გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-296-კ-02 31 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 20.09.2000წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს სარჩელი და მოპასუხე ზ. ბ-ე ოჯახის წევრებთან ერთად გამოსახლებული იქნა ქ. ბათუმში, ... მდებარე ბინიდან, ბინა თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდა მოსარჩელეს.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 18.12.2000წ. განჩინებით, ხოლო შემდგომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 12.04.01წ. განჩინებით საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება დატოვებულ იქნა უცვლელად და შევიდა კანონიერ ძალაში. საქმეზე დადგენილ იქნა, რომ ზ. ბ-ემ ქ. ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 04.07.90წ. ¹561 გადაწყვეტილებით სამხედრო ნაწილის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო სამსახურეობრივი ორ ოთახიანი ბინა მდებარე ქ. ბათუმში, ..., რომლის პრივატიზაცია მოახდინა დედის სახელზე. აღნიშნულმა მას მისცა საშუალება კვლავ მიემართა სამხედრო ნაწილისათვის ბინით დაკმაყოფილების თაობაზე. 1999 წელს რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ჯარის ¹2016 სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობის მიერ ზ. ბ-ეს გამოეყო საცხოვრებელი ფართი მდებარე ქ. ბათუმში, .... სასამართლომ მიიჩნია, რომ რუსეთის ფედერაციის ¹2016 სამხედრო სასაზღვრო ნაწილისა და ყოფილ თანამშრომელ ზ. ბ-ეს შორის 27.08.99წ. დადებულ ადმინისტრაციულ გარიგებას, სამსახურებრივი ბინის სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ, საფუძვლად დაედო ზ. ბ-ის მიერ მიწოდებული არასწორი ინფორმაცია, რის გამოც აღნიშნული გარიგება, როგორც მოტყუებით დადებული, სკ-ს 81-ე და 82-ე მუხლების თანახმად, ბათილად იქნა გამოცხადებული. სასამართლომ, ასევე დადასტურებულად ცნო, რომ რუსეთის ფედერაციის ¹2016 სამხედრო ნაწილის სამართალმემკვიდრეს წარმოადგენს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველო და ეს უკანასკნელი უფლებამოსილი იყო მიემართა სასამართლოსათვის სარჩელით ზ. ბ-ის გამოსახლების თაობაზე.
ზ. ბ-ემ 15.02.02წ. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიმართა სასამართლოს. განმცხადებელმა მიუთითა, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებას წარმოადგენს მის მიერ მოპოვებული რუსეთის ფედერაციის ¹2016 სამხედრო ნაწილის უფროსის, პოლკოვნიკ ვ. ბ-ის მიერ საქართველოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს უფროსის სახელზე 10.09.99წ. გაგზავნილი ცნობა ბინების გადაცემის შესახებ, სადაც სადავო ბინა არ ფიგურირებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა მიიჩნია, რომ სადავო ბინა აჭარის რეგიონალურ სამმართველოს არ ეკუთვნის და შესაბამისად მას არ გააჩნდა მისი გამოსახლების დაყენების უფლება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 25.04.02წ. განჩინებით, ზ. ბ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. აღნიშნული განჩინება ძალაში იქნა დატოვებული აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 11.07.02წ. განჩინებით. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ცნობა არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას, ვინაიდან აღნიშნული ცნობილი იყო ჯერ კიდევ 20.09.2000წ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანისას, რა დროსაც დადგენილი იქნა, რომ საზღვრის დაცვის დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველო წარმოადგენდა რუსეთის ფედერაციის ¹2016 სამხედრო ნაწილის სამართალმემკვიდრეს მთლიანად იმ ქონებაზე, რომელიც ეკუთვნოდა მას აჭარის ტერიტორიაზე.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო საჩივრით გასაჩივრდა ზ. ბ-ის მიერ, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. კასატორი აღნიშნავს, რომ სადავო ბინა რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ჯარების ნაწილის საქართველოს საზღვრის დაცვის სახდეპარტამენტისათვის არ გადაუცია. ¹2016 სამხედრო ნაწილის უფროსის 10.09.99წ. ცნობის მიხედვით ბინა არ გადაცემულა. რადგანაც სადავო ბინა მოსარჩელეს არ ეკუთვნოდა, იგი არ იყო უფლებამოსილი წარედგინა სარჩელი, ასეთ პირობებში სასამართლო ვალდებილი იქნებოდა სსკ-ს 84-ე მუხლის შესაბამისად განეხილა და გადაეწყვიტა საკითხი არასათანადო მოსარჩელის სათანადო მოსარჩელით შეცვლის შესახებ. ის, რომ საზღვრის დაცვის აჭარის რეგიონალური სამმართველო რუსეთის ფედერაციის ¹2016 სამხედრო ნაწილის უფლებამონაცვლეა არ ადასტურებს მის უფლებას ისეთ ბინაზე, რომელიც მას არ მიუღია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი სსკ-ს 423-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტის საფუძველზე ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას, საქმის წარმოების განახლებას, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა საფუძვლით არსებითი გადაწყვეტილების მისაღებად საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის გადაცემას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობით და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენით მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის II ნაწილის თანმახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ს დებულებანი. სსკ-ს 423-ე მუხლის I ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის თანამხად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარმოდგენილი სასამართლოში საქმის განახლების დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ სადავო ბინა ირიცხებოდა რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ჯარების ფონდში. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოში რიცხული ბინების ნაერთი ნუსხით, აჭარის რეგიონალური სამმართველოს უფროსის, პოლკოვნიკ თ. კ-ის ცნობით დასტურდება, რომ 10.09.99წ. სამხედრო ნაწილ ¹2016 მიერ აჭარის რეგიონალური სამმართველოს საბინაო ფონდში გადმოცემული იქნა სადავო ბინა, რომელიც ირიცხება სამმართველოს ბალანსზე. კასატორს სსკ-ს 427-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით არ წარმოუდგენია საქმეში დაცული აღნიშნული დოკუმენტების სიყალბის დამადასტურებელი დოკუმანტი. სსკ-ს 423-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად დოკუმენტის სიყალბის გამო ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება დასაშვებია უკეთუ არსებობს სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, რაც ზ. ბ-ის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი.
საქმეზე დადგენილად არის ცნობილი აგრეთვე, რომ რუსეთის ფედერაციის ¹2016 სამხედრო სასაზღვრო ნაწილის უფლებამონაცვლე იმ ქონების მიმართ, რომელიც ეკუთვნოდა რუსეთის ფედერაციის სამხედრო ნაწილს აჭარის ტერიტორიაზე არის საზღვრის დაცვის დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველო. ამდენად, აპელანტის მიერ წარმოდგენილი ბინების ჩამონათვალი, რომელშიც არ არის მითითებული სადავო ¹51 ბინა, თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ იგი კლავინდებურად რუსეთის ფედერაციის ჯარების საცხოვრებელ ფონდს განეკუთვნება, ზ. ბ-ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი არ ადასტურებს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს არასათანადო მოსარჩელეობას, სადავო ბინა რუსეთის ფედერაციის ჯარების საბინაო ფონდისადმი კუთვნილებას. საქართველოს ტერიტორიაზე დისლოცირებული ჯარების ქონების საქართველოს საკუთრებაში გადმოცემა რიგი ნორმატიული აქტით განისაზღვრა (იხ. მაგ. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 25.11.91წ, 03.12.91წ. დადგენილებები, მინისტრთა კაბინეტის 09.10.92წ. ¹984, 06.08.93წ. ¹603 დადგენილებები, სახელმწიფო მეთაურის 01.10.94წ. ¹16-ს განკარგულება) და არ იყო დამოკიდებული სამხედრო ნაწილის მიერ საბინაო ფონდის გადაცემაზე, ამიერკავკასიაში რუსეთის დაჯგუფების სარდლობა არ იყო უფლებამოსილი განეკარგა უძრავი ქონება. ამდენად, ზ. ბ-ის მიერ წარმოდგენილი ბინების სიაში სადავო ბინის შეუტანლობა არ ადასტურებს აჭარის რეგიონალური სამმართველოს გამგეობაში ბინის გადაუცემლობას, სამმართველოს არასათანადო მოსარჩელეობას, ხოლო ის გარემოება, რომ სადავო ბინა განეკუთვნებოდა რუსეთის ფედერაციის ჯარების საცხოვრებელ ფონდს დასტურდება ვიცე-პოლკოვნიკ ვ. ფილონოვის მიერ ხელმოწერილ რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ჯარების საბინაო ფონდის კუთვნილ ბინების ნუსხით, ¹2016 სამხედრო ნაწილის მეთაურის, პოლკოვნიკ ვ. ბ-ის მიერ დამტკიცებული საბინაო-საყოფაცხოვრებო კომისიის 27.08.99წ. სხდომის ოქმით, რომლითაც ზ. ბ-ეს მიუხედავად იმისა, რომ ადრე მიღებული ჰქონდა ... ბინა, კვლავ გამოეყო იმავე კორპუსში ბინა, რის გამო სამსახურებრივი ბინის სარგებლობის უფლებით გადაცემა, რომელსაც საფუძვლად დაედო ზ. ბ-ის არასწორი ინფორმაცია, სასამართლოს მიერ სკ-ს 81-ე, 82-ე მუხლების თანახმად ცნობილი იქნა ბათილად. ამდენად, ზ. ბ-ის მიერ მითითებული დოკუმენტი არ წარმოადგენს ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების, საქმის წარმოების განახლების საფუძველს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 11.07.02წ. განჩინება.
2. ზ. ბ-ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 40 ლარის ოდენობით.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.