Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹3გ-ად-285-კ-03 21 მაისი, 2003 წ. ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2001წ. 9 ნოემბერს მ. თ-ემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა და მოპასუხისაგან მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვა.

მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებაში მიუთითა, რომ 1998წ. 19 ივლისს მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17, 150-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ბრალი წაეყენა. 2000წ. 21 აპრილს კი ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა, რომელიც აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2000წ. 26 ივლისის დადგენილებით გაუქმებულ იქნა.

მოსარჩელის მითითებით, 2000წ. 6 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის “ა” პუნქტის საფუძველზე აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის გამამტყუნებელი განაჩენი გააუქმა და მ. თ-ის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე წარმოებით შეწყვიტა.

მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებაში აღნიშნა, რომ 21 თვის განმავლობაში უკანონოდ იმყოფებოდა წინასწარ პატიმრობაში, რის გამოც მისი ოჯახი მარჩენალის გარეშე დარჩა და იძულებული გახდა ბინა გაეყიდა. მოსარჩელის მითითებით, პატიმრობის განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა და მან დიდი მორალური ზიანი განიცადა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებით მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით მოპასუხისაგან 340000 ლარისა და 52 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა მოითხოვა.

2002წ. 5 აპრილის ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მ. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ იმავე საფუძვლებით სააპელაციო წესით აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოში გაასაჩივრა.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 2 ივლისის გადაწყვეტილებით აპელანტის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. 2000წ. 5 აპრილის ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც ფინანსთა სამინისტროს მ. თ-ის სასარგებლოდ მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 5000 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის გადახდა დაეკისრა.

სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ უკანონო პატიმრობაში ყოფნის და ოჯახსა და ახლობლებზე ჩამოშორების ფაქტი თავისთავად მორალურ ზიანს აყენებს ადამიანს, თუნდაც ეს ფაქტი სხვა სახის დამატებით ხარჯებთან არ იყოს დაკავშირებული. მოცემულ შემთხვევაში კი უდავოა ის გარემოებაც, რომ თვით მ. თ-ისა და მისი ოჯახის წევრების მიერ გაწეული იყო დამატებითი ხარჯები. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ აპელანტის მოთხოვნა როგორც მორალური, ისე მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რადგან ჩათვალა, რომ 340000 ლარისა და 52000 დოლარის შესაბამისი ლარის მოთხოვნა აშკარად გადამეტებული და ამასთან დაუსაბუთებელი იყო. სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში გაითვალისწინა ასევე სახელმწიფოს მძიმე ეკონომიური მდგომარეობა და მ. თ-ისათვის მორალური და მატერიალური ზიანის ასანაზღაურებელი თანხა 5000 აშშ დოლარის ოდენობით განსაზღვრა.

2002წ. 2 ივლისის აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილება მ. თ-ემ იმავე საფუძვლებით საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.

კასატორი აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2002წ. 2 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებას და მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას ითხოვს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საკასაციო წესით ასაჩივრებს აგრეთვე ფინანსთა სამინისტრო.

კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მ. თ-ემ გაუშვა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 227-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დადგენილი 6 თვიანი ხანდაზმულობის ვადა და გამამართლებელი განაჩენის გამოტანიდან, ანუ 2000წ. 6 ოქტომბრიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 228-ე მუხლის თანახმად, საერთო სასარჩელო წესით 2001წ. 9 ოქტომბერს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, რომელმაც მისი მოთხოვნა მორალური და ფიზიკური ზიანის 340000 ლარისა და მატერიალური ზიანის 52000 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის მოპასუხეზე დაკისრების შესახებ არ დააკმაყოფილა.

სასამართლომ არასწორად გამოიყენა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 228-ე მუხლი, რადგან აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს, რომ თუ მოქალაქის მოთხოვნა შრომითი, საპენსიო, საბინაო ან სხვა უფლების აღდგენის, ანდა ქონებისა თუ მისი ღირებულების დაბრუნების შესახებ არ დაკმაყოფილებულა, ან თუ მოქალაქე არ ეთანხმება მიღებულ გადაწყვეტილებას, მას უფლება აქვს მიმართოს შესაბამისი მოთხოვნით, სასარჩელო წარმოების წესით, გამამართლებელი განაჩენის ან რეაბილიტაციის სხვა აქტის გამოტანის დღიდან სამი წლის განმავლობაში. მართალია მოსარჩელემ მიმართა სასამართლოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 227-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე და მოითხოვა მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება, მაგრამ სასამართლომ სარჩელი განუხილველი დატოვა, რის შემდეგადაც მოსარჩელეს შეეძლო მიემართა იმავე სასამართლოსათვის იგივე წესით. ამდენად, სასარჩელო განცხადებით მიმართვას წინ უნდა უსწრებდეს განცხადების განხილვა სისხლის სამართალწარმოების წესით.

მორალური ზიანის კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას, სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო ის გარემოება, რომ სახელმწიფო ბიუჯეტით ამ მიზნით გათვალისწინებულია მხოლოდ 50 000 ლარი, რომელიც რამდენიმე ათეული რეაბილიტირებულ ოჯახზე უნდა განაწილდეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას ითხოვს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ მ. თ-ისა და ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 2 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე გადაეცეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას სისხლის სამართალწარმოების წესით განსჯად სასამართლოზე დასაქვემდებარებლად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენციით გარანტირებულია ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა. საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი განსაზღვრავს, რომ ყველასათვის გარანტირებულია სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. ევროპის კონვენციის მე-5 მუხლის მე-2-5 პუნქტები ადგენენ უკანონოდ დაკავებული პირის გათავისუფლების გარანტიებს. კონვენცია ადგენს კომპენსაციის შესაძლებლობას მასში გათვალისწინებული უფლებებისა და თავისუფლებების ხელყოფისათვის. კონვენციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის უფლება, ამ მუხლის დებულებათა დარღვევით განხორციელებული თავისუფლების აღკვეთისათვის, ავსებს 50-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლებას, “სამართლიან ანაზღაურებაზე”. “სამართლიანი ანაზღაურების” მინიჭება ევროპული სასამართლოს კომპენტენციაა. მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაცია, უფლების დარღვევის დადგენის შემთხვევაში, ეროვნული სასამართლოების მიერაც უნდა განხორციელდეს. მე-5 პუნქტის გამოყენების წინაპირობას მე-5 მუხლით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე უფლების ხელყოფა წარმოადგენს. კომპენსაცია გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებული დაამტკიცებს მისთვის ფიზიკური, მატერიალური და მორალური ზიანის მიყენების ფაქტს, ვინაიდან კომპენსაციის შესახებ საკითხი არ დგება ასეთი ზიანის გარეშე. კომპენსაცია მოიცავს როგორც მატერიალურ, ისე მორალურ ზიანს.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისას საქართველოს კონსტიტუციასთან და ევროპის კონვენციასთან ერთად გამოყენებული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 221-ე, 222-ე, 225-ე, 227-ე და 228-ე მუხლები, რომლებიც რეაბილიტირებულისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და დარღვეული უფლებების დადგენის წესსა და პროცედურას ადგენენ. სწორედ ზემოაღნიშნული მუხლებით დადგენილი პროცედურით უნდა მოხდეს ზიანის ანაზღაურება. თუ საქმის შეწყვეტის შემდეგ არ განისაზღვრა ზიანის ოდენობა, რეაბილიტირებულს უფლება აქვს პირდაპირ მიმართოს განსჯად სასამართლოს, რომელიც საქმეს განიხილავს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 227-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების შესაბამისად. ამასთან, მიყენებული ზიანის ანაზღაურება და დარღვეული უფლების აღდგენა უნდა მოხდეს გამამართლებელი განაჩენის ან რეაბილიტაციის სხვა აქტის გამოტანიდან 6 თვის განმავლობაში.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. თ-ე კანონით დადგენილი წესით არის რეაბილიტირებული, რადგან 2000წ. 6 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის “ა” პუნქტის საფუძველზე სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო, აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის გამამტყუნებელი განაჩენი გააუქმა და მ. თ-ის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე წარმოებით შეწყვეტა, რაც ამავე კოდექსის 219-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად რეაბილიტაციის საფუძველია. საყურადღებოა ისიც, რომ მ. თ-ემ 6 თვის ვადაში მიმართა სასამართლოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 228-ე მუხლი არ გულისხმობს სასამართლოს გადაწყვეტილებას მოქალაქის შრომითი, საპენსიო, საბინაო ან სხვა უფლების აღდგენის ანდა ქონებისა თუ მისი ღირებულების დაბრუნების თაობაზე. ეს ის შემთხვევაა, როდესაც უფლებამოსილი ორგანო თავისი გადაწყვეტილებით (სახელმიწფო ან მმართველობის ორგანო, გარდა სასამართლოსი) ზემოთ დასახელებულ რომელიმე უფლებას არ აღუდგენს რეაბილიტირებულს და ეს უკანასკნელი ამ ორგანოს წინააღმდეგ სასარჩელო წარმოების წესით მიმართავს სასამართლოს შრომითი, საპენსიო, საბინაო ან სხვა უფლების აღდგენის, ანდა ქონებისა და მისი ღირებულების დაბრუნების თაობაზე გამამართლებელი განაჩენის ან რეაბილიტაციის სხვა აქტის გამოტანიდან 3 წლის განმავლობაში და მოითხოვს სახელმწიფო ან მმართველობის ორგანოს გადაწყვეტილების შეცვლას ან გაუქმებას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სკ-ს 1005-ე მუხლი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 221-ე, 222-ე, 225-ე და 227-ე მუხლებთან ერთად უნდა იქნეს გამოყენებული. 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მიყენებული ზიანის ანაზღაურება და უფლებების აღდგენა უნდა განხოციელდეს იმ წესითა და პროცედურით, რასაც ითვალისწინებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. თ-ისა და ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 2 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე გადაეცეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას სისხლის სამართალწარმოების წესით განსჯად სასამართლოზე დასაქვემდებარებლად.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.