Facebook Twitter

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

¹ 3გ-ად-309კ-02 20 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

ოზურგეთის გამგეობამ ქალაქისათვის საჭირო სხვადასხვა დანიშნულების ობიექტების მშენებლობისათვის შეარჩია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები აუქციონის წესით გასხვისებისათვის, მათ შორის სავაჭრო ობიექტის ასაშენებლად შეირჩა ოზურგეთში, გმირთა მოედანზე მდებარე 12-სართულიანი სახლის საყრდენი კედლის მიმდებარე 100კვ.მ მიწის ნაკვეთიც.

ოზურგეთის გამგეობის 2000წ. 21 აპრილის ¹42 დადგენილებით, კონკურსის (აუქციონის) წესით გასაცემი მიწის ნაკვეთების ნუსხაში შეტანილ იქნა გმირთა მოედანზე, 12 სართულიანი საცხოვრებელი სახლის საყრდენ კედელთან მდებარე მიწის ნაკვეთი 100 კვ.მ ფართით. ოზურგეთის რაიონულ გაზეთ «ა-ში” გამოქვეყნდა ინფორმაცია არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების, მათ შორის სადავო ნაკვეთის, საკუთრებაში ან სარგებლობაში გადასაცემად აუქციონის ჩატარების შესახებ.

2000წ. 31 აგვისტოს ჩატარდა აუქციონი, სადაც გაიმარჯვა ს.თ-ემ, რომელმაც 400 ლარად შეიძინა გმირთა მოედანზე მდებარე 12-სართულიანი საცხოვრებელი სახლის საყრდენი კედლის მიმდებარე 100კვ.მ ტერიტორია, რაზეც გაფორმდა საკონკურსო (აუქციონის) კომისიის შემაჯამებელი სხდომის ¹6 ოქმი. გამგეობის აქტები და აუქციონის შედეგები სადავო გახადა აუქციონზე გაყიდული ნაკვეთის მეზობლად მცხოვრებმა ზ.ჩ-ემ, რის გამოც ოზურგეთის რაიონის გამგეობამ 2000წ. 10 ოქტომბრის ¹103 დადგენილებით არ დაამტკიცა აუქციონზე სადავო ნაკვეთის გასხვისების შედეგები და დაადგინა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთის აუქციონზე ხელახალი გატანა მოხდეს სათანადო დოკუმენტების სრულყოფის შემდეგ.

2000წ. 6 ნოემბერს ზ. ჩ-ემ სარჩელით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს დაA მოითხოვა ოზურგეთის გამგეობის 2000წ. 28 ივნისის ¹73 დადგენილების გაუქმება, სადავო ნაკვეთის ამოღება გასაყიდი ობიექტების ნუსხიდან და მისი საკარმიდამო ნაკვეთის შევსება სადავო ნაკვეთის ხარჯზე. მოსარჩელის განმარტებით, აუქციონი ისე ჩატარდა, რომ ამის შესახებ მისთვის არ იყო ცნობილი, რითაც დაირღვა მისი უფლებები. ამასთან, სადავო ნაკვეთის გასხვისებით მას ერთმევა სახლში მისასვლელი ერთადერთი სამანქანო გზით სარგებლობის უფლება. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ გამგეობამ სადავო ნაკვეთის საზღვრები დაადგინა მისი თანხმობის გარეშე, რითაც ფაქტობრივად ჩამოაჭრა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი.

სარჩელი არ ცნეს მოპასუხე ოზურგეთის გამგეობამ და საქმეში დაინტერესებულ მხარედ ჩაბმულმა ს. თ-ემ.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 8 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ოზურგეთის რაიონის გამგეობის 2002წ. 28 ივნისის ¹73 დადგენილება სადავო ნაკვეთის გასაყიდ ობიექტთა ნუსხაში შეტანის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი გამგეობის 2002წ. 10 ოქტომბრის ¹103 დადგენილება იმ ნაწილში, რომელიც ეხება სადავო მიწის ნაკვეთის აუქციონზე ხელახლა გატანას; ზ. ჩ-ეს განემარტა, რომ ჩამორთმეული მიწის ნაკვეთის შესავსებად უფლება აქვს მიმართოს გამგეობას, ხოლო ს. თ-ეს უფლება აქვს მოითხოვოს მის მიერ აუქციონზე გადახდილი თანხის უკან დაბრუნება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

საქმე არაერთგზის იქნა განხილული სააპელაციო და საკასაციო სასამართლოების მიერ. ბოლოს, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს ზ. ჩ-ემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მიწის ნაკვეთის შევსებასთან ერთად მოითხოვა გამგეობის არა ¹73, არამედ 2000წ. 21 აპრილის ¹42 დადგენილების გაუქმება სადავო ნაკვეთის კონკურსის წესით გასაცემი მიწის ნაკვეთების ნუსხაში შეტანის ნაწილში.

საქმის ზეპირი განხილვისას ს. თ-ემ საოლქო სასამართლოში შეიტანა დამოუკიდებელი სარჩელი, რომლითაც მოითხოვა ოზურგეთის გამგეობის 2000წ. 10 ოქტომბრის ¹103 დადგენილების იმ ნაწილის გაუქმება, რომლითაც დაინიშნა ხელახალი აუქციონი, ხოლო აუქციონის შედეგების გაუქმების შემთხვევაში გამგეობისგან მოითხოვა 11448 ლარის ანაზღაურება, საიდანაც 48 ლარი არის «ბე”, 400 ლარი ნაკვეთში გადახდილი თანხა, 1000 ლარის ადვოკატის ხარჯები, ხოლო 10000 ლარი მიუღებელი შემოსავალი.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 5 ივლისის ახალი გადაწყვეტილებით გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, ბათილად იქნა ცნობილი ოზურგეთის გამგეობის 2000წ. 21 აპრილის ¹42 დადგენილება იმ ნაწილში, რომლითაც კონკურსის (აუქციონის) წესით გასაცემი მიწის ნაკვეთების ნუსხაში შეტანილი იქნა სადავო ნაკვეთი; ზ. ჩ-ეს უარი ეთქვა 459 კვ.მ მიწის ნაკვეთის დაბრუნების თაობაზე; ბათილად იქნა ცნობილი ოზურგეთის გამგეობის 2000წ. 10 ოქტომბრის ¹103 დადგენილება სადავო ნაკვეთის აუქციონზე ხელახალი გატანის ნაწილში; გამგეობას ს. თ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ნაკვეთზე გადახდილი თანხის 448 ლარის გადახდა; ს.თ-ეს უარი ეთქვა სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

1) სადავო ნაკვეთის აუქციონზე გასხვისების მომენტისათვის მოქმედებდა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის 1999წ. 21 იანვრის ¹2-2 ბრძანებით დამტკიცებული «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ან სარგებლობაში გაცემაზე აუქციონის ჩატარების წესი”, რომლის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია აუქციონის პირობების სრულად დაკმაყოფილება, რომელთაAშორის უმთავრესია ყველაზე მაღალი ფასის შეთავაზება. ამავე წესის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის ბოლო წინადადების შესაბამისად, მიწის ნაკვეთი ითვლება გასხვისებულად იმ მონაწილეზე ვინც შესთავაზა აუქციონარს ყველაზე მაღალი ფასი. მოცემულ შემთხვევაში აუქციონში მონაწილეობდა მხოლოდ ს. თ-ე, რის გამოც დაირღვა ყველა მაღალი ფასის შეთავაზების პრინციპი. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს ასევე «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი, რაც ასევე დარღვეულია;

2) სასამართლო დაეყრდნო გამგეობის წარმომადგენლის გ. ვ-ის განმარტებას იმის თაობაზე, რომ აუქციონზე გასაყიდი მიწის ნაკვეთის საზღვრების დადგენისათვის აუცილებებლი იყო მეზობელი მიწის ნაკვეთების მფლობელებთან შეთანხმება. ამასთან, აუქციონის ჩატარების წესის მე-2 მუხლის მე-13 პუნქტის მიხედვით, აუქციონზე გასაცემი მიწის ნაკვეთის საზღვრების ადგილზე გადატანა ხდება მომიჯნავე ნაკვეთების მიწათმოსარგებლეთა წარმომადგენლების თანდასწრებით;

3) სააპელაციო სასამართლომ ადგილზე დათვალიერებისას დადგენილად ცნო, რომ სადავო ნაკვეთი წარმოადგენს ზ. ჩ-ის მიწის ნაკვეთის უშუალო გაგრძელებას, რომელზეც გადის ზ.ჩ-ის ნაკვეთზე შესასვლელი ერთადერთი გზა, რასაც ადასტურებს არქიტექტორიც. სადავო ნაკვეთის გაყიდვით ზ. ჩ-ეს მოესპო საჯარო გზასთან დაკავშირების ერთადერთი საშუალება, ხოლო სკ-ს 176-ე, 180-ე მუხლის საფუძველზე ზ. ჩ-ეს უფლება აქვს მოითხოვოს ისეთი ნაგებობის მშენებლობის ან ექსპლუატაციის აკრძალვა, რომელიც ხელყოფს მის უფლებებს, ასევე მოითხოვოს აუცილებელი კავშირი საჯარო გზასთან;

4) «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის მე-2 წინადადების შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საზოგადოებრივი და დასასვენებელი ადგილების განკარგვისათვის აუცილებელია საქართველოს მთავრობის ნებართვა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ოზურგეთის გამგეობის 2000წ. 21 აპრილის ¹42 დადგენილების გასაჩივრებული ნაწილი კანონსაწინააღმდეგოა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის «დ” პუნქტის საფუძველზე იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი;

5) სასამართლომ არ გაიზიარა ზ. ჩ-ის განმარტება იმის თაობაზე, რომ 12-სართულიანი სახლის მშენებლობის დროს ჩამორთმეული 459 კვ.მ მიწის ნაკვეთი უკან უნდა დაუბრუნდეს. სასამართლოს მითითებით, ნაკვეთის ჩამორთმევა მოხდა საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, კერძოდ, 12-სართულიანი ბინის მშენებლობისათვის. გარდა ამისა, ზ. ჩ-ის აღნიშნული მოთხოვნა ხანდაზმულია, როგორც 1964წ. სკ-ს 75-ე მუხლის, ასევე 1997წ. სკ-ს 128-ე მუხლის მიხედვით;

6) სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ოზურგეთის რაიონის გამგეობის 2000წ. 10 ოქტომბრის ¹103 დადგენილება ეყრდნობა გამგეობის 2000წ. 28 ივნისის ¹73 დადგენილებას, რომლითაც არ ყოფილა გამოცხადებული სადავო 100 კვ.მ ნაკვეთის აუქციონით გაყიდვა. ¹103 დადგენილება ასევე ეყრდნობა «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვის წესის” 6-1 და 5-3 მუხლებს. აღსანიშნავია, რომ სადავო ნაკვეთზე აუქციონი გამოცხადდა 2000წ. 21 აპრილის ¹42 დადგენილებით, ხოლო მიწის საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვის წესი იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცდა 2000წ. 10 მაისის ¹65 ბრძანებით, ე.ი. აუქციონის ჩატარების შემდეგ, აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ¹103 დადგენილება უკანონოა და უნდა გაუქმდეს;

7) სასამართლომ არ გაიზიარა ს. თ-ის მოთხოვნა ადვოკატის მომსახურების ხარჯების – 1000 ლარის ანაზღაურების თაობაზე, ვინაიდან ამ თანხის ადვოკატისათვის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. სასამართლომ ასევე არ გაიზიარა ს. თ-ის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის სახით 10000 ლარის ანაზღაურებაზე, ვინაიდან სკ-ს 412-ე მუხლის გათვალისწინებით არ დასტურდება, რომ იგი კომერციული საქმიანობიდან მიიღებდა ამ შემოსავალს;

8) სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან ზ. თ-ემ აუქციონში მონაწილეობისას გადაიხადა «ბე” 48 ლარი, ხოლო ძირითადი თანხა 400 ლარი, ამიტომ აუქციონის შედეგების გაუქმების გამო მას უფლება აქვს სკ-ს 385-ე, 976-ე მუხლების საფუძველზე გამგეობისაგან მოითხოვოს 448 ლარის უკან დაბრუნება. სასამართლო არ დაეთანხმა ს. თ-ის წარმომადგენლის მოსაზრებას, რომ მას «ბე” ეკუთვნის ორმაგად. სასამართლოს განმარტებით, სკ-ს 416-ე მუხლის შესაბამისად, ,,ბე” არის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, რომლის გათვალისწინება ხდება ხელშეკრულებით, ხოლო ამავე კოდექსის 421-ე მუხლის მიხედვით, ,,ბე”-დ მიიჩნევა ფულადი თანხა, რომელსაც ხელშეკრულების ერთი მხარე აძლევს მეორეს და ამით დასტურდება ხელშეკრულების დადების ფაქტი. ,,ბე”-ს მიცემა ხდება არა მომავალში ხელშეკრულების დადების უზრუნველსაყოფად, არამედ დადებული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად. ასეთი ხელშეკრულება კი ოზურგეთის გამგეობასა და ს. თ-ეს შორის არ გაფორმებულა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საკასაციო წესით ასაჩივრებს ს. თ-ე, რომელიც შემდეგი მოტივით ითხოვს ახალი გადაწყვეტილების მიღებით აუქციონის შედეგების დამტკიცებას ან გამგეობის მიერ ზიანის სახით მისთვის 11448 ლარის ანაზღაურებას:

1) ს. თ-ეს მიაჩნია, რომ საოლქო სასამართლომ არასწორად განმარტა «არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის აუქციონზე გატანის წესის” მე-4 მუხლი, რომლის საფუძველზეც აუქციონი ჩათვალა არშემდგარად. კასატორის განმარტებით, ზემოაღნიშნული წესის მე-4 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, აუქციონი შეიძლება არშემდგარად გამოცხადდეს მხოლოდ მაშინ, თუ აუქციონის მსვლელობაში მონაწილეობას არ მიიღებს არც ერთი განმცხადებელი. აქ არსად არ არის მითითებული, რომ ერთი მონაწილის დროს აუქციონი არშემდგარად გამოცხადდება. კასატორის მითითებით, ვინაიდან იგი აუქციონის ერთადერთი მონაწილეა და მთლიანად გადაიხადა აუქციონით გათვალისწინებული თანხა, ამიტომ სადავო ნაკვეთზე საკუთრების უფლება მოიპოვა კანონიერად;

2) ს.თ-ე არ ეთანხმება სოლქო სასამართლოს, თითქოს გამგეობამ გასაყიდად გამოიტანა გმირთა მოედნის ტერიტორია, რომელიც წარმოადგენს საზოგადოებრივი სარგებლობის ადგილს და რომლის გასხვისებისათვის აუცილებელი იყო მთავრობის ნებართვა. ამ მოსაზრების საწინააღმდეგოდ კასატორი მიუთითებს ოზურგეთის გამგეობის 2002წ. 15 ივლისის წერილზე, სადაც ნათქვამია, რომ გმირთაA მოედანზე, 12-სართულიანი საცხოვრებელი სახლის საყრდენი კედლის მიმდებარე ტერიტორია წარმოადგენს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და არ არის ქალაქის სკვერი. აღნიშნულ ნაკვეთზე შესაძლებელია მცირე ზომის საყოფაცხოვრებო მომსახურების ან სავაჭრო დანიშნულების ობიექტის მშენებლობა. წერილში ასევე ნათქვამია, რომ მიწის ნაკვეთი გასაყიდად შეარჩია სპეციალისტმა არქიტექტორმა;

3) კასატორმა უსაფუძვლოდ მიიჩნია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმაზე, თითქოს ზ. ჩ-ის სახლში მისასვლელი ერთადერთი გზა გადის სადავო ნაკვეთზე და მისი გასხვისებით ილახება ზ. ჩ-ის ინტერესები. კასატორის განმარტებით, ზ. ჩ-ის ნაკვეთს სხვა მხრიდან აქვს მისასვლელი გზა. გარდა ამისა, სადავო ნაკვეთი არ შეიძლება გამოყენებული იქნეს გზად, ვინაიდან მას ზ. ჩ-ის მხრიდან აკრავს 3 მეტრის ბეტონის კედელი;

4) კასატორი აღნიშნავს, რომ გამგეობის ¹103 დადგენილებით აუქციონის შეჩერების შედეგად მას მიადგა მატერიალური ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით, რის გამო აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის შემთხვევაში იგი გამგეობისაგან ითხოვს ზიანისა და აუქციონზე გადახდილი თანხის, სულ 11448 ლარის ანაზღაურებას.

სსკ-ს 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, კასატორისა და ოზურგეთის რაიონის გამგეობის წარმომადგენელთა არაერთგზის გამოძახების მიუხედავად, მხარეები სასამართლოში არ გამოცხადდნენ, ამიტომ ს. თ-ის საკასაციო საჩივარი განიხილება მხარეთა დასწრების გარეშე, თანახმად სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილისა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. თ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და ნაწილობრივ შეიცვალოს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 5 ივლისის გადაწყვეტილება აუქციონზე შეტანილი ,,ბე”-ს თანხის ორმაგად დაბრუნების ნაწილში, ხოლო სხვა ნაწილში გადაწყვეტილება უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოსთვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოება: ოზურგეთის რაიონის გამგეობის 2000წ. 21 აპრილის სადავო ¹42 დადგენილებით კონკურსის (აუქციონის) წესით გასაცემ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ნუსხაში შეტანილი იქნა ოზურგეთში, გმირთა მოედნის მიმდებარე, 12-სართულიანი საცხოვრებელი სახლის საყრდენ კედელთან მდებარე 100კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთი, სავაჭრო ობიექტის ასაშენებლად. სააპელაციო სასამართლომ 2002წ. 5 ივლისს ჩატარებული ადგილზე დათვალიერების შედეგად დადგენილად ცნო, რომ აუქციონზე გატანილი 100კვ.მ სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენს მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩლე) ზ.ჩ-ის საკარმიდამო მიწის ნაკვეთის უშუალო გაგრძელებას. კერძოდ, ერთ მხარეს აღმართულია 12-სართულიანი სახლის ბეტონის საყრდენი კედელი, მეორე მხარეს არის წყლის საწრეტი არხი, რომელიც მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის ქვეშ გადის, ხოლო მესამე მხარეს ცხოვრობს მოსარჩლე და ამდენად, ზ.ჩ-ის ეზოში შესასვლელი ერთადერთი გზა არის სადავო 100 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან, რაც საოლქო სასამართლოში ასევე დადასტურდა ოზურგეთის გამგეობის წარმომადგენლის, არქიტექტორ ვ.ჭ-ის განმარტებითაც. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ოზურგეთის რაიონის გამგეობის 2000წ. 21 აპრილის სადავო ¹42 დადგენილების ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ და მიაჩნია, რომ ოზურგეთში, გმირთა მოედნის მიმდებარე მიწის ნაკვეთის, რომელზეც მოსარჩელე ზ. ჩ-ის ეზოში შესასვლელი ერთადერთი გზა გადის, აუქციონის წესით განკარგვის კომპეტენცია ოზურგეთის გამგეობას არ გააჩნდა, რადგან ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის მიხედვით, მხოლოდ საქართველოს მთავრობის ნებართვით არის შესაძლებელი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთის _ მოედნების, ქუჩების, გასასვლელების, გზების განკარგვა.

სადავო მიწის ნაკვეთის აუქციონზე გატანა მოხდა სავაჭრო ობიექტის მშენებლობისათვის და ამასთან დაკავშირებითაც, საკასაციო პალატა იზიარებს საოლქო სასამართლოს მოტივაციას, რომ სკ-ს 176-ე, 180-ე, მუხლების საფუძველზე მოსარჩლე ზ. ჩ-ის მოთხოვნა ოზურგეთის რაიონის გამგეობის ¹42 დადგენილების ნაწილობრივ ბათილობის შესახებ კანონიერია, რადგან კონკურსზე გატანილი სადავო მიწის ნაკვეთის განკარგვით მოსარჩელეს მოესპობა საჯარო გზასთან დაკავშირების ერთადერთი საშუალება და აშკარაა კონკურსზე გატანილ მიწის ნაკვეთზე სავაჭრო ობიექტის აშენებით ზ.ჩ-ეს არა თუ შეელახება საკუთარი ნაკვეთით სარგებლობის უფლება, არამედ შეუძლებელი გახდება ნაკვეთით სარგებლობა.

ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ოზურგეთის რაიონის გამგეობის ¹42 დადგენილების ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ, რადგან «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” კანონის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილისა და სკ-ს 176-ე 180-ე მუხლების გაუთვალისწინებლად განხორციელდა სადავო მიწის ნაკვეთის აუქციონის (კონკურსის) წესით გასაცემი ნაკვეთების ნუსხაში შეტანა;

2. რადგან კანონსაწინააღმდეგოდ მოხდა სადავო მიწის ნაკვეთის საპრივატიზებო ნუსხაში შეტანა, საკასაციო პალატა ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მოსარჩლე ზ.ჩ-ის მოთხოვნასთან _ ოზურგეთის რაიონის გამგეობის 2000წ. 10 ოქტომბრის ¹103 დადგენილების ნაწილობრივ ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, რომლითაც დადგინდა სათანადო დოკუმენტაციის სრულყოფის შემდეგ, სადავო ნაკვეთზე ხელახალი აუქციონის ჩატარება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს _ აუქციონში გამარჯვებულ ს.თ-ეს სრულად უნდა დაუბრუნდეს სადავო მიწის ნაკვეთზე გადახდილი ღირებულება 400 ლარი (რომლის გადახდის დამადასტურებელი წერილობითი მტკიცებულება საქმეში, მართალია, წარმოდგენილი არ არის, მაგრამ მოწინააღმდეგე მხარე, გამგეობა სადავოდ არ ხდის ამ თანხის გადახდის ფაქტს), ხოლო ადვოკატის მომსახურების ხარჯების _ 1000 ლარისა და მიუღებელი მოგების სახით 10000 ლარის (მოგება, რომელსაც კასატორი ს.თ-ე მიიღებდა სადავო მიწის ნაკვეთზე აშენებულ სავაჭრო ობიექტში განხორციელებული კომერციული საქმიანობით) გამგეობისათვის დაკისრების ნაწილში საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო, რადგან საადვოკატო მომსახურების ხარჯების გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება კასატორის მიერ საქმეში წარმოდგენილი არ არის, ხოლო რაც შეეხება მიუღებელ მოგებას, სკ-ს 411-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება არა სავარაუდო მიუღებელი შემოსავალი, რომელსაც კასატორი შესაძლოა მიიღებდა სადავო მიწის ნაკვეთზე აშენებულ სავაჭრო ობიექტში კომერციული საქმიანობით, არამედ რეალურად მოსალოდნელი მიღებული შემოსავალი;

3. საკასაციო პალატა ნაწილობრივ იზიარებს საკასაციო საჩივარს «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ან სარგებლობაში გაცემაზე აუქციონის ჩატარების წესის” მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის უსწოროდ განმარტების თაობაზე და თვლის, რომ აუქციონში თუნდაც ერთი მონაწილის (განმცხადებელის) მონაწილეობა არ წარმოადგენს აუქციონის არშემდგარად გამოცხადების საფუძველს და ე.წ. ყველაზე მაღალი ფასის შეთავაზების პრინციპის დარღვევას, არამედ ზემოაღნიშნული წესისა და ამჟამად მოქმედი «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლი-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვის წესის” მე-17 მუხლის თანახმად, აუქციონი ან კონკურსი არშემდგარად ჩაითვლება, თუ აუქციონში მონაწილეობაზე მიღებული არ იქნება წინადადებები და შემოთავაზებები, მონაწილეები არ გამოცხადნენ ან შემოთავაზება ან წინადადება არ აკმაყოფილებს აუქციონის (კონკურსის) წესებსა და პირობებს, ხოლო სხვა შემთხვევაში აუქციონში თუნდაც ერთი განმცხადებლის მონაწილეობა აუქციონის არშემდგარად გამოცხადების საფუძველი არ არის;

4. საკასაციო პალატა სკ-ს 423-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ასევე ნაწილობრივ იზიარებს საკასაციო საჩივარს აუქციონზე ს.თ-ის მიერ გადახდილი ,,ბე”-ს თანხის _ 48 ლარის ორმაგად დაბრუნების ნაწილში, რადგან ,,ბე” სამართლებრივად წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებას და თუ ,,ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეულია ,,ბე”-ს მიმღების ბრალეული მოქმედებით, მან ,,ბე” უკან უნდა დააბრუნოს ორმაგად”. განსახილველ შემთხვევაში კასატორ ს.თ-ის მიერ ნაკისრი ვალდებულება დროულად იქნა შესრულებული, სადავო მიწის ნაკვეთის ღირებულება – 400 ლარი სრულად იქნა გადახდილი, მაგრამ თავის მხრივ ნაკისრი ვალდებულება არ იქნა შესრულებული მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს _ ოზურგეთის რაიონის გამგეობის მიერ, კერძოდ, «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტისა და «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემაზე აუქციონის ჩატარების წესის” მე-5 მუხლის მე-19 პუნქტის შესაბამისად, ოზურგეთის რაიონის გამგეობას კონკურსში გამარჯვებულ ს.თ-ესთვის მიწა საკუთრებაში არ გადაუცია. ამიტომ საკასაციო პალატა საფუძვლიანად მიიჩნევს კასატორის პრეტენზიას ,,ბე”-ს თანხის ორმაგად დაბრუნების ნაწილში და თვლის, რომ ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება და ოზურგეთის რაიონის გამგეობას ს.თ-ის სასარგებლოდ დაეკისროს ,,ბე”-ს ორმაგი თანხის _ 96 ლარის დაბრუნება.

მართალია, საოლქო სასამართლომ არასწორად განმარტა აუქციონის (კონკურსის) არშემდგარად გამოცხადებისა და ,,ბე”-ს საკითხი, მაგრამ ამ განმარტებას საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა არ გამოუწვევია, ამიტომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 5 ივლისის გადაწყვეტილება ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს ,,ბე”-ს ნაწილში და დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი; ხოლო ს.თ-ის საკასაციო საჩივარი სხვა ნაწილში, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს, თანახმად სსკ-ს 410-ე მუხლისა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ს. თ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 5 ივლისის გადაწყვეტილება ,,ბე”-ს დაბრუნების ნაწილში და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ს.თ-ის სარჩელი აუქციონზე შეტანილი ,,ბე”-ს თანხის, 48 ლარის ორმაგად დაბრუნების ნაწილში დაკმაყოფილდეს და მოპასუხე ოზურგეთის რაიონის გამგეობას ს.თ-ის სასარგებლოდ დაეკისროს ,,ბე”-ს ორმაგი თანხის 96 ლარის გადახდა;

4. ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 5 ივლისის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი;

5. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.