Facebook Twitter

3გ-ად-315-კ-02 10 იანვარი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მ.-ი (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე,

მ. ვაჩაძე

დავის საგანი: ...-ის აფთიაქის პრივატიზაციის ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2000წ. 27 სექტემბერს ...-ის ამბულატორიის მთავარმა ექიმმა გ. ღ.-მ სარჩელი აღძრა ხაშურის რაიონის სასამართლოში მოპასუხეების: სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს, ხაშურის რაიონული განყოფილების, ხაშურის რაიონის გამგეობისა და მესამე პირის, სოფ. ...-ის აფთიაქის მუშაკთა ამხანაგობის, მიმართ.

მოსარჩელემ სარჩელში აღნიშნა, რომ სოფ. ...-ის ამბულატორიის შენობის წინ მდებარეობდა აფთიაქი, რომელიც მიწისძვრის შედეგად დაზიანდა და დაინგრა. აფთიაქის გამგესთან შეთანხმებით საკრებულოს გამგებლის თანდასწრებით შედგა ხელშეკრულება, რომლითაც აფთიაქი გადავიდა ახლად აშენებული ამბულატორიის შენობაში და დაიკავა 5 ოთახი. პოლიკლინიკის გახსნის შემთხვევაში, თუ ხელი შეეშლებოდა პოლიკლინიკას ფუნქციონირებაში, აფთიაქს უნდა გაეთავისუფლებინა დაკავებული ფართი.

მოსარჩელის მტკიცებით, მისთვის ცნობილი გახდა ხაშურის რაიონის გამგეობის გადაწყვეტილება, რომლითაც ...-ის სასოფლო აფთიაქს უსასყიდლოდ ბალანსზე გადაეცა 1067 ლარის ღირებულების 75,7 კვ.მ ფართის ამბულატორია, აფთიაქის შენობის ნაწილი, რაც ამბულატორიის ხელმძღვანელობისათვის ცნობილი არ იყო.

აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე ხაშურის ქონების მართვის სამმართველომ მოახდინა აღნიშნული ფართის ფარული პრივატიზაცია 1451 აშშ დოლარად.

მოსარჩელის აზრით, ქონების პრივატიზაციისას დარღვეული იყო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992წ. 29.06 ¹6/12 დადგენილება, რომლის შესაბამისად პრივატიზაცია შეთანხმებული უნდა ყოფილიყო ტერიტორიულ ორგანოსთან, ანუ ამბულატორიის შენობის მფლობელებთან, პრივატიზაციის თაობაზე გადაწყვეტილებაში არაფერი იყო ნათქვამი პრივატიზაციის ჩატარების ფორმაზე.

მოსარჩელემ სარჩელში მოითხოვა ხაშურის რაიონის გამგეობის 1995წ. 16 ოქტომბრის ¹126 გადაწყვეტილებისა და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ხაშურის რაიონული განყოფილების 1995წ. 16 ნოემბრის ¹27/3 ბრძანების ბათილად ცნობა და აფთიაქის გამოსახლება.

მოპასუხე სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ხაშურის რაიონულმა სამმართველომ არ ცნო სარჩელი იმ საფუძვლით, რომ სოფ. ...-ის აფთიაქის პრივატიზება განხორციელდა საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1995წ. 30 ივნისის ¹392 დადგენილებით დამტკიცებული «საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის ობიექტების პრივატიზების სახელმწიფო პროგრამის» შესაბამისად აფთიაქის ბაზაზე შექმნილი ამხანაგობის 1995წ. 12 ნოემბრის განცხადებისა და სოფ. ...-ის აფთიაქის თანამშრომელთა საერთო კრების (12.11.95 ¹1 ოქმი) საფუძველზე და პრივატიზებულ იქნა ხაშურის რაიონის გამგეობის 1995წ. 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით აფთიაქის ბალანსზე გადაცემული შენობის ნაწილი. ამასთან, მოპასუხის განმარტებით, პრივატიზაციიდან გასული იყო ხუთი წელი და ამდენად, «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მოთხოვნა ხანდაზმული იყო.

სარჩელი ასევე არ ცნო ხაშურის რაიონის გამგეობაც იმ მოტივით, რომ ...-ის ამბულატორიის შენობა ხაშურის რაიონის გამგეობის ბალანსზე იმყოფებოდა და აფთიაქი შესახლებულ იქნა მათი თანხმობით, ხოლო შენობა გადაცემულ იქნა სარგებლობაში, რასაც არ სჭირდებოდა ამბულატორიის თანხმობა და იგი პრივატიზებულ იქნა დადგენილი წესით.

სარჩელი არ ცნო სოფ. ...-ის აფთიაქის მუშაკთა ამხანაგობამ იმაზე მითითებით, რომ გ. ღ...-ის მტკიცება, თითქოს შენობა იყოს ამბულატორიის ბალანსზე, არასწორია, ვინაიდან შენობა ხაშურის გამგეობის ბალანსზეა. ამავე დროს მუშაკთა ამხანაგობის წარმომადგენელი დაეთანხმა მოსაზრებას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2001წ. 23 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო.

ხაშურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ღ.-მ, რომელმაც უკანონოდ მიიჩნია რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგ გარემოებათა გამო:

მიუხედავად იმისა, რომ ამბულატორიის შენობის ნაწილი უსასყიდლოდ გადაეცა ყოფილი აფთიაქის მუშაკთა ამხანაგობას, ქონების მართვის სამმართველომ ეს ფართობი ფარულად მიჰყიდა ამხანაგობას. ამდენად, აპელანტის განმარტებით, პრივატიზება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, რადგან არ იყო ამბულატორიის თანხმობა. სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ სოფლის აფთიაქის პრივატიზება უნდა მომხდარიყო როგორც ჯანდაცვის ობიექტის და არა _ ამბულატორიის შენობისა. ასევე არასწორი იყო სასამართლოს მითითება სარჩელის ხანდაზმულობაზეც.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 28 მაისის განჩინებით გ. ღ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2001წ. 23 იანვრის გადაწყვეტილება.

საოლქო სასამართლოს 2002წ. 28 მაისის განჩინება საკასაციო წესით იმავე საფუძვლებით გაასაჩივრა გ. ღ.-მ, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

მოწინააღმდეგე მხარემ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ხაშურის რაიონულმა სამმართველომ საკასაციო საჩივარი არ ცნო და შესაგებელში მიუთითა, რომ კასატორის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ შეესაბამება სსკ-ს მოთხოვნებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ უნდა დაკმაყოფილდეს და ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 28 მაისის განჩინება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995წ. 30 ივნისის ¹392 დადგენილებით დამტკიცდა ჯანმრთელობის დაცვის ობიექტების პრივატიზების პირველი ეტაპის ობიექტების ნუსხა და სტრუქტურა. აღნიშნული დადგენილების ¹2 დანართში შევიდა ხაშურის რაიონის სოფ. ...-ის აფთიაქიც.

ხაშურის რაიონის გამგეობის 1995წ. 16 ოქტომბრის ¹126 გადაწყვეტილებით ხაშურის რაიონის გამგეობის ბალანსიდან ...-ის სასოფლო აფთიაქს ბალანსზე უსასყიდლოდ გადაეცა ამბულატორია-აფთიაქის შენობის ნაწილი, კერძოდ, 75,7 კვ.მ.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ხაშურის რაიონის გამგეობის 1995წ. 21 სექტემბრის ¹121 გადაწყვეტილებით სოფ. ...-ის ამბულატორია-აფთიაქის შენობა ირიცხებოდა ხაშურის გამგეობის ბალანსზე. აღნიშნული ამბულატორია-აფთიაქის შენობის 75,7 კვ.მ-ში მოთავსებული იყო სასოფლო აფთიაქი.

გამგეობის აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო მეთაურის 1994წ. 23 დეკემბრის ¹400 ბრძანებულება, რომელიც მიღებულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სისტემის რეორგანიზაციის პირველი ეტაპის სამუშაოების შესრულების უზრუნველსაყოფად, აუცილებელი შესაბამისი სამართლებრივი ბაზის მომზადების, სამედიცინო დახმარების ორგანიზაციების და დამხმარე სტრუქტურებისათვის ხელშეწყობის მიზნით. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო მეთაურის 1994წ. 23 დეკემბრის ¹400 ბრძანებულების მე-8 პუნქტის თანახმად ყველა დაწესებულებას და აფთიაქს, განთავსებულს სხვადასხვა უწყების თუ მუნიციპალურ შენობაში, ან მის ნაწილში, ბალანსიდან ბალანსზე უსასყიდლოდ უნდა გადასცემოდა დაკავებული შენობა ან მისი ნაწილი.

1995წ. 12 ნოემბერს შედგა ხაშურის რაიონის სოფ. ...-ის აფთიაქის მუშაკთა საერთო კრება, რომელმაც ¹1 ოქმით დაადგინა, სოფ. ...-ის აფთიაქის შესყიდვის მიზნით აფთიაქის ბაზაზე თანამშრომელთა ამხანაგობის შექმნა.

სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ხაშურის რაიონული განყოფილების 1995წ. 16 ნოემბრის ¹27/3 ბრძანებით სოფ. ...-ის აფთიაქი მიეყიდა მის ბაზაზე შექმნილ ამხანაგობას.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ ამბულატორიის შენობა რადგან გამგეობის ბალანსზე იყო, ხოლო საპრივატიზებო ობიექტი _ სოფ. ...-ის აფთიაქი _ ფუნქციონირებდა სწორედ აღნიშნულ შენობაში, გამგეობა უფლებამოსილი იყო, კანონით დადგენილი წესით მოეხდინა აღნიშნული ფართობის პრივატიზება სოფ. ...-ის აფთიაქის მუშაკთა ამხანაგობაზე ამბულატორიის ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სადავო ფართობის პრივატიზება განხორციელდა იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და სოფ. ...-ის აფთიაქის მუშაკთა ამხანაგობაზე კანონიერად გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორი განჩინება გამოიტანა და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ღ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 28 მაისის განჩინება.

3. გ. ღ.-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 30 ლარის ოდენობით, საიდანაც თანხის 70% (21 ლარი) გადაირიცხება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ბიუჯეტში, ხოლო 30% (9 ლარი) _ ადგილობრივ ბიუჯეტში.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.