Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-313-კ-02 13 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ი. ლეგაშვილი,

ნ. კლარჯეიშვილი

დავის საგანი: პენსიაზე დანამატის დანიშვნა.

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. და ვ. ფ-ეებმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ და მოითხოვეს მარჩენალის დაკარგვის გამო პენსიაზე 50%-ის დანამატი (თითოეულისათვის 23 ლარი და 28 თეთრი) 1996წ. 16 ოქტომბრიდან, რაც შეადგენდა 1489 ლარსა და 92 თეთრს. მოსარჩელეები აღნიშნავდნენ, რომ იყვნენ პირველი ჯგუფის ინვალიდები. მათი შვილი _ გ. ფ-ე დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში. საქართველოს რესპუბლიკის 1995წ. 17 ოქტომბრის ¹812-I-ს კანონის საფუძველზე დანიშნული ჰქონდა პენსია 46 ლარისა და 56 თეთრის ოდენობით. 1994წ. 19 მაისს მათი შვილი დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით სიკვდილის შემდეგ.

მოსარჩელეები სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვდნენ «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" 1996წ. 16 ოქტომბრის კანონის 41-ე მუხლის «ა" ქვეპუნქტის საფუძველზე.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 8 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა მიერ მითითებული კანონის მუხლი ვრცელდებოდა იმ პირებზე, რომლებიც ვ. გორგასლის სამივე ხარისხის ორდენით იყვნენ დაჯილდოებულნი, ხოლო მათი შვილი _ გ. ფ-ე დაჯილდოებული იყო მხოლოდ ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით და ამიტომ მასზე აღიშნული ნორმა არ უნდა გავრცელებულიყო.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე ნ. ფ-ემ, რომელმაც მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა, რასაც არ დაეთანხმა მოწინააღმდეგე მხარე, რის გამოც სასამართლომ სსკ-ს 377-ე მუხლის შესაბამისად განიხილა სააპელაციო საჩივარი და არ დააკმაყოფილა იგი.

სასამართლომ მიიჩნია, რომ «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ"' კანონის 41-ე მუხლის მიხედვით ზოგიერთი კატეგორიის პენსიონერისათვის პენსიის მომატებისათვის ორი ძირითადი პირობა უნდა არსებობდეს: პენსია დანიშნული უნდა იყოს აღნიშნული კანონის შესაბამისად და პენსია უნდა მიემატოთ მხოლოდ იმ კატეგორიის პენსიონერებს, რომლებიც 41-ე მუხლით გათვალისწინებულ პირთა კატეგორიას მიეკუთვნებიან. სასამართლომ კი მიიჩნია, რომ ნ. ფ-ე ასეთ პენსიონერთა კატეგორიას არ მიეკუთვნებოდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ფ-ემ და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება იმავე საფუძვლებით.

კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა კანონი, როდესაც გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ კანონის 41-ე მუხლით გათვალისწინებული დანამატი ვრცელდებოდა ვახტანგ გორგასლის სამივე ხარისხის ორდენით დაჯილდოებულ პირებზე და მიუთითა, რომ პენსია «მარჩენალის დაკარგვის გამო" საპენსიო უზრუნველყოფის განსაკუთრებულ სახეს წარმოადგენდა, რადგან მისით სარგებლობდნენ არა პენსიის უფლების მომპოვებელი პირები, არამედ _ მისი ოჯახის შრომისუუნარო წევრებიც და, ამდენად, ეს უკანასკნელნი წარმოადგენდნენ პენსიონერთა კატეგორიას და, შესაბამისად, სარგებლობდენ პენსიონერების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული ყველა უფლებით. კანონის 41-ე მუხლში მითითებული იყო, რომ ამ კანონის შესაბამისად დანიშნული პენსიები გაუდიდდებათ პენსიონერთა შემდეგ კატეგორიებს და მიაჩნია, ვიანიდან პენსია დანიშნული აქვს ამ კანონის შესაბამისად, ამიტომ კანონის 41-ე მუხლის «ა" ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა გაუდიდდეს პენსია.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ფ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 20 ნოემბრის განჩინება.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" კანონის მე-40 მუხლის თანახმად კანონის პირველი მუხლის «ა" პუნქტში ჩამოთვლილი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებისათვის მარჩენალის დაკარგვის გამო პენსიის გამოანგარიშება ხდება იმ ფულადი სარგოდან, რომლიდანაც მარჩენალს გამოანგარიშებული (გადაანგარიშებული) ჰქონდა პენსია ან, რომელიც უნდა გამოანგარიშებულიყო. ამავე კანონის IV თავი განსაზღვრავს მარჩენალის დაკარგვის გამო პენსიის დანიშვნის წესსა და პირობებს. კასატორს საქართველოს რესპუბლიკის 1995წ. 17 ოქტომბრის ¹812-I კანონის საფუძველზე დანიშნული აქვს პენსია მარჩენალის დაკარგვის გამო 46 ლარისა და 56 თეთრის ოდენობით და ითხოვს პენსიაზე 50%-იანი დანამატის დანიშვნას «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" კანონის 41-ე მუხლის «ა" ქვეპუნქტის საფუძველზე.

ვინაიდან კანონის მე-40 მუხლი არ ითვალისწინებს პენსიაზე დანამატს იმ სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრებისათვის, რომელთა მარჩენალი დაჯილდოებული იყო ვახტანგ გორგასლის სამივე ხარისხის ორდენით, ამიტომ საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორის მიერ მითითებული კანონის 41-ე მუხლის «ა" ქვეპუნქტის საფუძველზე პენსიები გაუდიდდებათ უშუალოდ ვახტანგ გორგასლის სამივე ხარისხის ორდენით დაჯილდოებულ პენსიონერებს, რომელთაც ამ კანონის საფუძველზე აქვთ დანიშნული პენსია და არა იმ პირებს, რომლებსაც პენსია დანიშნული აქვთ მარჩენალის დაკარგვის გამო.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ფ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 20 ნოემბრის განჩინება.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.