Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-300-კ-02 4 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ი. ლეგაშვილი,

ნ. კლარჯეიშვილი

დავის საგანი: სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის აღდგენა, ობიექტის იჯარა-გამოსყიდვის უფლებით გადაცემის შესახებ ხელშეკრულების ბათილად ცნობა, იჯარა-გამოსყიდვის უპირატესი უფლების აღდგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

შპს ”ა-ის” დირექტორმა ი. ა-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ოზურგეთის რაიონის სასამართლოს, რომელშიც აღნიშნა, რომ 1992 წ. ფირმა ”ა-მა” დაფარა კოოპერატივ ”გ.-ის” მიერ ბანკიდან აღებული სესხი – 26000 მანეთი, რის სანაცვლოდ გადაეცა იჯარით აღებული ფართი – ... მდებარე სილამაზის სალონი და სალონში ჩატარებული რემონტის შედეგად შესრულებული ინტერიერი. იმავდროულად ქალაქის სახლმართველობასთან, რომლის ბალანსზეც იმყოფებოდა სილამაზის სალონი, გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება. დაქირავებული ფართი მოიცავდა მთლიანად სილამაზის სალონს, რომელშიც ტიხარით იყო გამოყოფილი მამაკაცთა და ქალთა სალონები. ხსენებული ფართის იჯარით აღების შემდეგ ფირმამ სამუშაოდ აიყვანა მოსამსახურე პერსონალი, კოოპერატივ ”გ.”-ში ადრე მომუშავე ხელოსნები, საიდანაც ისინი გათავისუფლებულნი იყვნენ პირადი განცხადების საფუძველზე. ფირმა ”ა-მა” საყოფაცხოვრებო სამმართველოდან შეისყიდა ინვენტარი, რომელიც ნაქირავები ჰქონდა ხელშეკრულებით. 04.02.96წ. რაიონულ გაზეთ ”...ში” გამოქვეყნდა ცნობა აღნიშნული ფართის იჯარა-გამოსყიდვის უფლებით გაცემაზე. ცნობის გამოქვეყნებისმთანავე ი. ა-ემ მიმართა სქმ სამმართველოს ფართის მისი ფირმისათვის მიყიდვის თაობაზე იმ მოტივით, რომ საიჯარო ხელშეკრულებით აღნიშნული ფართი მის ფირმას ჰქონდა აღებული და მასში დასაქმებული ჰყავდა ფირმის მიერ დაქირავებული მუშაკები. ამასთანავე, სახლმმართველობასთან დადებული ხელშეკრულების თანახმად ფართის გაყიდვის შემთხვევაში ფირმა სარგებლობდა უპირატესი შესყიდვის უფლებით. ფართის იჯარა-გამოსყიდვის უფლებით რეალიზაციის შესახებ ცნობის გაზეთში გამოქვეყნების შემდეგ მოსარჩელემ შეიტყო, რომ ფირმის მიერ დაქირავებულ თანამშრომლებს, კერძოდ, ქალთა სალონში დასაქმებულ თანამშრომლებს და გარეშე პირებს შეუქმნიათ ამხანაგობა, რომელიც შემდეგ ფირმა ”მ.” ჩამოაყალიბეს და ცალკე იურიდიულ პირად ჩამოყალიბების გამო უარი განაცხადეს ფირმა ”ა-ის” ბუხჰალტერიისათვის 1996წ. მარტის თვის გამომუშავების თანხის ჩაბარებაზე. მოსარჩელე იძულებული შეიქმნა დაეკეტა ქალთა განყოფილება, მიუხედავად ამისა 21.03.96წ. ქალთა სალონი თვითნებურად გაიხსნა თანამშრომლების მიერ. სქმ სამინისტროს რაიონულმა სამმართველომ უარი განაცხადა მოსარჩელისათვის სადავო ფართის იჯარა-გამოსყიდვის უფლებით გადაცემაზე იმ მოტივით, რომ ფართი უნდა გადასცემოდა შექმნილ ამხანაგობისათვის. სამმართველომ სახელმწიფო საწარმოს მუშაკებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული უპირატესობა გაავრცელა შექმნილ ამხანაგობაზე, მიუხედავად იმისა, რომ სალონში 1989 წლიდან დაარსდა კოოპერატივი, სალონის თანამშრომლები არ წარმოადგენდნენ სახელმწიფო საწარმოს მუშაკებს. კანონიერების აღსადგენად მოსარჩელემ ჯერ კიდევ 1997წ. დეკემბერში მიმართა რაიონულ სასამართლოს, რასაც არ მოჰყვა სასამართლოს მხრიდან რაიმე რეაგირება. მოსარჩელის დის მძიმე ავადმყოფობის გამო მოსარჩელე ვერ ახერხებდა სასამართლოსადმი მიმართვას, დის გამოჯანმრთელების შემდეგ მოსარჩელემ განაახლა საქმე სასამართლოში და ითხოვა ვადის გაცდენის საპატიოდ მიჩნევა, სარჩელის დაკმაყოფილება, სახელმწიფო ქონების იჯარა-გამოსყიდვის უფლების გადაცემაზე სქმ სამინისტროს რაიონულ სამმართველოსა და ამხანაგობის ნდობით აღჭურვილ პირს – რ. ქ-ესთან 19.12.96წ. დადებული ხელშეკრულების გაუქმება, ფართის შემდგომი უპირატესი უფლებით შპს ”ა-ისათვის” მიყიდვა.

მოპასუხე – სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ოზურგეთის რაიონულმა სამმართველომ და მესამე პირმა – შპს ”მ.”-ის დირექტორმა რ. ქ-ემ სარჩელი არ ცნეს. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 05.02.02წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს ”ა-ს” კანონით დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა ჩაეთვალა საპატიო მიზეზით გაშვებულად და იგი აღდგენილ იქნა, ბათილად იქნა ცნობილი სქმ სამინისტროს ოზურგეთის რაიონის სამმართველოსა და ამხანაგობის ნდობით აღჭურვილ პირს – რ. ქ-ეს შორის 19.12.96წ. დადებული ხელშეკრულება სახელმწიფო ქონების იჯარა-გამოსყიდვის უფლებით გადაცემაზე, გაუქმდა ხელშეკრულების ¹2-133 რეგისტრაცია სანოტარო რეესტრში, 19.12.96წ. სახ.ქონების მიღება-ჩაბარების აქტი, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ¹37/79 და სარეგისტრაციო ფორმა ¹681, შესაბამისი ცვლილება იქნა შეტანილი საჯარო რეესტრში; სქმ სამინისტროს რაიონულ სამმართველოს დაევალა სადავო ფართზე პირდაპირი წესით, იჯარა-გამოსყიდვის უფლებით გადაცემაზე ხელშეკრულების გაფორმება შპს ”ა-თან”. რაიონული სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სქმ სამინისტროს ოზურგეთის რაიონის სამმართველოს და შპს ”მ.” მიერ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 15.05.02წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 1988 წლიდან სილამაზის სალონი უკვე აღარ წარმოადგენდა სახელმწიფო საწარმოს, სალონი კოოპერატიულ საკუთრებას განეკუთვნებოდა. 1988 წელს პირადი განცხადებების საფუძველზე სამუშაოდან დათხოვნილმა მუშაკებმა სამუშაო თავდაპირველად დაიწყეს კოოპერატივ ”გ.”-ში, ხოლო შემდგომ, სალონის კოოპერატივ ”ა-ზე” გადაცემის გამო, სალონის მუშაკებმა მუშაობა კოოპერატივ ”ა-ში” განაგრძეს. კოოპერატივი სილამაზის სალონს ფლობდა იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, გამოსყიდვის უფლებით, რაც შეესაბამებოდა ”სსრ კავშირის და მოკავშირე რესპუბლიკების იჯარის კანონმდებლობის საფუძვლების” მე-10, ”იჯარის შესახებ” 24.05.94წ. კანონის მე-11, მე-13, მე-16 მუხლების, აგრეთვე ”სახელმწიფო ქონების იჯარით გაცემის წესის თაობაზე” საქართველოს პარლამენტის 20.09.94წ. ¹555-1ს დადგენილების მე-2 პუნქტის მოთხოვნებს. პალატამ აღნიშნა, რომ კოოპერატივ ”ა-ის” მიერ სახლმმართველობასთან დადებული ხელშეკრულება სადავოდ არავის გაუხდია, მისი გაუქმების მოთხოვნით არც სქმ სამმართველოს და არც შპს ”მ.” სარჩელი არ აღუძრავთ. სალონის ფართის გასხვისებისათვის, სქმ სამმართველოს, საქართველოს პარლამენტის 20.09.94წ. ¹555-Iს დადგენილების მე-3 პუნქტის თანახმად, უნდა გადაეფორმა ფართი, ფართის გასხვისება იმ შემთხვევაში იყო შესაძლებელი, თუ მოსარჩელეს არ ექნებოდა მისი გამოსყიდვის სურვილი. სადავო ფართის სხვაზე გადაცემით დაირღვა ”იჯარის შესახებ” კანონის მე-13 მუხლის მოთხოვნები, რომლის თანახმად საიჯარო ქონების საკუთრების უფლების გადასვლა მეიჯარისაგან (სახლმმართველობის ბალანსიდან) სხვა პირზე (სქმ სამმართველოზე) არ წარმოადგენს სიაჯარო ხელშეკრულების პირობების შეცვლისა ან მისი გაუქმების საფუძველს, ამდენად ვადაზე ადრე, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე შეწყდა შპს ”ა-ის” მიერ 1995 წელს დადებული იჯარის ხელშეკრულება და ხელშეკრულების ის პირობა, რომლის თანახმად გასხვისების შემთხვევაში შპს ”ა-ს” გააჩნდა შესყიდვის უპირატესი უფლება. შპს ”ა-ის” მიერ ამხანაგობის შექმნა და სილამაზის სალონის მეორე ნაწილის (მამაკაცთა ნაწილის) გამოსყიდვა განპირობებული იყო იმით, რომ სქმ სამმართველომ უარი უთხრა მოსარჩელეს მთლიანი ფართის გამოსყიდვაზე.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა სამმართველოს უფროსის განმარტება იმის შესახებ, რომ მისთვის უცნობი იყო ხელშეკრულების არსებობა. პალატამ უარყო აგრეთვე მოსაზრება მოსარჩელის მიერ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გაცდენის თაობაზე და მიუთითა, რომ მოსარჩელე უფლებამოსილია ფართის დაბრუნების თაობაზე იდავოს სასარჩელო ხანდაზმულობის საერთო ვადაში და არა ¹555-Iს დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-10 თავით გათვალისწინებული ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადაში, რომელიც გულისხმობს მოიჯარის მიერ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემიდან ერთთვიან ვადაში სასამართლოსათვის მიმართვას. პალატამ აღნიშნა, რომ სადავო ფართი გასხვისხდა 1996წ. თებერვალში, ”სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” 30.05.97წ. კანონი ობიექტის გასხვისების შემდეგ იქნა მიღებული, ”ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის 47-ე მუხლის თანახმად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით, ნორმატიულ აქტს, რომელიც ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს. სადავო ფართი ფირმა ”ა-ის” მფლობელობიდან გამოვიდა 28.09.98წ, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის მომენტიდან. სკ-ს 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სკ-ს ამოქმედების გამო ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ ან თუ სკ-ს უძრავი ნივთების შესახებ ახალ წესებს ითვალისწინებს. სადავო ფართი ”მ.”-ზე გაიცა 19.12.96წ. ხელშეკრულებით, ვინაიდან სადავო ფართი წარმოადგენს უძრავ ნივთვს, გამოყენებული უნდა იქნეს 1997წ. სკ-ს ნორმები ხანდაზმულობის შესახებ. სკ-ს 129-ე მუხლის მიხედვით უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნის ვადა 6 წელს შედგენს, შპს ”ა-ს” დარღვეული უფლების აღდგენისათვის სასამართლოსათვის მიმართვის უფლება ჰქონდა 1998წ. 29 სექტემბრიდან 6 წლის ვადაში. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა დარღვეული არ არის ხელშეკრულების დადების მომენტიდან (19.12.96წ.) სასარჩელო ხანდაზმულობის ათვლის შემთხვევაში. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა დარღვეულად არ ჩაითვლება ვადის ობიექტის კონკურსის წესით გაყიდვის შესახებ ინფორმაციის რაიონულ გაზეთში გამოქვეყნების მომენტიდან (04.02.90წ.) ათვლის შემთხვევაშიც, ვინაიდან სარჩელი 15.10.01წ. იქნა შეტანილი. პალატამ მიუთითა აგრეთვე, რომ შპს ”ა-მა” სარჩელით სასამართლოს ჯერ კიდევ 1997 წელს მიმართა, სარჩელზე რაიმე პროცესუალური მოქმედება შესრულებული არ ყოფილა. 2001წ. 15 ოქტომბრამდე სარჩელის შეუტანლობა გამოწვეული იყო მოსარჩელის დის ავადმყოფობით. პალატამ მართებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ 19.10.96წ. ხელშეკრულების, მიღება-ჩაბარების აქტის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრში ცვლილებების შეტანა, სადავო ფართის პირდაპირი წესით, იჯარა-გამოსყიდვის უფლებით გადაცემაზე შპს ”ა-თან” ხელშეკრულების გაფორმების შესახებ სქმ სამინისტროს ოზურგეთის რაიონული სამმართველოსათვის დავალების მიცემა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სქმ სამინისტროს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს (ამჟამად ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ოზურგეთის რაიონის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის სამმართველოს) და შპს ”მ.”-ის მიერ. კასატორები ითხოვენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. კასატორები აღნიშნავენ, რომ 1992 წლიდან ფუნქციონირებს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო და ადგილობრივი ტერიტორიული სამმართველოები, 1991 წლიდან მოქმედი იჯარის კანონმდებლობა სახელმწიფო ქონების იჯარით გაცემის და განკარგვის უფლებას ანიჭებდა მესაკუთრეს – სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს, ადგილობრივ ტერიტორიულ ორგანოებს ან მესაკუთრისაგან უფლებამოსილ პირებს მათთან შეთანხმებით. სადავო ობიექტის იჯარით გაცემის შესახებ განცხადებით სქმ სამინისტროს რაიონული სამმართველოსათვის არავის მიუმართავს, სახლმმართველობა არ წარმოადგენდა არც მესაკუთრეს და არც მესაკუთრისაგან უფლებამოსილ პირს, რის გამო იგი არ იყო უფლებამოსილი იჯარით გაეცა სახელმწიფო ქონება, ამდენად ფირმა ”ა-ზე” სადავო ქონება იჯარით არამართლზომიერად გაიცა, აღნიშნული არ ანიჭებს მას ფართის უპირატესი შესყიდვის უფლებას. გაურკვეველია ფირმა ”ა-ის” ორგანიზაციულ-სასმართლებრივი ფორმით ჩამოყალიბების საკითხი. უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა კოოპერატიულ საქმიანობაზე სალონის გადასვლის, რემონტის თანხების გადახდის შესახებ, ფართის იჯარა-გამოსყიდვის უფლება, მინისტრთა კაბინეტის 10.03.95წ. ¹128 დადგენილებით და სქმ სამინისტროს 05.06.95წ. ¹16.01.630 დადგენილებით, მიენიჭა შეღავათის უფლების მქონე პირებს, 1968 წლიდან ობიექტზე დასაქმებულ სალონის თანამშრომლებს. რაიონულ გაზეთში გამოქვეყნებული ცნობის შესაბამისად სალონის ქალთა განყოფილების მუშაკებმა გამოეყვნენ მამაკაცთა განყოფილებას, შექმნეს ამხანაგობა, გატარდნენ რეგისტრაციაში, გადაიხადეს გამოსასყიდი თანხა და გახდნენ 70 კვ.მ ფართის წილობრივი მესაკუთრენი. ამხანაგობა შექმნეს აგრეთვე მამაკაცთა განყოფილების მუშაკებმა და ფართის 61 კვ.მ გამოსყიდვის უფლება მიანიჭეს ფირმის დირექტორს ი. ა-ეს. აღნიშნულის თაობაზე ფირმას რაიმე პრეტენზია არ განუცხადებია, იგი პრეტენზიას აცხადებდა მხოლოდ რემონტზე გაწეულ თანხებზე, რის თაობაზე შეეძლო წარედგინა სარჩელი სასამართლოში. 1994-95 წლებში საიჯარო ხელშეკრულებები, რომლებსაც დაეყრდნო სასამართლო უკანონოა, რადგან ისინი არ შეესაბამებიან ადრე და სადღეისოდ მოქმედ კანონმდებლობას. უსაფუძვლოა აგრეთვე სააპელაციო სასამართლოს მიერ ხანდაზმულობის ვადის გაგრძელება, საკუთრების მოწმობა გაიცა 08.09.98წ., ამ დროისათვის ასევე მოქმედებდა 30.05.97წ. კანონი ”სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ”, რომელიც პრივატიზაციასთან დაკავშირებული დავების ხანდაზმულობის ვადად 3 წლით განსაზღვრავდა, მოსარჩელემ სასამართლოს სარჩელით აღნიშნული ვადის დარღვევით 15.10.01წ. მიმართა. ქალთა განყოფილების მუშაკების მიერ ამხანაგობის შექმნიდან სასარჩელო ხანდაზმულობის ათვლისას იმ დროს მოქმედი საერთო სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა ასევე გაცდენილად უნდა იქნეს მიჩნეული.

მოწინააღმდეგე მხარემ წარმოდგენილ შესაგებელში აღნიშნა, რომ რაიაღმასკომის 18.11.88წ. ¹162 დადგენილებით მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების სამმართველოსთან შეიქმნა ინდკერვის კოოპერატივი ”გ.”, რომელიც ფუნქციონირებდა სილამაზის სალონის მიმდებარე ცალკე ფართზე. სალონი საჭიროებდა კაპიტალურ რემონტს, რომლისთვისაც სახსრები დაშლის პირას მყოფ რაიონის საყოფაცხოვრებო მომსახურების სამმართველოს არ გააჩნდა. სამმართველომ, რაიაღმასკომთან შეთანხმებით, შესთავაზა კოპერატივ ”გ.”-ს შეეერთებინა სალონი და გაერემონტებინა იგი. 1991 წლიდან სალონი გადავიდა კოოპერატიულ საქმიანობაზე, სალონი შეუერთდა კოოპერატივს, რის შემდეგ კოოპერატივმა აიღო სესხი სალონში სარემონტო სამუშაოების ჩატარებისათვის. კოოპერატიულ საქმიანობაზე სალონის გადასვლასთან დაკავშირებით 1991წ. თებერვლიდან სალონის თანამშრომლები განთავისუფლდნენ სამუშაოდან და მიღებულ იქნენ სამუშაოდ კოოპერატივ ”გ.”-ში. 1992წ. კოოპერატივ ”გ.”-ს და ფირმა ”ა-ს” შორის დაიდო შეთანხმება, რომლის თანახმად უკანასკნელს საკრედიტო თანხის დაფარვის სანაცვლოდ გადაეცა სალონი, 01.10.92წ. ფართზე, რომელშიც ფუნქციონიებდა სალონი, ფირმა ”ა-სა” და სახლმმართველობას შორის გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება, ამასთანავე, სალონის თანამშრომლები მიღებული იქნენ სამუშაოდ ფირმა ”ა-ში”. საწარმოო-კომერციული ფირმა ”ა-ი” შეიქმნა რაიონის პრეფექტის კაბინეტის 02.12.91წ. ¹125 გადაწყვეტილებით, სსრკ მინისტრთა საბჭოს 05.02.87წ ¹162 დადგენილების შესაბამისად. ფირმა ხელახალ რეგისტრაციაში გატარდა ორჯერ – 05.08.93წ. იგი რეგისტრაციაში გატარდა ერთი პირის საწარმო ფირმა ”ა-ის” სახით, ხოლო 28.12.95წ. ოზურგეთის რაიონის სასამართლოში შპს ”ა-ის” სახით. ფირმა ”ა-ის” მიერ 1993-95 წლებში დადებული საიჯარო ხელშეკრულების მიხედვით მოიჯარეს მიენიჭა უფლება საიჯარო ქონების გაყიდვის შემთხვევაში ესარგებლა უპირატესობით. სქმ სამინისტროს რაიონულმა სამმართველომ იცოდა დადებული ხელშეკრულებების შესახებ, სამმართველომ არ გადაიფორმა სახლმმართველობასთან დადებული ხელშეკრულება, სამმართველომ არ გაითვალისწინა, რომ ამხანაგობის წევრები 1989 წლიდან წარმოადგენდნენ არა სახელმწიფო საწარმოს, არამედ კერძო სტრუქტურის კოლექტივის წევრებს, რის გამო ისინი ვერ ისარგებლებდნენ სახელმწიფო საწარმოს მუშაკებისათვის განკუთვნილი უპირატესობით. მხედველობაში არ იქნა მიღებული აგრეთვე ის, რომ ამხანაგობის წევრთა ოდენობა არ შეადგენდა საერთო სიითი შემადგენლობის 50%, სამმართველოს სადავო ფართი საერთოდ არ უნდა გამოეტანა კონკურსზე, ვინაიდან საიჯარო ხელშეკრულებები დადებული იყო იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორებმა მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივრებს და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. მოწინააღმდეგე მხარემ საკასაციო საჩივრების საფუძვლები არ ცნო და ითხოვა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაბურუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული, გადაწყვეტილება წინააღმგეობრივია და არ ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნებს.

სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დაცვის სწორი გადაწყვეტისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ხანდაზმულობის ვადის ათვლის მომენტის დადგენას. ვადის ათვლა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როდესაც პირმა შეიტყოო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, სასამართლოს ზუსტად უნდა განესაზღვრა სასარჩელო ხანდაზმულობის ათვლის მომენტი. მიუხედავად ამისა, სასამართლო ვერ მივიდა დასკვნამდე თუ რომელი მომენტიდან უნდა დაიწყოს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ათვლა. სააპელაციო პალატა ასეთად ხან საკუთრების მოწმობის გაცემის (28.09.98წ.), ხან ხელშეკრულების დადების (19.12.96წ.) და ხან ობიექტის კონკურსის წესით გაყიდვის შესახებ ინფორმაციის რაიონულ გაზეთში გამოქვეყნებას (04.02.96წ.) ასახელებს. საფუძველს მოკლებულია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ გამოყენებული უნდა იყოს 1997წ. სკ-ით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები, კერძოდ 129.1 მუხლით გათვალისწინებული უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნის ექვსწლიანი ვადა. სადავო ობიექტის კონკურსის წესით რეალიზაციის მომენტში მოქმედი ”საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ” კანონი არ ითვალისწინებდა პრივაზაციასთან დაკავშირებული დავების სპეციალურ ხანდაზმულობის ვადას, რის გამო გამოიყენებოდა 1964წ. სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სასარჩელო ხანდაზმულობის საერთო ვადები, აღნიშნული კოდექსის 75-ე მუხლის მიხედვით უფლების დაცვის საერთო ვადა იმ პირის სარჩელით, რომლის უფლებაც დარღვეულია სამ წელს, ხოლო ორგანიზაციებს შორის ერთ წელს შეადგენდა. ”სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” 30.05.97წ. კანონის მე-11 მუხლის თანახმად პრივატიზებულ სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების განხილვის ხანდაზმულობის ვადა 3 წელს შეადგენს. ამდენად, უსაფუძვლოა მითითება ”ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის 47-ე მუხლზე, რომლის მიხედვით ნორმატიულ აქტს, რომელიც ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას არა აქვს უკუძალა. 1997წ. სკ-ს 129-ე მუხლით გათვალისწინებულ უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნის ექვსწლიანი ვადის გამოყენებას არ ადასტურებს აგრეთვე 1997წ. სკ-ს 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილი, ვინაიდან სადავო ობიექტის რეალიზაციის დროს მოქმედი პრივატიზების მომწესრიგებელი კანონმდებლობა გაუქმდა არა 1997წ. სკ-ს მიღების, არამედ სახელმწიფო ქონების პრივატიზების ახალი კანონმდებლობის (”სახელმწიფო პრივატიზების შესახებ” 30.05.97წ. კანონის და ამ კანონის შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების) მიღების შედეგად, რომელიც სპეციალურ ნორმებს შეიცავს და განსაზღვრავს პრივატიზების სამართლებრივ საფუძვლებს.

მიუხედავად იმისა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მოყვანილი მსჯელობით სააპელაციო სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ სადავო სამართალურთიერთობების მიმართ უნდა იქნეს გამოყენებული 1997წ. სკ-ით გათვალისწინებული უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნის ექვსწლიანი ვადა, სააპელაციო პალატამ უცვლელად დატოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის სარეზოლუციო ნაწილის თანახმად მოსარჩელეს სამწლიანი ვადა საპატიო მიზეზით გაცდენილად ჩაეთვალა. ამდენად, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ამ ნაწილში არის წინააღმდეგობრივი, სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნა არ შეესაბამება სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მოყვანილ მსჯელობას.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ”ა-მა” 1997 წელს სასარჩელო განცხადებით მიმართა რაიონულ სასამართლოს, მიუხედავად ამისა სარჩელი არც ხარვეზის გამო ყოფილა დატოვებული უმოძრაოდ და არც განუხილველად იქნა დატოვებული. სარჩელის წარდგენა სასამართლოში არის ხანდაზმულობის ვადის დინების შეწყვეტის საერთო საფუძველი, სასამართლოში სარჩელის წარდგენის ფაქტის დადგენის შემთხვევაში ის გარემოება, რომ იგი არც უმოძრაოდ და არც განუხილველად ყოფილა დატოვებული ადასტურებს სარჩელის წარმოებაში მიღებას, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დაცულობას, რის გამო გარკვევას საჭიროებს 1997წ. სასამართლოში წარდგენილი სასარჩელო განცხადების შინაარსი, დავის მხარეების, საგნის, საფუძვლის იგივეობის შემთხვევაში სსკ-ს 275-ე მუხლის ”ე” ქვეპუნქტის საფუძველზე სარჩელის განუხილველად დატოვების, სარჩელის მიმართ პროცესუალური მოქმედების მიუღებლობის საკითხი.

არ არის დასაბუთებული სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ იჯარა-გამოსყიდვის უფლებით ობიექტის გადაცემაზე ხელშეკრულება სამმართველოს უნდა დაედო შპს ”ა-თან” და რომ სადავო ობიექტის იჯარით გამოსყიდვის უფლებით სხვაზე გადაცემა შესაძლებელი იყო უკეთუ შპს ”ა-ი” უარს იტყოდა შესყიდვაზე. ”სახელმწიფო ქონების იჯარით გაცემის წესის თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პარლამენტის 20.09.94წ. ¹555-Iს დადგენილების მე-3 პუნქტის თანახმად სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან ტერიტორიულ ორგანოს ევალებოდა ”იჯარის შესახებ” კანონის ამოქმედებამდე ქონების გამოსყიდვის უფლებით დადებული ყველა კანონიერი საიჯარო ხელშეკრულების გადაფორმება. დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად, ”იჯარის შესახებ” კანონის სამოქმედოდ შემოღებამდე გაფორმებული ქონების ყოველგვარი საიჯარო ხელშეკრულება ჩაითვლებოდა კანონიერად, თუ იგი შეესაბამებოდა სსრკ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 07.04.89წ. ბრძანებულებას, სსრკ მინისტრთა საბჭოს 07.04.89წ. დადგენილებას და სსრკ უზენაესი საბჭოს 23.11.89წ. დადგენილებას. სააპელაციო პალატამ ”სახელმწიფო ქონების იჯარით გაცემის წესის თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ” დადგენილების მე-3 პუნქტის საფუძველზე მიიჩნია, რომ სქმ სამინისტროს ოზურგეთის სამმართველო ვალდებული იყო გადაეფორმა საიჯარო ხელშეკრულება, პალატას არ უმსჯელია შპს ”ა-ის” და სახლმმართველობას შორის დადებული ხელშეკრულებების ხსენებული აქტებისადმი, კერძოდ ”იჯარის შესახებ” კანონის ძალაში შესვლამდე მოქმედი ”სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების იჯარის კანონმდებლობის საფუძვლებთან” შესაბამისობის საკითხზე, კერძოდ, იმაზე წარმოადგენდა თუ არა იჯარის ხელშეკრულების კონტრაჰენტი – სახლმმართველობა სადავო ქონების იჯარით გაცემის უფლებამოსილ პირს, მესაკუთრეს ან ისეთ ორგანიზაციას, რომლებიც მესაკუთრისაგან იყო უფლებამოსილი გაეცა იჯარით ქონება.

საქმის მასალებს არ ემყარება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ სილამაზის სალონი 1988 წლიდან კოოპერატიულ საკუთრებას წარმოადგენდა. მახარაძის რაიაღმასკომის 18.11.88წ. ¹423 გადაწყვეტილებით კოოპერატივ ”გ.”-ის შექმნით და სადავო ფართში კოოპერატივ ”გ.”-ის, ხოლო შემდგომში კოოპერატივ ”ა-ის” განთავსებით, უკანასკნელის მიერ უკრთიერთშეთანხმების საფუძველზე სალონის ინტერიერის მოსაწყობად აღებული სესხის დაფარვა არ ადასტურებს სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი სალონის კოოპერატიულ საკუთრებაში გადასვლას. საკონკურსო წესით მოხდა სახელმწიფო ქონების და არა კომერციული ფირმის საკუთრების იჯარით გამოსყიდვის წესით გაცემა, ამასთანავე, სალონის სარემონტო სამუშაოზე გაწეული თანხები განსახილველი დავის საგანს არ წარმოადგენს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული, საქმის ფაქტობრივი გარემოებები საჭიროებენ დამატებით გამოკვლევას, რის გამო საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ოზურგეთის რაიონის სახელმწიო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის სამმართველოს და შპს ”მ.” საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 15.05.02წ. განჩინება. საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.