობაზე წარმოშობილი დავის გამო, მინისტრთა საბჭომ კვლავ მიმართა სასამართლოს, რათა შესაბამისი კომპენსაციის სანაცვლოდ, სასამართლოს გამოეთავისუფლებინა ექსპროპრიაციას დაქვემდებარებული ქონება და იგი მისთვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა, მოქალაქეთათვის კი კომპენსაცია გაეთვალისწინებინა.
საკასაციო სასამართლო აქვე განმარტავს, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს კოლეგიის მიერ ა. ბ.-ისა და ს. და ჯ. მ.-ეებისათვის საკომპენსაციო თანხა კასატორების ქონების საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ დანიშნული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე იქნა განსაზღვრული და არც აღნიშნულ შემთხვევაში ჰქონია სასამართლო კოლეგიის მხრიდან კანონდარღვევას ადგილი. საექსპროპრიაციო ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრა მოქმედი კანონმდებლობის დაცვით განხორციელდა და აღნიშნულ შემთხვევაზე შპს «მ.-ის» მიერ განსაზღვრული 350 აშშ დოლარის გაანგარიშება ვერ მოხდებოდა.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორების მოსაზრებას და განმარტავს, რომ «აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ» კანონის მე-5 მუხლის I-ლი ნაწილის შესაბამისად, ექსპროპრაციის საკითხის განხილვა უწყებრივად სასამართლოს ქვემდებარეა, ხოლო განსჯადობის წესის მიხედვით _ საოლქო სასამართლოსი.
საკასაციო სასამართლო, ასევე, ყურადღებას გაამახვილებს კასატორთა მოთხოვნას მათთვის მიუღებული სარგებლის ანაზღაურების თაობაზე და განმარტავს, რომ სკ-ს 411-ე მუხლის მიხედვით, მართალია, განსაზღვრულია, რომ ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც, მაგრამ მოცემული მუხლი ამ კონკრეტულ შემთხვევაზე ვერ გავრცელდება, რადგან «აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ» 1999წ. 23 ივლისის კანონის მე-11 მუხლის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო მიწის შეფასებისას, მასზე არსებული ნათესების საკომპენსაციო თანხა განისაზღვრება იმ შემოსავლის გათვალისწინებით, რომელსაც ქონების მესაკუთრე მისგან მიიღებდა მიმდინარე სამეურნეო წლის განმავლობაში. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ რადგან ზემოხსენებული კანონი უფრო ახალი თარიღისაა და თანაც სპეციალურ ნორმას წარმოადგენს, მითითებულ შემთხვევებზე 1999წ. კანონის მოთხოვნები უნდა გავრცელდეს და არა სკ-ს გათვალისწინებული დაბულებები, რადგან სკ-ს მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ერთ და იმავე დონის ნორმათა კოლიზიის დროს გამოიყენება სპეციალური და უფრო ახალი კანონი. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ მართებულად გაითვალისწინა საკომპენსაციო თანხაში მხოლოდ 1 წლის მიუღებელი შემოსავლის თანხა.
საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორების მოსაზრებას და განმარტავს, რომ მათ მიერ საჩივარში მოხსენიებული საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები სხვა შემთხვევას ეხება და მათზე მიღებულ გადაწყვეტილებებს კონკრეტულ შემთხვევაზე პრეცედენტული ძალა ვერ მიეცემა, ხოლო რაც შეეხება კასატორებისათვის პენსიის ასაკის მიღწევამდე სარჩოს სახით გარკვეული თანხის ანაზღაურებას, აღნიშნულს არც საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს და არც ევროპის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ა. ბ.-ის, ს. და ჯ. მ.-ეების საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 8 მაისის გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I-ლი და სსკ-ს 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. ბ.-ის და ჯ. და ს. მ.-ეების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 8 მაისის გადაწყვეტილება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.