Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-321-კ-02 3 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

გ. ქაჯაია,

მ. ვაჩაძე

დავის საგანი: საბურთალოს გამგეობის განკარგულებების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

1998წ. 3 ივლისს შპს _ «ქ. ფ. უ. ქ.” და შპს «კ. თ.” სარჩელით მიმართეს საბურთალოს რაიონის სასამართლოს და მოითხოვეს მუნიციპალური საწარმო «გ.” რეგისტრაციის გაუქმება და მისი ლიკვიდაცია. 2000წ. 20 ივნისის სასარჩელო განცხადებით მოსარჩელეებმა გაზარდეს სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვეს მუნიციპალურ საწარმო «გ.” 1999წ. 11 იანვარს გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ¹23/533 გაუქმება, ასევე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღის დადება კ/თეატრ «გ.”.

მოსარჩელეები მოთხოვნებს აფუძნებდნენ შემდეგ გარემოებებზე:

კინოთეატრი «გ.” დღიდან ექსპლუატაციაში შესვლისა (1961წ.) ირიცხებოდა ქ. თბილისის კინოფიკაციის ბალანსზე, ხოლო საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო მეთაურის 1994წ. 7 ივლისის ¹111-ე განკარგულების მე-4 პუნქტის საფუძველზე, რომლის თანახმადაც ს.ს «ქ. ფ.” საწესდებო კაპიტალი უნდა შექმნილიყო 1994წლის პირველი ივლისისათვის კინოკონცერნ «ქ. ფ.” მფლობელობაში არსებული ქონების შენატანით, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1995წ. 6 მარტის ¹67-04-55 დადგენილებით კინოთეატრი «გ.” შეტანილი იქნა ს.ს «ქ. ფ.” საწესდებო კაპიტალში.

ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის 1994წ. 26 აპრილის ¹491-ე განკარგულებით კ/თ «გ.” ბალანსზე დაფუძნდა მუნიციპალური საწარმო «გ.” და რეგისტრაციაში გატარდა 1994წ. 9 მაისს, რაც მოსარჩელეთა აზრით, უკანონო იყო. მოსრჩელეებმა დაზუსტებულ სარჩელში ასევე მიუთითეს, რომ მოპასუხემ მოასწრო მათი ქონების პრივატიზება, იგი საბურთალოს რაიონის სასამართლოში რეგისტრაციაში გატარებულია, როგორც შპს «გ.” და მასზე გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 21 ივნისის განჩინებით ყადაღა დაედო შპს «გ.” კინოთეატრ «გ.”, აიკრძალა მისი გასხვისება და გადაკეთება.

მოპასუხე შპს «გ.” სარჩელი არ სცნო და შესაგებელში მიუთითა, რომ კ/თეატრი «გ.” დღიდან ექსპლუატაციაში შესვლისა ირიცხებოდა ქ. თბილისის კინოფიკაციის ცენტრალიზებულ ბალანსზე, ხოლო შემდგომ პერიოდში ჰქონდა დამოუკიდებელი ბალანსი და ანგარიშსწორებას ახდენდა ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობაში. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 17 მარტის ¹323-ე დადგენილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებულ საწარმოებს, რომლებიც არ იყვნენ იურიდიული პირები, უფლება მიეცათ კოლექტივის გადაწყვეტილების საფუძველზე ჩამოყალიბებულიყვნენ დამოუკიდებელ იურიდიულ პირებად, რომლებიც უნდა გატარებულიყვნენ სახელმწიფო რეგისტრაციაში ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით _ «სახელმწიფო საწარმო”. ქ. თბილისის მერიის საქალაქო კოლეგიის 1993წ. 27 მარტის ¹01.02.02 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესაბამისად თბილისის მუნიციპალური ქონების მართვას აწარმოებს ქ. თბილისის მერიის მუნიციპალიტეტი, რომელიც კონკრეტული ობიექტების ფლობისა და სარგებლობის უფლებას გადასცემს შესაბამის საქალაქო დარგობრივ სამსახურებსა და რაიონულ გამგეობებს. ამ გადაწყვეტილების შესაბამისად ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის ¹491-ე განკარგულებით კ/თ «გ.” ბაზაზე დაფუძნდა მუნიციპალური საწარმო «გ.”, რომლის რეგისტრაციის საკითხი შეთანხმდა ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსთან 1994წ. 28 აპრილს და რეგისტრაციაში გაატარა საბურთალოს რაიონის გამგეობამ 1994წ. 9 მაისს ¹543 განკარგულებით.

ქ. თბილისის მერიის საქალაქო კოლეგიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით მუნიციპალური ქონების განკარგვის უფლება გადაეცა ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს, რაც ამ უკანასკნელს ანიჭებდა უფლებას განეხორციელებინა მუნიციპალური საწარმოს, მათი ქვედანაყოფების, საწარმოო და არასაწარმოო ფასეულობათა პრივატიზება, მუნიციპალური ქონების განკარგვა ქ. თბილისის მერიასა და რაიონების გამგეობებთან შეთანხმებით.

მუნიციპალური საწარმო «გ.” შრომითმა კოლექტივმა ქ. თბილისის მერიის უძრავი ქონების აღრიცხვისა და მართვის საქალაქო კომისიის წინაშე აღძრა შუამდგომლობა, დაერთო შრომითი კოლექტივისათვის შპს «...-...”-თან ერთად შენობა-ნაგებობების პრივატიზების უფლება იჯარა-გამოსყიდვით. სახელმწიფო ქონების მართვის მთავარი სამმართველოს კომისიამ მოახდინა მუნიციპალურ საწარმო «გ.” რიცხული ძირითად საშუალებათა პასიური და აქტიური ნაწილის აფასება და 1996წ. 10 ივნისის მდგომარეობით მუნიციპალური საწარმო «გ.” საპრივატიზებო ღირებულებამ შეადგინა 99726,97 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხა ეროვნულ ვალუტაში.

ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის მთავარმა სამმართველომ 1996წ. 13 ივნისის ¹1-4/413 ბრძანებით მუნიციპალური საწარმო «გ.” შრომით კოლექტივს და შპს «...-...”-ის ამხანაგობას დართო მუნიციპალური საწარმო «გ.” საიჯარო ხელშეკრულების გაფორმების ნება შემდგომში გამოსყიდვის უფლებით ობიექტის საპრივატიზებო ღირებულებით 99726,97 აშშ დოლარის ექვივალენტი თანხით ეროვნულ ვალუტაში, ხოლო, 17 ივნისს ამ ბრძანებიდან გამომდინარე გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება 10 წლის ვადით. გაფორმებული იქნა ასევე ხელშეკრულება მიწის ნაკვეთზეც. მოიჯარე მხარემ ხელშეკრულების პირობები შეასრულა დროზე ადრე, ობიექტის საპრივატიზებო თანხა სრულად იქნა დაფარული და 1997წ. 6 მაისის ¹23/96 საკუთრების დამადასტურებელი დროებითი მოწმობით მუნიციპალური საწარმო «გ.” და შპს «...-....”-ის ამხანაგობას საკუთრებაში გადაეცა მათ მიერ გამოსყიდული ქონება, ძირითადი საშუალებების აქტიური ნაწილი და ცალკე მდგომი შენობა 1211,63მ2 ფართით. მას შემდეგ, რაც საბურთალოს რაიონის სასამართლომ 1998წ. 28 დეკემბერს რეგისტრაციაში გაატარა შპს «გ.”, რომლის დამფუძნებულია ზემოაღნიშნული დროებითი ამხანაგობის 11 ფიზიკური პირი, ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველომ 1999წ. 11 ივნისს გასცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ¹23/553, პარალელურად «ფიზიკურ პირთა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” 1998წ. 28 ოქტომბრის საქართველოს კანონის შესაბამისად, გადახდილი იქნა ერთჯერადი საზღაური და ობიექტის მიმდებარე ტერიტორიაზე ფართით 2850მ2 საზოგადოებას მიენიჭა საკუთრების უფლება.

შესაგებლის ავტორი საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1999წ. 7 ივლისის ¹111 განკარგულების მე-4 პუნქტთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ მასში საუბარია კინოკონცერნ «ქ. ფ.” მფლობელობაში არსებული ქონებაზე 1994წ. 1 ივლისის მდგომარეობით, მაშინ, როდესაც მუნიციპალური საწარმო «გ.” დაფუძნდა საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ 1999წ. 26 აპრილს ¹491-ე განკარგულებით და რეგისტრაციაში გატარდა ამავე წლის 9 მარტს ¹543 განკარგულებით.

მოპასუხე ასევე მიიჩნევდა, რომ კ/თ «გ.” ს.ს «ქ. ფ.” საწესდებო კაპიტალში გაერთიანება მათი ბრალის გარეშე მოხდა. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ არ იქნა შეტყობინებული სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსათვის, რომ სახელმწიფო მეთაურის აღნიშნული განკარგულების გამოცემამდე უკვე ჩამოყალიბებული იყო მუნიციპალური საწარმო, რაც გამორიცხავდა სამინისტროს მიერ 1995წ. 6 მარტის ¹07-04-55 დადგენილებით კ/თ «გ.” ს.ს «ქ. ფ.” საწესდებო კაპიტალში შეტანას.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 5 ივლისის გადაწყვეტილებით შპს «ქ. ფ. _ უ. ქ.” სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს «ქ. ფ. _ უ. ქ.” შემდეგი საფუძვლებით: კ/თ «გ.” სხვა ქონებასთან ერთად ირიცხება ს/ს «ქ. ფ.” საწესდებო კაპიტალში. ს/ს «ქ. ფ.” შეიქმნა საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994წ. 7 ივნისის ¹110-ე განკარგულებით, ხოლო მისი კაპიტალი _ კინოკონცერნ «ქ. ფ.” მფლობელობაში 1994წ. პირველ ივლისისათვის არსებული ქონების შენატანით. შესაბამისად კოლექტივის სურვილი გამოყოფილიყო ცალკე დამოუკიდებელ ერთეულად უნდა შეთანხმებულიყო კინოკონცერნ «ქ. ფ.”, რასაც ადგილი არ ჰქონია, ეს კი აუცილებელი პირობა იყო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 17 მარტის ¹323-ე დადგენილების «საქართველოს რესპუბლიკაში სამეურნეო საქმიანობის დემონოპოლიზაციის ზოგიერთი ღონისძიების შესახებ” გამოყენების წესის დებულების მე-2 მუხლისა, რომლის თანახმად საწარმო ან სხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება გაერთიანებიდან გასვლის შესახებ განსახილველად უნდა წარდგენოდა იმ სამინისტროს (უწყებას ან ადგილობრივი მმართველობის ორგანოს), რომელსაც იგი ექვემდებარებოდა, ხოლო ეს უკანასკნელი აღნიშნულის თაობაზე გასცემდა ბრძანებას. ამავე დროს ასეთი წესით შექმნილი სამეურნეო ერთეულები რეგისტრაციაში უნდა გატარებულიყვნენ ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით _ «სახელმწიფო საწარმო”, რასაც ადგილი ასევე არ ჰქონია. აპელანტის აზრით, ყველა ადმინისტრაციული აქტები და გარიგებები, რომლებიც ემყარებოდა ამ კანონსაწინააღმდეგო რეგისტრაციას, უნდა გაუქმებულიყო, რადგან საკუთრების მოწმობის გაცემა არსებითად არღვევდა ს/ს «ქ. ფ.” კანონიერ უფლებებს და ინტერესებს. აპელანტმა ასევე მიუთითა, რომ კინოკონცერნისათვის არავის შეუტყობინებია მის ბალანსზე რიცხული ქონების სხვისთვის გადაცემის შესახებ, ამიტომ 1996 წელს იქნა დაყენებული ეს სარჩელი საქართველოს უზენაეს საარბიტრაჟო სასამართლოში. აღნიშნულის საფუძველზე აპელანტმა ითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით კ/თ «გ.” მუნიციპალურ საწარმოდ რეგისტრაციისა და შპს «გ.” სახელზე 1999წ. 11 იანვარს გაცემული საკუთრების მოწმობის გაუქმება.

სააპელაციო სასამართლოს მიერ 2001წ. 19 თებერვლის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმული იქნა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო.

2001წ. 26 თებერვალს შპს «ქ. ფ. უ. ქ.” დამატებითი სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მთავარ სამმართველოს, მუნიციპალურ საწარმო «გ.” და შპს «...-....” შორის 1996წ. 17 ივნისს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების, შპს «გ.” სასამართლოსა და საჯარო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმება.

სააპელაციო სასამართლოს მიერ 2001წ. 4 მაისის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმული იქნა ს.ს «ქ. ფ.”.

2001წ. 25 სექტემბერს სასამართლოს შეგებებული სარჩელით მიმართა შპს «გ.” და მოითხოვა შპს კ/თ «გ.” ს.ს «ქ. ფ.” საწესდებო კაპიტალიდან ამორიცხვა შემდეგი საფუძვლებით:

შეგებებული სარჩელის ავტორი მითითებდა, რომ 1991 წელს შეიქმნა სახელმწიფო კინოკორპორაცია, რომელიც წარმოადგენდა კულტურის სამინისტროს კონომატოგრაფიის მთავარ სამმართველოსა და მისდამი დაქვემდებარებული ობიექტების უფლებამონაცვლესა და მის მფლობელობაში არსებული ქონების სამართალმემკვიდრეს. ამავე წლის 12 ივლისს შეიქმნა «თ.” და დამტკიცდა მისი დებულება, რომლითაც იგი სარგებლობდა დამოუკიდებელი საიჯარო საწარმოს უფლებით და მასში შევიდა თბილისის ტერიტორიაზე განლაგებული კონოთეატრები. «თ.” და კინოთეატრებს შორის გაფორმდა ხელშეკრულებები. 1992 წელს შეიქმნა კინოკონცერნი «ქ. ფ.”, რომელმაც სხვა სტრუქტურებთან ერთად მოიცვა «თ.”. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 17 მარტის ¹323 დადგენილების მე-3 პუნქტის შესაბამისად საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული საწარმოებს და ორგანიზაციებს, რომლებიც არ არიან იურიდიული პირები, უფლება მიეცათ კოლექტივის გადაწყვეტილების საფუძველზე ჩამოყალიბებულიყვნენ დამოუკიდებელ იურიდიულ პირებად და გასულიყვნენ სხვადასხვა ტიპის გაერთიანებათა შემადგენლობიდან. იმჟამად მოქმედი წესების დაცვით კ/თ «გ.” კოლექტივმა 1994წ. 28 მარტის საერთო კრების გადაწყვეტილებით ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიმართა «თ.” მაშინდელ ხელმძღვანელობას და არა კინოკონცერნს, ვინაიდან «თ.” კონცერნში შესული იყო დამოუკიდებლად, მისგან უარის მიღების შემდეგ კი-თბილისის მერიას, რათა მიეღო ნებართვა მუნიციპალურ საწარმოდ ჩამოყალიბებისა, რაც მერიის კოლეგიის მიერ დაკმაყოფილებული იქნა. აღნიშნული არ გაუპროტესტებიათ «თ.” ხელმძღვანელობას და «კ.”, ვინაიდან ამ საკითხის გადაწყვეტა ამ უკანასკნელის უფლებამოსილებაში არ შედიოდა.

შეგებებული სარჩელის ავტორი აღნიშნავდა იმ გარემოებებსაც, რომ ს.ს «ქ. ფ.” შეიქმნა კანონის უხეში დარღვევით, არ მოწვეულა საერთო კრება, რომელზეც კ/თეატრების ხელმძღვანელობა იქნებოდა მიწვეული და ფაქტიურად მალვით მოხდა მათი ს.ს-ში გაერთიანება. ს.ს-ს არ გამოუცია არც ერთი აქცია. მისი საწესდებო კაპიტალი შეიქმნა 1994წ. 1-ლი ივლისისათვის კინოკონცერნ «ქ. ფ.” მფლობელობაში არსებული ქონების შეტანით, კინოთეატრები კი კინოკონცერნს არც ერთი დოკუმენტით არ გადასცემია. შეგებებულ სარჩელში მითითებული იყო იმ გარემოებებზეც, რომ კინოთეატრების უმრავლესობა არ არის გადასული ს.ს-ის ბალანსზე. ამდენად, კ/თ «გ.” ს.ს-ის საწესდებო კაპიტალში უკანონოდ იქნა შეტანილი, მისი მუნიციპალურ საწარმოდ გარდაქმნა კი კანონიერად იქნა განხორციელებული.

შპს «გ.” შეგებებულ სარჩელზე შპს «ქ. ფ. _ უ. ქ.” წარმოადგინა შეპასუხება, რომლითაც სასამართლოს სთხოვა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.

2002წ. 18 თებერვალს სააპელაციო სასამრთლოს შპს «ქ. ფ. _ უ. ქ.” განცხადებით მიმართა და იმაზე მითითებით, რომ დადგენილი იყო რა კ/თ «გ.” რეგისტრაციის, ასევე იჯარით გადაცემისა და პრივატიზების უკანონობა, შეცვალა მოთხოვნა და ითხოვა კ/თ «გ.” იჯარა-გამოსყიდვით გასხვისების უკანონოდ ჩათვლა და მისი გასხვისების შედეგად მიღებული თანხის 99726,97 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარის მათ სასარგებლოდ ქონების მართვის სამმართველოსათვის გადასახდელად დაკისრება. აღნიშნული მოთხოვნა აპელანტმა მოხსნა 2002წ. 10 მაისის განცხადებით და კვლავ მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს დამატებითი სასარჩელო მოთხოვნების გათვალისწინებით.

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტის წარმომადგენელმა დააზუსტა თავისი მოთხოვნა, კერძოდ მოითხოვა კ/თ «გ.” მუნიციპალურ საწარმოდ დაფუძნებისა და რეგისტრაციის შესახებ ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის 1994წ. 26 აპრილის ¹491-ე და 1994წ. 9 მაისის ¹543-ე განკარგულებების, 1996წ. 17 ივნისის საიჯარო ხელშეკრულების, 1999წ. 11 იანვარს გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის, შპს «გ.” რეგისტრაციისა და უძრავი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ბათილობა.

სააპელაციო სასამართლომ სსკ-ს 381-ე მუხლის შესაბამისად მიზანშეწონილად მიიჩნია დავის საგნის გადიდება მხოლოდ საიჯარო ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში, ხოლო დანარჩენი დამატებითი მოთხოვნები მიზანშეუწონლად სცნო.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 10 ივნისის გადაწყვეტილებით შპს «ქ. ფ. _ უ. ქ.” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: გაუქმდა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 5 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს «ქ. ფ. _ უ. ქ.” სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის 1994წ. 26 აპრილის ¹491-ე და 1994წ. 9 მაისის ¹543-ე განკარგულებები მათგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით. სააპელციო სასამართლომ გადაწყვეტილება დააფუძნა შემდეგ გარემოებებზე:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს «ქ. ფ. _ უ. ქ.” 1996წ. 5 ნოემბერს სარჩელი აღძრა საქართველოს უზენაეს საარბიტრაჟო სასამართლოში კ/თ «გ.” მუნიციპალურ საწარმოდ რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით, რომელმაც 1997წ. 22 ივლისის განჩინებით საქმის წარმოება შეწყვიტა იმ საფუძვლით, რომ შპს «ქ. ფ. _ უ. ქ.” გაუქმებული ჰქონდა სასამართლო რეგისტრაცია და იგი არ წარმოადგენდა იურიდიულ პირს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის 1997წ. 26 დეკემბრის დადგენილებით გაუქმდა ამ საკითხზე მიღებული სასამართლოების ყველა დადგენილებები და შპს «ქ. ფ. _ უ. ქ.” იგივე მოთხოვნით კვლავ მიმართა სასამართლოს 1998წ. 3 ივნისს.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ «საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქის ქ. თბილისის მმართველობითი ორგანოების უფლებამოსილების შესახებ” საქართველოს სახელმწიფო მეათაურის 1992წ. 19 დეკემბრის ¹9 ბრძანებულებით ქ. თბილისის მერიის საქალაქო კოლეგია ჩაითვალა ქ. თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოების უფლებამონაცვლედ. ამავე ბრძანებულებით განისაზღვრა იმ სახელმწიფო ობიექტების ნუსხა, რომლებიც მიეკუთვნებიან მუნიციპალურ საკუთრებას და მათ შორის მითითებულია კულტურის ობიექტები საქალაქო თეატრებისა და კინოთეატრების ჩათვლით. თბილისის მერიას მიენიჭა უფლებამოსილება ქონების ფლობისა და სარგებლობის უფლება გადაეცა როგორც რესპუბლიკური, ასევე ადგილობრივი ორგანოებისათვის. ამავე ბრძანებულების შესაბამისად ქ. თბილისის მერიის მიერ კ/თ «გ.” ქ. თბილისის მუნიციპალურ საკუთრებაში გადასაცემი ობიექტების ნუსხაში შეტანა უნდა შეთანხმებულიყო სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან, ხოლო შემდგომ დასადასტურებლად წარსდგენოდა საქართველოს მინისტრთა კაბინეტს, რაც არ განხორციელებულა.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა შპს «გ.” არგუმენტები, რომ კ/თ «გ.” არ წარმოადგენდა რესპუბლიკური დაქვემდებარების ობიექტს, რადგან თავად საქალაქო კოლეგიის 1993წ. 3 ივლისის ¹-06.05.41 დადგენილების დანართში კ/თ «გ. მითითებულია, როგორც თბილკინოვიდეო-კინოკონცერნი «ქ. ფ.” ბალანსზე მყოფი.

არ იქნა ასევე გაზიარებული ქ. თბილისის ქონების მართვის სამმართველოს წარმომადგენლის მოსაზრება ადმინისტრაციული აქტების გასაჩივრების ხანდაზმულობის თაობაზე, რადგან სარჩელი აღძრული იქნა 1996 წელს, როდესაც, შპს «ქ. ფ. _ უ. ქ.” წარმომადგენლის განმარტებით მათთვის გახდა ცნობილი კ/თ «გ.” დაფუძნებისა და რეგისტრაციის შესახებ. აღნიშნულის დასადასტურებლად სასამართლომ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ ქონების მართვის საბურთალოს რაიონის სამმართველოს 1996წ. 18 ივლისის ცნობაზე, რომლითაც ისნის რაიონის იურიდიულ კონსულტაციას ეცნობა საბურთალოს რაიონის გამგეობის 1994წ. 26 აპრილის ¹491-ე განკარგულების თაობაზე, საწინააღმდეგო არგუმენტი კი მოწინააღმდეგე მხარის მიერ დასახელებული არ ყოფილა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საბურთალოს რაიონის გამგეობის 1994წ. 26 აპრილის ¹491-ე და 1994წ. 9 მაისის ¹543-ე განკარგულებები გამოცემულ იქნა კანონის დარღვევით, სააპელაციო სასამართლომ ისინი ბათილად სცნო თანმდევი შედეგებით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «გ.” და ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველომ (ამჟამად…ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველო)

შპს «გ.” წარმომადგენელმა საჩივარში მიუთითა, რომ შპს «ქ. ფ. _ უ. ქ.” სარჩელი ხანდაზმული იყო, რადგან კ/თ «გ.” მუნიციპალურ საწარმოდ რეგისტრაციის შესახებ ს.ს «ქ. ფ.” ხელმძღვანელობისათვის ცნობილი იყო 1995წ. 15 ივლისს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი საბურთალოს რაიონის გამგეობის თავმჯდომარის ¹961/4-17 წერილით ს.ს «ქ. ფ.” განერალური დირექტორისადმი. ხანდაზმულობის ვადის ათვლისას უნდა გამოყენებული იქნეს 1964წ. სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც იურდიული პირისათვის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა განსაზღვრულია ერთი წლით.

კასატორი ასევე მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი ინტერპრეტაცია გაუკეთა საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ გამოცემულ განკარგულებებს, მიიჩნია რა ისინი ორგანოს მარეგისტრირებელ ანუ მისი სამართლებრივი სტატუსის დამდგენ და არა აღმჭურველ აქტებად და მიუთითა, რომ მათზე არ შეიძლება გავრცელდეს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 218-ე მუხლის მეორე ნაწილის მოქმედება.

კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა ქონების მართვის სახელმწიფო კომიტეტის ქ. თბილისის სამმართველოს უფროსის გ. დ-ის წერილი, სადაც ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის დაქვემდებარებაში ჯერ კიდევ 1965 წლიდან ფუნქციონირებდა თბილისის კინოფიკაციის სამმართველო, რომელიც 1992 წლიდან გარდაიქმნა «თ.” და მის დაქვემდებარებაში შედიოდა 20 კონოთეატრი, მათ შორის კ/თ «გ.” და ეს ქონება «თ.” იჯარით ჰქონდა აღებული თბილისის მერიისაგან. ამავე დროს მოსარჩელეც აღიარებდა, რომ კ/თ ირიცხებოდა ქ. თბილისის კინოფიკაციის ბალანსზე.

კასატორი აღნიშნავს, რომ არ მოპოვება არცერთი დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდება კ/თ «გ.” კინოკონცერნ «ქ. ფ.” (რომლის ქონებითაც ყალიბდებოდა ს.ს «ქ. ფ.” საწესდებო კაპიტალი) საკუთრებში არსებობის ფაქტი. ქონების მართვის მინისტრის პირველი მოადგილის გ. ფ-ის 2002წ. 25 თებერვლის ¹70/11 წერილიდან ირკვევა, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიას 1995წ. 26 მარტს ¹07-04-55 დადგენილება, რომლის საფუძველზეც თითქოსდა კ/თ «გ.” შევიდა შპს «ქ. ფ. _ უ. ქ.” საკუთრებაში, საერთოდ არ მიუღია.

კასატორმა აღნიშნა ის გარემოებაც, რომ სააპელაციო სასამართლო ყოველგვარი დასაბუთებული არგუმენტებისა და საფუძვლის გარეშე მიზანშეწონილად მიიჩნია მოსარჩელეთა მხრიდან დავის საგნის შეცვლა-გადიდება, მაშინ როდესაც არ არსებობდა ამის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინამძღვრები.

ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველომ საკასაციო საჩივარში მიუთითა, რომ სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა სარჩელის დასაშვებობაზე, რადგან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით მეორე ნაწილის შესაბამისად სარჩელი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს ან უკანონოდ ზღუდავს მოსარჩელეს კანონიერ ინტერესს ან უფლებას. შპს «ქ. ფ. _ უ. ქ.”, რომელიც დაფუძნებულია 1995წ. 14 ივნისს, სადაოს ხდის საბურთალოს რაიონის გამგეობის 1994 წელს გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტებს, რომლებიც ვერაფრით ვერ შელახავდნენ არარსებული შპს-ს უფლებებსა და ინტერესებს. შესაბამისად, სასამართლოს უნდა ემსჯელა სათანადო მოსარჩელის დადგენის და არასათანადო მოსარჩელის შეცვლის შესახებ.

კასატორის აზრით, სასამართლომ ისე გააუქმა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, რომ საერთოდ არ იმსჯელა კ/თ «გ.” პრივატიზების კანონიერების შესახებ, რის საფუძველზეც იქნა გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. კ/თ «გ.” პრივატიზების საფუძველს წარმოადგენდა არა ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის ¹491-ე და ¹543-ე განკარგულებები, როგორც ამას მიიჩნევს სააპელაციო სასამართლო, არამედ ქ. თბილისის მერიის უძრავი ქონების აღრიცხვისა და მართვის საქალაქო კომისიის 1995წ. 29 მაისის დადგენილება, რომელიც აღმჭურველ აქტს წარმოადგენს და დაუშვებელია მისი ბათილად ცნობა თანახმად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 218-ე მუხლის მეორე ნაწილისა.

კასატორის აზრით, სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა შპს «...-....”-ზე, რომელსაც საერთოდ არანაირი კავშირი არა აქვს კ/თ-ის მუნიციპალურ საწარმოდ რეგისტრაციის საკითხთან.

ზემომითითებული გარემოებების გათვალისწინებით კასატორებმა მოითხოვეს სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 10 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შპს «ქ. ფ. _ უ. ქ.” სარჩელის დაკმაყოფილებზე უარის თქმა.E

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ შპს «გ.” და ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს (ამჟამად ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველო) საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 10 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია და არ დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებანი, არ განიხილა და არ იმსჯელა შპს «გ.” შეგებებულ სარჩელთან მიმართებაში, ასევე გაურკვეველია, თუ რა სამართლებრივ შედეგებზეა მითითებული სარეზოლუციო ნაწილში.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ შპს «ქ. ფ. _ უ. ქ.” კ/თ «გ.” დაფუძნებისა და რეგისტრაციის შესახებ ცნობილი გახდა 1996 წელს ქონების მართვის საბურთალოს რაიონის სამმართველოს იმავეწ. 18 ივლისის ¹14-08/19 ცნობიდან. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო თვლის, რომ უნდა გამოკვლეულიყო საქმეში წარმოდგენილი საბურთალოს რაიონის გამგეობის თავმჯდომარის 1995წ. 15 ივნისის წერილი ს.ს «ქ. ფ.” გენერალური დირექტორ რ. ჩ-ისადმი და ამის შემდგომ ემსჯელა ხანდაზმულობის საკითხთან დაკავშირებით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს იმ გარემოებებს, რომ შპს «გ.” სააპელაციო პალატას 2001წ. 25 სექტემბერს შეგებებული სარჩელით მიმართა და მოითხოვა შპს კ/თ «გ.” ს.ს. «ქ. ფ.” საწესდებო კაპიტალიდან ამორიცხვა. შეგებებულ სარჩელზე წარმოდგენილია მოწინააღმდეგე მხარის _ შპს «ქ. ფ. _ უ. ქ.“ შეპასუხება. გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში სააპელაციო სასამართლო უთითებს, რომ შპს «გ.” წარმომადგენელმა ნ. წ-ემ მოხსნა შეგებებული სარჩელი, მაგრამ საქმის მასალებში არ მოიძებნება აღნიშნულის რაიმე მტკიცებულება და არც სხდომის ოქმშია დაფიქსირებული ამგვარი მოთხოვნა შპს «გ. წარმომადგენლის მხრიდან. ამავე დროს საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ საქმეში წარმოდგენილი 2000წ. 18 ოქტომბრის და 2001წ. 6 თებერვლის მინდობილობების თანახმად, შპს «გ.” დირექტორს არ მიუცია ნ. წ.ისათვის სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის უფლებამოსილება. სსკ-ს 98-ე მუხლის თანახმად, ამგვარი მოქმედების შესრულებისათვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მინდობილობაში. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოებები სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს და მიიღოს კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა განხორციელებული პრივატიზების კანონიერების თაობაზე და გაუგებარია, მოიაზრება თუ არა სადავო განკარგულებების გაუქმების თანამდევ შედეგებში ქ. თბილისის მერიის უძრავი ქონების აღრიცხვისა და მართვის საქალაქო კომისიის 1996წ. 29 მაისის ¹5/8 ოქმის გაუქმებაც, რომელიც კ/თ-ის პრივატიზების საფუძველს წარმოადგენდა. ასეთ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო ფაქტობრივად გაცდენილია სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, რადგან ასეთი მოთხოვნა შპს «ქ. ფ. _ უ. ქ.” არ ჰქონია აღძრული.

სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივად არ იქნა გამოკვლეული და დადგენილი თუ ვის ბალანსზე ირიცხებოდა კ/თ «გ.” და წარმოადგენდა თუ არა იგი სახელმწიფო მეთაურის 1994წ. 7 ივნისის ¹110 განკარგულების გამოცემის მომენტისათვის კინოკონცერნ «ქ. ფ.” საკუთრებას. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება ერთ-ერთ ძირითად საკითხს წარმოადგენს საქმეზე სწორი და კანონიერი გადაწყვეტილების მიღებისათვის. სააპელაციო სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 1995წ. 26 მარტის ¹07-04-55 დადგენილების რეალობაზეც.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს იმ გარემოებასაც, რომ სააპელაციო სასამართლომ ფაქტობრივად ყოველგვარი დასაბუთებულობისა და არგუმენტაციის გარეშე, დააკმაყოფილა ბოლო სასამართლო სხდომაზე აღძრული მოსარჩელის შუამდგომლობა დავის საგნის გადიდების თაობაზე. მართალია, აღნიშნული სსკ-ს 381-ე მუხლის თანახმად დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლო მიზანშეწონილად ცნობს ამას, მაგრამ საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მიზანშეწონილობა სასამართლოს მხრიდან უნდა იქნეს დასაბუთებული და მხოლოდ ის არგუმენტი, რომ დამატებითი მოთხოვნა უშუალო კავშირშია სასარჩელო მოთხოვნებთან, არ შეიძლება დავის საგნის გადიდებას დაედოს საფუძვლად, მით უმეტეს, რომ ამ საკითხზე წელიწადნახევრის წინ მიუთითებდა მოსარჩელე შპს «გ.” შეპასუხებაზე გაცემულ პასუხში.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, რაც სსკ-ს 394-ე მუხლის «ე” ქვეპუნქტის თანახმად მისი გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 10 ივნისის გადაწყვეტილება და ზემოაღნიშნული მითითებით საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კასატორების, შპს «გ.ისა” და ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს (ამჟამად ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველო) საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 10 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. სახელმწიფო ბაჟის მხარეთათვის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისას;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.