¹ 3გ-ად-302-კ-02 6 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: მიწის მესაკუთრედ ცნობა და ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
1997წ. 27 თებერვალს კასატორ დ.ხ.-ს ¹95 ხელშეკრულების საფუძველზე, 2 წლის ვადით, იჯარით გამოეყო 44მ2 მიწის ფართი, ქუთაისში, ...-ის ქუჩის პირველი შესახვევის ¹3 საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. იჯარის ხელშეკრულების ვადის გასვლამდე დ.ხ.-მ განცხადებით მიმართა მიწის მართვის სამმართველოს და მიშენება-გაფართოება-რეკონსტრუქციისათვის მოითხოვა 60მ2 მიწის ფართი. 1999წ. 15 ოქტომბერს ჩატარებულ ¹... აუქციონზე დ. ხ.-მ გაიმარჯვა და საკუთრების უფლება მოიპოვა 60 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, რაც წლების განმავლობაში არ დამტკიცებულა ქუთაისის მერიის მიერ. 2000წ. 31 ოქტომბერს გაზეთში «...-ი” დაიბეჭდა ქუთაისის მერიის განკარგულება ¹24, რომლითაც 60მ2 მიწის ნაკვეთი ...-ის I შესახვევის ¹3-ში არსებული სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაღაზიის მიშენება-გაფართოებისათვის დაუმტკიცდა დ.ხ.-ს, შესაბამისად 2000წ. 24 ნოემბერს დაიდო ხელშეკრულება ¹3 60მ2 მიწის ნაკვეთის კასატორისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ.
2002წ. 16 იანვარს კასატორმა დ.ხ.-მ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა 104მ2 (60კვ.მ აუქციონზე შეძენილი ფართისა და 44კვ.მ იჯარით აღებული ნაკვეთის)K მიწის ფართის საკუთრებაში გადაცემა და ზიანის ანაზღაურება 17423 ლარის ოდენობით. მოპასუხე ქუთაისის მიწის მართვის სამმართველოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა საქმეში თანამოპასუხეებად ქუთაისის მერიისა და ქუთაისის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამმართველოს ჩაბმა, რაც 2001წ. 19 ოქტომბრის განჩინებით დაკმაყოფილდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 14 მარტის გადაწყვეტილებით დ. ხ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის საოლქო სასამართლოში.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 ივლისის განჩინებით დ.ხ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათაAგამო:
1. სასამართლომ მიუთითა, რომ 1997წ. 27 თებერვლის ხელშეკრულებით, დ. ხ.-მ ორი წ. ვადით აიღო იჯარით ქუთაისში, ...-ის პირველი შესახვევის ¹3-ში მდებარე 44მ2 მიწის ნაკვეთი. ქუთაისის მერის 1999წ. 31 აგვისტოს ¹297 ბრძანებით გამოცხადდა აუქციონი ამავე მისამართზე 60მ2 არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გაყიდვის შესახებ, სადაც გაიმარჯვა დ. ხ.-მ და მას საკუთრებაში გადაეცა 60მ2 მიწის ნაკვეთი, რომელიც მოიცავს იმ 44მ2 ნაკვეთსაც, რომელიც დ. ხ.-ს იჯარით ჰქონდა აღებული. ამიტომ სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება, რომ 60მ2 არის სხვა მიწის ფართი და აუქციონის გამოცხადების დროს არ იყო გასული იჯარის ვადა. დ. ხ.-მ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ იჯარის ვადის გასვლის შემდეგ, თუ ის გადაიხდიდა შესაბამის თანხას, იჯარით აღებული მიწის ნაკვეთი გადავიდოდა მის საკუთრებაში. ამჯერად იჯარის ვადა გასულია, ხოლო თანხა გადახდილი არა აქვს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია ხ.-ის სარჩელი, რომ მას ეკუთვნის 104კვ.მ მიწის ნაკვეთი;
2. სასამართლომ მიუთითა, რომ 44მ2 მიწის ნაკვეთი იჯარის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ წარმოადგენს თავისუფალ ფართს და არის სახელმწიფო საკუთრება. სკ-ს 170-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია კანონიერი ან სხვაგვარი სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით). ამ ნორმიდან გამომდინარე, დ.ხ.-ეს არა აქვს უფლება დაავალდებულოს მესაკუთრე, სახელმწიფო დამატებით გადასცეს მას 44მ2 მიწის ნაკვეთი, რომელიც 60მ2-თან ერთად იქნება 104მ2. სააპელაციო პალატის აზრით, ასევე უსაფუძვლოა სარჩელი ზიანის ანაზღაურების ნაწილშიც.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ.ხ.-მ და იგივე მოტივებით მოითხოვა:
1. საოლქო სასამართლოს 2002წ. 11 ივლისის განჩინების გაუქმება;
2. 104მ2 მიწის მესაკუთრედ ცნობა;
3. ზიანის ანაზღაურება 17423 ლარის ოდენობით.
4. მოწინააღმდეგე მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, საკასაციო საჩივარი განხილულ იქნა მხარეთა დასწრების გარეშე, თანახმად სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილისა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ.ხ.-ის საკასაციო საჩივარი, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 ივლისის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოება: კასატორი დ. ხ.-ე 1997წ. 27 თებერვალს დადებული ¹95 ხელშეკრულების საფუძველზე ორი წ. ვადით, იჯარის უფლებით ფლობდა ქუთაისში, ...-ის პირველი შესახვევის ¹3-ში მდებარე 44 კვ.მ მიწის ნაკვეთს, რაც ასევე დასტურდება ადგილზე ნაკვეთის საზღვრების დადგენის შესახებ ¹95 აქტით. ქუთაისში, ამავე მისამართზე მდებარე 60 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ქუთაისის მერის 1999წ. 31 აგვისტოს ¹297 ბრძანებით გამოცხადდა აუქციონი, რომელზეც 1999წ. 15 ოქტომბერს გაიმარჯვა კასატორმა დ. ხ.-მ და 162,36 ლარად შეიძინა 60 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რის შესახებაც 2000წ. 24 ნოემბერს ქუთაისის მერიასა და დ.ხ.-ს შორის გაფორმდა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება. ამდენად, აღნიშნული მიწის ნაკვეთი 60 კვ.მ ამჟამად კასატორ დ. ხ.-ის საკუთრებაა. კასატორი ითხოვდა მის მიერ აუქციონის წესით შეძენილი 60 კვ.მ მიწის ნაკვეთთან ერთად იჯარით აღებული 44 კვ.მ მიწის, სულ 104 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ ცნობას, რაც მართებულად არ დაკმაყოფილდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს განჩინებით და საკასაციო პალატაც იზიარებს სასამართლოს განჩინებას 104 კვ.მ მიწის ნაკვეთის დ. ხ.-ის საკუთრებად ცნობაზე უარის თქმის შესახებ, ვინაიდან:
1. 1997წ. 27 თებერვლის ¹95 ხელშეკრულებით კასატორ დ. ხ.-ეს ორი წლის ვადით, იჯარით ჰქონდა აღებული ქუთაისში, ...-ის პირველი შესახვევის ¹3-ში მდებარე მიწის ნაკვეთი სავაჭრო პავილიონის ფუნქციონირებისათვის. მიწის იჯარის ხელშეკრულების ვადა ამოიწურა 1999წ. 27 თებერვალს. მოიჯარე დ. ხ.-ე «იჯარის შესახებ» საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და ¹95 ხელშეკრულების 2-9 პუნქტის თანახმად, ვალდებული იყო საიჯარო ქონება დაებრუნებინა საიჯარო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ. ამდენად, იჯარის ხელშეკრულების მოქმედების ვადის დასრულების მომენტიდან, 1999წ. 27 თებერვლიდან კასატორ დ. ხ.-ეს იჯარით აღებული 44 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ფლობის სამართლებრივი საფუძველი აღარ გააჩნდა და იგი უკანონოდ ფლობდა მიწის ნაკვეთს;
2. «იჯარის შესახებ» საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, საიჯარო ხელშეკრულებაში შეიძლება გათვალისწინებული ყოფილიყო მოიჯარის მიერ ქონების მთლიანი ან ნაწილობრივი გამოსყიდვის პირობები, მაგრამ დ.ხ.-სთან დადებული ¹95 ხელშეკრულება მიწის იჯარის შესახებ, ამგვარ პირობას არ ითვალისწინებდა, ამიტომ საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, თითქოს მასსა და მიწის მართვის სამმართველოს უფროსს შორის არსებობდა შეთანხმება, იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ მიწის ნაკვეთის მისთვის, როგორც მოიჯარისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ.
«სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ» კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ქუთაისის მერის 1999წ. 31 აგვისტოს ¹297 ბრძანებით ქუთაისში, ...-ის პირველი შესახვევის ¹3-ში მდებარე 60 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე გამოცხადდა აუქციონი, სადაც კასატორმა გაიმარჯვა და საკუთრებაში გადაეცა აუქციონზე შეძენილი, ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე 60 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც დღეისათვის საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცული დ. ხ.-ის საკუთრებაა, რასაც არც მოწინააღმდეგე მხრეები უარყოფენ;
3. საკასაციო პალატა უსაფუძვლობის მოტივით ვერ გაიზიარებს კასატორის მოთხოვნას აუქციონზე შეძენილ 60 კვ.მ მიწის ნაკვეთთან ერთად კასატორის მიერ იჯარით აღებული 44 კვ.მ მიწის, სულ 104 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ ცნობის შესახებ, რადგან კასატორს არ გააჩნია სადავო 44 კვ.მ მიწის ნაკვეთის კანონიერი ფლობისა და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და არც საკუთრების უფლება მოუპოვებია მასზე ამჟამად მოქმედი მიწის კანონმდებლობის შესაბამისად. სადავო 44 კვ.მ მიწის ნაკვეთი დღეისათვის არის სახელმწიფო საკუთრება და საქართველოს სკ-ს 170-ე მუხლის პირველი ნაწილით სადავო მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო საკუთრება (ფლობა-სარგებლობა-განკარგვა) შეუზღუდავია, ხოლო კასატორ დ. ხ.-ის მოთხოვნა 44 კვ. მ მიწის ნაკვეთის მის საკუთრებად ცნობაზე საკასაციო პალატის აზრით, სამართლებრივად უსაფუძვლოა, ამიტომ არ უნდა დაკმაყოფილდეს;
4. ვინაიდან უსაფუძვლოა კასატორ დ. ხ.-ის მოთხოვნა 44 კვ.მ მიწის ნაკვეთის მის საკუთრებად ცნობაზე, შესაბამისად დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა მისი მეორე მოთხოვნა მიწის ნაკვეთის მისთვის გადაუცემლობის გამო მიყენებული ზიანის 17423 ლარის ანაზღაურების შესახებ, რადგან სკ-ს 412-ე მუხლის მიხედვით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც წარმოადგენს ზიანის გამომწვევი არამართლზომიერი მოქმედების უშუალო შედეგს. კონკრეტულ შემთხვევაში მოწინააღმდეგე ადმინისტრაციულ ორგანოებს (ქუთაისის მიწის მართვის სამმართველოს, ქუთაისის მერიას, ქუთაისის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამმართველოს) რაიმე არამართლზომიერი მოქმედებით არ შეულახავთ დ. ხ.-ის უფლება, არამედ კასატორი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე უკანონოდ ითხოვს 44 კვ.მ ნაკვეთზე საკუთრების უფლების ცნობას, ამიტომ ზიანის ანაზღაურების ნაწილშიც კასატორის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ამდენად, საკასაციო პალატის აზრით, დ. ხ.-ის საკასაციო საჩივარი, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს, თანახმად სსკ-ს 410-ე მუხლისა და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 ივლისის განჩინება, რადგან საკასაციო საჩივარში მითითებულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია და სააპელაციო სასამართლომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების მართებული შეფასებითა და კანონის სწორი გამოყენებით გამოიტანა კანონიერი გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 39-ე მუხლის პირველი ნაწილის «გ» პუნქტით, 410-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ. ხ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 ივლისის განჩინება;
3. დ. ხ.-ს საკასაციო საჩივარზე დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 697 ლარის გადახდა;
4. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.