3გ-ად-304-კ-02 29 იანვარი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: საგადასახადო შეღავათების გავრცელება, მიყენებული ზიანის _ 123908 ლარის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი
2000წ. 24 ოქტომბერს შპს «ს.-მ" ფოთის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების: საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო «...-ის" მიმართ სარჩელი აღძრა.
მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებაში მიუთითა, რომ «საქართველოს 1998წ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ინვალიდთა საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობისა და ინვალიდთა სოციალური დახმარების დამატებითი ღონისძიებების დაფინანსების მიზნით, საქართველოს საბაჟო დეპარტამენტს დაევალა ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოში გაერთიანებული ცალკეული ორგანიზაციების მიერ გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადიდან, აქციზიდან და საბაჟო გადასახადიდან მიღებული ფაქტიური შემოსავლების აღრიცხვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე, ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავლის ანგარიშისაგან გამოცალკევებით, რომელსაც, თავის მხრივ, ეს თანხა შემდგომში მოსარჩელის ანგარიშზე უნდა გადაერიცხა.
მოსარჩელის განმარტებით, მას 70000 ლარის კვოტა გამოეყო, რომლიდანაც 65560 ლარი აითვისა. აღნიშნული თანხა საბაჟოO «...-მა" ცენტრალურ ბიუჯეტში გადარიცხა, ნაცვლად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სპეციალური ანგარიშისა, საიდანაც ეს თანხა მოსარჩელის ანგარიშზე გადაირიცხებოდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სარჩელში ფულადი ვალდებულებების შესრულების სახით, აგრეთვე 1 წლის განმავლობაში მიუღებელი შემოსავლისათვის და მოთხოვნის წარმოშობის დღიდან ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის ჯარიმის სახით, მოპასუხეზე 123903 ლარის დაკისრება მოითხოვა. მოგვიანებით მოსარჩელემ სასამართლოს თავის სასარჩელო მოთხოვნაზე დაზუსტებული გაანგარიშება წარუდგინა, რომელშიც მიუთითა, რომ 1999წ. 10 ნოემბრიდან 10 აგვისტომდე საბაჟო ”...-ს” ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 0,2% ჯარიმა უნდა დაეკისროს, ხოლო 2000წ. 10 აგვისტოდან კანონმდებლობაში შესული ცვლილებების თანახმად, ჯარიმის სახით 0,2%-ის ნაცვლად, 0,5% უნდა დაერიცხოს. ამდენად, მოსარჩელემ მოპასუხისათვის ძირითადი თანხის, საურავისა და ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის ჯარიმის გადახდა მოითხოვა, რაც მთლიანობაში 134070 ლარს შეადგენდა.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 29 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. საბაჟო «...-ს" შპს «ს.-ის" სასარგებლოდ ძირითადი თანხის _ 65560 ლარის, მიუღებელი შემოსავლის _ 7867 ლარისა და ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის ჯარიმის _ 50481 ლარის (სულ: 123908 ლარი) ანაზღაურება დაეკისრა.
ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო «...-მა" სააპელაციო წესით გასაჩივრა.
აპელანტმა სააპელაციო საჩივარში მიუთითა, რომ შპს «ს.-ა" ინვალიდთა და ომის ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოში გაერთიანებულ ორგანიზაციას არ წარმოადგენს და შესაბამისად, საბაჟო ორგანო არ იყო ვალდებული მათ მიერ ცენტრალურ ბიუჯეტში გადახდილი თანხა საკოორდინაციო საბჭოში შემავალი რომელიმე საზოგადოებრივი ორგანიზაციის ანგარიშზე აესახა, საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავლის ანგარიშიდან გამოცალკევებით. სააპელაციო საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1998წ. 5 თებერვლის ¹30 ბრძანების დანართიდან, აგრეთვე ინვალიდთა და ვეტერანთა არასამათავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს 1999წ. 15 ივნისის ¹28 და საქართველოს ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციიო საბჭოს 1999წ. 21 ივნისის ¹31 წერილებიდან ირკვევა, რომ შპს «ს.-ა" არ არის ინვალიდთა და ომის ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოში გაერთიანებული ორგანიზაცია და, ამდენად, «საქართველოს 1998წ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლით დადგენილი წესი მასზე ვერ გავრცელდება.
აპელანტის მითითებით, სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორც ძირითადი თანხის, ისე მიუღებელი შემოსავლის დაკისრების შესახებ, არამართლზომიერია, რადგან მიუღებელი შემოსავლის შესახებ საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი. ამასთან, აპელანტის მოსაზრებით, გაუგებარია სასამართლოს მსჯელობა სკ-ს 403-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ჯარიმის 0,2%-ის დაკისრების თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტმა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 29 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 18 სექტემბრის განჩინებით საბაჟო «...-ის" სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ფოთის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 29 მარტის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
სააპელაციო სასამართლომ თავის განჩინებაში მიუთითა, რომ ყველა შეღავათი, რომელიც 1998წ. 1 იანვრიდან ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოში გაერთიანებულ «ს.-ზე» ვრცელდებოდა, ამ საზოგადოების მიერ დაფუძნებული შპს «ს.-ზეც" უნდა გავრცელებულიყო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო «...-მა" იმავე საფუძვლებით საკასაციო წესით გაასაჩივრა.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სკ-ს 403-ე მუხლი, საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის პირველი ნაწილი და არ გამოიყენა ამავე მუხლის მეორე ნაწილი. ამასთან, სასამართლომ არასწორად განმარტა «საქართველოს 1998წ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა მოითხოვა, რომლითაც მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქმებოდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002წ. 20 თებერვლის განჩინებით საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო «...-ის" საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 18 სექტემბრის განჩინება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდა შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ს 85-ე მუხლის მოთხოვნა, 2001წ. 2 მარტის განჩინებით მოპასუხე «საბაჟო ...-ი" მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროთი შეცვალა, ხოლო საბაჟო «...-ი" საქმეში მესამე პირად ჩააბა, მაგრამ 2001წ. 29 მარტის გადაწყვეტილებით 123908 ლარი მესამე პირს საბაჟო «...-ს" დააკისრა.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ს 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა, რადგანაც არასრულყოფილად გამოიკვლია ის გარემოება, რომ «საქართველოს 1998წ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მესამე პუნქტით გათვალისწინებული შეღავათები უნდა გავრცელებულიყო თუ არა რეგისტრირებული კავშირის, «ს.-ის» მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის სუბიექტებზე. კერძოდ, შპს «ს.-ს" ზემოთ მითითებული კანონით განსაზღვრული შეღავათებით უნდა ესარგებლა თუ არა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 2 ივლისის გადაწყვეტილებით საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო «...-ის" სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 29 მარტის გადაწყვეტილება გაუქმდა და საბაჟო დეპარტამენტსა და საბაჟო «...-ს" შპს «ს.-ის" სასარგებლოდ სოლიდარულად 65560 ლარისა და მიუღებელი შემოსავლის 7867 ლარის გადახდა დაეკისრათ, ხოლო ჯარიმის 50481 ლარის გადახდის ნაწილში აპელანტს უსაფუძვლობის გამო უარი ეთქვა.
სააპელაციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს «ს.-ზე” “საქართველოს 1998წ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათები ვრცელდება, რადგან შპს «ს.-ის" დამფუძნებელია «ს.-ა», რომლის კუთვნილებაც არის საწარმოს საწესდებო კაპიტალი, ხოლოს მისი განვითარების პროგრამა ინვალიდთა საკოორდინაციო საბჭოს მიერაა დამტკიცებული.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ვინაიდან საბაჟო «...-მა" დათქმულ დროს, მოთხოვნის წამოყენებისთანავე, შპს «ს.-ს" კუთვნილი 65560 ლარის მიღებაში ხელი შეუშალა, ამ უკანასკნელმა მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი განიცადა, რაც აპელანტისათვის სკ-ს 411-ე მუხლით გათვალისწინებულ ვალდებულებასაც წარმოშობს.
აღნიშნული გადაწყვეტილება საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო «...-მა" იმავე საფუძვლებით საკასაციო წესით გაასაჩივრა.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო «...-ის" საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 2 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ფინანსთა სამინისტროს მიერ 1998 წელს დამტკიცებულ იქნა «საქართველოს 1998წ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის აღსრულების წესი. ზემოთ მითითებული წესის 1,2-ე და მე-3 პუნქტების თანახმად საქართველოს ინვალიდთა არასამათავრობო ორგანაზაციების საკოორდინაციო საბჭოში გაერთიანებული ნამდვილი წევრი ორგანიზაციებისათვის ეროვნული ბანკში გახსნილ იქნა 5 სხვადასხვა სპეციალური ანგარიში. ამავე წესით დამტკიცებულია ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოში შემავალი ორგანიზაციების სია და მათ შორის მითითებულია «ს.-ა».
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ «საქართველოს 1998წ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად: ინვალიდთა საზოგადოებრივი ოპგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობისა და ინვალიდთა სოციალური დახმარების დამატებითი ღონისძიებების დაფინანსების მიზნით, როგორც გამონაკლისი, ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაციების საკოოდინაციო საბჭოში გაერთიანებული ცალკეული საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადიდან, აქციზიდან და საბაჟო გადასახადიდან მიღებული ფაქტიური შემოსავალი აღირიცხება საკოორდინაციო საბჭოში გაერთიანებული თითოეული საზოგადოებრივი ორგანიზაციის მიხედვით, ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავლის ანგარიშისაგან გამოცალკევებით.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მართალია შპს «ს.-ის" დაფუძნებელს «ს.-ა» წარმოადგენს, მაგრამ ეს გარემოება არ იძლევა იმის საფუძველს, რომ მასზე «საქართველოს 1998წ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესი გავრცელდეს, ვინაიდან შპს «ს.-ა" არ არის ინვალიდთა და ომის ვეტერანთა არასამათავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოში გაერთიანებული საზოგადოებრივი ორგანიზაცია. ის არის «მეწარმეთა შესახებ" 1994წ. 28 ოქტომბრის საქართველოს კანონის 44-50-ე მუხლებით გათვალისწინებული კომერციული იურიდიული პირი, რომელსაც აქვს განსაზღვრული ქონება, დამოუკიდებელი ბალანსი, შეუძლია თავისი სახელით გამოვიდეს სამართლებრივ ურთიერთობებში.
ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ «საქართველოს 1998წ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ინვალიდთა საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობისა და ინვალიდთა სოციალური დახმარების დამატებითი ღონისძიებების დაფინანსების მიზნით გათვალისწინებული შეღავათები შპს «ს.-ზეც" ვრცელდება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სკ-ს 30-ე მუხლის თანახმად: იურიდიული პირი, რომლის მიზანსაც არ წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობა შეიძლება არსებობდეს როგორც კავშირი (ასოციაცია) ან ფონდი.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, «საქართველოს 1998წ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეღავათი მხოლოდ ასეთი სახის არაკომერციული იურიდიული პირებისათვის არის დაწესებული და არა შპს-ებისათვის, რომელთა საქმიანობაც მოგების მიღების მიზნით ხორციელდება, კერძოდ, «მეწარმეთა შესახებ" 1994წ. 28 ოქტომბრის საქართველოს კანონის 1.1 მუხლის მიხედვით სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა მართზლომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ «საქართველოს 1998წ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლიდან გამომდინარე, ცენტრალურ ბიუჯეტში გადახდილი გადასახადის მოთხოვნის უფლება აქვს ინვალიდთა და ომის ვეტერანთა არასამათავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოში გაერთიანებულ თითოეულ საზოგადოებრივ ორგაზნიაციას. ვინაიდან შპს «ს.-ა" ინვალიდთა და ომის ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციიო საბჭოში გაერთიანებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციას არ წარმოადგენს, შესაბამისად, საბაჟო ორგანოც არ იყო ვალდებული მის მიერ ცენტრალურ ბიუჯეტში გადახდილი თანხა სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე აესახა, ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავლის ანგარიშიდან გამოცალკავებით.
საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ის შეღავათები, რაც კავშირისათვის სახელმწიფოს მიერ არის დაწესებული, ამ კავშირში შემავალ და მის მიერ დაფუძნებულ ყველა ორგანიზაციაზე ვრცელდება, ვინაიდან ზემოთ აღნიშნული კანონის ნორმით დადგენილი შეღავათი ინვალიდთა და ომის ვეტერანთა არასამათავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოში გაერთიანებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე არის გათვალისწინებული და არა მათ მიერ დაფუძნებულ კომერციულ იურიდიულ პირებზე. ამასთან, საგულისხმოა ის გარემოება, რომ «საქართველოს 1998წ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლიდან გამომდინარე ცენტრალურ ბიუჯეტში გადახდილი გადასახადის მოთხოვნის უფლება აქვს ინვალიდთა და ომის ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზიციების საკოორდინაციო საბჭოში გაერთიანებულ თითოეულ საზოგადოებრივ ორგანიზაციას, რომელსაც სახელმწიფო ხაზინაში სპეციალურად ამ მიზნით ჰქონდა ანგარიში გახსნილი.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორის პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბაჟო «...-ისათვის როგორც ძირითადი, ისე მიუღებელი თანხის დაკისრების თაობაზე არამართლზომიერია, რადგან იმ თანხას, რომელსაც მოწინააღმდეგე მხარე მოითხოვს მისი დაბრუნების შემთხვევაში, მიზნობრივი ხასიათი უნდა ჰქონოდა და ინვალიდთა საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობისა და ინვალიდთა სოციალური დახმარების დამატებითი ღონისძიებების დასაფინანსებლად უნდა ყოფილიყო მიმართული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო «...-ის" საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 2 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, სსკ-ს 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო «...-ის" საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 2 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. შპს «ს.-ის" სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.