Facebook Twitter

3გ-ად-289-კ-02 7 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003წ. 7 თებერვლის გადაწყვეტილების აღსრულების გადადება.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 19 აპრილს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურმა სამმართველომ ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების ა. ბ-ის, ჟ. გ-ისა და ქ. ბათუმის მერიის მიმართ სარჩელი აღძრა.

მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებაში მიუთითა, რომ სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურ სამმართველოს სამართალმემკვიდრეობის სახით რუსეთის ფედერაციის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის სახელზე რიცხული სამსახურებრივი ბინები, მათ შორის ქ. ბათუმში ..... მდებარე 36კვ.მ ფართის ¹49 ბინა გადაეცა.

მოსარჩელის მითითებით, ა. ბ-ესა და ჟ. გ-ეს აღნიშნული ბინა უკანონოდ ჰქონდათ დაკავებული. სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურ სამმართველოზე ბინების გადმოცემის დროისათვის, ა. ბ-ეს მოსარჩელესთან არანაირი სამსახურებრივი ურთიერთობა არ აკავშირებდა, რის გამოც საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993წ. 6 აგვისტოს ¹603 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 თავის მე-14 პუნქტის თანახმად, მოსარჩელემ მოპასუხეთა გამოსახლება მოითხოვა.

2001წ. 19 სექტემბრის ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურმა სამმართველომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

აპელანტმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, ასევე ა. ბ-ის სახელზე გაცემული საბინაო ორდერის ბათილად ცნობა და ა. ბ-ის ოჯახთან ერთად სამსახურებრივი დანიშნულების ბინიდან იძულებით გამოსახლებაზე გადაწყვეტილების გამოტანა მოითხოვა.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 3 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველო აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის აღნიშნულ განჩინებას არ დაეთანხმა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივარი შეიტანა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა საკასაციო პალატის 2001წ. 13 მარტის განჩინებით აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2001წ. 3 დეკემბრის გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოს დაუბრუნდა იმ მოტივით, რომ სააპელაციო სასამართლოს სრულყოფილად უნდა გამოერკვია, თუ რომელი უწყება იყო სადავო ბინის მესაკუთრე.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2002წ. 17 ივლისის განჩინებით სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლობის გამო კვლავ არ დაკმაყოფილდა. 2001წ. 19 სექტემბრის ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2002წ. 17 ივლისის განჩინება სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურმა სამმართველომ იმავე საფუძვლებით საკასაციო წესით გაასაჩივრა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003წ. 7 თებერვლის გადაწყვეტილებით საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს სარჩელი დაკმაყოფილდა და დადგენილ იქნა, რომ ა. ბ-ე და ჟ. გ-ე ოჯახით გამოსახლებული უნდა ყოფილიყვნენ ქ. ბათუმში, ..... მდებარე ბინიდან.

2003წ. 4 მარტს ა. ბ-ემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და 6 თვით გადაწყვეტილების აღსრულების გადავადება მოითხოვა იმ მოტივით, რომ მათი ოჯახი უმწეო მდგომარეობაში იმყოფებოდა, სხვა საცხოვრებელი ბინა არ გააჩნდათ, ამასთან, შვილი და მეუღლე სერიოზული ავადმყოფები იყვნენ, რის გამოც ბინის დატოვების შესაძლებლობა არ ჰქონდათ. ამასთან, ბათუმის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში იყო მიღებული მისი სარჩელი მის მიერ დაკავებულ ბინაში გაწეული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე მოპასუხე საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს მიმართ.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იმსჯელა წარმოდგენილი შუამდგომლობის საფუძვლიანობასა და დასაბუთებულობაზე და მიიჩნევს, რომ ა. ბ-ის წარმომადგენელ გ. ა-ის შუამდგომლობა საქმის უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003წ. 7 თებერვლის გადაწყვეტილების აღსრულების გადავადების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა თუ ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით განსხვავებული პროცედურა არ არის დაგენილი.

მოცემულ შემთხვევას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი არ არეგულირებს. ამდენად, შუამდგომლობის განხილვისას სსკ-ს 263-ე მუხლი უნდა იქნეს გამოყენებული. მითითებული მუხლის თანახმად, სასამართლოს, რომელმაც საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა, უფლება აქვს მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით გადადოს ან განაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ა. ბ-ის წარმომადგენლის შუამდგომლობაში მითითებული ფაქტები იძლევა იმის საშუალებას, რომ ისინი მიჩნეულ იქნენ ობიექტურ გარემოებად გადაწყვეტილების აღსრულების გადავადებისათვის, რადგან ა. ბ-ის ოჯახს სხვა საცხოვრებელი ბინა არ გააჩნია, ოჯახის წევრები იმყოფებიან ავად, ამასთან ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეისათვის იხილება ადმინისტრაციული დავა ა. ბ-ის მიერ სადავო ბინაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი და სსკ-ს 263-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ბ-ის წარმომადგენლის გ. ა-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას 2003წ. 7 თებერვლის ¹3გ-ად-289-კ-02 გადაწყვეტილების აღსრულება გადაიდოს 6 თვით, 2003წ. 7 ნოემბრამდე;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.