¹ 3გ-ად-299-კ-02 22 იანვარი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. კლარჯეიშვილი
სარჩელის საგანი: არასაცხოვრებელი ფართიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
ჭიათურის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ჭიათურის რაიონის გამგეობამ მოპასუხე რ. ფ.-ის მიმართ.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ ჭიათურის რაიონის გამგებლის 2000წ. 4 ივლისის ¹54 განკარგულებით ნება დაერთო მოპასუხე რ. ფ.-ს ქ. ჭიათურაში, ... მდებარე, ჭიათურის რაიონის გამგეობის ბალანსზე რიცხული საგამოფენო დარბაზი დროებით გამოეყენებინა სამუზეუმო ექსპონატების გამოფენისათვის, რომლის ინიციატორიც იყო მოპასუხე.
მოსარჩელის განმარტებით, დარბაზის ფუნქციონალური დატვირთვის გაუმჯობესების, ხელოვნების სხვა ნიმუშებისა და სამუზეუმო ექსპონატების გამოფენის ორგანიზებისათვის ჭიათურის რაიონის გამგებლის 2001წ. 23 აპრილის ¹37 განკარგულებით გაუქმდა მისივე 2000წ. 4 ივლისის ¹54 განკარგულება და საგამოფენო დარბაზში დაკავებული ფართის გათავისუფლებისათვის რ. ფ.-ს მიეცა ერთი კვირის ვადა.
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ მოპასუხეს თავისი სამუზეუმო ექსპონატების გამოფენისათვის გამოეყო ჭიათურის პირველი საშუალო სკოლაში სათანადოდ დაცული ფართი და არაერთხელ მიეცა წინადადება თავისი სამუზეუმო ექსპონატების აღნიშნულ ფართში განთავსების თაობაზე, მაგრამ რ. ფ.-მ მითითებულ ვადაში დაკავებული ფართი არ გაათავისუფლა და კატეგორიული უარი განაცხადა მის ნებაყოფლობით გათავისუფლებაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სარჩელით ითხოვა რ. ფ.-ის იძულებით გამოსახლება ჭიათურის რაიონის გამგეობის ბალანსზე რიცხული, ქ. ჭიათურაში, ... მდებარე საგამოფენო დარბაზში მოპასუხის მიერ დაკავებული ფართიდან.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ არც ჭიათურის რაიონის გამგებლის 2000წ. 4 ივლისის ¹54 განკრაგულებაში და არც მხარეთა შორის სიტყვიერი შეთანხმებისას არ დასმულა საკითხი იმის შესახებ, რომ აღნიშნული ფართი მხოლოდ დროებითი სარგებლობისათვის გამოეყო რ. ფ.-ს. მოპასუხის განმარტებით, ასეთი პირობა, რომ ყოფილიყო, იგი არ დათანხმდებოდა, რადგანაც სამუზეუმო და საგამოფენო საქმიანობა ძალიან შრომატევადი იყო, უკავშირდებოდა მნიშვნელოვან ფინანსურ ხარჯებს და გარკვეულ დროს მოითხოვდა. მოპასუხე აღნიშნავდა, რომ 2000წ. 4 ივლისის ¹54 განკარგულების ძირითადი მოთხოვნა იყო, რომ მოპასუხის მიერ საგამოფენო დარბაზის გამოყენებით ხელი არ შეშლოდა იმავე დარბაზში სხვა მხატვრული ნამუშევრების პერიოდულ გამოფენას. მოპასუხის განმარტებით, არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, რომ მის გამო ხელი შეშლოდა სხვა გამოფენებს. რაც შეეხება მოპასუხისათვის ფართის გამოყოფას ჭიათურის პირველ საშუალო სკოლაში, რ. ფ.-ე მიუთითებდა, რომ აღნიშნული ფართი წარმოადგენდა ერთ პატარა ოთახს, სადაც მისი სამუზეუმო ექსპონატების განთავსებისა და შენახვისათვის ელემენტარული პირობებიც კი არ არსებობდა.
მოპასუხემ ითხოვა მოსარჩელის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2001წ. 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხე რ. ფ.-ე გამოსახლდა ჭიათურის რაიონის გამგეობის ბალანსზე რიცხული, ქ. ჭიათურაში, ... მდებარე საგამოფენო დარბაზში მის მიერ დაკავებული ფართიდან.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ფ.-მ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 30 აპრილის განჩინებით რ. ფ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2001წ. 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა რ. ფ.-მ. კასატორმა ითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა, რომლითაც არ დაკმაყოფილდება ჭიათურის რაიონის გამგეობის სარჩელი. კასატორმა საკასაციო საჩივარი დააფუძნა იგივე საფუძვლებზე, რაზეც მიუთითა შესაგებელში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქმის მასალებიდან ირკვევა და მოპასუხეც არ უარყოფს, რომ სადავო შენობა ჭიათურის რაიონის გამგეობის ბალანსზეა. აგრეთვე, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მოპასუხე რ. ფ.-ე არის კერძო კოლექციონერი, ხოლო მის მიერ სადავო ფართში გამოფენილი სამუზეუმო ექსპონატები სწორედ მისი კერძო კოლექციიდანაა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ჭიათურის რაიონის გამგებლის 2000წ. 4 ივლისის ¹54 განკრაგულებით ჭიათურის რაიონის გამგეობის კანონიერ მფლობელობაში არსებული საგამოფენო დარბაზის გარკვეული ფართის სამუზეუმო ექსპონატების გამოფენის მოწყობისათვის, რ. ფ.-ისათვის გადაცემა უსასყიდლოდ, ყოველგვარი ქირის გარეშე, იყო დროებითი, რადგანაც სახელმწიფო ქონებით ხანგრძლივი სარგებლობა ზემოთ აღნიშნული განკარგულებით დადგენილი არ არის.
აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ჭიათურის რაიონის გამგეობას, როგორც სადავო ფართის მესაკუთრეს, სრული უფლება ჰქონდა 2001წ. 23 აპრილის ¹37 განკარგულებით გაეუქმებინა თავისივე 2000წ. 4 ივლისის ¹54 განკარგულება და რ. ფ.-ისათვის მოეთხოვა მის მიერ დაკავებული ფართის განთავისუფლება ერთი კვირის ვადაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ჭიათურის რაიონის გამგებლის მიერ 2001წ. 23 აპრილის ¹37 განკარგულების მიღების შემდეგ რ. ფ.-ე ითვლება მის მიერ დაკავებული სადავო ფართის არამართლზომიერ მფლობელად და იგი გამოსახლებული უნდა იქნეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ. ფ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 30 აპრილის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.