გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3გ-ად-308-კ-02 23 მაისი, 2003 წ. ქ. .თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. ქუთაისში, ... მცხოვრებმა დ. მ-მა და საერთო სარგებლობის ეზოდან თავისი წილი მიწის ნაკვეთის გამოყოფა მოითხოვა.
მოსარჩელე თავის მოთხოვნას აფუძნებდა შემდეგ გარემოებებზე: იგი ცხოვრობს ზემოთ აღნიშნულ მისამართზე მდებარე სახლში. სახლი გაფორმებულია მის სახელზე და შედგება სამი საცხოვრებელი ოთახისაგან, სულ _ 59,67 კვ.მ საცხოვრებელი და 111,70 კვ.მ დამხმარე ფართით, ეზოში მდგომი 36,19 კვ.მ სათავსისაგან. იმავე მისამართზე მდებარეობს ბ. ხ-ის კუთვნილი სახლი საცხოვრებელი 72,30 კვ.მ-ით და დამხმარე 59,83 კვ.მ-ით. ორივე საცხოვრებელ სახლს ეზოს სახით გააჩნია 1371 კვ.მ საერთო სარგებლობის მიწის ნაკვეთი.
გამომდინარე იქიდან, რომ მეზობლები ვერ თანხმდებოდნენ საერთო მიწის სარგებლობის წესში, მოსარჩელე ითხოვდა საერთო სარგებლობის ეზოდან თავისი წილი მიწის ნაკვეთის გამოყოფას.
თავის მხრივ, მოპასუხე ბ. ხ-ემ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და განმარტა, რომ იგი და დ. მ-ი საერთო ტერიტორიით სარგებლობენ, რომელიც არასდროს ყოფილა გამიჯნული, გარდა ახალგაზრდობის გამზირიდან შემოსასვლელი გზისა, რომელიც გაიყვანა ბ. ხ-ემ და მის საცხოვრებელ სახლთან მისასვლელი ერთადერთი გზაა. დ. მ-მა 1997 წელს საერთო სარგებლობის ეზოში ააშენა კაფე-ბარი. საერთო სარგებლობის ეზოში ნებისმიერი მშენებლობის დასაწყებად მას წერილობითი თანხმობა უნდა ეთხოვა ბ. ხ-ისათვის, რაც მას არ გაუკეთებია. “არქიტექტურის შესახებ” კანონის თანახმად, არქიტექტურული ობიექტის შესაქმნელად დამკვეთს უნდა ჰქონდეს არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების საფუძველზე შედგენილი პროექტი და მშენებლობის ნებართვა. არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების გაცემის საფუძველია დამკვეთის განაცხადი და მიწის მესაკუთრის უფლების დამადასტურებელი საბუთი ან მიწის მესაკუთრის ნებართვა. ვინაიდან ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი საერთო სარგებლობისაა, დ. მ-ს უნდა წარედგინა ბ. ხ-ის, როგორც თანამესაკუთრის, ნებართვა. იმის გამო, რომ დ. მ-ს არ ჰქონდა წარმოდგენილი სრულყოფილი წინასაპროექტო დოკუმენტაცია, არქიტექტორს უარი უნდა განეცხადებინა არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების გაცემაზე. შესაბამის ორგანოებს არც კაფე-ბარის საექსპლოტაციოდ მიღების შემდეგ მოუთხოვიათ ბ. ხ-ისაგან წერილობითი თანხმობა. აღნიშნული ნაგებობა კი ხელყოფს ბ. ხ-ის, როგორც საერთო სარგებლობის მიწის ნაკვეთის თანამოსარგებლის, უფლებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბ. ხ-ე მოითხოვდა ქუთაისში, ..., საერთო სარგებლობის ეზოში მდგომი სათავსის ასაშენებლად გაცემული არქიტექტურული პროექტისა და მშენებლობის ნებართვის უკანონოდ ცნობას.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით დ. მ-ის სარჩელი ბ. ხ-ის მიმართ მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ დაკმაყოფილდა. ბ. ხ-ის შეგებებულ სარჩელს დ. მ-ის და ქუთაისის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამმართველოს მიმართ საერთო სარგებლობის ეზოში მდგომი სათავსის ასაშენებლად გაცემული არქიტექტურული პროექტის უკანონოდ ცნობის შესახებ ეთქვა უარი უსაფუძვლობის მოტივით.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ბ. ხ-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის საოლქო სასამართლოში. აპელანტი საჩივარში ძირითადად მიუთითებდა იმავე გარემოებებზე, რაზედაც _ შეგებებულ სარჩელში.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. იანვრის განჩინებით ბ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლობის მოტივით არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2000წ. 26 სექტემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბ. ხ-ემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2001წ. 4 ივლისის განჩინებით გააუქმა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის აღნიშნული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე პალატას.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 20 ნოემბრის განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დ. მ-ის სარჩელი გამომდინარეობდა კერძო სამართლებრივი ურთიერთობიდან და 2002წ. 28 თებერვლის განჩინებით მითითებულ ნაწილში საქმის განხილვა შეჩერდა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით ბ. ხ-ის შეგებებული სარჩელის განხილვამდე.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 17 მაისის გადაწყვეტილებით ბ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გაუქმდა ქ. ქუთაისის სასამართლოს 2000წ. 26 სექტემბრის გადაწყვეტილება ბონდო ხ-ის შეგებებული სარჩელის უარის თქმის ნაწილში. ბ. ხ-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ქ. ქუთაისში ... საერთო სარგებლობის ეზოში დ. მ-ის მიერ 1996-97 წლებში კაფე-ბარზე მიშენებული სამწვადე ნაგებობა ჩაითვალა უნებართვო მშენებლობად. ბ. ხ-ის შეგებებული სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ბ. ხ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
კასატორი თავის საკასაციო საჩივარს აფუძნებდა შემდეგ გარემოებებზე:
სააპელაციო სასამართლომ ერთმანეთისგან ვერ გამიჯნა, რომელი ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობას ითხოვნდნენ შეგებებული სარჩელისა და სააპელაციო საჩივრის საფუძველზე.
სასამართლომ გადაწყვეტილების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილში ისე ჩაწერა “კაფე-ბარზე მიშენებული სამწვადე ნაგებობა" და ჩათვალა უნებართვო მშენებლობად, რომ არ გაუთვალისწინებია შემდეგი გარემოება: იმ ეზოში მსგავსი ნაგებობა არ არსებობს, სინამდვილეში არსებობს “სასურსათო მაღაზიაზე" მიშენებული კაფე-ბარი, ანუ სამწვადე, ანუ ლუდის ბარი.
სასამართლომ არასწორად განმარტა ქ. ქუთაისის მერიის 1995წ. 16 ნოემბრის ¹901 განკარგულება, რომლის შესაბამისადაც, ნებადართულ იქნა მშენებლობადამთავრებული ობიექტების ფუნქციონირება ექსპლუატაციაში მიღების აქტის არსებობის შემთხვევაში. გამომდინარე იქიდან, რომ მითითებული ობიექტი დღემდე დაუმთავრებელია, სასამართლო უფლებამოსილი არ იყო გამოეყენებინა ზემოაღნიშნული ნორმა, რომელიც პირდაპირ უთითებს _ ექსპლუატაციაში მიიღება ის ობიექტები, რომლის მშენებლობაც უკვე დამთავრებულია.
სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა და ყურადღება არ მიაქცია შემდეგი ნორმატიული აქტების მოთხოვნებს, კერძოდ: “ქალაქის ფარგლებში ძირითადი სარეკონსტრუქციო ზონების გაუქმების, ინდბინათმშენებლობაში არსებული შეზღუდვების მოხსნისა და უნებართვო მშენებლობის დაკანონების შესახებ" ქ. ქუთაისის მერიის 31/7-5 1/07-93წ. განკარგულებას;
“საბინაო-სამოქალაქო და სამშენებლო დანიშნულების ობიექტების პროექტთა, მშენებლობის განხორციელებისა და ექსპლუატაციაში მიღების საკითხების მოსაწესრიგებლად დამატებით ღონისძიებათა შესახებ" ქ. ქუთაისის მერიის ¹101 20./02-98წ. ბრძანებას;
საქართველოს მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეეტის სახმშენის დადგენილებას, დამთავრებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და ბინაშენების ექსპლუატაციაში მიღების მიმდინარეობის შესახებ;'
“საქართველოს არქიტექტურის შესახებ"' კანონის მე-3 მუხლის პირველ პუნქტს.
სასამართლოს მიერ ასევე გამოყენებულ არ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 192-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის შესაბამისად გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის გამომცემ ორგანოს უფლება აქვს ცნოს, ადმინისტრაციული საჩივარი, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონს, კერძოდ, სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ ქუთაისის არქიტექტურის სამსახურის მიერ სამწვადის ასაშენებლად გაცემული არქიტექტურული პროექტი და მშენებლობისა და ექსპლუატაციაში მიღების აქტი აღიარებულია უკანონოდ.
სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
1. არქიტექტურული პროექტის შედგენის დროს არ არსებობდა ბ. ხ-ის წერილობითი თანხმობა;
2. ობიექტის მშენებლობაზე არ არსებობდა სამშენებლო კონტროლის ინსპექციის ნებართვა;
3. ობიექტის მშენებლობისას გამოყენებული იყო სხვა ობიექტის _ სასურსათო მაღაზიის _ მშენებლობის დაწყების ნებართვა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამონდინარე, კასატორი მიიჩნევდა, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა ის კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და ითხოვდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 17 მაისის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებას;
გაუქმებულ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც ქ. ქუთაისში, ... მდებარე სასურსათო მაღაზიაზე სამწვადის მისაშენებლად გაცემული პროექტი და ამავე სამწვადის პირველი რიგის სამუშაოების ექპლუატაციაში გაშვების აქტი ცნობილი იქნება ბათილად, უნებართვო სამწვადის მშენებლობა უკანონო მშენებლობად, ხოლო გადაწყვეტილების იმ ნაწილში, რომლითაც “კაფე-ბარზე მიშენებული სამწვადე ნაგებობა ჩაითვალა უნებართვო მშენებლობად" შევა ცვლილება და ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით: “სასურსათო მაღაზიაზე მიშენებული სამწვადე ნაგებობა ჩაითვალოს უნებართვო მშენებლობად".
საკასაციო სასამართლოს სხდომაზე კასატორმა შეამცირა თავისი მოთხოვნა და მიუთითა, რომ ითხოვს ქ. ქუთაისში, ... მდებარე სასურსათო მაღაზიაზე სამწვადის მისაშენებლად გაცემული პროექტისა და ამავე სამწვადის პირველი რიგის სამუშაოების ექსპლუატაციაში გაშვების აქტის ბათილად ცნობას.
მოწინააღმდეგე მხარის, დ. მ-ის, უფლებამონაცვლეებმა: ი., გ. და ა. მ-ებმა ბ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ ცნეს და მიუთითეს, რომ მშენებლობა განხორცილებულია კანონის სრული დაცვით.
1996წ. 21 ნოემბერს დ. მ-მა განცხადებით მიმართა ქალაქის არქიტექტურის სამსახურს, რის შემდეგაც შედგენილ იქნა სასურსათო მაღაზიაზე დამატებითი სამწვადის პროექტი. 1997 წელს დამთვარდა მშენებლობა და ნაგებობა ექსპლუატაციაში იქნა მიღებული შესაბამისი კომისიის მიერ, რაც შეეხება მითითებას საერთო სარგებლობის მიწის ნაკვეთზე მშენებლობის დაწყებისათვის მისი თანხმობის სავალდებულობის თაობაზე, მოწინააღმდეგე მხარემ განმარტა, რომ არქიტექტურის სამსახურის მიერ მშენებლობის პროექტის დამუშავების დროს გათვალისწინებული იყო ის გარემოება, რომ სასურსათო მაღაზიის აშენებამდე იმავე ადგილზე განთავსებული იყო დ. მ-ის კუთვნილებაში არსებული დამხმარე სათავსი, რომლის აღების შემდეგაც ახალი პროექტის საფუძველზე აშენდა სადავო შენობა. სასურსათო მაღაზია და ე.წ. სამწვადე აშენებულია ერთდროულად ერთი პროექტით დაMმშენებლობის ექსპლუატაციაში მიღება მოხდა ერთიან შენობაზე, რაც იმთავითვე ცნობილი იყო კასატორისათვის.
ქუთაისის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამსახურმა თავის შესაგებელში განმარტა, რომ დ. მ-მა, რომელმაც გადაწყვიტა თავის საკუთრებაში მყოფ დამხმარე სათავსში მოეწყო სასურსათო მაღაზია, ესკიზური პროექტის შედგენის მიზნით 1996წ. 21 მარტს მიმართა შპს-ს". შედგენილი პროექტის საფუძველზე იმავეწ. 23 აპრილს გაცემულ იქნა მშენებლობის ნებართვა. 1996წ. 21 ნოემბერს დ. მ-მა განცხადებით მიმართა შპს “ო-ს" და ითხოვა არსებული მაღაზიის რეკონსტრუქციის მიზნით დამატებით შეედგინათ მაღაზიაზე სამწვადის ახალი პროექტი.
მოქმედი კანონმდებლობით დამკვეთს უნდა ჰქონდეს არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების საფუძველზე შედგენილი პროექტი და მშენებლობის დაწყების ნებართვა. პროექტის ავტორს ყურადღების მიღმა დარჩა ის ფაქტი, რომ შენობა უნდა აგებულიყო საერთო სარგებლობის ეზოში და აუცილებელი იყო ბ. ხ-ის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა. წინააღმდეგ შემთხევაში პროექტის ავტორს უარი უნდა ეთქვა პროექტის შედგენაზე. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, პროექტი უკანონოა, ხოლო რაც შეეხება მშენებლობის დაწყების ნებართვას, იგი საარქიტექტურო-სამშენებლო კონტროლის ინსპექციის მიერ გაცემული არ ყოფილა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, მოუსმინა მხარეთა ახსნა-განმარტებებს, გააანალიზა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადასტურებულია, რომ კასატორი ბ. ხ-ე და მოწინააღმდეგე მხარე ცხოვრობენ საერთო საკუთრების ეზოში.
მოწინააღმდეგე მხარე დ. მ-მა 1996 წელს სახელმწიფო საპროექტო სამშენებლო კონტროლის ინსპექციის ¹9/96 ნებართვის საფუძველზე, ქალაქის მთ. არქიტექტორთან შეთანხმებული პროექტის თანახმად, თავის დამხმარე სათავსში აწარმოვა სასურსათო მაღაზიის მშენებლობა.
იმავე წელს დ. მ-მა განცხადებით მიმართა შპს “ო-ს" და მოითხოვა მაღაზიაზე მიშენების მიზნით, დამატებითი ესკიზური პროექტის შედგენა.
შპს “ო-ის" მიერ 1996 წელს ¹67/96 დაკვეთის საფუძველზე შედგენილ იქნა მოქ. დ. მ-ის საკუთრებაში არსებულ მაღაზიაზე სამწვადის მიშენების პროექტი.
1997წ. 30 ივლისს მიმღები კომისიის მიერ ... მდებარე მოქ. დ. მ-ის საკარმიდამო მიწის ნაკვეთში აგებული საცალო ვაჭრობის სასურსათო მაღაზიისა და ლუდის ბარის თაობაზე შედგენილ იქნა აქტი ¹304/97 და განისაზღვრა, რომ პირველი რიგის სამუშაოები ექსპლუატაციაში გაშვებულიყო 1998წ. 1 იანვრამდე.
კასატორი საკასაციო საჩივრის საფუძველზე ითხოვს “სამწვადის" მიშენების თაობაზე გაცემული ზემოაღნიშნული პროექტისა და ექსპლუატაციაში გაშვების ნებართვის ბათილად ცნობას.
გამომდინარე იქიდან, რომ მითითებული ორივე აქტი მიღებულია 2000წ. 1 იანვრამდე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ურთიერთობის მიმართ გამოყენებული ვერ იქნება ზოგადი ადმინისტრაციული და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ნორმები. მითითებულ აქტებთან მიმართვაში მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სსკ-ს 361-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის ვადები და გამოყენებული უნდა იქნეს ვადის ათვლის მითითებული მუხლით დადგენილი კრიტერიუმები. კერძოდ, სსკ-ს 361-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოში სარჩელის შეტანის ვადა ადმინისტრაციულ და სახელმწიფო-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი დავების მიმართ შეადგენს 1 თვეს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვადის დენა დაიწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდება სარჩელის აღძვრის უფლება, აგრეთვე ის სასამართლო, რომელშიც ეს სარჩელი იქნება აღძრული და მისი ადგილმდებარეობა.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის წარმომადგენლის განმარტებას იმის თაობაზე, რომ მისი მარწმუნებლისათვის ცნობილი არ იყო პროექტის არსებობის ფაქტი, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მისთვის ხელმისაწვდომი გახდა სასამართლოში საქმის წარმოების პროცესში და ხანდაზმულობის ვადის ათვლაც სწორედ აღნიშნულიდან უნდა დაიწყოს.
საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს ზემოაღნიშნული მუხლის დეფინიციას და მიუთითებს, რომ წარმოდგენილი მუხლის შესაბამისად კანონმდებელი ვადის დენის დაწყებას უკავშირებს იმ მომენტს, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა სარჩელის აღძვრის უფლება.
სარჩელის აღძვრის უფლება კი მხარეს წარმოეშობა მაშინ, როდესაც მისთვის ცნობილი გახდება ან უნდა გამხდარიყო ცნობილი მისი უფლებების შელახვის ფაქტი.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ და როგორც ამას თავად კასატორიც ადასტურებს, “სამწვადის" მშენებლობა მიმდინარეობდა საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთზე. საქმეში, წარმოდგენილია ბ. ხ-ის შესაგებელი, სადაც ეს უკანასკნელი უთითებს, რომ კაფე-ბარი (მისივე განმარტებით, იგივე “სამწვადე") 1996 წელს აშენდა მისი ნებართვის გარეშე.
შეგებებული სარჩელისა და კასაციის მთავარ საფუძველს წარმოადგენს სწორედ ის გარემოება, რომ მშენებლობის არაკანონიერება განაპირობა მისი თანხმობის არარსებობის ფაქტმა.
ის გარემოება, რომ მშენებლობის მიმდინარეობის პროცესი კასატორისათვის თავიდანვე ცნობილი იყო, ამ უკანასკნელის მიერ დადასტურებულ იქნა საკასაციო სასამართლოს სხდომაზეც.
ყოველივე აღნიშნული კი უდავოს ხდის იმ გარემოებას, რომ კასატორისათვის იმთავითვე ცნობილი იყო მისი უფლებების შელახვის ფაქტი, შესაბამისად, “სამწვადის" მშენებლობის დაწყებისთანავე კასატორს წარმოეშვა სარჩელის აღძვრის უფლება, რომელიც მისი მხრიდან რეალიზებულ იქნა მხოლოდ 1999წ. 24 სექტემბერს.
ამდენად, ბ. ხ-ის მიერ გაშვებულია სარჩელის აღძვრის სსკ-ს იმ დროისთვის მოქმედი 361-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვლისწინებული ერთთვიანი ვადა.
სსკ-ს 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ.
აღნიშნული კი საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ ბ. ხ-ის მოთხოვნა გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის ნაწილში ხანდაზმულია და ვერ იქნება დაკმაყოფილებული.
რაც შეეხება “სამწვადის" უნებართვო (უკანონო) მშენებლობად ცნობის საკითხს, მითითებულ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არც ერთი მხარის მიერ გასაჩივრებული არ არის. სსკ-ს 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პრინციპებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამ ნაწილში ვერ შეეხება საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერების საკითხს და აღნიშნული ვერ იქცევა მისი მსჯელობის საგნად.
მიუხედავად იმისა, რომ გასაჩივრებული აქტების ნაწილში საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას, მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება აღნიშნულ ნაწილში არსებითად სწორია და, ამდენად, არ არსებობს მისი გაუქმების აუცლებლობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად იქნეს დატოვებული ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 17 მაისის გადაწყვეტილება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.