გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-313კ-02 21 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
მარტვილის რაიონის სოფ. ...ში მცხოვრებმა ა. გ-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა მარტვილის რაიონულ სასამართლოს, რომლის საფუძველზეც მოითხოვა 1992წ. 25 მარტს ა. ფ-ზე გაცემული მიწის მიღება-ჩაბარების აქტის გაუქმება.
მარტვილის რაიონული სასამართლოს 2000წ. 17 აპრილის გადაწყვეტილებით ა. გ-ს სარჩელს უარი ეთქვა უსაფუძვლობის მოტივით.
აღნიშნული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში.
2001წ. 5 მარტს ა. გ-მ, განცხადებით მიმართა მარტვილის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
საქმის წარმოების განახლების საფუძვლად განმცხადებელი მიუთითებდა შემდეგ გარემოებებზე:
ფრაქცია «...დან" 2001წ. 23 მარტს მიღებული წერილით მისთვის ცნობილი გახდა, რომ მარტვილის რაიონის ადგილობრივი მმართველობის ორგანოს არ გააჩნდა დოკუმენტი ა. ფ-სათვის სადავო მიწის ნაკვეთის გადაცემის თაობაზე.
ა. ფ-ზე მიწის ნაკვეთის გადაცემის კანონიერების დასადასტურებლად უნდა არსებულიყო სოფელ ვედიდკარის ადგილობრივი მმართველობის ორგანოს გადაწყვეტილება, რომელიც, თავის მხრივ, დამტკიცდებოდა მარტვილის რაიონის მმართველობის ორგანოში, მოხდებოდა ამ აქტის სანოტარი წესით დადასტურება და რეგისტრაცია მიწის აღრიცხვის სახელმწიფო წიგნში.
ვინაიდან აღნიშნული დოკუმენტი მარტვილის რაიონის გამგეობაში არ არსებობს, ხოლო აღნიშნული ფაქტი მოსარჩელისათვის საქმის სასამართლოში განხილვისას ცნობილი არ იყო, განმცხადებელი მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს მარტვილის რაიონული სასამართლოს 2000წ. 17 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე განხილულ უნდა იქნეს არსებითად.
მარტვილის რაიონული სასამართლოს 2002წ. 7 მარტის განჩინებით ა. გ-ს განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ არ იქნა დაკმაყოფილებული.
ძალაში დარჩა მარტვილის რაიონული სასამართლის 2000წ. 17 აპრილის გადაწყვეტილება.
მითითებული განჩინება სააპელაციო წესით გასაჩივრებული იქნა ა. გ-ს მიერ, რომელმაც სააპელაციო საჩირის საფუძველზე მოითხოვა მარტვილის რაიონული სასამართლოს 2002წ. 7 მარტის განჩინების გაუქმება და მისი განცხადების დაკმაყოფილება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002წ. 27 მაისის განჩინებით იმ საფუძვლით, რომ ა. გ-ს შესაძლებლობა, ჰქონდა ყველა დოკუმენტი მოეპოვებინა და წარმოედგინა საქმის განხილვისას, უარი უთხრა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ა. გ-ს მიერ, სადაც კასატორმა საკასაციო საჩივრის საფუძვლებად მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:
1. ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ საქმე განიხილა მხარის მონაწილეობის გარეშე;
2. მარტვილის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანილია 2000წ. 17 აპრილს, ე.ი. იმ დროს, როდესაც ძალაში იყო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, რომლის მე-4 მუხლის შესაბამისადაც სასამართლო უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით გამოითხოვოს მტკიცებულებები. ამასთან, ამავე კოდექსის 17.1 მუხლის თანახმად შესაგებლის მტკიცების ტვირთი აკისრია მოპასუხეს;
3. ქუთაისის საოლქო სასამართლო, განჩინების გამოტანისას, ვალდებული იყო, ემსჯელა სააპელაციო საჩივრის საფუძვლებზე. კერძოდ, სააპელაციო საჩივარში მითითებული იყო, რომ მარტვილის რაიონულმა სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. 1992წ. ურთიერთობების მიმართ სასამართლომ გამოიყენა საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 16 მაისის ¹327 ბრძანებულება და კანონი ,,ნორმატიული აქტების შესახებ», რომელიც ძალაშია 1997წ. 1 თებერვლიდან. მითითებული სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგნად არ ქცეულა.
ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე კასატორმა მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 მაისის განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განხილვის მიზნით იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის გადაცემა.
მოწინააღმდეგე მხარე: ა. ფ-ა და არ დაეთანხმა საკასაციო საჩივარს და მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 27 მაისის განჩინების ძალაში დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საკასაციო საჩივრის საფუძველებს, მოუსმინა მხარეთა ახსნა-განმარტებებს და გააანალიზა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რაიმე არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ს დებულებანი.
სსკ-ს 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე) განცხადების წანამძღვრები.
როგორც განცხადებიდან და კასატორის ახსნა-განმარტებიდან ირკვევა, ეს უკანასკნელი საქმის წარმოების განახლებას ითხოვს სსკ-ს 423-ე მუხლის პირველი ნაწილის «ვ" ქვეპუნქტის შესაბამისად იმ მოტივით, რომ მისთვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის გახნილვის დროს, გამოიწევევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. კერძოდ, ა. გ-ს მიერ ასეთი სახის მტკიცებულებებად წარმოდგენილია ფრაქცია «...დან" გადმოგზავნილი წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ ა. ფ-ზე სადავო მიწის ნაკვეთის გადაცემის შესახებ მარტვილის რაიონის ადგილობრივი მმართველობის ორგანოს გადაწყვეტილება სოფელ ვედიდკარის საკრებულოში არ არსებობს.
სსკ-ს 423-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ამ მუხლის «ვ" ქვეპუნქტში აღნიშნული საფუძვლით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალი გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს მითითებული მუხლის დეფინაციას და აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ უთითებს, თუ რამ გამოიწვია ან რაში გამოიხატა მის მიერ ახლად აღმოჩენილ გარემოებად მითითებული მტკიცებულებების წარმოდგენის შეუძლებლობა.
საქმეში წარმოდგენილია მარტვილის რაიონის ვედიდკარის სოფლის გამგეობის ცნობა, სადაც მითითებულია, რომ ა. ფ-სათვის მიწის მიზომვა მოხდა კომისიის 1992წ. 18 იანვრის დადაგენილების საფუძველზე.
ამავე საქმეში წარმოდგენილია მიწის მიღება-ჩაბარების აქტები, რომელიც ასევე შეიცავს მითითებას იმ სამართლებრივი საფუძვლების თაობაზე, რომლის შესაბამისად ა. ფ-სათვის მოხდა მიწის გადაცემა.
აღნიშნული კი საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ მხარეს საქმის განხილვისას შეეძლო მოეპოვებინა და წარმოედგინა ყველა ის მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო მოწინააღმდეგე მხარისათვის მიწის გადაცემას, ხოლო მითითებული დოკუმენტების სასამართლო განხილვის სტადიაზე წარმოუდგენლობა იმთავითვე გამორიცხავს მხარის არაბრალეულობის ფაქტს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. გ-ს განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ არ პასუხობს სსკ-ს 423-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 390-ე, 399-ე და 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. გ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად იქნეს დატოვებული ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 27 მაისის განჩინება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.