3გ-ად-307-კ-02 6 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა პენსიის დანიშვნა.
აღწერილობითი ნაწილი:
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 01.08.01წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ბ.ჭ.-ის განცხადება პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ. აღიარებას საფუძვლად დაედო 1944წ. ბ. ჭ.-ის ოჯახთან ერთად იძულებით, ბრალის წარდგენის გარეშე, ჭიათურის რაიონის სოფელ ...-დან ახალციხის რაიონში გადასახლება. პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შემდგომ ბ.ჭ.-მ მიმართა საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის წყალტუბოს რაიონულ განყოფილებას და ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე «საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ”კანონის შესაბამისად მოითხოვა პენსიის გადაანგარიშება. წყალტუბოს რაიონულმა განყოფილებამ ბ.ჭ.-ის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ გადასახლებას საფუძვლად არ ედო პოლიტიკური მოტივი.
11.12.2000წ. ბ.ჭ.-მ წყალტუბოს რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის წყალტუბოს რაიონული განყოფილების (ამჟამად საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის წყალტუბოს რაიონული ფილიალის) მიმართ, განყოფილების მიერ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთათვის კანონით გათვალისწინებული ყოველთვიური პენსიის მისთვის დანიშვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის გამოცემის მოთხოვნით. წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 14.01.02წ. გადაწყვეტილებით ბ. ჭ.-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და სოცფონდის წყალტუბოს რაიონულ განყოფილებას დაევალა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების მოყვანა კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვის შესაბამისობაში.
05.02.02წ. საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის წყალტუბოს რაიონულმა განყოფილებამ წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 14.01.02წ. გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით ქუთაისის საოლქო სასამართლოში. აპელანტმა მოითხოვა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, კერძოდ კი გადაწყვეტილების გამოტანა იმის შესახებ, თუ რამდენად შეესაბამება «საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ» კანონის მოთხოვნებს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მოქალაქის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების შესახებ, მაშინ, როდესაც საქმეში არ მოიპოვება პოლიტიკური მოტივით საქართველოს სხვა რაიონში მისი გადასახლების დამადასტურებული დოკუმენტი.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 15.05.02წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 14.01.02წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 01.08.01წ. გადაწყვეტილება პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად ბ.ჭ.-ის აღიარების შესახებ კანონიერ ძალაშია შესული, ხოლო სოცფონდის წყალტუბოს რაიონულ განყოფილებას აღნიშნული გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია და არც სხვა წესით უდავია.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის წყალტუბოს რაიონული განყოფილების მიერ. კასატორი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს 15.05.02წ. განჩინების გაუქმებას და აღნიშნავს, რომ ბ.ჭ.-ს არ წარუდგენია სასამართლოში პენსიის გადაანგარიშებისათვის სავალდებულო პოლიტიკური მოტივით მისი გადასახლების დამადასტურებელი საბუთი. წყალტუბოს რაიგანყოფილებამ არ გაასაჩივრა ბ. ჭ.-ის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების შესახებ წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 01.08.01წ. გადაწყვეტილება იმის გამო, რომ მისთვის აღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე ცნობილი გახდა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.
წყალტუბოს რაიონულმა განყოფილებამ საკასაციო საჩივარში ასევე მოითხოვა საკასაციო სასამართლოსაგან განმარტების მიღება იმის თაობაზე, თუ რამდენად შეესაბამება «საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის მოთხოვნებს წყალტუბოს რაიონული სასამართლოსა და ქუთაისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებები იმის გათვალისწინებით, რომ საქმეში არ მოიპოვება პოლიტიკური მოტივით _ იძულებით ბ. ჭ.-ისა და მისი ოჯახის გადასახლების დამადასტურებელი საბუთი.
საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება. მოწინააღმდეგე მხარე _ ბ.ჭ.-მ საკასაციო საჩივარი არ ცნო, პირველი ინსტანციის სასამართლოს 14.01.02წ. გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს 15.05.02.წ. განჩინება მიიჩნია კანონიერად და ითხოვა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების, საკასაციო საჩივრის მოტივების, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლის და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
განსახილველ შემთხვევაში წყალტუბოს რაიონული სასამართლოს ძალაში მყოფი 01.08.01წ. გადაწყვეტილებით, ბ. ჭ.-ე აღიარებულია პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად. «საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება იწვევს რიგ სამართლებრივ შედეგებს, მათ შორის, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთათვის გათვალისწინებული პენსიის დანიშვნას. საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. სსკ-ს მე-10 მუხლის მიხედვით კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.
ის რომ სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის წყალტუბოს რაიონულ ფილიალს მართებულად არ მიაჩნია ბ. ჭ.-ის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარება საქმეში პოლიტიკური მოტივით ბ.ჭ.-ის და მისი ოჯახის გადასახლების დამადასტურებელი საბუთის არ არსებობის გამო, არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს, ვინაიდან წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 01.08.01წ. გადაწყვეტილება, რომლითაც ბ.ჭ.-ე აღიარებულ იქნა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად, სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის წყალტუბოს რაიონული ფილიალის მიერ არ გასაჩივრებულა სააპელაციო წესით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ კასატორს, როგორც დაინტერესებულ პირს, სსკ-ს 422-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე არ მიუმართავს გადაწყეტილების გამომტანი სასამართლოსათვის აღნიშნული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის საერთო სასამართლო წესით განხილვის შესახებ. წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 01.08.01წ. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის გამო, რომლითაც ბ.ჭ.-ის განცხადება დაკმაყოფილდა და იგი აღიარებულ იქნა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად, საკასაციო პალატა ვერ იქონიებს მსჯელობას გადასახლების პოლიტიკური მოტივის არ არსებობის პირობებში პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების მართლზომიერების თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი ფონდის წყალტუბოს რაიონული ფილიალის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. საკასაციო პალატა «სახელმწიფო ბაჟის შესახებ” კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის «ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე ათავისუფლებს კასატორს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის წყალტუბოს რაიონული ფილიალის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 15.05.02წ. განჩინება.
2. კასატორი გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.