გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-312-კ-02 23 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. ქადაგიძე
სარჩელის საგანი: ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა; საჯარო რეესტრში ცვლილებების შეტანა.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 3 აპრილს სს “... ქარხნის” წარმომადგენელმა რ. ხუნწარიამ სარჩელი აღძრა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების: მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ზესტაფონის რაიონის მიწის მართვის სამმართველოსა და შპს “ს-ს” მიმართ.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ზესტაფონის რაიონის მიწის მართვის სამმართველომ 2000წ. 18 აგვისტოს ზესტაფონში, ... მდებარე 0,5 ჰა მიწის ნაკვეთი რეგისტრაციაში გაატარა შპს “ს-ს” საკუთრებად. საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიხედვით მითითებული მიწის ნაკვეთის შპს “ს-ს” საკუთრებაში გადაცემას საფუძვლად დაედო “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონი. იქვე მითითებული იყო, რომ თითქოს არსებობდა სს “... ქარხნის” დირექციის თანხმობა აღნიშნული მიწის ნაკვეთის შპს “ს-ს” საკუთრებაში გადაცემის თაობაზე, რაც მოსარჩელის განმარტებით, არ შეესაბამებოდა სინამდვილეს.
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ შპს “ს.” მითითებულ მიწის ნაკვეთს ფლობდა უკანონოდ, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. აღნიშნული ტერიტორია წლების მანძილზე წარმოადგენდა სს “... ქარხნის” წიდასაყარს, რომელიც თავის დროზე გამოყოფილი ჰქონდა ქარხანას სილიკომანგანუმის გადამუშავების პროცესში მონარჩენი მეორეული ნედლეულის _ სილიკომანგანუმის წიდის განთავსებისთვის და აყვანილი იყო ქარხნის გარესაბალანსო ანგარიშზე. ამ ტერიტორიაზე მოთავსებული სილიკომანგანუმის წიდის მიმართ სს “... ქარხნის” საკუთრების უფლება დადასტურებული იყო ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 1999წ. 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით.
მოსარჩელის განმარტებით, შპს “ს-”, მიწის ნაკვეთის უკანონოდ პრივატიზებისთანავე, ცდილობდა ამ ტერიტორიაზე არსებული სილიკომანგანუმის წიდის მის საკუთრებად გამოცხადებასა და საზღვარგარეთ ექსპორტს, რითაც უხეშად ირღვეოდა სს “... ქარხნის”, როგორც სილიკომანგანუმის წიდის მესაკუთრის, უფლებები და კანონიერი ინტერესები.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” კანონის მე-3 და მე-4 მუხლების თანახმად, კერძო სამართლის იურიდიულ პირებს საკუთრებაში უნდა გადასცემოდათ ის მიწის ნაკვეთი, რომელიც მათ გამოყოფილი ჰქონდათ მიწით სარგებლობის დამადასტურებელი საბუთით და ფლობდნენ მას სათანადო კანონიერი საფუძვლით. შპს “ს-ს” კი მიწის ნაკვეთი დაკავებული ჰქონდა უკანონოდ.
მოსარჩელემ სარჩელითY ითხოვა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ზესტაფონის მიწის მართვის სამმართველოს ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა, რომლითაც ზესტაფონში, ... მდებარე 0,5 ჰა მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცა შპს “ს-ს”, აღნიშნული მიწის ნაკვეთის საკუთრებასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის ჩანაწერის უზუსტობის აღიარება და ზესტაფონის მიწის მართვის სამმართველოს დავალდებულება საჯარო რეესტრში ცვლილების შეტანის თაობაზე.
სარჩელი არ ცნო შპს “ს-მ” და ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში წარადგინა შესაგებელი.
შესაგებელში აღნიშნულია, რომ ზესტაფონის რაიონის პრეფექტ გ. ხ-ის 1991წ. 26 ნოემბრის ¹253 განკარგულებით რეგისტრაციაში გატარდა მრავალდარგოვანი მცირე საწარმო “ა-ი”, რომელსაც საქმიანობისთვის ზესტაფონში, ფეროშენადნობთა ქარხნის ავტოშემკეთებელი სახელოსნოს გვერდით, რაიონის მთავარი არქიტექტორის, სანეპიდსადგურისა და ბუნების დაცვის სამსახურის მიერ დამტკიცებული სიტუაციური სქემის მიხედვით გამოეყო ფართი ე.წ. წიდასაყარზე, სადაც მოეწყო სამრეწველო საქონლის ღია ბაზრობა.
1994წ. 28 მარტს ხელშეკრულების საფუძველზე მცირე საწარმო “ა-მა” ტერიტორია გადასცა მცირე საწარმო “ს-ს”. 1996წ. 23 თებერვალს მცირე საწარმო “ს-ს” დირექტორმა მიმართა ფეროშენადნობთა ქარხნის დირექციას ბაზრის წიდასაყრელის ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობების აგების მოთხოვნით, რაზედაც მიიღო თანხმობა. წიდასაყრელის ტერიტორიაზე გახსნილი ბაზრობა აღირიცხა შპს “ს-ს” ბალანსზე. აღნიშნულ ტერიტორიაზე კონცენტრირებული სილიკომანგანუმის ნარჩენები არც სს “... ქარხნის” ბალანსზე ირიცხება და არც _ შპს “ს-ს” ბალანსზე.
1995წ. მიწის ინვენტარიზაციის შედეგებიდან გამომდინარე, 1996წ. 3 ნოემბერს შპს “ს-ს” სახელზე გაიცა მიწით სარგებლობის უფლების შესახებ აქტი შესაბამისი სიტუაციური გეგმით.
შესაგებლის ავტორის განმარტებით, აღნიშნული ტერიტორია არასდროს არ წარმოადგენდა ... ქარხნის საკუთრებას, ხოლო საწარმოო ნარჩენები ქარხნის მფლობელობიდან გავიდა 1956 წელს.
შესაგებლის ავტორი აღნიშნავდა, რომ სადავო მიწის ნაკვეთის პრივატიზების შემდეგ ამ ტერიტორიაზე განთავსებული სილიკომანგანუმის ნარჩენები შპს “ს-ს” საკუთრება გახდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე ფეროშენადნობთა ქარხანას არასდროს დაუსაწყობებია წიდა, არ აღურიცხავს, არ აუფასებია და არ აუღია ბალანსზე. შპს “ს-მ” მიწის ნაკვეთის პრივატიზების შემდგომ ააფასა გადასაყრელი წიდა, აიყვანა ბალანსზე და დაიწყო მოგების გადასახადის გადახდა.
შპს “ს-მ” ითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სარჩელი არ ცნო, აგრეთვე, მეორე მოპასუხე ზესტაფონის მიწის მართვის სამმართველომ და ითხოვა სს “... ქარხნის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმავე საფუძვლებით, რაზეც მიუთითებდა შპს “ს.”.
ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ 2001წ. 22 აგვისტოს განიხილა მოცემული საქმე და გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს “... ქარხნის” წარმომადგენელმა რ. ხუნწარიამ, რომელმაც ითხოვა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2001წ. 22 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 14 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2001წ. 22 აგვისტოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 1999წ. 24 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სილიკომანგანუმის წარმოების პროცესში მონარჩენი წიდა, რომელიც დასაწყობებულია, როგორც ქარხნის წიდასაყარზე, ისე ნებისმიერ სხვა ტერიტორიაზე და რომელთა განკარგვა არ მომხდარა უშუალოდ სს “... ქარხნის” მიერ სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულებით, წარმოადგენს ამ უკანასკნელის საკუთრებას. აგრეთვე, მისი საკუთრების უფლება ვრცელდება მომავალში ქარხნის მიერ სილიკომანგანუმის გადამუშავების პროცესში წარმოქმნილ წიდაზე მისი განთავსების ადგილმდებარეობის მიუხედავად, ამიტომ რაიმე დავა სილიკომანგანუმის წიდის საკუთრების შესახებ უსაფუძვლოა, რადგანაც მის ერთადერთ მესაკუთრეს წარმოადგენს სს “... ქარხანა”.
სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ ჩათვალა აპელანტ სს “... ქარხნის” მოთხოვნა, რომ, რადგანაც სილიკომანგანუმის წიდა მისი საკუთრება იყო, ამიტომ უნდა გაუქმებულიყო შპს “ს-ის” საკუთრების უფლება იმ სადავო ტერიტორიაზე, რომელშიც სილიკომანგანუმის წიდა იყო განთავსებული.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სს “... ქარხანას” 0,5 ჰა სადავო მიწის ნაკვეთზე მიწათსარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს “ს.” სადავო მიწის ნაკვეთის კანონიერი მფლობელი იყო 1996წ. 3 სექტემბრიდან, მას შემდეგ, რაც ზესტაფონის რაიონის გამგეობის მიწის რესურსების და მიწის კადასტრის განყოფილებამ მცირე საწარმო “ს-ზე” გასცა 0,5 ჰა მიწის ნაკვეთის მუდმივ სარგებლობაში გადაცემის აქტი და გაატარა მიწათსარგებლობის რეგისტრაციის სახელმწიფო წიგნში.
სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ სს “... ქარხნის” მიერ გაშვებულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით დადგენილი ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისთვის სასამართლოში სარჩელის წარდგენის ვადა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზესტაფონის რაიონის მიწის მართვის სამმართველო ვალდებული იყო შპს “ს-სთვის” მიეცა სადავო 0,5 ჰა მიწის ნაკვეთზე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, რადგანაც შპს “ს.” სადავო ტერიტორიის ერთადერთი კანონიერი მოსარგებლე იყო.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა შპს “ს-მ”, ხოლო მთლიანად _ სს “... ქარხანამ”.
შპს “ს-მ” საკასაციო საჩივრით ითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 14 ივნისის განჩინებიდან იმ ნაწილის ამორიცხვა, რომელშიც სააპელაციო სასამართლო მსჯელობს სილიკომანგანუმის წიდის საკუთრების თაობაზე, რადგანაც სააპელაციო პალატა გასცდა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის ფარგლებს და ადმინისტრაციული დავა ქონებრივ დავაში გადაიტანა.
მეორე კასატორმა, სს “... ქარხნის” წარმომადგენელმა რ. ხუნწარიამ, საკასაციო საჩივარში აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები და არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები.
კასატორის განმარტებით, სადავო 0,5 ჰა მიწის ნაკვეთზე სს “... ქარხანას” არ ექნებოდა მიწათსარგებლობის აქტი, რადგანაც სადავო 0,5 ჰა მიწის ნაკვეთი შედიოდა და შედის სს “... ქარხნის” 6,22 ჰა წიდასაყრელის ტერიტორიაში, რომელიც 1949 წლიდან წარმოადგენდა და ამჟამადაც წარმოადგენს ქარხნის წიდასაყრელს იგი თავის დროზე გამოყოფილი ჰქონდა ქარხანას სილიკომანგანუმის გადამუშავების პროცესში მონარჩენი მეორეული ნედლეულის _ სილიკომანგანუმის წიდის განსათავსებლად და აყვანილი იყო ქარხნის გარესაბალანსო ანგარიშზე.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლი-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” კანონის მე-3 და მე-4 მუხლები, რადგანაც შპს “ს-ს” სადავო მიწის ნაკვეთი დაკავებული ჰქონდა უკანონოდ.
კასატორი აღნიშნავს, რომ შპს “ს-ზე” სადავო მიწის ნაკვეთის მუდმივ სარგებლობაში გადაცემის აქტის არსებობა სს “... ქარხნისთვის” ცნობილი გახდა სასამართლო პროცესის დროს. აღნიშნული აქტი მითითებული არ ყოფილა ზესტაფონის მიწის მართვის სამმართველოს საჯარო რეესტრის ჩანაწერებში, როგორც უფლების დამადასტურებელი საბუთი.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 14 ივნისის განჩინება იურიდიულად არ არის სრულყოფილად დასაბუთებული, რაც სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.
კასატორმა ითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ხელახლა განსახილველად საქმის დაბრუნება ქუთაისის საოლქო სასამართლოში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრებისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ შპს “ს-ს” საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო სს “... ქარხნის საკასაციო საჩივარი _ სრულად.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ სადავო მიწის ნაკვეთის მუდმივ სარგებლობაში გადაცემის აქტი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სრულყოფილად არ გამოიკვლია, სს “... ქარხანამ” გაუშვა თუ არა მიწათსარგებლობის აქტის ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, რადგანაც, როგორც კასატორი სს “... ქარხანა” მიუთითებს საკასაციო საჩივარში, შპს “ს-სთვის” სადავო მიწის ნაკვეთის გადაცემის შესახებ მიწათსარგებლობის აქტის თაობაზე მისთვის ცნობილი გახდა მხოლოდ მიმდინარე სასამართლო პროცესის დროს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატას უნდა ემსჯელა იმის შესახებ, 6,22 ჰა ტერიტორია წარმოადგენდა თუ არა სს “... ქარხნის” წიდასაყრელს, გამოყოფილი ჰქონდა თუ არა იგი ქარხანას კანონით დადგენილი წესით და შედიოდა თუ არა ზემოთაღნიშნულ 6,22 ჰა ტერიტორიაში სადავო 0,5 ჰა მიწის ნაკვეთი.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ უნდა გამოიკვლიოს, არსებობდა თუ არა სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც 1996წ. 3 სექტემბერს შპს “ს-ზე” გაიცა 0,5 ჰა მიწის ნაკვეთის მუდმივ სარგებლობაში გადაცემის აქტი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ დაარღვია სსკ-ს 105-ე მუხლის მე-2 მაწილის მოთხოვნები, კერძოდ, მტკიცებულებები არ გამოიკვლია ყოველმხრივ და სრულყოფილად, რის გამოც სს “... ქარხნის” საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
რაც შეეხება კასატორ შპს “ს-ს” მოთხოვნას, სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 14 ივნისის განჩინებიდან იმ ნაწილის ამორიცხვის შესახებ, რომელშიც სააპელაციო პალატა მსჯელობს სილიკომანგანუმის წიდის საკუთრებაზე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სს “... ქარხნის” საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებით, თავისთავად ნაწილობრივ დაკმაყოფილდება შპს “ს-ს” საკასაციო საჩივარიც, ვინაიდან გასაჩივრებული გადაწყვეტილება შპს “ს-ს” მიერ სადაოდ გამხდარი ნაწილის ჩათვლით გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს “... ქარხნის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. შპს “ს-ს” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 14 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
4. სახელმწიფო ბაჟის მხარეთათვის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისას;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.