Facebook Twitter

¹ 3გ-ად-289-02 7 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მ.-ი (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

ნ. სხირტლაძე

დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება და ორდერის გაუქმება.

2001წ. 19 აპრილს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურმა სამმართველომ ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების ა. ბ.-ის, ჟ. გ.-ისა და ქ. ბათუმის მერიის მიმართ სარჩელი აღძრა.

მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებაში მიუთითა, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურ სამმართველოს სამართალმემკვიდრეობის სახით რუსეთის ფედერაციის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის სახელზე რიცხული სამსახურებრივი ბინები, მათ შორის ქ. ბათუმში ... მდებარე 36კვ.მ ფართის ¹49 ბინა გადაეცა.

მოსარჩელის მითითებით, ა. ბ.-ესა და ჟ. გ.-ს აღნიშნული ბინა უკანონოდ ჰქონდათ დაკავებული. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურ სამმართველოზე ბინების გადმოცემის დროისათვის, ა. ბ.-ს მოსარჩელესთან არანაირი სამსახურებრივი ურთიერთობა არ აკავშირებდა, რის გამოც საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993წ. 6 აგვისტოს ¹603 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 თავის მე-14 პუნქტის თანახმად მოპასუხეებმა დაკარგეს სამსახურებრივი ბინით სარგებლობის უფლება.

სასარჩელო განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 1991წ. 21 მარტს ა. ბ.-ის სახელზე გაცემულია საბინაო ორდერი, რომელსაც ქ. ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1991წ. 13 თებერვლის ¹93 გადაწყვეტილება უდევს საფუძვლად. ამ გადაწყვეტილებით მიღებულ იქნა აღმასკომის საბინაო კომისიის წინადადება ქალაქ ბათუმის სამხედრო გარნიზონის ფონდში რიცხულ ბინებში სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახების შესახლების შესახებ და დამტკიცდა სამხედრო მოსამსახურე ა. ბ.-ის ოთხსულიანი ოჯახის შესახლება გარნიზონის ფონდში რიცხულ, ქ. ბათუმში, ... მდებარე 3 ოთახიან ბინაში.

მოსარჩელემ სარჩელით ქალაქ ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1991წ. 13 თებერვლის ¹93 გადაწყვეტილებისა და ა. ბ.-ის სახელზე 1991წ. 21 მარტს გაცემული საბინაო ორდერის გაუქმება, ასევე მოპასუხეების ბინიდან გამოსახლება მოითხოვა.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს. ა. ბ.-მ განმარტა, რომ 1987 წლიდან საბჭოთა კავშირის შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა, ხოლო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე დროებით დისლოცირებულ რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ნაწილ ...-ში განაგრძო სამსახური. მოპასუხის განმარტებით მან ბინა კანონიერად მიიღო, რაც მასზე უვადო და არა სამსახურებრივი ორდერის გამოწერით გამოიხატა. ამიტომ რუსეთის სასაზღვრო ჯარების საქართველოდან გასვლის მიუხედავად მას უფლება ჰქონდა, სადავო ბინაში ოჯახთან ერთად განეგრძო ცხოვრება, მითუმეტეს როცა სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია, ხოლო აღნიშნულ ბინაში ჩატარებული აქვს რემონტი, რაზედაც გარკვეული თანხები დაიხარჯა. ამასთან, მოპასუხემ მიუთითა, რომ ბინაში 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა.

მოპასუხე _ ქ. ბათუმის მერიამ სარჩელი იმ მოტივით არ ცნო, რომ ქ. ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრუბელი კომიტეტის გადაწყვეტილებით ა. ბ.-ს საცხოვრებელი ბინა უვადო სარგებლობისათვის გადაეცა.

2001წ. 19 სექტემბრის ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურმა სამმართველომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

აპელანტმა აღნიშნა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არასწორია და იგი უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993წ. 6 აგვისტოს ¹603 დადგენილებით საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო უწყებათა სარგებლობაში გადაცემული საცხოვრებელი ფართობიდან ბინებით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან: გენერლები, ადმირალები, ოფიცრები და ზემდეგები თავიანთი ოჯახებით, ამასთან გენერლებს და ადმირალებს ბინები ეძლევათ უვადო სარგებლობის უფლებით, ხოლო დანარჩენ ოფიცერთა შემადგენლობას სამსახურებრივი დანიშნულებით.

აპელანტის მითითებით, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ¹603 დადგენილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დროებით დისლოცირებული რუსეთის ფედერაციის ჯარების ჯგუფი და ყოფილი სსრ კავშირის სამხედრო უწყებები თავიანთ საუწყებო ფონდში სამხედრო მოსამსახურეებს ბინებს დროებითი სარგებლობისათვის აძლევენ, საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მათი სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდის ვადით.

აპელანტმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, ასევე ა. ბ.-ის სახელზე გაცემული საბინაო ორდერის ბათილად ცნობა და ა. ბ.-ის ოჯახთან ერთად სამსახურებრივი დანიშნულების ბინიდან იძულებით გამოსახლებაზე გადაწყვეტილების გამოტანა მოითხოვა.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 3 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული.

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველო აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის აღნიშნულ განჩინებას არ დაეთანხმა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივარი შეიტანა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა საკასაციო პალატის 2001წ. 13 მარტის განჩინებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს 2001წ. 3 დეკემბრის გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოს დაუბრუნდა იმ მოტივით, რომ სააპელაციო სასამართლოს სრულყოფილად გამოერკვია, თუ რომელი უწყება იყო სადავო ბინის მესაკუთრე.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2002წ. 17 ივლისის განჩინებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა. 2001წ. 19 სექტემბრის ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება შემდეგ გარემოებებს ეფუძნება:

სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილების სისწორესა და კანონიერებაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს და ის ფაქტი, რომ ამ ეტაპზე აღმასკომის გადაწყვეტილების დანართი მასალები არ მოიპოვება არ ნიშნავს იმას, რომ თავის დროზე გადაწყვეტილება სათანადო საფუძვლის გარეშე იქნა გამოტანილი. სააპელაციო სასამართლოს ზემოთ მითითებული მოსაზრება იმ გარემოებასაც ემყარება, რომ ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტლების უსწორობის შემთხვევაში სამხედრო სასაზღვრო ნაწილი აღნიშნულ საკითხს აუცილებლად სადაოდ გახდიდა, რაც იმ დროისათვის არ მომხდარა. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება იმის შესახებ, რომ რუსეთის სასაზღვრო ნაწილ ...-ის მიერ ა. ბ.-ეს ბინა დროებით სარგებლობისათვის მიეცა, რამდენადაც ამის შესახებ არც ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებაში და არც ბინის ორდერში აღნიშნული არ არის.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ქალაქ ბათუმის მერიის მოსაზრება, რომ ქალაქ ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ ა. ბ.-ზე გაცემული ორდერი ბინის მუდმივი სარგებლობის უფლებით გადაცემას ითვალისწინებს, რადგან სამსახურებრივი დანიშნულების ორდერს აქვს კიდევ სხვა რეკვიზიტები, რომლითაც ის განსხვავდება საქმეში არსებული ორდერისაგან.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2002წ. 17 ივლისის განჩინება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურმა სამმართველომ იმავე საფუძვლებით საკასაციო წესით გაასაჩივრა.

კასატორი აღნიშნავს, რომ მართალია საქართველოს საბინაო კოდექსის 58-ე მუხლის თანახმად, მოთხოვნა – ორდერის ბათილად ცნობის თაობაზე შეიძლება გაცხადებული იქნეს მისი გაცემიდან 3 წლის ვადაში, მაგრამ მასში ლაპარაკია არა სამსახურებრივი დანიშნულების ფართზე, არამედ ჩვეულებრივ საცხოვრებელ სადგომზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2002წ. 17 ივლისის განჩინება, აგრეთვე გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 19 სექტემბრის გადაწყვეტილება და გამოტანილ იქნეს ახალი გადაწყვეტილება ა. ბ.-ის სახელზე გაცემული საბინაო ორდერის გაუქმებისა და მოპასუხეების ბინიდან გამოსახლებაზე.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. უნდა გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთაA პალატის 2002წ. 17 ივლისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი და სათანადოდ არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. ბათუმში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლები ქ. ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1991წ. 13 თებერვლის ¹93 გადაწყვეტილებით რუსეთის ფედერაციის ფედერალური სასაზღვრო სამსამხურის სამხედრო ნაწილ ¹...-ს გადაეცა. ქალაქ ბათუმის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1991წ. 13 თებერვლის ¹93 გაადწყვეტილებით მიღებულ იქნა აღმასკომის საბინაო კომისიის წინადადება, ქალაქ ბათუმის სამხედრო გარნიზონის ფონდში რიცხულ ბინებში სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახების შესახლების შესახებ და დამტკიცდა სადავო ბინაში სამხედრო მოსამსახურე ა. ბ.-ის ოთხსულიანი ოჯახის შესახლება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ქ. ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა, გარნიზონის ფონდში რიცხულ ბინებში, სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახები სამხედრო გარნიზონის ხელმღვანელობის თხოვნის საფუძველზე შეასახლა. ისინი გარნიზონის ხელმძღვანელობასთანN შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდნენ, რაც მათ საქართველოს საბინაო კოდექსის 112-ე მუხლიდან გამომდინარე სამსახურებრივი საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლებას აძლევდა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს საბინაო კოდექსის 112-ე მუხლის თანახმად, სამსახურებრივი საცხოვრებელი სადგომები განკუთვნილია იმ მოქალაქეთა ჩასახლებისათვის, რომლებიც თავიანთი შრომითი ურთიერთობის ხასიათის გამო მუშაობის ადგილზე ან მის მახლობლად უნდა ცხოვრობდნენ. ამავე კოდექსის 113-ე მუხლის მიხედვით: სამსახურებრივი საცხოვრებელი სადგომები შეიძლება მიეცეთ ცალკეულ კატეგორიათა სამხედრო მოსამახურეებს: პრაპორშჩიკებს, მიჩმანებსა და ზევადიანი სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებს.

ამდენად, საცხოვრებელი სადგომის მიცემის საფუძველია გამქირავებელსა და დამქირავებელს შორის შრომითი ურთიერთობის არსებობა და იგი განკუთვნილია იმ მოქალაქეთა ჩასახლებისათვის, რომლებიც თავიანთი შრომითი ურთიერთობის ხასიათის გამო სამუშაო ადგილზე ან მის მახლობლად უნდა ცხოვრობდნენ.

ამასთან, საუწყებო სახლებისაგან განსხვავებით, სამსახურებრივი საცხოვრებელი სადგომები მუშაკებს არა მარტო იმიტომ ეძლევათ, რომ ისინი მოცემულ საწარმოსა და ორგანიზაციაში მუშაობენ, არამედ იმ შრომითი მოვალეობების თავისებურებათა გამო, რომელთა შესრულებისათვის აუცილებელ სამუშაო ადგილზე ან მის მახლობლად უნდა ცხოვრობდნენ.

საქართველოს საბინაო კოდექსის 115-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილებას სამსახურებრივი საცხოვრებელი სადგომის მიცემის შესახებ იღებს საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაცია, რომლის გამგებლობაშიც არის სამსახურებრივი საცხოვრებელი სადგომები. მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი მოქალაქეებს აძლევს სპეციალურ ორდერს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, ქ. ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ სამხედრო მოსამსახურე ა. ბ.-ზე რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო სამსახურის ბალანსზე რიცხული ბინის მიცემა სავსებით შეესაბამება საქართველოს საბინაო კოდექსის 115-ე მუხლით დადგენული სამსახურებრივი საცხოვრებელი სადგომების მიცემის წესს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ბინა სამსახურებრივ საცხოვრებელ სადგომს წარმოადგენს, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ ა. ბ.-ს იგი გარკვეული ვადით სარგებლობისათვის გადაეცა. ამას ადასტურებს საბინაო კოდექსის 116-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც: მუშები და მოსამსახურეები, რომელთაც შეწყვიტეს შრომითი ურთიერთობა საწარმოსთან, დაწესებულებასთან, ორგანიზაციასთან გამოსახლებულ უნდა იქნენ სასამხურებრივი საცხოვრებელი სადგომებიდან მათთან ერთად მცხოვრები ყველა პირითურთ სხვა საცხოვრებელი სადგომის მიუცემლად. აღნიშნული კიდევ უფრო განმტკიცდა, მოგვიანებით მიღებული, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993წ. 6 აგვისტოს ¹603 დადგენილებით. ამ დადგენილების მე-14 პუნქტის თანახმად: საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დროებით დისლოცირებული რუსეთის ფედერაციის ჯარების ჯგუფი და ყოფილი სსრ კავშირის სამხედრო უწყებები თავიანთ საუწყებო ფონდში სამხედრო მოსამსახურეებს ბინებს აძლევენ დროებითი სარგებლობისათვის, საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მათი სამხედრო სამსახურის გავლის პერიდის ვადით. ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993წ. 6 აგვისტოს ¹603 დადგენილებით დამტკიცებული დროებითი დებულების 1-ლი თავის მე-2 პუნქტის მიხედვით: საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო უწყებათა სარგებლობაში გადაცემული საცხოვრებელი ფართობიდან ბინით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან: გენერლები, ადმირალები, ოფიცრები და ზემდეგები თავიანთი ოჯახებით, ამასთან გენერლებსა და ადმირალებს ბინები უვადო სარგებლობის უფლებით ეძლევათ, ხოლო დანარჩენ ოფიცერთა შემადგენლობას სამსახურებრივი დანიშნულებით. ამდენად, მოცემულმა ნორმატიულმა აქტმა ხაზი გაუსვა იმ დროს მოქმედი საბინაო კანონმდებლობის მოთხოვნას, რომ საუწყებო სახლებისაგან განსახვავებით სამსახურებრივი საცხოვრებელი სადგომები შეიძლება მიეცეთ პროპორშიკებს, მიჩმანებსა და ზევადიანი სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებს. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ საბინაო კოდექსის 53-ე მუხლიდან გამომდინარე, საუწყებო საბინაო ფონდის სახლებში საცხოვრებელ სადგომებს მოქალაქეებს აძლევენ საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციისა და პროფკავშირის კომიტეტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან ქ. ბათუმის აღმასკომმა სამხედრო გარნიზონის ხელმძღვანელობის თხოვნის საფუძველზე გადაწყვიტა სამხედრო გარნიზონის ფონდში რიცხულ ბინებში სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახების შესახლება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ვინაიდან სადავო ბინა სამსახურებრივ საცხოვრებელ სადგომს მიეკუთვნება, საბინაო ორდერში არც შეიძლებოდა ყოფილიყო მითითება მისი სარგებლობის ვადის შესახებ. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ 1999 წლიდან, რუსეთის ფედერაციის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის საქართველოს ტერიტორიიდან გასვლასთან დაკავშირებით, მისი კუთვნილი ქონება სამართალმემკვიდრეობით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურ სამმართველოს გადაეცა, რომელსაც სკ-ს 170-ე და 172-ე მუხლებიდან გამომდინარე, უფლება აქვს ფლობდეს საკუთარ ქონებას და არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ქ. ბათუმში სამხედრო გარნიზონის ფონდში რიცხული სადავო ბინა სამსახურებრივ საცხოვრებელ სადგომს მიეკუთვნება, ქ. ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ სამხედრო მოსამსახურე ა. ბ.-ზე გაცემული საბინაო ორდერი დროებითი სარგებლობის უფლებით იყო გადაცემული, რაც მისი აღნიშნული ბინიდან გამოსახლების იურიდიულ საფუძველს იძლევა და კასატორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფლდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და მიღებული ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხეები ოჯახით სადავო ბინიდან უნდა გამოსახლდნენ.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, სსკ-ს 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 17 ივლისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გაადწყვეტილება.

3. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს სარჩელი დაკმაყოფილდეს. გამოსახლებულ იქნენ ა. ბ.-ე და ჟ. გ.-ე ოჯახით ქ. ბათუმში, ... მდებარე ბინიდან.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.