გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-291-კ-03 25 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი,
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
კ. დ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა მარტვილის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების: შს სამინისტროს მარტვილის რაიონის შს განყოფილების და მარტვილის რაიონის საფინანსო განყოფილების მიმართ და მოითხოვა სამუშაოდან განთავისუფლების გამო 11 თვის მიუღებელი ხელფასის 1083,83 ლარის ანაზღაურება.
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ მუშაობდა შს სამინისტროს მარტვილის რაიონის შს განყოფილებაში, საიდანაც განთავისუფლდა საბოლოო ანგარიშსწორებით, მაგრამ შკკ-ს 96-ე მუხლის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ მისთვის არ მიუციათ 11 თვის მიუღებელი ხელფასი, რის გამოც ითხოვდა მოპასუხეებისათვის 1083,83 ლარის დაკისრებას.
მარტვილის რაიონის საფინანსო განყოფილებამ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ რაიონის ბიუჯეტიდან უკანასკნელი 10-15 წლის მანძილზე შ/ს რაიონული განყოფილების საშტატო ერთეულების დაფინანსება ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული არ ყოფილა. 1990 წლიდან 11 მუშაკი, რომელთა ხელფასების დაფინანსებაც ხდებოდა ადგილობრივი ბიუჯეტიდან, აყვანილი იყო ხელშეკრულებით და ხელფასების გაცემა ხდებოდა ადგილობრივი დაქვემდებარების საწამოებისა და ორგანიზაციების მიერ მოგებიდან მიღებული თანხით. დღეის მდგომაროებით რაიონში არ არსებობდა მომგებიანი საწარმოები, უფრო მეტიც, მათი უმრავლესობა ლიკვიდირებული და გაკოტრებული იყო. რაიონის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა მხოლოდ შს რაიონული განყოფილების კომუნალური ხარჯები. რაიონს გააჩნდა საბიუჯეტო დაწესებულებების სახელფასო დავალიანება 135,0 ათასი ლარის, ოდენობით რაც გათვალისწინებული იყო 2002წ. ბიუჯეტში, მაგრამ მასში გათვალისწინებული არ იყო შს განყოფილების 11 მუშაკის ხელფასი.
სარჩელი არ ცნო მარტვილის შს რაიონულმა განყოფილებამ და განმარტა, რომ მარტვილის შს რაიონულ განყოფილებას 1990 წლიდან დაემატა 11 საშტატო ერთეული, რომლის დაფინანსებას უზრუნველყოფდა ადგილობრივი მუნიციპალიტეტი 1996 წლამდე. შემდეგ დაფინანსებაზე უნდა ეზრუნა ადგილობრივ გამგეობასა და საფინანსო განყოფილებას, რომელსაც არაერთხელ გაეგზავნა საგარანტიო წერილები.
საქმის მომზადების სტადიაზე მოსარჩელემ გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და დამატებითი ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 500 ლარის და სატრანსპორტო ხარჯის 150 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.
მარტვილის რაიონული სასამართლოს 2002წ. 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით კ. დ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მარტვილის რაიონის გამგეობის საფინანსო განყოფილებას დაეკისრა 11 თვის მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება. ადვოკატის მომსახურების და სატრანსპორტო ხარჯების ანაზღაურებაზე უარი ეთქვა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარტვილის რაიონის საფინანსო განყოფილებამ, რომელმაც სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა მოითხოვა.
სასამართლოს შეგებებული სააპელაციო საჩივრით მიმართა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში.
სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 4 თებერვლის გადაწყვეტილებით მარტვილის რაიონის საფინანსო განყოფილების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა რაიონული სასამართლოს 2002წ. 10 სექტემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით კ. დ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. არ დაკმაყოფილდა კ. დ-ას შეგებებული სააპელაციო საჩივარი.
სააპელაციო სასამართლომ მარტვილის რაიონის საფინანსო განყოფილება მიიჩნია არასათანადო მოპასუხედ და სსკ-ს 85-ე მუხლის საფუძველზესარჩელი არ დააკმაყოფილა.
კ. დ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებას. კასატორს მიაჩნია, რომ საქმის მასალებით მთლიანად დადასტურებულია, რომ მისი მოთხოვნა საფუძვლიანი იყო. სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არასწორად მიუთითა სსკ-ს 85-ე მუხლზე, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე არ დამდგარა საკითხი არასათანადო მოპასუხის შეცვლაზე, სასამართლო თუ შესთავაზებდა სათანადო მოპასუხეს იგი აუცილებლად დაეთანხმებოდა.
საკასაციო სასამართლოში კ. დ-ას საკასაციო საჩივრის განხილვა ორჯერ იყო დანიშნული, რომელზედაც მხარეები არ გამოცხადდნენ, სასამართლომ საქმის გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით, სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დაადგინა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კ. დ-ას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 4 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლომ სარჩელზე უარის თქმის საფუძვლად მიიჩნია ის გარემოება, რომ სარჩელი აღძრული იყო არასათანადო მოპასუხის მიმართ, მაგრამ მოსარჩელეს არ შესთავაზა სსკ-ს 85-ე მუხლის შესაბამისად საქმეში სათანადო მოპასუხის ჩართვა. არც სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმით და არც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი არ არის თუ ვინ მიიჩნია სასამართლომ სათანადო მოპასუხედ და ვინ შესთავაზა მოსარჩელეს. სასამართლოს სხდომაზე მარტვილის რაიონის საფინანსო განყოფილების წარმომადგენლის შუამდგომლობის მიუხედავად, სასამართლომ საქმეში მხარედ არ ჩააბა მარტვილის ადგილობრივი მმართველობის გამგეობა, რითაც დაარღვია ასკ-ს მე-16 მუხლის მოთხოვნა, ვინაიდან კ. დ-ა სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვდა ადგილობრივი მმართველობის გამგეობის საგარანტიო წერილის საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მარტვილის რაიონის საფინანსო განყოფილება არასათანადო მოპასუხეს წარმოადგენს და აღნიშნავს, რომ საფინანსო განყოფილება ადგილობრივი მმართველობის გამგეობასთან ერთად სათანადო მოპასუხეა კ. დ-ას სასარჩელო მოთხოვნაზე, ვინაიდან იგი წარმოადგენს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც განაგებს გამგეობის ფულად სახსრებს და ეკისრება ვალდებულება გამგეობის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ შესთავაზოს მოსარჩელეს გამგეობის თანამოპასუხედ ჩართვა და ისე განიხილოს საქმე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კ. დ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 4 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება