3გ-ად-283-კ-02 27 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი,
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
06.02.02წ. ნ., გ. და ფ. ხ.-ეებმა სარჩელი აღძრეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს მიმართ. მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ 1998წ. იანვარში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაენგრათ საცხოვრებელი სახლი, დაეღუპათ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ტერიტორია გამოცხადდა საშიში გეოლოგიური პროცესების ზონად, რის გამო იძულებული შეიქმნენ დაეტოვებინათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი (ხულოს რაიონი, სოფ. ...-ა) და მიემართათ ხელისუფლებისათვის. განცხადება საცხოვრებელი ბინითა და მიწის ნაკვეთით დაკმაყოფილების შესახებ 1988 წელს განსახილველად გადაეგზავნა აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს, რომელმაც შესთავაზა დაზარალებულებს ქობულეთის რაიონის ...-ის მეურნეობაში დასახლება, რომლის ხელმძღვანლობაც უზრუნველყოფდა დაზარალებულებს საცხოვრებელი ბინით, მიწის ნაკვეთითა და სამუშაო ადგილებით. აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს მიმართვის საფუძველზე ხულოს რაისაბჭოს აღმასკომმა 30.06.88წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელეებს ...-ის მეურნეობაში ჩასახლების ნება მიეცათ. მეურნეობის ხელმძღავნელობასთან შეხვედრისას გამოირკვა, რომ მეუნეობას არავითარი ვალდებულება მათ წინაშე აღებული არ ჰქონია, რის გამო 1988წ. იანვრიდან ერთი წლის განმავლობაში შეხიზნული იყვნენ ნათესავებთან, ხოლო 1989 წლიდან დღემდე ცხოვრობენ ქ. ბათუმში, ნაქირავებ ბინაში. განვლილ პერიოდში სხვადასხვა ინსტანციებში მიმართვამ შედეგი არ გამოიღო. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ მათი ოჯახისათვის სტიქიური უბედურებით მიყენებულმა ზიანმა წარმოშვა მუდმივი საცხოვრებელი ადგილიდან დაუყოვნებლივი და სამუდამოდ წასვლის აუცილებლობა, მოსარჩელეებმა დაკარგეს მეურნეობის საწარმოებლად აუცილებელი მიწა და თავის რჩენის ძირითადი წყარო _ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ამდენად, აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 29.05.90წ. ¹178 დადგენილებით განეკუთვნებოდნენ დაზარალებულთა პირველ კატეგორიას, რის გამო უსასყიდლოდ უნდა გადასცემოდათ საცხოვრებელი ფართი და მიწის ნაკვეთი. სასკ-ს 24-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელეებმა მოითხოვეს აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოსათვის, რომელსაც ევალებოდა მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად ზომების მიღება, ნორმალური საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად 22400 აშშ დოლარის ოდენობით ფულადი კომპენსაციის დაკისრება, სზაკ-ს 207-ე, სსკ-ს 992-ე მუხლების საფუძველზე ზიანის ანაზღაურების სახით გადახდილი ბინის ქირის _ 12320 აშშ დოლარის დაკისრება. მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 23.04.02წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო. 23.04.02წ. გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის მიერ. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 29.05.90წ. ¹178 დადგენილების საფუძველზე აპელანტებს მიეცათ ქობულეთის რაიონში, ოჩხამურის აგროსამრეწველო კომბინატის ტერიტორიაზე მშენებარე 70-ბინიან სახლში ჩასახლების, ანდა 24-ბინიან სახლში საცხოვრებელი ბინის გამოყოფის დაპირება, თანხების უქონლობისა და 90-იან წლებში განვითარებული მოვლენების გამო მშენებლობები დარჩა დაუმთავრებელი, რის გამო აპელანტებმა ბინა ვერ მიიღეს. ამასთანავე, აპელანტების მიერ უარყოფილ იქნა წალკის ან ქარელის რაიონებში ჩასახლების წინადადება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭომ აპელანტების მიმართ შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიუხედავად, აპელანტების მდგომარეობა ვერ იქნა გამოსწორებული შექმნილი მდგომარეობის, თანხების უქონლობის, აგრეთვე სხვა რაიონებში ჩასახლებაზე უარის თქმის გამო. პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტენზე მიყენებული ზიანი წარმოადგენს სტიქიის შედეგს, რომლის ანაზღაურების მოთხოვნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსაგან უმართებულოა. ზიანი არის სტიქიური უბედურების და არა ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედების შედეგი, რის გამო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია სასკ-ს 24-ე მუხლზე მითითება. აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭო სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი ყოველგვარი ვალდებულებების აღების გარეშე ღებულობდა ზომებს მოქალაქეთა მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, რის გამო შეუძლებელია ზიანის ანაზღაურების დაკისრება სასკ-ს 207-ე და სსკ-ს 992-ე მუხლების საფუძველზე.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 27.06.02წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ნ., გ. და ფ. ხ.-ეების მიერ, რომლებიც ითხოვენ გადაწყევტილების გაუქმებას დაუსაბუთებლობის გამო. კასატორები აღნიშნავენ, რომ სააპელაციო პალატას არ გამოუყენებია სსკ-ს 377-ე მუხლით მინიჭებული უფლება, სააპელაციო საჩივრის ფარგლებში არ შეამოწმა გადაწყვეტილება ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სააპელაციო პალატამ ადმინისტრაციული პროცედურის ინკვიზაციური საწყისების დარღვევით არ გამოითხოვა იმ ფაქტობრივი გარემოებების დამადასტუებელი მტკიცებულებები, რომლებზედაც ამყარებდა საკუთარ არაბრალეულობას მოპასუხე. კასატორი აღნიშნავს, რომ ასობით სტიქიით დაზარალებულთა შორის დაუკმაყოფილებელი დარჩა ორად ორი ოჯახი, რაც გამორიცხავს თანხების უკმარისობის არგუმენტს, ვინაიდან აპელანტი მოითხოვდა ფულად კომპენსაციას, რაც გაცილებით უფრო ნაკლებ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ვიდრე 24-ბინიანი და 70-ბინიანი საცხოვრებელი სახლის აშენება. კასატორები ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზე, რომ სხვა რაიონებში გადასახლება მათ შესთავაზეს 2000 წელს, მანამდე აყოვნებდნენ აჭარის ა/რ ტერიტორიაზე ბინის გამოყოფას დაპირებებით. კასატორები თვლიან, რომ აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 29.05.90წ. ¹178 დადგენილებით მოწინააღმდეგე მხარემ იკისრა დაზარლებულთა მოთხოვნების დაკმაყოფილების ვალდებულება, რასაც ადასტურებს თვით ზემოაღნიშნული დადგენილების მიღების ფაქტი.
საკასაციო პალატის სხდომაზე საქმის განხილვისას კასატორების წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს, საკასაციო საჩივრის დაზუსტებით ითხოვა მისი დაკმაყოფილება, სსკ-ს 411-ე მუხლის საფუძველზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით ახალი გადაწყვეტილების მიღება, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება, სსკ-ს 251-ე მუხლის შესაბამისად გადაწყვეტილების აღსრულების წესის დადგენა, აღსრულების მიქცევა იმ თანხებზე, რომლებიც განკუთვნილია აჭარის ა/რ ბიუჯეტში გადასარიცხად. მოწინააღმეგე მხარეს, აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს, შესაგებელი არ წარმოუდგენია, წარმომადგენელი სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა. საკასაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულ იქნა სასკ-ს 26-ე მუხლის შესაბამისად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების, საკასაციო საჩივრის საფუძველების და გასაჩივრებული გადაწვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დავის საგანს შეადგენს არა ბუნებრივი სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზიანი, არამედ მოწინააღმდეგე მხარის _ აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს მიერ დახმარების გაწევის ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა. ამდენად, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოყვანილი მოსაზრება იმის შესახებ, რომ ზიანი მიყენებულია ბუნებრივი სტიქიური ძალების და არა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, არ ასაბუთებს მოთხოვნის უსაფუძვლობას. მოწინააღმდეგე მხარის მიერ დახმარების აღმოჩენის ვალდებულების არსებობის დადგენისათვის სააპელაციო პალატა შემოიფარგლა მხოლოდ “აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდან სტიქიით დაზრალებული ოჯახების ქ. ბათუმში, ხელვაჩაურისა და ქობულეთის რაიონებში ჩასახლების დამატებითი შესაძლებლობების გამონახვისათვის აჭარის ასსრ მინისტრთა საბჭოს განკარგულებით შექმნილი რაიონული და რესპუბლიკური კომისიების მუშაობის შედეგების შესახებ" მინისტრთა საბჭოს 29.05.90წ. ¹178 დადგენილებით, მაშინ, როდესაც აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდან სტიქიით დაზარალებულთათვის დახმარების გაწევის ზომები, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სტიქიით დაზარალებულთა რეაბილიტაციისათვის გასატარებელი ღონისიებები გათვალისწინებული იყო საკავშირო და რესპუბლიკური ორგაოების დადგენილებით, კერძოდ, სსრკ-ს მინისტრთა საბჭოს 18.05.89წ. ¹410; საქართველოს კპ ცკ და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 06.05.89წ., ¹220; საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 14.06.89წ., ¹285; 09.10.89წ., ¹497; 20.09.89წ. ¹481 და სხვ. დადგენილებებით. აღნიშნული აქტები ითვალისწინებდნენ სტიქიონის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის რიგ შეღავათებს, კერძოდ, ერთჯერადი დახმარების გაცემას, სახლების შესაძენად და რემონტისათვის შეღავათიანი სესხის, მიწის ნაკვეთის გამოყოფას და სხვ.; დავის კანონიერი გადაწყვეტილებისათვის დადგენას საჭიროებს კასატორების მიერ აღნიშნული დადგენილებებით გათვალისწინებული შეღავათებით სარგებლობის ან მათზე შეღავათების გაუვრცელებლობის ფაქტი. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენდა აგრეთვე ის გარემოება, რომ კასატორებს მიეცათ წინადადება ჩასახლებულიყვნენ წალკის ან ქარელის რაიონებში, ამასთანავე სასამართლომ არ იქონია მსჯელობა იმაზე, თუ როდის შესთავაზეს კასატორებს სხვა რაიონებში საცხოვრებლად გადასვლა.
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს იმას, რომ აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 29.05.90წ. ¹178 დადგენილების საფუძველზე კასატორებს მიეცათ დაპირება, რომ ისინი ჩასახლებული იქნებოდნენ ქობულეთის რაიონში, ოჩხამურის აგროსამრეწველო კომბინატის ტერიტორიაზე და ბინა მიეცემოდათ მშენებარე 70-ბინიან სახლში, ანდა ხელვაჩაურის რაიონის ...-ის მეურნეობაში მშენებარე 24-ბინიან სახლში. აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 29.05.90წ. ¹178 დადგენილების მე-7 პუნქტის თანახმად, აღნიშნული მშენებლობისათვის საჭირო კაპიტალური დაბანდების დამატებითი ლიმიტების გამოყოფა ეთხოვა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს. ამავე დადგენილების თანახმად, სტიქიით განსაკუთრებით დაზიანებული ოჯახებისაათვის ...-ის საბჭოთა მეურნეობაში 24-ბინიანი საცხოვრებელი სახლი უნდა აეშენებინა ხელვაჩაურის რაისაბჭოს აღმასკომს, რაიონის საბჭოთა მეურნეობებისა და კოლმეურნეობების მონაწილეობით. სააპელაციო სასამართლომ ისე დაადგინა სახსრების უქონლობის გამო მშენებლობის დაუმთავრებლად დატოვების ფაქტი, რომ არ გაურკვევია მშენებლობისათვის საჭირო ლიმიტების გამოყოფის საკითხი, სამშენებლო სამუშაოებზე მშენებლობის დაუმთავრებლობის მიზეზების შესახებ პასუხისმგებელი ორგანოების მოსაზრებები. სააპელაციო სასამართლომ არ იქონია მსჯელობა და არ შეუფასებია აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს მმართველის 05.05.88წ. ¹კ-94/26 წერილი ხულოს რაისაბჭოს აღმასკომისადმი, მიმართვის საფუძველზე 30.06.88წ. მიღებული გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპეალციო პალატის განჩინება არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც 394-ე მუხლის “ე" ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს. საკასაციო პალატა საჭიროდ თვლის საქმის გარემოებათა დამატებით გამოკვლევას, სსკ-ს 377-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით სრულყოფილ შემოწმებას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ., გ. და ფ. ხ.-ეების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფიდლეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატაის 27.06.02წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.