Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ აNEBA

¹ 3გ-ად-316-კ-02 31 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: დავალიანების გადახდა.

აღწერილობითი ნაწილი:

სს “კ-ის” წარმომადგენელმა ლ. ჭ-ემ 05.09.2000წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს, რომელშიც მოითხოვა მის სასარგებლოდ სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდასათვის 80275 ლარის გადახდის დაკისრება. მოსარჩელე უთითებდა, რომ სააქციო საზოგადოებასა და მოპასუხეს, სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდს შორის დადებული 29.06.99წ. ხელშეკრულების მიხედვით მათ ეკისრებოდათ 1999წ. საკურორტო სეზონისათვის სოციალური დაცვის საქართველოს საქველმოქმედო ფონდ “.. ..-სათვის” 47850 ლარის სანატორიუმებისა და პანსიონატის საგზურების გამოყოფა. აღნიშნული თანხის ეტაპობრივ გადახდაზე ვალდებულებას იღებდა მოპასუხე შემდეგი თანმიმდევრობით: 24000ლ 1999წ. ივლისის თვეში, 8000ლ. 1999წ. აგვისტოს თვეში, 8000ლ. სექტემბრის თვეში, 7850ლ. ოქტომბრის თვეში. მოვალის მიერ 29.06.99წ. გაცემული ¹83 მინდობილობის საფუძველზე მინდობილ პირს 3 ეტაპად, 29.06.99წ., 26.07.99წ. და 03.08.99წ. გადაეცა 110 საგზური, საერთო თანხით 47850 ლარის ოდენობით. 1999 წ. ზაფხულში, მოვალესთან შეთანხმებით, მის მიერ გაცემული საგარანტიო წერილებისა და მინდობილობების საფუძველზე განმცხადებლის მიერ კიდევ იქნა გაცემული საგზურები. 05.11.99წ. მხარეთა მიერ მოხდა დავალიანების შედარება, რაზედაც შედგა შედარების აქტი, რომლის თანახმად ფონდის დავალიანება სს “კ-ის” მიმართ შეადგენდა 75392 ლარს. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის ძირითადი დავალიანების 75392 ლ., წარმომადგენლის დახმარებაზე გაწეული ხარჯის 3000 ლ. და სახელმწიფო ბაჟის 1883 ლ. დაკისრება, რაც მთლიანობაში შეადგენდა 80275 ლარს.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 28.03.01წ. გადაწყვეტილებით სს “კ-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა და სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდს სს “კ-ის” სასარგებლოდ დაეკისრა 75392 ლ, წარმომადგენლის დახმარებაზე გაწეული ხარჯის 3000 ლ. და სახელმწიფო ბაჟის 1883 ლ.გადახდა, რაც მთლიანობაში შეადგენდა 80275 ლარს. სასამართლო გადაწყვეტილება მიქცეულ იქნა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის წარმომადგენელმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 28.03.01წ. გადაწყვეტილება და მოითხოვა მისი გაუქმება. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 16.04.02წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელეად დარჩა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 28.03.01წ. გადაწყვეტილება. განჩინებას საფუძვლად დაედო შემდეგი: 05.11.99წ. შედარების აქტის მიხედვით ფონდის დავალიანება, რომელიც მას უნდა გადაეხადა სს “კ-ისათვის” შეადგენდა 75392 ლარს. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარის მიერ აღიარებულ იქნა დავალიანების არსებობა, რაც დაადასტურა სააპელაციო სასამართლო სხდომაზე ფონდის წარმმადგენელმა. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დავალიანების დაფარვის თაობაზე, ვინაიდან სსკ-ს 24-ე მუხლის III ნაწილის შესაბამისად საჯარო სამართლის იურიდიული პირები სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობენ როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირები, მოცემულ შემთხვევაში სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდი წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც არსებულ ხელშეკრულებაში გამოდიოდა კერძო სამართლის იურიდიული პირის სახით, რომელზეც ვრცელდებოდა სკ-ს 361-ე მუხლის დებულება. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა აპელანტის მოთხოვნა მოსარჩელის წარმომადგენლისათვის გაწეული დახმარებისათვის თანხის გადახდის თაობაზე, რადგან იურიდიული დახმარების შესახებ წარმოდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე აპელანტს წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი დაეკისრა გონივრულ ფარგლებში, არა უმეტეს სსკ-ს 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

სააპელაციო სასამართლოს 16.04.02წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიერ. კასატორი აღნიშნავს, რომ “საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდი წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტის შემადგენელ ნაწილს. აღნიშნული კანონის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად სახელმწიფო ფონდების ხარჯების კონკრეტული მოცულობა და მიმართულება ყოველწლიურად განისაზღვრება შესაბამისიწ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით. ამავე კანონის მე-20 მუხლის მიხედვით ფონდის სახსრების ხარჯვა ხორციელდება მხოლოდ მიზნობრივი მიმართულებით. “2000წ. სახელმწიფო ბიუჯეტის” შესახებ კანონში არ იყო გათვალისწინებული წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დასაფარავად განსაზღვრული ხარჯი, აქედან გამნომდინარე კასატირო თვლის, რომ სასამართლო არ იყო უფლებამოსილი ფონდისათვის დაეკისრებინა არამიზნობრივი ხასიათის ხარჯის გაწევა. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება თანხის დაკისრების ნაწილში გაცილებით მეტია, ვინაიდან ადგილი ჰქონდა ერთი და იგივე საგარანტიო წერილის განმეორებით წარმოდგენის ფაქტს. ასევე უსაფუძვლოა გადაწყვეტილება წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯების დაკისრების ნაწილში, ვინაიდან წარმოდგენილი ხელშეკრულება არ შეიძლებოდა ყოფილიყო სასამართლოსათვის უტყუარი მტკიცებულება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება-კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 26.04.03წ. გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მასალებზე დაყრდნობით დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოება: სს “კ-ს” და სოცუზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს შორის 29.06.99წ. დაიდო ¹39 ხელშეკრულება, რომლის თანახმად სს “კ-მა” იკისრა ფონდისათვის საგზურების გადაცემის ვალდებულება, რის სანაცვლოდ ფონდს უნდა გადაერიცხა შესაბამისი თანხები. მხარეთა მიერ 05.11.99წ. შედარების აქტის ხელმოწერით მოპასუხის მიერ აღიარებულ იქნა ფონდის დავალიანების არსებობა სააქციო საზოგადოების წინაშე.

სპეციალური სახელმწიფო ფონდი წამოადგენს ფინანსური რესურსების ერთობლიობას, რომელიც გამოიყენება მიზნობრივი დანიშნულებით. “საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამისილების შესახებ” კანონის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად სპეციალური სახელმწიფო ფონდების ხარჯების კონკრეტული მიმართულება და მოცულობა ყოვილწლიურად შესაბამისიწ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით განისაზღვრება. საქმეში დაცული სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის (ამჟამად სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის) მიერ სს “კ-ისადმი” 1999წ. ივლის-აგვისტოში გაცემული საგარანტიო წერილების მიხედვით, აგრეთვე მხარეთაშორის 29.06.99წ. დადებული ¹39 ხელშეკრულების თანახმად საგზურების ღირებულების გადმორიცხვა 1999წ. ბოლომდე უნდა განხორციელებულიყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, უმართებულოა კასატორის მითითება “საქართველოს 2000წ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” და “საქართველოს 2001წ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონებზე. ფონდის მიერ ნაკისრი ვალდებულება საგზურის ღირებულების 1999წ. აგვისტოს ბოლომდე გადახდის შესახებ, შესაბამისიწ. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვის მოცულობის და მიმართულების ფარგლებში უნდა განხორციელებულიყო. მთავრობის 30.03.91წ. ¹241 დადგენილებით დამტკიცებული სოციალური უზრუნველყოფის და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის დებულების მიხედვით ფონდის სახსრები არ შედიოდა სახელმწიფო ბიუჯეტის ან რომელიმე სხვა ფონდის შემადგენლობაში, ფონდი წარმოადგენდა იურდიულ პირს და გააჩნდა დამოუკიდებელი საფინანსო-სამეურნეო ბალანსი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები არ წარმოადგენდნენ ფონდის სახსრების ერთადერთ წყაროს, დებულების თანახმად ფონდის სახსრების მოხმარების ერთ-ერთ სფეროს წარმოადგენდა სანატორიუმებსა და კურორტებზე მშრომელთა მკურნალობა და დასვენება. აღნიშნული ფონდის უფლებამონაცვლეების _ საქართველოს პრეზიდენტის 07.05.2000წ. ¹181 ბრძანებულებით დამტკიცებული სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის და საქართველოს პრეზიდენტის 31.12.02წ. ¹558 ბრძანებულებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურდიული პირის _ სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის დებულებების თანახმად ფონდს შეუძლია იყოს მოსარჩელე და მოპასუხე სასამართლოში, ფონდი თავისი ვალდებულებებისათვის პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით, ფონდის დაფინანსების წყაროებს წარმოადგენს კანონმდებლობით ნებადართული შემოსავლები. ამდენად, უმართებულოა კასატორის მოსაზრება საბიუჯეტო სახსრების არ არსებობის გამო დავალიანების გადახდის შეუძლებლობის შესახებ. სკ-ს 402-ე მუხლის თანახმად, მოვალე ვალის გადაცილების დროს პასუხე აგებს ყოველგვარი გაუფრთხილებლობისათვის, ამდენად, პალატა ვერ მიიჩნევს 2000 წ. და 2001წ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონების მოთხოვნებს ფორს-მაჟორულ გარემოებად, სკ-ს 399-ე მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების შესრულებაზე უარის თქმის პატივსადებ საფუძვლად, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა დავალიანების დაფარვას მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის თანხებიდან. სს “კ-ის” მხრიდან ვალდებულების შესრულება განაპირობებს ასევე ფონდის მხრიდან ვალდებულების სრულად შესრულებას, ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულება არ იყო დამოკიდებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების გადმორიცხვაზე, სახელმწიფო ბიუჯეტების შესახებ კანონებში დავალიანების თანხის დაფარვის გათვალისწინებაზე, ფონდი, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, სკ-ს 24-ე მუხლის თანახმად განსახილველ ურთიერთობაში მოქმედებს კერძო სამართლის იურიდიული პირის მსგავსად, სს “კ-ის” მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების სრულად შესრულება (საგზურის გაცემა) იწვევს ფონდის საპასუხო ვალდებულებას ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულოს მასზე ნაკისრი ვალდებულება (თანხის გადახდა), რაც არ შესრულებულა.

ფონდის დავალიანება სააქციო საზოგადოების წინაშე დასტურდება 29.06.99წ. ¹39 ხელშეკრულებით, გასავლის ორდერებით, საგარანტიო წერილებით, 05.11.99წ. შედარების აქტით, რომლითაც ფონდის მიერ აღიარებულია სს “კ-ის” მიმართ 75392 ლ. ოდენობის დავალიანება (შედარების აქტით 1999წ. 9 თვეში სს “ს-იდან” შეძენილია 178521 ლარის საგზური, ამავე პერიოდისათვის ფონდის მიერ გადახდილია საგზურის ღირებულება 103129 ლარის ოდენობით, ნაშთმა შეადგინა 75392 ლარი). სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ფონდის წარმომადგენელმა ი. კ-ემ, რომელიც 19.07.01წ. ¹03/16-902 მინდობილობის თანახმად უფლებამისილი იყო ეცნო სარჩელი, ურთიერთშედარების აქტის საფუძველზე დაადასტურა დავალიანების არსებობა. პირველ და სააპელაციო სასამართლოს ინსტანციებში მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია თავად დავალიანების არსებობის ფაქტი და მისი ოდენობა, სსკ-ს 407-ე მუხლის თანახმად საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებების მიმართ, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ან საქმის მასალებში. კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სააპელაციო პალატის განჩინებით დაკისრებული თანხის ოდენობა გაცილებით მეტია ვიდრე ეს დასტურდება საგარანტიო წერილებით საფუძველს მოკლებულია, კასატორმა ვერ დაასაბუთა კასაციის ეს საფუძველი, ვერ მიუთითა თუ რანდენად მეტია რეალურ დავალიანებაზე სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხა, კასატორი ვერ უთითებს კონკრეტულად თუ რომელი საგარანტიო წერილი მეორდება, ვერ იქნა წარმოდგენილი აგრეთვე 05.11.99წ. შედარების აქტში აღნიშნული თანხის დაფარვის დამადასტურებელი დოკუმენტი.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას სამართლებრივი მომსახურების ხარჯის ფონდზე დაკისრების უსაფუძვლობის შესახებ. კასატორის აზრით ხელშეკრულება არ წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებას ხარჯის გაწევის დასადასტურებლად. სს “კ-ის” დირექტორს რ. ბ-ას და ადვოკატ ლ. ჭ-ეს შორის 01.09.2000წ. დადებული ხელშეკრულებით, უკანასკნელს დაევალა იურდიული მომსახურების გაწევა, რომლის საფასურადაც დამკვეთმა იკისრა შემსრულებლისათვის მომსახურების ღირებულების გადახდა. ხელშეკრულების ტექსტის თანახმად ხელშეკრულება მოქმედებს შესრულებამდე, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 28.03.01წ. გადაწყვეტილებით სააქციო საზოგადოების სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაეკისრა წარმომადგენლის დახმარების ღირებულების ანაზღაურება, გადაწყვეტილება დაექვემდებარა დაუყოვნებლივ აღსრულებას, ამდენად ფონდისათვის გაწეული სამართლებრივი მომსახურების ღირებულების გადახდის დაკისრებისათვის საჭიროა არა ხარჯის გაწევის, არამედ იურდიული მომსახურების ფაქტის, მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულების დადგენა, რაც უდავოდ დასტურდება საქმის მასალებით, იურიდიული მომსახურების 01.09.2000წ. ხელშეკრულების ტექსტით. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოპასუხე მხარეს წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯი დაეკისრა გონივრულ ფარგლებში, არა უმეტეს იმ ოდენობისა, რომელიც განსაზღვრულია სსკ-ს 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით. სსკ-ს 53-ე მუხლის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. ამდენად, მართებულია აგრეთვე ფონდისათვის სს “კ-ის” მიერ სარჩელის შეტანისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სახით 1883 ლარის დაკისრება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მართებულად თვლის სააპელაციო სასამართლოს მიერ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებას, საკასაციო პალატა არ იზიარებს საკასაციო საჩივარში მოყვანილ მოტივებს და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, შესაბამისად, არ არსებობს განჩინების გაუქმების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახდო საქმეთა სააპელაციო პალატის 16.04.02წ. განჩინება.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.