Facebook Twitter

3გ-ად-276-კ-02 6 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

კასატორმა მ.ჩ.-მ 1998 წელს გერმანიიდან ჩამოიყვანა ავტომანქანა მერსედესი «კამიონეტი”. მისი განმარტებით, ავტომანქანა ექსპლუატაციის მიზნით მინდობილობით გადასცა მ.ა.-ს, რომელიც ვალდებული იყო ემუშავებინა ავტომანქანა და გადაეხადა შესაბამისი ქირა (130 აშშ დოლარი თითო რეისზე). საქმეზე ასევე დადგენილია, რომ მ.ა.-მ მანქანა გადასცა შ.ბ.-ს საწვავის დამატებითი რეზერვუარის დასამონტაჟებლად. ამ უკანასკნელმა მანქანის პატრონთან შეთანხმების გარეშე, აღნიშნული ავტომანქანით გაიარა ბათუმის საბაჟო მონაკვეთი და 1999წ. 4 თებერვალს გადავიდა თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე. თურქეთის საბაჟოზე ის დააკავეს და აღმოუჩინეს 280კგ კონტრაბანდული ხორცი. თურქეთის საბაჟომ ხორცი გაანადგურა.

2001წ. 24 მაისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა მ.ჩ.-მ და მიუთითა, რომ შ.ბ.-ის მიერ თურქეთის რესპუბლიკაში მისი კუთვნილი ავტომანქანით გადასვლა მოხდა ბათუმის საბაჟოს მუშაკთა უპასუხისმგებლო და საქმისადმი ზერელე დამოკიდებულებით. კერძოდ, მებაჟეებმა საზღვარზე საბაჟო კანონმდებლობის დარღვევით გაატარეს ავტომანქანა, რომლის მძღოლსაც არ გააჩნდა მანქანის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი ან მინდობილობა. საბაჟოს თანამშრომლები ვალდებულნი იყვნენ საბაჟო კოდექსის 83-85-ე, 95-ე, ასევე სხვა მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, დაედგინათ შ. ბ.-ე იყო თუ არა მანქანის მესაკუთრე ან უფლება ჰქონდა თუ არა მინდობილობის გარეშე გადაეკვეთა საქართველოს საზღვარი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მ.ჩ.-მ აჭარის ა/რ საბაჟო დეპარტამენტისაგან მოითხოვა მანქანის ღირებულების, გაფორმების, რემონტის, გერმანიიდან ჩამოყვანის ხარჯების, ასევე თურქეთში ავტომანქანის კონფისკაციის გამო ჩატარებული სასამართლო ხარჯებისა და მიუღებელი შემოსავლის სახით, საერთო ჯამში 45000 აშშ დოლარის ანაზღაურება.

მოპასუხე აჭარის ა/რ საბაჟო დეპარტამენტმა არ ცნო სარჩელი და აღნიშნა, რომ საბაჟო დეპარტამენტი მოცემულ საქმეში წარმოადგენდა არასათანადო მოპასუხეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოსBA2001წ. 10 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, აჭარის ა/რ საბაჟო დეპარტამენტს მ.ჩ.-ის სასარგებლოდ სარჩელში მითითებული 45000 დოლარის ნაცვლად დაეკისრა 26000 აშშ დოლარისBანაზღაურება.საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც აჭარის ა/რ საბაჟო დეპარტამენტმა, ასევე მ. ჩ.-მ. საბაჟო დეპარტამენტმა მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების მთლიანად გაუქმება, ხოლო მ. ჩ.-მ გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მათი მოთხოვნა 19000 აშშ დოლარის ანაზღაურების თაობაზე.

აღნიშნული საქმე არაერთგზის იქნა განხილული საოლქო და საკასაციო სასამართლო ორგანოების მიერ. საბოლოოდ, აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 12 ივნისის ახალი გადაწყვეტილებით აჭარის ა/რ საბაჟო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო მ. ჩ.-ს საპელაციო საჩივარის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა უსაფუძვლობის მოტივით; საბაჟო დეპარტამენტს მ.ჩ.-ის სასარგებლოდ საერთო ჯამში დაეკისრა 15220 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა, გადახდის დროისათვის არსებული კურსის მიხედვით. საპელაციო სასამართლო დაეყრდნო შემდეგ გარემოებებს:

1. საპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საბაჟო დეპარტამენტი სწორად იქნა ჩაბმული საქმეში მოპასუხე მხარედ და სკ-ს 992-997-ე მუხლების, 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ის ვალდებულია ნაწილობრივ აუნაზღაუროს მ.ჩ.-ეს მიყენებული ზიანი. კერძოდ, სასამართლოს მითითებით, საბაჟო კოდექსის 83-ე მუხლის საფუძველზე საბაჟო დეპარტამენტი ვალდებული იყო მოეხდინა საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების დეკლარირება. ამავე კოდექსის 85-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დეკლარირება ხდება საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას, ხოლო 87-ე მუხლში აღნიშნულია, რომ დეკლარანტი შეიძლება იყოს საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მფლობელი. მოცემულ შემთხვევაში საბაჟოზე საზღვრის გადაკვეთისას შ.ბ.-ემ შეავსო დეკლარაცია, რომელიც შეამოწმეს საბაჟოს თანამშრომლებმა და ნება დართეს საზღვრის გადაკვეთაზე, მაგრამ მათ არ გაურკვევიათ დეკლარანტი (შ. ბ.-ე) იყო თუ არა მანქანის მფლობელი. მანქანის მფლობელის დადგენა საბაჟოს ვალდებულება იყო და მათ რომ სწორად მოეხდინათ საბუთების შემოწმება, მაშინ აღარ მოხდებოდა შ.ბ.-ის მიერ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და მ.ჩ.-ისათვის მანქანის კონფისკაციის გამო ზიანის მიყენება;

2. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის 26000 დოლართან ერთად დამატებით 19000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია საქალაქო სასამართლოს მიერ საბაჟო დეპარტამენტისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 26000 დოლარის დაკისრება. სააპელაციო პალატის განმარტებით, მოპასუხეს საერთოდ არ უნდა დაკისრებოდა ავტომანქანის კონფისკაციით გამოწვეული მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საბაჟო დეპარტამენტს მ.ჩ.-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მანქანის ღირებულების, გერმანიიდან ჩამოყვანისა და გაფორმების, ასევე თურქეთში გამართული სასამართლოს ხარჯები, რაც საბოლოო ჯამში შეადგენს 15220 აშშ დოლარს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ.ჩ.-მ, რომელმაც შემდეგი მოტივით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მიუღებელ შემოსავალზე უარის თქმის ნაწილში და საბაჟო დეპარტამენტისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით დამატებით 29780 აშშ დოლარის დაკისრება:

1. საბაჟო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, საქონლისა და ტრანსპორტის საბაჟო გაფორმებისათვის გამოიყენება სატვირთო-საბაჟო დეკლარაცია, რომელიც 89-ე მუხლის შესაბამისად წარმოადგენს ოფიციალურ იურიდიულ დოკუმენტს. დეკლარაციის წარდგენის პროცესი რეგულირდება საბაჟო კოდექსის 83-86-ე მუხლებით. ამავე კოდექსის 88-ე მუხლი ეხება საბაჟო მიზნებისათვის საჭირო საბუთებსა და დამატებით ცნობებს. ასეთი დოკუმენტების ჩამონათვალში შედის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს დეკლარანტის უფლებამოსილებას წარმოადგინოს სატვირთო-საბაჟო დეკლარაცია თავისი სახელით. დეკლარანტი შეიძლება იყოს ის, ვისაც აქვს საკმარისი უფლებამოსილება და რწმუნება, რათა საკუთარი სახელით განახორციელოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული ქმედებები. ცალკეულ შემთხვევაში დეკლარანტის როლში გამოდის პირი, რომელიც მართავს სატრანსპორტო საშუალებას და ამაზე აქვს შესაბამისი რწმუნება. კასატორს მიაჩნია, რომ ვინაიდან შ.ბ.-ს არ ჰქონდა მანქანის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა და არც მართვის მინდობილობა, ამიტომ არ უნდა მომხდარიყო მისი გაშვება საბაჟოზე, რაც თავის მხრივ, გამოიწვევდა მიყენებული ზიანის თავიდან აცილებას;

2. მ.ჩ.-ე ეყრდნობა სკ-ს 411-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. ვინაიდან ავტომანქანიდან იგი შემოსავლის სახით თითო რეისზე იღებდა 130 აშშ დოლარს, რაც დადასტურებულია მ. ა.-ის ახსნა-განმარტებით, ასევე ბათუმის შს სამმართველოს 1999წ. 4 აგვისტოს დადგენილებით, ამიტომ კასატორის აზრით, მიუღებელი შემოსავლის სახით მას დამატებით უნდა აუნაზღაურდეს 29780 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარის თანხა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საკასაციო წესით ასევე ასაჩივრებს მოპასუხე აჭარის ა/რ საბაჟო დეპარტამენტი, რომელიც საკასაციო და დამატებით საკასაციო საჩივრებში შემდეგი საფუძვლებით ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმას:

1. არ არსებობს კანონი, რომელიც საბაჟო ორგანოს ავალდებულებს შეამოწმოს ავტომანქანის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ავტომანქანის საკუთრების დოკუმენტი მოწმდება მხოლოდ მაშინ, როცა ავტომანქანა საზღვარზე გადაიყვანება როგორც თავად საქონელი და არა საქონლის გადაადგილების საშუალება. გარდა ამისა, ისეთ შემთხვევაშიც, როდესაც ადგილი აქვს ავტომანქანის გატაცებას ან არის ეჭვი, რომ იგი გადაყვანილი იქნება საბაჟო საზღვარზე, შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოების მომართვის საფუძველზე ხდება მონაცემთა კონტროლზე აყვანა და აღმოჩენის შემთხვევაში მანქანის დაკავება. მოცემულ შემთხვევაში ამგვარ რაიმეს ადგილი არ ჰქონია, რის გამოც საბაჟო არ იყო ვალდებული შეემოწმებინა მანქანის მესაკუთრის საკითხი. აქედან გამომდინარე, ზიანი უნდა აანაზღაუროს არა საბაჟო დეპარტამენტმა, არამედ შ.ბ.-ემ, რომლის უკანონო მოქმედებამაც გამოიწვია ეს ზიანი;

2. კასატორი აღნიშნავს, რომ საბაჟო კოდექსის 83-ე, 85-ე, 87-88-ე, 89-ე მუხლები არავითარ კავშირში არ არიან ავტომანქანის საბაჟო საზღვარზე გადაადგილებასთან, ვინაიდან ეს მუხლები არეგულირებენ საბაჟო მიზნებისათვის აუცილებელ პირობებსა და საკითხებს. საბაჟო ორგანოს აინტერესებს არა ის, თუ ვინ არის დეკლარანტი (საქონლის პატრონი, გადამზიდველი თუ სხვა), არამედ ის, რომ დეკლარანტი უნდა იყოს გადასახადის გადახდაზე უფლებამოსილი პირი;

3. კასატორის მითითებით, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მინდობილობა ავტომანქანით სარგებლობის შესახებ გაცემული იყო მ.ა.-ზე. საქმეზე წარმოდგენილი ცნობის მიხედვით, ავტომანქანის სარგებლობის მინდობილობა გაცემული ჰქონდა სულ სხვა პირს _ ვინმე ვ.ოსაძეს, რისთვისაც სასამართლოს ყურადღება არ მიუქცევია;

4. საბაჟო დეპარტამენტის განმარტებით, სასამართლომ ისე დააკისრა მათ ზიანის ანაზღაურება, რომ არ გაურკვევია, სკ-ს 992-ე, 999-ე, 1005-ე მუხლების შესაბამისად ვის მიუძღვის ზიანის მიყენებაში ბრალი _ შ.ბ.-ეს, თავად დაზარალებულს თუ მესამე პირს ე.ი. აჭარის საბაჟო დეპარტამენტს.

მხარეთა არაერთგზის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, საკასაციო საჩივრები განხილულ იქნა მათი დასწრების გარეშე, თანახმად სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილისა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის გაცნობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აჭარის ა/რ საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფლდეს, ხოლო მ. ჩ.-ის საკასაციო საჩივარს, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე, შესაბამისად, აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 12 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული უნდა იქნეს ახლი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

1. სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო პალატისათვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოება: 1998წ. ნოემბერში კასატორმა მ.ჩ.-ემ კუთვნილი სატვირთო ავტომანქანა «მერსედესი", მინდობილობით გადასცა მ.ა.-ეს, რომელმაც, დამატებითი საწვავის რეზერვუარის დასამონტაჟებლად, ავტომანქანა წაიყვანა შ.ბ.-ესთან. ეს უკანასკნელი კი მესაკუთრესთან (მ. ჩ.-ესთან) შეუთანხმებლად, ბათუმის საბაჟოს გავლით, 1999წ. 4 თებერვალს გადავიდა თურქეთის რესპუბლიკაში, სადაც დააკავეს და აღმოუჩინეს 280 კგ. კონტრაბანდული ხორცი, რომელიც განადგურდა, ხოლო თურქეთის სასამართლომ მოახდინა ავტომანქანის კონფისკაცია;

2. აჭარის ა/რ უმაღლესმა სასამართლომ გაიზიარა კასატორ (მოსარჩელე) მ.ჩ.-ის მოთხოვნა და საბაჟო კოდექსის 83-ე, 85-ე, 87-89-ე მუხლების, ასევე სკ-ს 992-ე, 997-ე, 1005-ე მუხლების საფუძველზე, საბაჟოს მუშაკთა უპასუხისმგებლო და სამსახურებრივი საქმის შესრულებისადმი ზერელე დამოკიდებულების გამო, ასევე საბაჟო კანონმდებლობის დარღვევით მ.ჩ.-ის ავტომანქანის გატარებისათვის აჭარის ა/რ საბაჟო დეპარტამენტს დაეკისრა მ. ჩ.-ისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება 15220 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ფარგლებში (ავტომანქანის ღირებულება, გერმანიიდან ჩამოყვანისა და გაფორმების ხარჯები _ 113227 აშშ დოლარი, ავტომანქანის ტექნიკური მომსახურებისათვის გაწეული ხარჯები _ 2787 ლარი, ავტომანქანის დაკავების გამო, თურქეთში გამართული სასამართლოს ხარჯები _ 2500 აშშ დოლარი), რასაც საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება, ვინაიდან:

ა) საბაჟო კოდექსის 83-ე, 85-ე მუხლების მე-4 ნაწილის თანახმად, ცარიელი სატრანსპორტო საშუალებები ექვემდებარება საბაჟო ორგანოში დეკლარირებას და 87-ე მუხლის პირველი ნაწილით დეკლარანტი შეიძლება იყოს სატრანსპორტო საშუალებების გადამაადგილებელი პირი. საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის 1998წ. 4 დეკემბრის ¹263 ბრძანებით დამტკიცებული «საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებისა და მისაბმელების გადაადგილების საბაჟო კოტროლისა და გაფორმების წესის" მე-8 მუხლის მიხედვით დადგენილია: «საქართველოს საბაჟო საზღვარზე სატრანსპორტო საშუალებების გატარება ხორციელდება იმ დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც ადასტურებს წარმომადგენლის საკუთრების ან ფლობის უფლებას ამ სატრანსპორტო საშუალებაზე". ამდენად, აჭარის ა/რ საბაჟო დეპარტამენტი ვალდებული იყო საბაჟო ტერიტორიის გავლისას დეკლარანტ შ.ბ.-ისათვის მოეთხოვა სატრანსპორტო საშუალების – ავტომანქანის საკუთრების ან ფლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც საბაჟო ორგანოს მუშაკებს არ განუხორციელებიათ, ამიტომ საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის მიხედვით, მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობა საბაჟო ორგანოებს ეკისრებათ კანონმდებლობით, კერძოდ, სკ-ს გათვალისწინებული წესით;

ბ) სააპელაციო სასამართლომაც სკ-ს 992-ე, 997-ე მუხლებისა და 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბაჟო დეპარტამენტს დააკისრა მ. ჩ.-ისათვის მიყენებელი ზიანის ანაზღაურება, მაგრამ ზიანის ანაზღაურების დაკისრებისას სასამართლომ არ გამოიყენა სკ-ს 1005-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმადაც «ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოიშობა, თუ დაზარალებული განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არ შეეცადა სამართლებრივი გზით თავიდან აეცილებინა ზიანი" და 415-ე მუხლი: «თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამ, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული".

კასატორ მ.ჩ.-ის განმარტების მიხედვით, მის საკუთრებაში მყოფი «მერსედესის" მარკის ავტომანქანას, მინდობილობით მართავდა მ.ა.-ე, რომელიც ამუშავებდა ავტომანქანას და შემოსავლების სახით კასატორს თვეში საშუალოდ 1500 დოლარს უხდიდა. კასატორის მითითებით მ.ა.-ემ დამატებითი საწვავის რეზერვუარის დასამონტაჟებლად ავტომანქანა წაიყვანა შ.ბ.-ესთან, რომელმაც 1999წ. 4 თებერვალს, მ.ჩ.-ის კუთვნილი ავტომანქანით თურქეთის რესპუბლიკაში გადაიტანა 280კგ. კონტრაბანდული ხორცი. აჭარის ა/რ შსს საგზაო პოლიციის სამმართველოს 2002წ. 4 იანვრის ¹20-1-9 ცნობის მიხედვით კი მ.ჩ.-ის კუთვნილ «მერსედესის" მარკის ავტომანქანაზე მინდობილობა გაცემულია ვ.ო.-ის სახელზე და არა მ.ა.-ეზე. მ.ა.-ის სახელზე მ.ჩ.-ის მიერ გაცემული მინდობილობა ან ავტომანქანის მართლზომიერი მართვის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი (ხელშეკრულება) საქმეში წარმოდგენილი არ არის, ამიტომ, საკასაციო პალატას მიაჩნია, ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო თვით დაზარალებულმა პირმა მ.ჩ.-მ, რაც საბაჟო დეპარტამენტისათვის ბრალისა და ზიანის დაკისრების საკითხის გადაწყვეტისას მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს და სააპელაციო პალატას არ გაუთვალისწინებია;

გ) სკ-ს 412-ე მუხლის მიხედვით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს წარმოადგენს. საკასაციო სასამართლოს აზრით, არ არსებობს პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი აჭარის ა/რ საბაჟო ორგანოების მოქმედებასა და მ. ჩ.-ისათვის მიყენებულ ზიანს შორის და აღნიშნული ზიანი უშუალოდ გამოწვეულია არა საბაჟო ორგანოების მოქმედებით (ავტომანქანის გატარებით), არამედ მ.ა.-ისა (რომელმაც შ.ბ.-ეს გადასცა ავტომანქანა) და შ.ბ.-ის (რომელმაც მ.ჩ.-ის ავტომანქანით თურქეთის რესპუბლიკაში გადაიტანა 280კგ კონტრაბანდული ხორცი) მართლსაწინააღმდეგო ქმედებებით, რომელთა მიმართაც კასატორ მ. ჩ.-ს, სკ-ს 992-ე მუხლის საფუძველზე უფლება ჰქონდა სარჩელი აღეძრა ზიანის ანაზღაურების თაობაზე, მაგრამ სარჩელის დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, კასატორს მათ მიმართ სარჩელი არ აღუძრავს და ისინი სასამართლოში მხოლოდ მოწმის სახით იყვნენ დაკითხულნი. ამიტომ საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სკ-ს 412-ე მუხლის მიხედვითაც კასატორის მოთხოვნა აჭარის ა/რ საბაჟო დეპარტამენტის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს;

დ) სკ-ს 411-ე მუხლით დადგენილია: «ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც”. აღნიშნული ნორმის საფუძველზე კასატორი ითხოვს მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველთვიურად 1500 აშშ დოლარის, სულ 29770 აშშ დოლარის ანაზღაურებას, რაც კასატორმა ვერ მიიღო ხელშეკრულების შესაბამისად. კასატორი, მართალია მიუთითებდა, რომ ავტომანქანა მინდობილობითა და ხელშეკრულებით გადაცემული ჰქონდა მ.ა.-ს, რომელიც ამუშავებდა მანქანას და ყოველთვიურად 1500 აშშ დოლარის შემოსავალს აძლევდა, მაგრამ საქმეში არც მ.ა.-ის სახელზე გაცემული მინდობილობაა წარმოდგენილი (როგორც აღინიშნა, აჭარის ა/რ შსს საგზაო პოლიციის 2002წ. 4 იანვრის ცნობის მიხედვით, ავტომანქანას მინდობილობით მართავს ვ.ო.-ე, რაც საქმის მასალებითა და თვით კასატორ მ.ჩ.-ის ჩვენებებით არ დასტურდება), არც ავტომანქანის მ.ა.-ისათვის იჯარით გაცემის შესახებ ხელშეკრულება და არც საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია, რომელიც საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის «ბ" პუნქტის თანახმად, დაადასტურებდა ავტომანქანის იჯარით გაცემის შედეგად მიღებული შემოსავლის (როგორც არასამეწარმეო საქმიანობით მიღებული შემოსავლის) მ. ჩ.-ის მიერ მიღებისა და შესაბამისი გადასახადით დაბეგვრის ფაქტს. ამიტომ კასატორის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ნაწილში დაუსაბუთებელია ისევე, როგორც თურქეთის რესპუბლიკაში გამართული სასამართლო ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნა, რადგან თურქეთში მგზავრობასთან ან ადვოკატის ხარჯებთან დაკავშირებით ასევე არანაირი მტკიცებულება (სამგზავრო ბილეთი, სასამართლო უწყება, ხელშეკრულება საადვოკატო მომსახურების თაობაზე) არ არის წარმოდგენილი, რის გამოც, გარდა ზემოაღნიშნული მოტივებისა, სასამართლო ხარჯებისა და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ნაწილშიც საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს დაუსაბუთებლობის გამო.

ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს აჭარის ა/რ საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 12 ივნისის გადაწყვეტილებაზე და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა" პუნქტის საფუძველზე უნდა გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რადგან ზიანის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ არ გამოიყენა სკ-ს 412-ე, 415-ე მუხლები, 1005-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რასაც შედეგად მოჰყვა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული საქმე უკვე არაერთგზის იქნა განხილული სააპელაციო და საკასაციო სასამართლოების მიერ. საქმის ფაქტობრივი გარემოებები სააპელაციო პალატის მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი, ამასთან საჭირო აღარ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლება, ამიტომ სსკ-ს 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო პალატა უფლებამოსილია საქმეზე თავად მიიღოს გადაწყვეტილება მ.ჩ.-ის საკასაციო საჩივრისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. აჭარის ა/რ საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. მ.ჩ.-ს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვას;E

3. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 12 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

4. მ.ჩ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

5. მ.ჩ.-ს საკასაციო საჩივარზე დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 3600 ლარის გადახდა;

6. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.