Facebook Twitter

¹ 3გ-ად-292-კ-02 20 მარტი, 2003წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურმა სამმართველომ 20.10.2000წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მას სამართალმემკვიდრეობის სახით გადმოეცა რუსეთის ფედერაციის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის სამხედრო ნაწილი ¹...-ის სახელზე რიცხული სამსახურებრივი ბინები, მათ შორის, ქ. ბათუმში, ... მდებარე ¹... ბინა 36 კვ.მ საცხოვრებელი ფართით. მოსარჩელის განმარტებით, ბინა უკანონოდ დაკავებული აქვთ ც. ფ.-ს, დ. და ა. დ.-ებს, რომლებსაც დეპარტამენტთან რაიმე სამსახურებრივი ურთიერთობა არ გააჩნიათ, ბინა არის საუწყებო და მისი გამოყენება უნდა მოხდეს სამსახურებრივი სარგებლობისათვის იმ სამხედრო მოსამსახურეების მიერ, რომლებიც მსახურობენ სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტში. ვინაიდან გაფრთხილების მიუხედავად, მობინადრეები ბინას ნებაყოფლობით არ ათავისუფლებენ, მოსარჩელემ მოითხოვა მათი იძულებითი გამოსახლება და ბინის თავისუფალ მდგომარეობაში დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოსათვის გადაცემა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 14.12.01წ. გადაწყვეტილებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეები: ც. ფ.-ე, დ. და ა. დ.-ები გამოსახლებულ იქნენ ქ. ბათუმში, ... მდებარე ¹... ბინიდან, სასამართლოს გადაწყვეტილებით განისაზღვრა ბინის თავისუფალ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის ჩაბარება. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1982 წ. ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილებით სამხედრო ნაწილ ¹...-ს ქ. ბათუმში, ... ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად გამოეყო მიწის ნაკვეთი, სადაც აშენდა 9-სართულიანი სახლები ¹... და ¹.... აღმასკომის 27.04.88წ. გადაწყვეტილებით აღნიშნულ სახლებში საცხოვრებელი ბინები გადაეცათ სამხედრო მოსამსხურეებს. სამხედრო ნაწილის მიერ ტექინვენტარიზაციის სამსახურში სათანადო დოკუმენტების წარუდგენლობის გამო, სადავო ბინა სამხედროების სახელზე რეგისტრირებული არ ყოფილა. სასამართლომ ასევე დადგენილად ცნო, რომ 1990 წლამდე სადავო ბინაში ცხოვრობდა სამხედრო მოსამსახურე ვ. ხ.-ო მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად, რომლებზედაც გაცემული იყო საბინაო ორდერი. 1990 წელს ვ. ხ.-ო საცხოვრებლად გადავიდა რუსეთის ფედერაციაში, ხოლო ბინა შინაურული მოლაპარაკების საფუძველზე უკანონოდ მიჰყიდა მოპასუხე ც. ფ.-ს, რომელიც დღემდე ცხოვრობს ბინაში შვილებთან ერთად. 1999წ. ოქტომბრიდან რუსეთის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის მიერ საცხოვრებელი სახლები, საქართველოს ტერიტორიიდან გასვლასთან დაკავშირებით, სამართალმემკვიდრეობის სახით გადაეცა სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტს. სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ სადავო ბინა არის საუწყებო, ხოლო მოპასუხეები ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ცხოვრობენ აღნიშნულ ბინაში, რის გამოც სასამართლომ დააკმაყოფილა სარჩელი.

ც. ფ.-მ, ა. და დ. დ.-ებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მოითხოვეს მისი გაუქმება და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 22.07.02წ. გადაწყვეტილებით ც. ფ.-ის, დ. და ა. დ.-ების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფლდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 14.12.01წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვტეილება, რომლითაც სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. სააპელაციო პალატამ საქმის მასალების მიხედვით დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ბათუმში, ... ¹...-ში არსებული 54-ბინიანი სახლი აღრიცხულ იქნა ქ. ბათუმის აღმასკომის საკუთრებაში 12.02.87წ., ხოლო 17.07.91წ. სახლი აღირიცხა ყოფილი სსრკ და რფ სამხედრო ნაწილ ¹...-ზე. 1987 წლიდან 2001 წლამდე სახლის მობინადრეების შესახლება და გამოსახლება ხდებოდა აღმასკომის ნებართვით და ორდერებით, როგორც აღმასკომის სახელზე რიცხულ სახლში. სახლი ირიცებოდა ბათუმის მერიის ¹... საბინაო კანტორაზე (ამჟამად ¹... მიკრორაიონის გამგეობა), რომელიც სახლს უწევდა კომუნალურ და სხვაგვარ მომსახურებას. სახლში მაცხოვრებელ ყველა ოჯახზე საბინაო ორდერი გაიცემოდა მხოლოდ საქალაქო საბჭოს აღმასკომის მიერ, არც ერთ ორდერში არ არის მითითებული, რომ ბინა არის სამსახურებრივი დანიშნულების, რასაც ითვალისწინებდა იმ დროს მოქმედი საბინაო კოდექსის 115-ე მუხლი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ სახლი 1987წ. თებერვლიდან 2001წ. 17 ივლისამდე ირიცხებოდა ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის სახელზე, რომელიც თვითონვე განკარგავდა მას, ბინების უმეტესობა შესახლებული იყო აღმასკომის დადგენილების საფუძველზე სამხედრო პირების მიერ. 1999წ. ოქტომბერში რუსეთის ფედერაციის ჯარების გასვლის შემდეგ სამხედრო ნაწილმა ¹... ქართულ სასაზღვრო ნაწილებს გადასცა სადავო სახლიდან მხოლოდ მათი კუთვნილი ბინები და არა მთლიანად სახლი, რასაც ადასტურებს ¹... სამხედრო ნაწილის საბინაო ფონდის აღწერის ოფიციალური დოკუმენტაცია. სადავო ¹... ბინა საქმეში არსებული არც ერთი დოკუმენტით არ ირიცხებოდა ¹... სამხედრო ნაწილზე და ამდენად, ქართული სასაზღვრო ნაწილები მას სამართალმემკვიდრეობით ვერანირად ვერ მიიღებდნენ. სააპელაციო პალატამ სკ-ს 143-ე მუხლის საფუძველზე მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა არის ხანდაზმული, ვინაიდან აპელანტი 1990 წლიდან ცხოვრობდა სადავო ბინაში და განვლილ პერიოდში მათ მიმართ არავითარი პრეტენზია არ გამოთქმულა, უფლებრივი წინამორბედების მფლობელობაში გასული ხანდაზმულობის ვადა გამოიყენება უფლებამონაცვლის მიმართაც.

სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარატამენტის აჭარის რეგიონალურმა სამმართველომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა საკასაციო წესით, კასატორმა მოითხოვა მისი გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება, მოპასუხეების სამმართველოს კუთვნილი სამსახურებრივი ბინიდან გამოსახლება. კასატორი აღნიშნავს, რომ. ქ. ბათუმში, ... მდებარე ბინა ¹..., 1999 წელს სამართალმემკვიდრეობის წესით გადმოეცა აჭარის რეგიონალური სამმართველოს რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო სამსახურებისაგან. ბინა მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურში რეგისტრირებულია სასაზღვრო სამსახურის სახელზე. სკ-ს 183.1 მუხლის თანახმად, აღნიშნული სადავო ბინის მესაკუთრე არის რეგიონალური სამმართველო, ც. ფ.-ეს ბინა დაკავებული აქვს თვითნებურად, მას არ გააჩნია ბინის მფლობელობაში მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი. მოქალაქეთა ჩაწერის გაუქმებით გაუქმდა პირადი ბარათები, ისინი აღარ წარმოადგენენ იურიიდული ძალის მქონე საბუთებს.

საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება. მოპასუხეების წარმომადგენელმა საკასაციო საჩივრის საფუძველი არ ცნო და მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება. საქმეში ჩაბმული მესამე პირები სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულან, შესაგებელი საკასაციო საჩივარზე არ წარმოუდგენიათ.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით არ დასტურდება სააპელაციო პალატის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სადავო ბინა წარმოადგენდა საქალაქო საბჭოს აღმასკომის საკუთრებას. აღმასკომის მიერ 15.05.89წ. გაცემული ორდერის საფუძველზე ... ¹...-ში მდებარე ¹... ბინაში შესახლებულ იქნა სამხედრო მოსამსახურე ვ. ხ.-ო თავის ოჯახთან ერთად, რაც ადასტურებს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სადავო ბინა აშენებისთანავე სამხედრო ნაწილის საცხოვრებელ ფონდს წარმოადგენდა, რომელიც სამსახურებრივი დანიშნულებით გაიცემოდა მხოლოდ სამხედრო მოსამსახურეებზე. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ... ¹...-ში არსებული 54-ბინიანი სახლი 12.02.87წ. აღრიცხული იყო ქ. ბათუმის აღმასკომის საკუთრებაში, ამასთანავე, სასამართლომ არ შეაფასა ქ. ბათუმის მერიის ტექინვენტარიზაციის სასამხურის უფროსის 19.07.01წ., ქ. ბათუმის მერიის 07.09.01წ. ¹2-26-396 წერილები, რომელთა თანახმად, აღმასკომის 20.01.82წ., 22.12. 87წ., ¹1179 და 27.04.88წ. ¹389 გადაწყვეტილებების მიხედვით დასტურდება, რომ ... ¹..., ¹... მდებარე 9-სართულიანი საცხოვრებელი სახლები სამხედრო ნაწილზე უნდა აღირიცხოს, ტექაღრიცხვის სამსახურის დღევანდელი მონაცემებით ... ¹... და ¹... საცხოვრებელი სახლები რეგისტრირებულია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს სახელზე.

სადავო ბინაზე საკუთრების უფლებას არ ადასტურებს აგრეთვე საქალაქო საბჭოს აღმასკომის მიერ ვ. ხ.-ოზე ორდერის გაცემა, ორდერი ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მიერ გაიცემოდა სამხედრო უწყებიდან გადაცემული დოკუმენტაციის, კერძოდ, სამხედრო ნაწილის საბინაო კომისიის დადგენილების საფუძველზე.

საკასაციო პალატა არ იზიარებს აგრეთვე სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ც. ფ.-ეს გააჩნია სადავო ბინაში ცხოვრების გარკვეული სამართლებრივი საფუძველი, რომ იგი არის ბინის კეთილსინდისიერი მფლობელი. საქმის მასალები არ იძლევა ამგვარი დასკვნის გაკეთების საშუალებას, ც. ფ.-ის განმარტებით მას არ გააჩნია ორდერი, ორდერის გაცემა მას საერთოდ არ მოუთხოვია, იგი არც ბინის მიმღებთა რიგში ყოფილა შეყვანილი. ბინაში ცხოვრების სამართლებრივ საფუძვლად ვერ იქნება მიჩნეული ც. ფ.-ის პირადი ბარათი, ვინაიდან ბინაში შესახლების ერთადერთ საფუძველს იმ დროისათვის მოქმედი კანონმდებლობით წარმოადგენდა ორდერი, რომელიც მოპასუხეებზე არ გაცემულა. პირად ბარათში მითითებული ¹... ორდერი წარმოადგენს ბინაში ადრინდელი მაცხოვრებლის _ ვ. ხ.-ოს სახელზე გაცემული ორდერის ნომერს.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას მოსარჩელის მიერ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გაცდენის შესახებ. ც. ფ.-ე სადავო ბინაში შესახლდა 1990წ, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურმა სამმართველომ 20.10.2000წ. აღძრა სარჩელი გამოსახლების შესახებ. სკ-ს 130-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს სამსახურებრივი დანიშნულების ბინები ¹... სამხედრო ნაწილიდან გადაეცა 10.09.99წ., ამდენად, საკასაციო პალატის აზრით, სარჩელი ხანდაზმულობის ვადის დაცვით არის აღძრული. ხანდაზმულობის ვადის გაცდენის სამართლებრივ საფუძველს არ წარმოადგენს სკ-ს 143-ე მუხლი, რომლის თანახმად თუ ნივთი, რომლის მიმართაც არსებობს სანივთო მოთხოვნა, უფლებამონაცვლეობის გზით მესამე პირის მფლობელობაში აღმოჩნდება, მაშინ უფლებრივი წინამორბედის მფლობელობაში გასული ხანდაზმულობის ვადა გამოიყენება აგრეთვე უფლებამონაცვლის მიმართაც. საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რომელიც უდავოდ დაადასტურებდა, რომ უფლებრივი წინამორბედის, ანუ ¹... სამხედრო ნაწილისათვის ცნობილი იყო სამსახურებრივ ბინაში ც. ფ.-ის შეჭრის შესახებ. გარდა ამისა, 1964წ. სამოქალაქო სამართლის კოდექსის 87-ე მუხლის თანახმად სახელმწიფო ორგანიზაციების მოთხოვნებზე მოქალაქეთა უკანონო მფლობელობიდან სახელმწიფო ქონების დაბრუნების შესახებ სასარჩელო ხანდაზმულობა არ ვრცელდებოდა. ამდენად, უფლებრივ წინამორბედს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გაცდენილი არ ჰქონდა. ახალი სკ-ს ძალაში შესვლიდან (25.11.97წ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს მიერ ბინიდან გასახლების შესახებ სარჩელის წარდგენამდე (23.10.2000წ.) სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გაცდენილი არ არის.

საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმის განმხილველმა სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ყოველივე ზემოაღნიშნული, სათანადო სამართლებრივი შეფასება მისცეს საქმის გარემოებებს და გამოიტანოს კანონიერი გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 390-ე, 399-ე მუხლით, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 22.07.02წ. გადაწყვეტილება.

2. საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. სასამართლო ხარჯები განისაზღვროს საქმეზე არსებითი გადაწყვეტილების გამოტანისას.

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.