3გ-ად-298-კ-02 30 იანვარი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: საიჯარო ხელშეკრულების ბათილობა, ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემა, საიჯარო ქირის დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი:
სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოს 1995წ. 14 ივლისის ბრძანებით, სხვა არასაცხოვრებელ ფართთან ერთად აუქციონზე გატანილი იქნა ქ. ქუთაისში, ... მდებარე არასაცხოვრებელი ფართი, იჯარის უფლებით გასაცემად, რის შესახებაც გამოქვეყნებული იყო გაზეთ «...-ში». აუქციონში მონაწილეობაზე სურვილი გამოთქვა მ.მ.-ი – წ.-მ, რომელმაც შეიტანა განაცხადი. 1995წ. 1 დეკემბერს შედგა აუქციონი, გაიმარჯვა მ.მ.-მ და ... მდებარე არასაცხოვრებელი ფართზე მოიპოვა იჯარის უფლება. 1996წ. 15 იანვარს ქუთაისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსა და მ.მ.-ს შორის ... მდებარე არასაცხოვრებელ ფართზე დაიდო იჯარის (და არა ნასყიდობის) ხელშეკრულება 5 წლის ვადით. მხარეებმა იჯარის ხელშეკრულება იმავე ფართზე განმეორებით დადეს 1996წ. 26 აპრილს, 10 წლის ვადით. საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ მ. წ.-ს ზემოაღნიშნულ ობიექტზე გადახდილი აქვს გარკვეული საიჯარო ქირა.
2000წ. 21 ნოემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა მ.წ.-მა, რომელმაც აღნიშნა, რომ კანონის ნორმების დაცვით შეიძინა ქუთაისში, ... მდებარე არასაცხოვრებელი ფართი საკუთრების უფლებით, რისთვისაც გადაიხადა აუქციონით გათვალისწინებული საწყისი თანხა. სადავო ობიექტზე მისი საკუთრების უფლებას ადასტურებს ¹1 ოქმიც. როგორც მოსარჩელემ განაცხადა, სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს წარმომადგენელმა მას განუმარტა, რომ თუ მთლიანად გადაიხდიდა ქონების ღირებულებას, ობიექტი საბოლოოდ მისი იქნებოდა. გარკვეული მიზეზის გამო თანხა მის მაგივრად შეიტანა მისმა ახლობელმა. როცა ქვითარი ნახა აღმოჩნდა, რომ მას ობიექტი გადაეცა არა საკუთრების, არამედ იჯარის უფლებით. მაშინვე მიაკითხა სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს, სადაც დაუდასტურეს ობიექტის იჯარით და არა საკუთრების უფლებით გადაცემის ფაქტი. შეტანილი თანხის უკან დაბრუნებაზე კი უარი განუცხადეს, ვინაიდან ადგილობრივ ბიუჯეტში არ იყო სათანადო სახსრები. ამასთან განუმარტეს, რომ ობიექტი გაძვირდა და თუ გადაიხდიდა 7000 დოლარს, იგი მთლიანად მისი გახდებოდა. ურჩიეს დაედო იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულება და 5 წლის იჯარის ქირის გადახდის შემდეგ ობიექტი მისი იქნებოდა. მოსარჩელის განმარტებით, გადახდილი თანხის დაკარგვის შიშით იძულებული იყო დაედო საიჯარო ხელშეკრულება, თუმცა აღნიშნული ქონება «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» კანონის მე-2 მუხლის თანახმად, კანონის სრული დაცვით შეიძინა აუქციონზე და მის საკუთრებას წარმოადგენს. მოსარჩელის მითითებით, თავისი უფლების დარღვევის შესახებ მან შეიტყო 2000 წელს, როცა აცნობეს, რომ მასთან დადებული იყო არა იჯარა-გამოსყიდვის, არამედ ჩვეულებრივ იჯარის ხელშეკრულება და ამიტომ ობიექტი საკუთრებაში ვერ გადაეცემოდა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ «სახელმწიფო ქონების აუქციონით გაყიდვის შესახებ» დებულების IV და V თავების 21-22-ე, 24-26-ე, 28-29-ე პუნქტების საფუძველზე მოითხოვა მასსა და ქუთაისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს შორის სადავო არასაცხოვრებელ ფართზე დადებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ნამდვილად ცნობა და სანოტარო წესით დადასტურება, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემა, საიჯარო ხელშეკრულების, როგორც მოტყუებით დადებული გარიგების, ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის 1996 წლიდან მის მიერ გადახდილი საიჯარო ქირის – 1435 ლარის დაკისრება.
მოპასუხემ არ ცნო სარჩელი უსაფუძვლობის გამო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 16 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი მხარეთა შორის დადებული საიჯარო ხელშეკრულებები და მოპასუხეს მ.წ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა გადახდილი საიჯარო ქირის – 920,44 ლარის დაბრუნება; მოსარჩელეს უარი ეთქვა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების დადებულად ცნობასა და საკუთრების მოწმობის გაცემაზე.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც მოსარჩელემ, ისე მოპასუხემ. სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველომ მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება საიჯარო ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და საიჯარო ქირის მათთვის დაკისრების ნაწილში, ხოლო მ.წ.-მ მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც უარი ეთქვა სადავო ობიექტზე ნასყიდობის ხელშეკრულების დადასტურებასა და საკუთრების მოწმობის გაცემაზე.
აღნიშნული დავა არაერთხელ იქნა განხილული სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ. საბოლოოდ, ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 20 მაისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ქუთაისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს სააპელაციო საჩივარი, ხოლო მ.წ.-ს უარი ეთქვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე. სასამართლო დაეყრდნო შემდეგ გარემოებებს:
1) სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მ.მ.-სა და ქუთაისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს შორის დაიდო არა ნასყიდობის, არამედ იჯარის ხელშეკრულება, რასაც ადასტურებს საქმეში არსებული საიჯარო ხელშეკრულებები, საიჯარო ქირის ქვითრები, მოსარჩელის განცხადება მოპასუხისადმი, რომლითაც იგი ითხოვს საიჯარო ქირის გადახდის გადავადებას. 1995წ. 20 დეკემბრის ქონების ჩაბარების აქტზეც მ.მ.-ი ხელს აწერს როგორც «მოიჯარე». გარდა ამისა, გაზეთ «...-ში» გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ... მდებარე ობიექტის მიმართ დაფიქსირებულია მხოლოდ საიჯარო ქირა და არა გასაყიდი ფასი, რაც იმას ადასტურებს, რომ აუქციონზე მოხდა არა ობიექტის საკუთრების, არამედ იჯარის უფლების გაცემა. მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულება რომ დადებულიყო, ამისათვის უნდა მომხდარიყო სადავო ფართის საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანა, რასაც ადგილი არ ჰქონია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მ.წ.-ის მოთხოვნა ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის თაობაზე;
2) სასამართლომ მიუთითა, რომ «იჯარის შესახებ» 1994წ. 24 მაისის კანონის მე-11 მუხლის პირველი აბზაცის მიხედვით, საიჯარო ხელშეკრულებაში შეიძლება გათვალისწინებული ყოფილიყო მოიჯარის მიერ საიჯარო ქონების მთლიანი ან ნაწილობრივი გამოსყიდვის პირობები. ასევე, საქართველოს პარლამენტის 1994წ. 20 სექტემბრის ¹555 დადგენილებით დამტკიცებული «სახელმწიფო ქონების იჯარით გაცემის დებულების» მე-10 თავის პირველი პუნქტის მიხედვით, მეიჯარესა და მოიჯარეს შორის გაფორმებული ხელშეკრულება შეიძლება შეიცავდეს იჯარით გაცემული ქონების გამოსყიდვის პირობებს. მ.წ.-სა და ქუთაისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს შორის დადებული საიჯარო ხელშეკრულებები გამოსყიდვის პირობებს არ ითვალისწინებს, რის გამოც მათ შორის დადებულია არა იჯარა-გამოსყიდვის, არამედ ჩვეულებრივი საიჯარო ხელშეკრულებები;
3) სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება იმის თაობაზე, თითქოს მან დარღვეული უფლებების შესახებ შეიტყო მხოლოდ 2000წ. მარტში, როცა, საიჯარო ქირის გადაუხდელობის გამო მის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა მოპასუხემ. მოსარჩელემ 1995 წელს ორჯერ მოითხოვა საიჯარო ქირის გადავადება და 1996 წლიდან რამდენჯერმე გადაიხადა საიჯარო ქირა. ამ დროისათვის მისთვის უკვე ცნობილი იყო, რომ ქუთაისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველომ მასთან დადო არა ნასყიდობის, არამედ იჯარის ხელშეკრულება. მაშასადამე, სააპელაციო სასამართლოს აზრით, 1995 წელს მ.წ.-მ უკვე იცოდა დარღვეული უფლებების შესახებ, ხოლო სარჩელი სასამართლოში შეიტანა 2000წ. 21 ნოემბერს, ე.ი. ხუთი წლის შემდეგ. 1995 წლისათვის მოქმედი 1964წ. სსკ-ს მე-80 მუხლის პირველი აბზაცის მიხედვით, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა იწყება სარჩელის უფლების წარმოშობის დღიდან. სარჩელის უფლება წარმოიშვება იმ დღეს, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევა. ამავე კოდექსის 75-ე მუხლის მიხედვით კი უფლების დაცვის სასარჩელო ხანდაზმულობის საერთო ვადაა 3 წელი, რაც მოსარჩელეს გაშვებული აქვს. ამრიგად, სააპელაციო პალატის აზრით, მ.წ.-ის მოთხოვნა უსაფუძვლოსთან ერთად ხანდაზმულიცაა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საკასაციო წესით ასაჩივრებს მოსარჩელის წარმომადგენელი მ.სულწაძე, რომელიც შემდეგი მოტივით ითხოვს საიჯარო ხელშეკრულებების ბათილად ცნობას, გადახდილი საიჯარო თანხის უკან დაბრუნებას, მოპასუხის დავალდებულებას სადავო ფართზე ნასყიდობის ხელშეკრულების დადებასა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემაზე:
1) კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს «იჯარის შესახებ» 1994წ. 24 მაისის კანონის ნაცვლად უნდა გამოეყენებინა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992წ. 29 მაისის ¹612 დადგენილებით დამტკიცებული დებულება «სახელმწიფო ქონების აუქციონით გაყიდვის შესახებ», ვინაიდან მ.წ.-მა მოახდინა სადავო ობიექტის ყიდვა და არა იჯარით აღება. მოსარჩელემ განაცხადი შეავსო სადავო ფართის ყიდვაზე, გადაიხადა საპრივატიზაციო «ბე», მიიღო აუქციონში მონაწილეობა და გაიმარჯვა, რის შემდეგაც აუქციონის ¹1 ოქმის საფუძველზე გადაიხადა საბოლოო თანხა, მოპასუხე ვალდებული იყო მ.წ.-სთან გაეფორმებინა ყიდვა-გაყიდვის და არა იჯარის ხელშეკრულება, რაც მას არ გაუკეთებია. კასატორის მითითებით, კანომდებლობა არ ითვალისწინებს იჯარის უფლების აუქციონზე გაყიდვას. აუქციონზე ხდება ქონების პრივატიზაცია მისი საკუთრებაში გადაცემის პირობით. სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა 1995წ. 1 დეკემბრისათვის მოქმედი კანონი «პრივატიზაციის შესახებ» და «სახელმწიფო ქონების აუქციონით გაყიდვის შესახებ» დებულების IV და V თავების 21-22-ე, 24-26-ე, 28-29-ე პუნქტები, რომელთა საფუძველზეც მ.წ.-ს საკუთრებაში უნდა გადაცემოდა სადავო ფართი;
2) კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს პარლამენტის 1994წ. 20 დეკემბრის დადგენილებით დამტკიცებული «სახელმწიფო ქონების იჯარით გაცემის შესახებ» დებულების მე-2 თავის I-ლი პუნქტი, მე-9 თავის მე-2 პუნქტი და არ გამოიყენა ამავე დებულების მე-8 მუხლის მე-14 და მე-15 მუხლები, მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი, რომელთა თანახმადაც აუქციონში გამარჯვებულსა და მეიჯარეს შორის საიჯარო ხელშეკრულებას მეიჯარე ამტკიცებს აუქციონის შედეგების ოქმის საფუძველზე. ხელშეკრულება დამოწმებული უნდა იქნეს სანოტარო წესით, მეიჯარის ხელმოწერით, ბეჭდით, მოიჯარის რეკვიზიტისა და თარიღის აღნიშვნით, რის შემდეგაც იგი შეიძენს იურიდიულ ძალას. საქმეში არსებული საიჯარო ხელშეკრულებებიდან არცერთი არ არის ნოტარიულად დამოწმებული, რის გამოც ისინი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი;
3) კასატორს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს არ გაუშვია სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. მ.წ.-მ თავისი უფლებების დარღვევის შესახებ გაიგო მხოლოდ 2000 წელს, როცა ქუთაისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოში განუცხადეს, რომ მას ობიექტი საკუთრებაში არ გადაეცემოდა, ვინაიდან მასთან დადებული იყო არა იჯარა-გამოსყიდვის, არამედ ჩვეულებრივი იჯარის ხელშეკრულება. მ.წ.-ი საიჯარო ქირასაც სწორედ ობიექტის გამოსყიდვის პირობით იხდიდა და ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ სადავო ფართი მას უნდა გადასცემოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა მოხდეს 2000 წლიდან და არა 1995 წლიდან. კასატორი აქვე მიუთითებს, რომ ხანდაზმულობის ვადაზე მსჯელობისას სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა 1964წ. სსკ-ს, ვინაიდან 1997წ. სკ-ს 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთების მიმართ გამოიყენება ამ კოდექსით დადგენილი წესები. ახალი სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნების ვადაა 6 წელი. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის ათვლა 1995 წლიდანაც რომ დაიწყოს, მაინც არ არის ხანდაზმულობის 6 წლიანი ვადა გასული, რადგან მ.წ.-ის მიერ სარჩელი შეტანილია 2000წ. ნოემბერში.
მოწინააღმდეგე მხარის – სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს წარმომადგენელმა საკასაციო საჩივარი, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ გაიზიარა, მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება სარჩელის ხანდაზმულობის გამო.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ.წ.-ის საკასაციო საჩივარი, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტვით, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 20 მაისის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
1. სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მასალებიდან გამომდინარე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოება:
1995წ. 1 დეკემბრის აუქციონის ¹1 ოქმის მიხედვით ქუთაისში, ... მდებარე 239,7 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართზე იჯარის უფლება მოიპოვა კასატორმა მ.მ.-მა, რის შესაბამისადაც 1995წ. 4 დეკემბერს გადაიხადა საიჯარო ქირის ნაწილი 2990 ლარი; 1996წ. 15 იანვარს კასატორს (მოიჯარესა) და მოწინააღმდეგე მხარეს (მეიჯარეს) შორის 5 წლის ვადით დაიდო იჯარის ხელშეკრულება ¹603, ხოლო 1996წ. 26 აპრილს იმავე არასაცხოვრებელ ფართზე დაიდო იჯარის ხელშეკრულება 10 წლის ვადით. საქმეში წარმოდგენილი საბანკო დოკუმენტაციის თანახმად, კასატორს 1996 წლიდან საიჯარო ქირის სახით გადახდილი აქვს 920 ლარი, საქმეში წარმოდგენილია ასევე კასატორის განცხადებები მოწინააღმდეგე მხარის, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს მიმართ, იჯარის ქირის გადაანგარიშებისა და გადახდის გადავადების შესახებ. ამდენად, საკასაციო პალატას უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ კასატორ მ.წ.-სა და მოწინააღმდეგე მხარეს შორის არასაცხოვრებელ ფართზე დაიდო იჯარის ხელშეკრულება და შესაბამისად 1995-96 წლებში მხარეებს შორის არსებობდა საიჯარო ურთიერთობა.
2. კასატორმა მ.წ.-მ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს მიმართ სარჩელი აღძრა 2000წ. 21 ნოემბერს და მოითხოვა 1996 წელს მოწინააღმდეგე მხარესთან ორგზის დადებული იჯარის ხელშეკრულების, როგორც მოტყუებით დადებულ გარიგების, ბათილობა. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მ.წ.-ის სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ და ეთანხმება სასამართლოს შეფასებას, რომ თავისი დარღვეული უფლებების შესახებ კასატორისათვის ცნობილი უნდა ყოფილიყო 1995-96 წლებში, როდესაც აუქციონში გამარჯვების შემდეგ 1995წ. 4 დეკემბერს გადაიხადა საიჯარო ქირის ნაწილი, 1996 წელს ორჯერ დადო იჯარის ხელშეკრულება, ნაცვლად ნასყიდობის ხელშეკრულებისა და როდესაც თვეების მანძილზე იხდიდა საიჯარო ქირას. საკასაციო პალატა ეთანხმება საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებას იმჟამად მოქმედი (1964წ.) სამოქალაქო სამართლის კოდექსის 80-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის 1995-96 წლიდან ათვლისა და სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ, რადგან ამავე კოდექსის 75-ე მუხლის მიხედვით, დარღვეული უფლების აღდგენის თაობაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა ფიზიკური პირებისათვის განსაზღვრული იყო 3 წლით, რაც კასატორს არასაპატიო მიზეზით გაშვებული აქვს და კასატორის მიერ მითითებული მოტივი -კანონის არცოდნა, გაშვებული სასარჩელო ხანდაზმულობის აღდგენის სამართლებრივ საფუძველს არ წარმოადგენს, ხოლო ამავე კოდექსის 84-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელის წარდგენამდე, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა, სარჩელზე უარის თქმის უდავოდ საკმარისი საფუძველია, ამიტომ საკასაციო პალატას სარჩელის უსაფუძვლობაზე მსჯელობა საჭიროდ აღარ მიაჩნია.
საკასაციო სასამართლომ თუნდაც რომ გაიზიაროს კასატორის მოსაზრება სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის განსაზღვრისათვის ახალი, ამჟამად მოქმედი სკ-ს (1997წ.) გამოყენების შესახებ, სასამართლოს აზრით, სარჩელი მაინც ხანდაზმულია, რადგან კასატორი ითხოვს იჯარის ხელშეკრულების ბათილობას მოტყუებით დადების გამო. ამჟამად მოქმედი სკ-ს 84-ე მუხლის თანახმად, მოტყუებით დადებული გარიგების შეცილების ვადაა ერთი წელი, იმ მომენტიდან როცა შეცილების უფლების მქონე პირმა (კასატორმა მ.წ.-მა) შეიტყო (უნდა შეეტყო) შეცილების საფუძვლის არსებობის შესახებ, რაც კასატორს 1995-96 წლიდან გაშვებული აქვს. ამასთან ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით: «თუ გარიგებას ადასტურებს შეცილების უფლების მქონე პირი, იგი კარგავს შეცილების უფლებას”. ვინაიდან კასატორმა მ.წ.-მა 1996წ. 15 იანვრის იჯარის ხელშეკრულების დადების შემდეგ, 1996წ. 26 აპრილს დაადასტურა იჯარის ხელშეკრულება, აუქციონზე მოპოვებულ არასაცხოვრებელ ფართზე 10 წლიან იჯარის გაფორმებით, ზემოაღნიშნული ნორმის თაახმად, კასატორს აღარ ექნებოდა იჯარის ხელშეკრულებაზე შეცილების უფლება, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის დამოუკიდებელი საფუძველია.
ამდენად, საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად სრულად იზიარებს საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სარჩელის ხანდაზმულობის მოტივით მ.წ.-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. სასამართლოს აზრით, სააპელაციო პალატამ საქმის მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების მართებული დადგენა-შეფასებითა და კანონის სწორი გამოყენებით გამოიტანა კანონიერი გადაწყვეტილება, რომელსაც საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 20 მაისის გადაწყვეტილება უცვლელი უნდა დარჩეს, ხოლო კასატორს მ.წ.-ს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე, თანახმად სსკ-ს 410-ე მუხლისა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. წ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაიცო პალატის 2002წ. 20 მაისის გადაწყვეტილება;
3. მ. წ.-ს საკასაციო საჩივარზე დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 37 ლარის გადახდა.
4. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.