Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹3გ-ად-311-კ-02 22 მაისი, 2003 წ. ქ. .თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

გ. ქაჯაია,

ნ. ქადაგიძე

დავის საგანი: მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2001წ. 18 სექტემბერს ა. დ-მა სარჩელით მიმართა ქუთაისის საოლქო სასამართლოს და მოითხოვა მატერიალური და მორალური ზარალის ანაზღაურება თერჯოლის რაიონის პროკურატურისა და შს განყოფილებისაგან შემდეგი საფუძვლებით:

2000წ. 18 მარტს ღამის საათებში თერჯოლის რაიონში ზ. ძ-ე თავისივე ავტოსარემონტო საამქროში დაუდგენელმა პირებმა სანადირო თოფიდან გასროლით მძიმედ დაჭრეს. აღნიშნულ დანაშაულთან დაკავშირებით იგი დააკავეს იმავე დღეს, ხოლო 20 მარტს წარედგინა ბრალდება საქართველოს სს კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილით, 252-ე მუხლის მესამე ნაწილით და აღკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა წინასწარი პატიმრობა. ვინაიდან გამოძიების მსვლელობისას არ დადასტურდა მისი მონაწილეობა ზ. ძ-ის მკვლელობაში, მის მიმართ საქმე გამოიყო ცალკე წარმოებად და გამოსაძიებლად გადაეცა თერჯოლის რაიონის შს საგამოძიებო განყოფილებას. ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ, რომელსაც საქმე აცილების წესით გადაეცა განსახილველად, 2002წ. 12 ოქტომბრის დადგენილებით საქმე დამატებით ძიებაში დააბრუნა, ხოლო აღკვეთი ღონისძიება – პატიმრობა მას შეეცვალა ხელწერილით გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ. ბაღდათის რაიონის შს საგამოძიებო ქვეგანყოფილების გამომძიებლის 2001წ. 15 ივნისის დადგენილებით მის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სს საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის “ბ” პუნქტით მის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის არარსებობის გამო და გამართლდა სრული მოცულობით. იგი უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა 8 თვის განმავლობაში აღნიშნული გარემოების გამო ა. დ-მა მოითხოვა საქართევლოს სს საპროცესო კოდექსის 228-ე მუხლის საფუძველზე მატერიალური ზარალის ანაზღაურება, კერძოდ, სოფლის მეურნეობიდან მიუღებელი შემოსავლის – 1000 ლარის, პატიმრობის პერიოდში მისი შენახვის, გზის და სხვა სახის ხარჯების – 3000 ლარის, ადვოკატის მომსახურების ხარჯების – 1000 ლარის, ბაღდათის საგამოძიებო განყოფილებაში გამოყიების დროს გაწეული ხარჯების – 500 ლარის, პატიმრობის პერიოდში მკურნალობის ხარჯების – 1000 ლარის, ასევე მორალური ზიანის – 500000 ლარის, სულ _ 507500 ლარის ოდენობით ანაზღაურება.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და შესაგებლებში მიუთითეს, რომ ა. დ-ის რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია მატერიალური ზარალის, 7500 ლარის ანაზღაურების მოთხოვნასთან დაკავშირებით. ამავე დროს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 222-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად გადასახდელი არ ინიშნება, თუ უდანაშაულო პირისათვის მსჯავრის დადება და მის მიმართ იძულებით ღონისძიების გამოყენება გამოწვეული იყო წინასწარ განზრახულ ცრუ აღიარებით, რომელიც მიღებულია რაიმე იძულების გარეშე. ბრალდებულის სახით დაკითხვისას, ა. დ-მა თავად აღიარა, რომ გადაჭრილი თოფი მისი იყო, ასევე, იგი თესავდა და მოყავდა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველ “კანაფს”. მის მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხის განხილვისას სასამართლოში ა.დ-მა თავის სახლში თოფის შენახვის ფაქტი დაადასტურა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეებმა ითხოვეს ა. დ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ 2002წ. 23 მაისის გადაწყვეტილებით ა. დ-ის სარჩელი მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ უსაფუძვლობის გამო არ დააკმაყოფილა.

ა. დ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება და ითხოვა მისი გაუქმება და ხელახალი განხილვისათვის საქმის იმავე სასამართლოში დაბრუნება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ ა. დ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 23 მაისის გადაწყვეტილება და საქმე განსჯადობით არსებითად განხილვისათვის გადაცეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:

ა. დ-ის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს უკანონო და დაუსაბუთებელი საპროცესო მოქმედებებით მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება 507500 ლარის ოდენობით. მართალია, მოსარჩელე აღნიშნული უფლებების აღდგენას საქართველოს სს საპროცესო კოდექსის 228-ე მუხლის შესაბამისად ითხოვს, მაგრამ მითითებული მუხლით დადგენილია მოქალაქის უფლება, მიმართოს სასამართლოს სასარჩელო წარმოების წესით, თუ მისი მოთხოვნა შრომითი, საპენსიო, საბინაო ან სხვა უფლების აღდგენის, ანდა ქონების თუ მისი ღირებულების დაბრუნების თაობაზე არ დაკმაყოფილებულა, ან თუ მოქალაქე არ ეთანხმება მიღებულ გადაწყვეტილებას. სისხლის სამართალწარმოების ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესსა და პროცედურას ადგენენ ამავე კოდექსის 221-ე, 225-ე, 227-ე მუხლები. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სწორედ ამ მუხლებით დადგენილი წესით უნდა მოხდეს ზიანის ანაზღაურება. კერძოდ, 227-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილია, რომ მას შემდეგ, რაც მომკვლევი ან გამომძიებელი შეწყვეტს სისხლის სამართლის საქმეს იმ საფუძვლით, რომელსაც რეაბილიტაცია მოსდევს, იგი განსაზღვრავს რეაბილიტირებულისათვის მიყენებული ზიანის ოდენობას, რის შემდეგაც პროკურორი გადასცემს შეწყვეტილ საქმეს სასამართლოს, რომლის განსჯადი იყო ეს საქმე. ამის თაობაზე იმავე დღეს უნდა ეცნობოს რეაბილიტირებულს. თუ პროკურორი საქმის შეწყვეტის შემდეგ არ განსაზღვრავს ზიანის ოდენობას, რეაბილიტირებულს უფლება აქვს პირდაპირ მიმართოს სასამართლოს, რომელიც საქმეს განიხილავს საქართველოს სს საპროცესო კოდექსის 227-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილების შესაბამისად. ა. დ-ი სარჩელშიც სწორედ იმ გარემოებაზე მიუთითებს, რომ მოეხსნა წარდგენილი ბრალდებები, რეაბილიტირებულ იქნა სრული მოცულობით, მაგრამ არავის არ უმსჯელია მისთვის კანონით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურებაზე.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ა. დ-ი დაკავებული იქნა 2002წ. 18 მარტს, ხოლო 2000წ. 20 მარტს წარედგინა ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 252-ე მუხლის მესამე ნაწილით, 21 მარტს აღკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა დაპატიმრება. ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ, სადაც აცილების წესით გადაგზავნა განსახილველად საქმე, 2000წ. 12 ოქტომბრის დადგენილებით საქმე დააბრუნა დამატებით გამოძიებაში, ხოლო ა. დ-ს აღკვეთი ღონისძიება – დაპატიმრება _ შეუცვალა ხელწერილით გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ. საქმის დამატებით ძიებაში დაბრუნების შემდეგ ბაღდათის რაიონის საგამოძიებო ქვეგანყოფილების გამომძიებლის 2002წ. 15 ივნისის დადგენილებით ა. დ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა საქართველოს სს საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტის საფუძველზე მის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის არარსებობის გამო.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო, ითვალისწინებს რა იმ გარემოებას, რომ ა. დ-ს შესაბამისი ორგანოებისათვის არ მიუმართავს საქართველოს სს საპროცესო კოდექსის 228-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებების მოთხოვნით და გასაჩივრებული აქვს არა ამ მოთხოვნაზე მიღებული გადაწყვეტილება, არამედ ითხოვს სისხლის სამართალწარმოების ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას, მიიჩნევს, რომ ა. დ-ის სარჩელი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიაში განხილული უნდა იქნეს საქართველოს სს საპროცესო კოდექსის 219-ე, 221-ე, 225-ე, 227-ე მუხლებით დადგენილი წესით.

საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ ანალოგიურ საქმეზე 2003წ. 24 მარტს მიღებულ იქნა განჩინება, რომლის საფუძველზეც საქმე განსჯადობით განსახილველად დაექვემდებარა თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას.

ზემოაღნიშნულიდან გამოდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ანზორ დ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 23 მაისის გადაწყვეტილება და ა. დ-ის სარჩელი მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინსტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. დ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 23 მაისის გადაწყვეტილება და საქმე განსჯადობით არსებითად განსახილველად გადაეცეს იმავე სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიას;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.